კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ სჯის ქართული კანონმდებლობა უფრო მკაცრად თვითნაკეთი ნარკოტიკის, ვიდრე ჰეროინის მომხმარებელს და რატომ ხდებიან ნარკომანების შთამომავლები გენეტიკური ნარკომანები

საქართველოს პარლამენტმა უკვე დაასრულა მუშაობა ახალ ანტინარკოტიკულ კანონმდებლობაზე, მოტივი ბანალური იყო: 2002 წელს მიღებული კანონი ახალი რეალობის გათვალისწინებას ითხოვდა. გაითვალისწინა თუ არა ადეკვატურად არსებული ვითარება ახალმა საკანონმდებლო ცვლილებებმა, დარჩეaბა თუ არა ისევ ბიუჯეტის შემოსავლის ერთ-ერთ წყაროდ ნარკოდამოკიდებულების დაჯარიმება, როგორ მიჯნავს ქართული კანონმდებლობა ნარკოტიკის მომხმარებელსა და რეალიზატორს  და რა კატეგორიის ნარკორეალიზატორებს შეუმსუბუქდებათ უკვე დაკისრებული სასჯელი, –  თემას ნარკოლოგიის ინსტიტუტის კონსულტანტთან, პროფესორ გელა ლეჟავასთან ერთად განვიხილავთ.
– რამდენად ადეკვატურია ახალი საკანონმდებლო ცვლილებები და აგვარებს თუ არა პრობლემას, რაც ხშირად ნარკომომხმარებელს ნარკოგამსაღებლის სტატუსს ანიჭებს?
– მთელ მსოფლიოში გრადაცია ნარკომომხმარებელსა და ნარკოგამსაღებელს შორის საკმაოდ პირობითია. როგორც წესი, სტაჟიანი ნარკომანი, სულ ცოტა, 8-12 ახალბედას ანარკომანებს, ამიტომ ახასიათებს ნარკომანას ეპიდომოლოგიური გავრცელება. ეს ხდება მარტივი მიზეზის გამო: სტაჟიან ნარკომანს ამოწურული აქვს ფულის შოვნის ყველანაირი საშუალება: სესხება, წვრილი ქურდობა თუ სხვა, სამაგიეროდ, კარგად იცის ნარკოტიკის მოპოვების გზები. ახალბედა პირიქითაა:  არ იცის, სად იშოვოს ნარკოტიკი, ეშინია კიდეც, მაგრამ აქვს რესურსი. ამიტომ სტაჟიანი ნარკომანი ასეთი ხალხის ჩათრევას ცდილობს. ართმევს იმდენ თანხას, რომ ორივეს ეყოს ნარკოტიკის შესაძენად. ეს ნარკოგასაღების მეტ-ნაკლებად ნორმალური სქემაა, მაგრამ ჩვეულებრივ ასეთი სიმბიოზი იშვიათია. როგორც წესი, უფრო მეტ ნარკოტიკს ყიდულობს სტაჟიანი ნარკომანი და, ფაქტობრივად, ძალიან ბევრი მათგანი იმავდროულად გამსაღებელიცაა.
– თუმცა ჩვენ ვიცით ისეთი ნარკოგამსაღებლებიც, მათ შორის, ქალებიც, რომლებიც არ არიან ნარკომანები?
– საქართველოში ეს პრობლემა ძალიან მწვავედ იდგა ერთი მიზეზის გამო. როდესაც 2002 წელს მზადდებოდა ეს კანონი, მეც ვიღებდი მონაწილეობას მის შემუშავებაში. იმ პერიოდში საქართველოში მეთადონი და ჰეროინი საერთოდ არ იყო ან იშვიათად შეგხვდებოდა. ამიტომ ჩვენ, ექიმებმა, კანონმდებლებმა, ძალოვნებმა გადავწყვიტეთ, თუ მაქსიმალურ პასუხისმგებლობას დავაწესებდით ჰეროინსა და მეთადონზე, ის აღარ შემოვიდოდა. ყველა დანარჩენ შემთხვევაში კი დავაწესეთ დოზის მინიმალური ოდენობა. ამდენად, ჰეროინის კვალიც რომ ყოფილიყო, ადამიანი ისჯებოდა, როგორც გამსაღებელი. იგივე ხდებოდა მეთადონის შემთხვევაშიც და გამოდიოდა, რომ ხალხი, რომლებიც ჰეროინსა და მეთადონს იღებდა პირადი მოხმარებისთვის, ისჯებოდა, როგორც გამსაღებელი, რადგან კანონი არ განსაზღვრავდა ამ ნარკოტიკების მოხმარების დოზას.
