კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა იწინასწარმეტყველა გია ჯაჯანიძემ პირველ ცოლთან ჯვრისწერის დღეს და რატომ ათამაშა თავის ფილმში მისმა მესამე ცოლმა მეორე ცოლი

 

რამდენი  უღიმღამო და უინტერესო მოსაუბრეა საქართველოში, ჟურნალისტების მეტმა ვინ იცის... მერე კი ზიხარ, მთელი დღე ტვინს იჭყლეტ იმაზე ფიქრით, როგორ გააკეთილშობილო მათი ნაბლუყუნები, რომ ჯერ რედაქტორს მოაწონო და მერე – მკითხველს, მაგრამ, მე დღეს გამიმართლა და ორი ისეთი თავისუფლად მოლაპარაკე რესპონდენტი ვნახე, რომ ინტერვიუ თავისით „დამეწერინა“.

ჩემი კოლეგა ნინო ჯაჯანიძე, გია ჯაჯანიძის შვილი, სულაც არ მოერიდა უხერხულ და გულახდილ კითხვებს, რომლებიც მამამისს დაუსვა და ასეთივე გულახდილი პასუხები მიიღო.

 – ნინო ჯაჯანიძე: როცა გიყურებ, ვფიქრობ, რომ ხარ ადამიანი, რომელსაც ცოლი არ უნდა ჰყავდეს. ვერ წარმომიდგენია შენ გვერდით ადამიანი, რომელსაც ერქმევა ცოლი. ამ დროს, გყავდა სამი ცოლი და, საერთოდაც, რატომ გადაწყვიტე დაოჯახება?

გია ჯაჯანიძე: ასე რომ არ მომხდარიყო, შენნაირი ანგელოზი ხომ არ მეყოლებოდა? მაგრამ, რაღა პირდაპირ ამ კითხვით დაიწყე, გოგო, ხომ შეიძლებოდა, ცოტა მერე შემოგეპარებინა? (იცინის) არ ვიცი, რატომ გადავწყვიტე, პრინციპში მე არაფერი გადამიწყვეტია, რადგან პირველად ეს 17 წლის ასაკში, აბსოლუტურად გაუაზრებლად მოხდა – მომეწონა გოგო, რომელიც ცოლად მოვიყვანე. რატომ, რისთვის და რანაირად – ამაზე საერთოდ არ მიფიქრია, არ მიფიქრია იმ უღელზე, რასაც ქალისა და მამაკაცის თანაცხოვრება ჰქვია. სხვათა შორის, რაღაცას გეტყვი პირველ ქორწინებასთან დაკავშირებით და ეს შენთვისაც ახალი იქნება; ჯვრისწერის შემდეგ გამოვედით და ჩემს ცოლს ვეუბნები: გავა წლები, ჩვენ რუსთაველზე შევხვდებით, ერთმანეთს გადავეხვევით და გკითხავ, როგორ არის ბავშვი-მეთქი? მაშინ გაოცებულმა შემომხედა, მაგრამ, ათი წლის შემდეგ, როცა მართლა შევხვდით რუსთაველზე სრულიად შემთხვევით, გადავეხვიეთ ერთმანეთს და შვილი მოვიკითხე, მაშინ საერთოდ გაოცდა და გამახსენა ის სიტყვები, რაც მე ჯვრისწერაზე ვუთხარი. ალბათ, ინტუიციით ვიგრძენი, რომ ასე მოხდებოდა.