– კანონმდებლებს დაუშვიათ შეცდომა, რადგან ცივილიზებულმა სამყარომ კარგა ხანია, იცის, რომ სასჯელის გამკაცრება არ არის პრევენცია. ამ კანონს უბრალოდ ეს დაუდასტურებია?
– გამკაცრებაც და შემსუბუქებაც უნდა იყოს ადეკვატური. გეთანხმებით, რომ მთავარია სასჯელის გარდუვალობა და ადეკვატურობა. სასჯელი არაადეკვატური იყო, მაგრამ აგიხსენით მიზეზი და ეს ამ ცვლილებებით გამოსწორდა. იმის გარდა, რომ მეთადონისა და ჰეროინის გამოყენების გამო ადამიანებს აღარ დაეკისრებათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, ცვლილებები მათაც შეეხება, ვინც სასჯელს ამისთვის იხდის.
– რას ნიშნავს საწყისი დოზა და რის მიხედვით ადგენთ?
– საკმაოდ მნიშვნელოვანი შეკითხვაა, საერთოდ, რას ნიშნავს დიდი და მცირე დოზა. ამიტომ ასე დავსვათ საკითხი: რამდენია აუცილებელი „ლომკის“ მოსახსნელად. ერთისთვის ეს არის, პირობითად რომ ვთქვათ, რაღაცის ერთი მეათასედი, მეორისთვის –  ერთი მეასედი, რადგან, თუ ორგანიზმი შეჩვეულია ნარკოტიკს, ტოლერანტობა იზრდება და იმავე შედეგისთვის ქრონიკული ნარკომანი იძულებულია, ბევრად მეტი ნარკოტიკი მიიღოს. ეს ჩვენ ვიცით, მაგრამ, თუ ძალიან დიდ დოზას ავიღებთ საწყისად, გამოვა, რომ ვერც ერთ გამსაღებელს ვერ დავიჭერთ. ამიტომ მორფიუმზე გადაანგარიშებით საწყისად ავიღეთ ისეთი დოზა, რომელიც საკმარისია „ლომკის“ მოსახსნელად. ეს არის ის მაქსიმალური დოზა, რომელიც 24 საათის განმავლობაში შეიძლება, მიიღოს ნორმალურმა ადამიანმა საჭიროების შემთხვევაში. ეს არის დოზა, რის გამოც პირს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ დაეკისრება.
– ეს ხომ ნიშნავს, რომ, თუ ნარკომანი ვარ, კანონით დადგენილი დოზა არ დამაკმაყოფილებს, ანუ საშუალო სტატისტიკურ ნარკომანს ნარკოტიკის მოხმარებისთვის მაინც დაიჭერენ?
– ჩვენ მიზნად არ გვაქვს, რომ მან სიამოვნება მიიღოს, ლაპარაკია განეიტრალებაზე და კანონით დაწესებული დოზა საკმარისია „ლომკის“ მოსახსნელად. თორემ სიამოვნების მისაღებად შესაძლოა, მას ხუთჯერ მეტი დოზა სჭირდებოდეს.
– ნარკომომხმარებლის დაჯარიმება, ჩემი აზრით, ნიშნავს ბიუჯეტის შემოსავლების ერთ-ერთ სტაბილურ წყაროს. ხელისუფლებას, საერთოდაც, შეუძლია, დაგეგმოს კიდეც შემოსავლის ოდენობა ამ სფეროდან. რას იტყვით ნარკომანების რეაბილიტაციაზე? ჯარიმებიდან შემოსული თანხა რეაბილიტაციას მოხმარდება?
– ბუნებრივია, საკმაოდ უხერხულად ჩანდა, ვაჯარიმებ ნარკომანს, მაგრამ არ ვმკურნალობ და ეს თითქოს შემოსავლის წყაროცაა. ეს პრობლემა, ფაქტობრივად მოიხსნა, როდესაც მეთადონის პროგრამა დაიწყო. მართალია, პროგრამაში ჩართვა 400 ლარი ღირს, მაგრამ ეს ორი დღის ნარკოტიკის ფასია.
– ასე გაძვირდა?
– კარგი დოზა შესაძლოა, 500 ლარიც დაჯდეს. ჩვენთან ძალიან გაძვირებულია ნარკოტიკი, რადგან პოლიციის მუშაობის გამო ეშინიათ ნარკოტიკის შემოტანა. 400 ლარი ის თანხაა, რომელიც ნარკომანს, წესით, უნდა ჰქონდეს ან საქართველოში ვინმემ რომ თქვას,  მკურნალობას ვაპირებო, ბოლოს და ბოლოს, მეზობლები შეუგროვებენ ამ თანხას. შესაძლოა, მთელი ცხოვრების განმავლობაში იყო ამ პროგრამის მონაწილე, უბრალოდ შემდეგ უკვე ყოველთვიურად 60-60 ლარის გადახდა მოგიწევს.
– სახელმწიფო რა თანხას გაიღებს ამ პროგრამისთვის?
– სახელმწიფო მეთადონის პროგრამაზე, დაახლოებით, მილიონ-ნახევარს ხარჯავს ყოველწლიურად. იმ ქვეყნებშიც კი, რომლებიც ჩვენზე ბევრად მდიდრები არიან, მაინც ახდევინებენ ფულს მეთადონის პროგრამაში მონაწილეობისთვის, რადგან, როდესაც ფულს იხდი, განსხვავებული დამოკიდებულება გიჩნდება. მაგრამ მინდა, გითხრათ, რომ, საქართველოში სულ 1 500 ადამიანია ჩაბმული ამ პროგრამაში, არადა, ოთხი წლის წინანდელი მონაცემებით, ჩვენთან, დაახლოებით 40 000-მდე პრობლემური ნარკომანი იყო.
– პრობლემური, ანუ?
– რომელიც დამოკიდებულია და თითქმის ყოველდღიურად სჭირდება ნარკოტიკი. ეს ის ადამიანები არიან, რომლებსაც ნარკოტიკის გამო პრობლემები ექმნებათ ცხოვრებაში.
– თუ მეთადონის პროგრამა ეფექტიანია, რატომ არ მიმართავენ?
– 100 პროცენტი არც ერთ ქვეყანაში არ გადის ამ პროგრამას, ზოგან 40 პროცენტია, ზოგან, ამაზე მეტი ან ნაკლები. არის ქვეყნები, სადაც იმდენივე პროცენტია, რამდენიც ჩვენთან. ცხადია, გარდა ჩანაცვლებითი პროგრამებისა, მიზანშეწონილია, დაფინანსდეს კლინიკური მკურნალობაც, რომელიც პაციენტს გამოიყვანს ამ ნარკოდამოკიდებულების ფიზიკური განცდიდან და ამის შემდეგ იწყება მისი სამედიცინო და ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია. ეს ერთიანი ციკლია, რადგან მხოლოდ ფიზიკური დამოკიდებულებიდან გამოყვანას ეფექტი არ აქვს. თუ სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციაც არ მოხდა, რეციდივი 80-90 პროცენტია.
– რა კატეგორიის ადამიანები ხდებიან, ჩვეულებისამებრ, ნარკომანები?
 – როგორც წესი, იმ პირებს, რომლებიც იწყებენ ნარკოტიკების მიღებას, სხვა პრობლემებიც აქვთ, თორემ გასინჯვით შესაძლოა, ბევრმა გასინჯოს, მაგრამ ყველა არ გახდეს ნარკოდამოკიდებული. შესაძლოა, გენეტიკური მიდრეკილებაც არსებობდეს. მაგრამ არის სხვა მომენტებიც: ასეთ ადამიანებს აწეული აქვთ შფოთიანობის, დეპრესიის დონე, ზოგჯერ აქვთ შიშებიც, აკვიატებული იდეებიც. სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, ასეთ ადამიანებს დამატებით აქვთ ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიული პრობლემები, რომელთა მკურნალობა აუცილებელია, რადგან, თუ არ უმკურნალე, ის ხელახლა გაუმეორებს. აღარაფერს ვამბობ სოციალურ პრობლემებზე. ხშირად, როდესაც ადამიანს სოციალური პრობლემები აქვს და მათი გადაწყვეტის გზებს ვერ პოულობს, ხელს ჩაიქნევს და იწყებს ნარკოტიკების მიღებას. ასე რომ, რეაბილიტაციაში იგულისხმება როგორც სამედიცინო, ისე სოციალური რეაბილიტაცია.
– მეთადონის პროგრამაში ეს არ იგულისხმება?