ახლა გაინტერესებს ჩემი მეორე ცოლი, ანუ – დედაშენი?  ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაშიც გაუცნობიერებლად მოხდა, უფრო სწორად, გაცნობიერებული კი მქონდა, მაგრამ, მეგონა, რომ ეს ის იყო, ვინც მე მჭირდებოდა ცხოვრებაში. ჩვენ ძალიან კარგად გვესმოდა ერთმანეთის, ბევრი საერთო გვქონდა, განათლებული ქალი იყო და კომფორტულად ვიყავი მასთან. რეალურად, ბოლომდე ასე იყო, არ მახსენდება არც ერთი დღე, რომ ერთი კონფლიქტი მაინც მოგვსვლოდა. ერთხელ თბილისში ჩამოვედი ერთი დღით, მაგრამ, სახლში დავბრუნდი ორი კვირის შემდეგ და, რომ დამინახა, იცი, რა მკითხა? – უი, მოხვედიო? (იცინის), თითქოს იქვე, პურზე ვიყავი გასული. თუმცა, მიუხედავად იდეალური ურთიერთობისა, მოხდა ისე, რომ დავშორდით, მაგრამ დავშორდით როგორც ცოლი და ქმარი, თორემ, მერეც გადასარევი ურთიერთობა გვქონდა ერთმანეთთან. მე არ აღმოვჩნდი მყარი ასეთ ურთიერთობებში – მალე მეცვლება ხასიათი, გემოვნება, ხედვა და ასე შემდეგ და, მივედით ლოგიკურ დასასრულამდე. ავუხსენი, რომ შენ ჩემთვის ხარ ისევ ისეთივე საინტერესო, სასურველი ადამიანი, როგორიც იყავი, მაგრამ, ცოლქმრულ ურთიერთობას ვეღარ გავაგრძელებთ. იცი, როგორი იყო დედაშენი? ყველაფერი მწყობრში ჰქონდა, ზემოწესრიგებული ქალი იყო, უგემრიელეს სადილებსაც ამზადებდა და ნორმალურ კაცს მეტი რა უნდა უნდოდეს ცხოვრებაში? აი, მესამე ცოლი კი კარტოფილს რომ შეწვავდა, ვერ გაიგებდი, რა იყო და რას ჭამდი, იმდენად არაფერი არ იცოდა (იცინის).

 – გამოდის, რომ შენი მრავალჯერადი ქორწინება ერთგვარი აკვიატება იყო, ან, უბრალოდ, ამ ურთიერთობას არქმევდი „ცოლს“ რადგან, იმ პერიოდში არ შეიძლებოდა ქალს საყვარლის სტატუსი ჰქონოდა?

 – „არქმევდი“ ცოლს რას ნიშნავს? ადამიანთან, რომელთანაც საზიარო საწოლი გაქვს, შვილი გყავს, „კალიცო“ გიკეთია და სიდედრ-სიმამრი გყავს, აბა რა უნდა დაარქვა?

 – მიუხედავად იმისა, რომ მყავს მამა, რომელსაც ჰყავდა სამი ცოლი და სამივესთან გადასარევი ურთიერთობა აქვს; რომელმაც მოახერხა ის რომ, მის ყოფილ ცოლებსაც კი, ერთმანეთის მიმართ კარგი დამოკიდებულება აქვთ, მაინც არ მჯერა ასეთი ზღაპრების, რადგან, ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება, მქონდეს ურთიერთობა ჯერ ყოფილ ქმართან და, მერე –  მის ყოფილ ცოლთან. როგორ მოახერხე, რომ სამივეჯერ ასეთი კარგი ადამიანი იპოვე?

 – მე კი არა, იმათ მიპოვეს. უბრალოდ, მე ვარ მაგარი, რომ ეს წრე ისე შევკარი, დღემდე ერთი რგოლიც არ გახსნილა. ხუმრობა იქით იყოს და მე როცა ვარ ადამიანთან, აბსოლუტურად გულწრფელი ვარ და ბოლომდე მასთან ვარ, მაგრამ, როცა რაღაც მთავრდება, უკვე იმდენად მიცნობენ ჩემი პარტნიორები, რომ მიზეზების ძებნა აღარ სჭირდებათ –  რატომ მოხდა, როდის და რა მომენტში. რა თქმა უნდა, ეს არ ხდება მოწმენდილ ცაზე – საღამოს სიყვარულს ვეფიცები და დილით ვუთხრა, აღარ მიყვარხარ- მეთქი. ამიტომაც არის, რომ ბოლომდე მეგობრებად ვრჩებით. შენ კარგად იცი, როგორ დააკავა დედაშენი თავის ფილმში ჩემმა მესამე ცოლმა. არასოდეს არც ერთ ცოლს არ ახსოვს ჩემგან გალანძღული მათი წინამორბედი, ან ოდესმე რამე პრეტენზია გამომეხატა რომელიმეს მიმართ.

 – ზოგჯერ ვფიქრობ ხოლმე, რა დროს, რა მომენტში დაშორდი დედას, როდის მოხდა ეს, მაგრამ, ვერაფრით ვერ ვიხსენებ. ხომ ამბობენ, რომ ოჯახის დანგრევით ბავშვი ზარალდება და ამ დროს ტრავმას იღებსო; ჩემს შემთხვევაში აბსოლუტურად არანაირი დანაკლისი არ განმიცდია იმისა, რომ მამამ მიმატოვა, მამა გვერდში არ მყავს თუ რაღაც მსგავსი. როგორ მოახერხე ეს ყველაფერი?

 – წეღან ვთქვი და ისევ გავიმეორებ: ძირითადად, როცა ადამიანები ერთმანეთს შორდებიან, შორდებიან კონფლიქტით, გაუთავებლად ერთმანეთის ლანძღვაში არიან, შვილს აგონებენ: აი ეს ასეთი მამაშენი, ეს ისეთი დედაშენი და ასე გაუთავებლად გრძელდება მთელი ცხოვრება, სანამ რომელიმე სულს არ დალევს. მე არც ერთ ცოლთან მსგავსი არაფერი მქონია. ამიტომაც არის, რომ აბსოლუტურად ჯანსაღი მიდგომა გაქვთ თქვენ დებსაც ერთმანეთის და, ზოგადად, ცხოვრების მიმართ. თქვენ არც ერთი არ გაზრდილხართ სიტყვიერი ბოროტების ქარიშხალში. ეს როგორც ჩემი, ასევე დედაშენის უდიდესი დამსახურებაა, რადგან ის არის განათლებული და დახვეწილი ქალი.

– ხარ არაორდინარული ადამიანი, ქმარი, მამა და ბაბუა. შენ რომელ ამპლუაში ყოფნა მოგწონს?

 – ვერ გეტყვი. მე არ ვიცი, რა არის პასუხისმგებლობა ცოლთან დაკავშირებით, შვილებთან  ან შვილიშვილებთან დაკავშირებით, მაგრამ, ბედი მაქვს ისეთი, რომ ყველა კარგი ჩემი ხართ. შენს დას შვილი შეეძინა და, ისე მოხდა, რომ ბავშვი მთელი თვე ვერ ვნახე. ნათიას ვურეკავ და ვეუბნები, რამდენიმე საათით ბავშვი მათხოვე „პროფილის“ გადაღებაზე მივდივარ და მჭირდება-მეთქი. დამთავრებული არ მქონდა წინადადება და, სად და როდის მოგიყვანოო, მითხრა. ამას რომელი შვილი გააკეთებდა?! სხვა მის ადგილას ნაწყენი იქნებოდა და ჩხუბს დამიწყებდა – ჯერ ბავშვი არც კი გინახავს და ახლა გაგახსენდაო? იგივე ხდება შენთანაც, ხომ?  თვე ისე გავა, არ დაგირეკავ; არც შენ იკლავ რეკვებით თავს, მაგრამ, არ გვწყინს და ამის გამო ტრაგედიას არ ვქმნით. მიგებს ყველა შვილი, მიგებს ყველა ცოლი,  მიგებენ მეგობრები და გამიგებენ შვილიშვილებიც.

– გქონია სურვილი, რომ ბიჭი გყოლოდა?

– არასოდეს. ყმაწვილკაცობაშიც კი ჩემს წარმოსახვაში ქალიშვილი ფიგურირებდა და ასეც მოხდა.  შეიძლება, ინტუიციით ვგრძნობდი, რომ ვერ გამიგებდა. წარმოიდგინე, ახლა უცბად მომინდა, რომ გავიპარსო წარბები, ახლა ავდგები, გადავიპარსავ და, ხვალ ჩემი ბიჭი რომ დამინახავდა ქუჩაში, წარმოიდგინე, რა შოკში ჩავარდებოდა. ან, თუნდაც, უყურებდეს იმ ყველაფერს, როგორც დღეს მე ვიქცევი – ამას ხომ ვერც ერთი ბიჭი ვერ გამიგებდა? შეყვარებულთან ერთად რუსთაველზე რომ მისეირნობს ამაყად და, უცებ, მამამისი თავზე ლახანკადადებული ხვდება ქუჩაში... (იცინის). დარწმუნებული ვარ, რაღაც მომენტში ეს თქვენთვისაც უხერხულია, მაგრამ, ქალის ფსიქიკა მაინც სხვანაირად არის მოწყობილი,  ბიჭისთვის კი ეს, შეიძლება ტრაგედიის ტოლფასი იყოს. თუმცა, ბიჭი რომ მყოლოდა, ზუსტად არ ვიცი, რა იქნებოდა  მაგრამ, მე ასე ვფიქრობ.