– იგულისხმება, მაგრამ ჩვენი დღევანდელი სიტუაცია არ იძლევა იმის საშუალებას, მოხდეს ნარკოდამოკიდებულის სოციალური რეაბილიტაცია, დასაქმება და სხვა. როდესაც ეს საშუალებები არ არის, ფსიქოლოგი უძლურია. თუმცა იყო ლაპარაკი, რომ ყველა ავადმყოფისთვის, მათ შორის, ნარკოდამოკიდებულისთვის ყველა ორგანიზაციაში გამოიყოს სამუშაო ადგილების გარკვეული პროცენტი, რომ მათი სოციალური რეაბილიტაცია მოხდეს.
– პრობლემური ნარკომანი 40 000 გვყოლია, დაახლოებით, რამდენი ნარკომანი გვყავს საერთო ჯამში და როგორია ქალების წილი?
– 200 000-მდე უნდა იყოს, როგორც ჩვენ ვუწოდებთ, მომხმარებელი. მომხმარებელი შეიძლება, იყოს ყველა ის ადამიანი, ვისაც ერთხელ მაინც გაუსინჯავს, არ არის დაავადებული და ხშირად იღებს ნარკოტიკს. რაც შეეხება ქალების რაოდენობას: დაახლოებით, ათი ერთთანაა, მაგრამ ეს ძალიან არაზუსტი ციფრია.
– არსებობს ასეთი რამ: ხშირად იღებდეს ნარკოტიკს და არ იყოს დაავადებული?
– მსოფლიოში მიღებული გრადაცია ასეთია: თუ გაუსინჯავს ნარკოტიკი ცხოვრებაში ერთხელ ან წელიწადში ერთხელ; მომხმარებლად კი მიმჩნევა ის, ვინც გამოკითხვის დროს ამბობს, რომ წინა თვეს მიიღო ნარკოტიკი და ცხადია, ის, ვინც ყოველდღე იღებს ნარკოტიკს. ესეც იმაზეა დამოკიდებული, რომელ ნარკოტიკზეა ლაპარაკი. თუ ვლაპარაკობთ ჰეროინზე, იმის ალბათობა, რომ რამდენიმე წელია, იღებს და არ გახდა ნარკომანი, ძალიან დაბალია. მაშინ, როდესაც შესაძლოა, მარიხუანას წლების განმავლობაში მეტ-ნაკლები სიხშირით იყენებდე და არ გახდე დამოკიდებული, თუმცა ცნობილია, რომ მარიხუანის მომხმარებელთა შორის 40 პროცენტი ნარკომანი ხდება. ხალხს, რატომღაც, ჰგონია, რომ არ არსებობს მარიხუანაზე დამოკიდებულება.
– სიგარეტზე დამოკიდებულება არსებობს და მარიხუანაზე დამოკიდებულება არ იარსებებს?!
– ძალიან ძნელია მარიხუანაზე დამოკიდებულების მკურნალობა ან ადამიანი გადადის უფრო მძიმე ნარკოტიკებზე.
– მეჩვენება, რომ მარიხუანისადმი ძალიან მსუბუქი დამოკიდებულებაა, განსაკუთრებით, ახალგაზრდებს შორის. პირადად მე, მგონია,  რომ ნარკოტიკი, ისევე, როგორც სიგარეტი უბრალოდ არ უნდა გასინჯო, რადგან არ იცი, გახდები თუ არა მასზე დამოკიდებული. რა შეიძლება გაკეთდეს პრევენციის სახით, სანამ მეთადონის პროგრამამდე მივალთ?
– საქმეც ის არის, რომ მსუბუქად უყურებენ მარიხუანას და ზოგჯერ –  უფროსებიც.  როგორც შევიტყვე, იმ ქვეყნებში, მაგალითად, შუა აზიაში, სადაც მარიხუანა მიღებულია, კატეგორიულადაა, ეთნიკური წესებით, აკრძალული 18 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის მისი მოწევა. ეს ეთნოსის შენარჩუნების გზაა. მარიხუანას მწეველთა იმ 40 პროცენტში, რომლებიც ნარკოდამოკიდებულები ხდებიან, 30 პროცენტია ის, ვინც ადრეულ ასაკში დაიწყო მარიხუანის მოხმარება. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ნარკოტიკებთან და დანაშაულთან ბრძოლის სამსახურის ხელმძღვანელის მოსაზრებით, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია იმიტომაც არის შედარებით ჩამორჩენილი და არაპროგრესული, რომ იქ მარიხუანას დიდი რაოდენობით ეწევიან. მარიხუანა სპობს წინსვლის მოთხოვნილებას. ის ქმნის დაკმაყოფილების განცდას და ადამიანს აღარ აინტერესებს, დახეული ჩუსტი აცვია თუ ჩექმა, დააწინაურეს თუ დააქვეითეს, რადგან მარიხუანით იკლავს თავის სურვილებს. ძალიან მეშინია, რადგან ამბობენ, რომ საქართველოს ზოგიერთ სოფლებში მოდებულია მარიხუანის გამოყენება. მაგალითად, ქართველმა ერმა შეიმუშავა ალკოჰოლისგან დაცვის მექანიზმი, მიუხედავად იმისა, რომ ალკოჰოლი ყველა ოჯახშია.
– მაგრამ ლოთები არ ვართ.
– მე ასეთი გამოკვლევაც ჩავატარე: აღმოჩნდა, რომ საქართველოში მცხოვრებ რუსებში უფრო ნაკლები ალკოჰოლით დაავადებულია, ვიდრე რუსეთში, თუმცა, წესით, პირიქით უნდა იყოს. ჩვენი ტრადიციები გვიცავს ალკოჰოლიზმისგან, მაგრამ სრულიად მოუმზადებლები ვართ ნარკოტიკისადმი. ალკოჰოლი და მარიხუანა ერთად ხომ საერთოდ საშინელებაა. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი პრობლემაა და მგონია, რომ ყველამ, ვისაც ხელი მიუწვდება, უნდა გაატაროს თქვენი მოსაზრება: არ შეიძლება, მარიხუანის მოხმარებას მსუბუქად უყურო.
– პოტენციაზე როგორ მოქმედებს მარიხუანა?
– როგორც ყველა ნარკოტიკი, დასაწყისში აძლიერებს და შემდეგ აქვეითებს და საბოლოოდ, ადამიანი აპოტენციალური ხდება.
– გენეტიკაზე?
– ადრე ფიქრობდნენ, რომ არ მოქმედებდა, ახლა დადგინდა, რომ მოქმედებს.
– პათოლოგიური თაობა იბადება თუ ნარკოტიკდამოკიდებული?
– ამას თაობები სჭირდება. მაგალითად, ნარკომანისა და ალკოჰოლიკის შთამომავლობაში პროცენტულად 2-3-ჯერ მეტი ხდება ნარკომანი და ალკოჰოლიკი. იმას ვერ ვიტყვით, მამა თუ ანაშას ეწევა, შვილი დებილი დაიბადებაო, მაგრამ თაობებში ეს იჩენს თავს.
– ჩვენთან რა არის უფრო გავრცელებული: მოსაწევი ნარკოტიკი, დასალევი თუ ინიექციური?
– ყველაზე მეტად გავრცელებულია მარიხუანა, ანუ მოსაწევი, შემდეგ მოდის სუბოტექსი, თუმცა აღარ იშოვება და უამრავ უბედურებას ამზადებენ აფთიაქში ნაყიდი წამლებით. ყიდულობენ გაციების საწინააღმდეგო საშუალებებს, ამატებენ რაღაც სხვა მედიკამენტებს და სტიმულატორებად გარდაქმნიან. სწორედ ახლახან ვეძებდი ასეთი ნარკოდამოკიდებულების მკურნალობის საშუალებებს და ვერ ვიპოვე.
– კანონით ამ თვითნაკეთი ნარკოტიკის მოხმარებაც ისჯება? და რა ჰქვია ამას კანონის ენაზე?
– კანონით, უფრო მკაცრად ისჯება ასეთი ნარკოტიკის მომხმარებელი, ვიდრე ჰეროინის მომხმარებელი. თან ასეთი ნარკოტიკი უფრო მძიმე შედეგს იწვევს, ორგანიზმი, ფაქტობრივად, იშლება,  სასჯელის ამ გამკაცრებით, ვფიქრობთ, შევაშინებთ ნარკოდამოკიდებულებს, რომ საერთოდ არ მოიხმარონ ასეთი ნარკოტიკი. არის ერთი ძალიან ცნობილი მაქსიმა: თუ  არის ნარკოტიკი, არის ნარკომანი, რაც მეტი ნარკოტიკია, მით მეტი ნარკომანია, შესაბამისად, თუ ნარკოტიკი არ არის, ნარკომანების რაოდენობა მცირდება, თუ ნარკოტიკის მსურველი არის, ჩნდება ნარკოტიკიც. საქართველოში იმდენად მძლავრად შემცირდა ნარკოტიკების შემოსვლა შავ ბაზარზე, რომ ამან ნარკომანების რაოდენობაც შეამცირა და ეს ძალიან პრინციპული მომენტია.

скачать dle 11.3