 – შენ როგორ გგონია, მე და ნათიას მოგვწონს თუ არა შენნაირი მამა?

 – ჩემი აზრით, ვარ იდეალური მამა. რაც შემიძლია, ყველაფერს ვაკეთებ და, რაც არ შემიძლია ესე იგი, ფანტაზია არ მყოფნის, რომ გავაკეთო. მე ვფიქრობ, უნდა მოგეწონოთ და მიმაჩნია, რომ ვარ კარგი მამა, მოულოდნელი, არაორდინარული, საყვარელი და თბილი. ახლა ნუ ჩამაცივდები ამაზე და, თუ არ მოგწონვარ, კაი გოგო ხარ, გაბედე და თქვი (იცინის).

 – მამაშენი რომ ყოფილიყო შენნაირი არაორდინარული და ყველასგან განსხვავებული, შენ თუ მოგეწონებოდა?

 – უი, არც ეგ მინდა წარმოვიდგინო, მაგრამ, ბევრჯერ დამწყდებოდა გული. ჯერ ერთი, ვერ წარმოვიდგენ მამაჩემს ჩემს ამპლუაში, რადგან ის იყო კაი ტრადიციული ქართველი კაცი, გემრიელად მოქეიფე და ერთი წუთითაც ვერ დავუშვებ მაგ ამბავს. იცი, რა არის, ნინო? მე ყველაზე უკეთ ვიცი ჩემი უარყოფითი თვისებები. ჩემზე უკეთესი შემფასებელი ჩემს თავს არ ჰყავს და, პირდაპირ გეტყვი, რომ მე თქვენს ადგილას გული დამწყდებოდა. მაგალითად, როცა მამები არიან უცხოეთში, ჯერ, შვილებისთვის ყიდულობენ საჩუქრებს და მერე საკუთარი თავისთვის, ხომ? მე – არა. რასაც კარგ რამეს დავინახავ, ყველაფერი ჩემთვის მინდა. რა ვქნა, გამიგეთ, რა, ჯერ თავო და თავო, მერე ცოლო და შვილოო – აი, ეს მჭირს ზუსტად.

– რა მაგის პასუხია და, ასეთ ჭკვიან კაცს პოლიტიკოსობაზე ხომ არ გიფიქრია?

 – ყველაფერზე მიფიქრია, მაგრამ, პოლიტიკოსობის სურვილი არასდროს მქონია და ამიტომაც ვარ ჭკვიანი. უცნაურ რაღაცას გეტყვი და არ დამცინო: ყველა ადამიანი რაღაც ასაკში ჩერდება და მერე ვეღარ გრძნობს ზრდას. მე ახლა ვარ 27 წლის, ამ ასაკში გავჩერდი და მეტად აღარ ვიზრდები, ასე რომ, ჯერ ახალგაზრდა ვარ და ყველაფერი წინ მაქვს. ვნახოთ, როგორ შემეცვლება აზრი 30 წლის   რომ გავხდები. 

– შენი სიძეები რას ფიქრობენ შენზე, აღგიქვამენ როგორც სიმამრს?

– მეტი რა გზა აქვთ? ისევე, როგორც თქვენ, იმათაც უნდა ვუყვარდე და პატივს მცემდნენ, მაგრამ, ალბათ, ფიქრობენ, ცოტა ვერ არის კარგადო (იცინის). რა ვქნა, შვილო, მამა გენაცვალოს, არ მაქვს ეს განცდა, რომ ვიღაცის სიმამრი ვარ ან ბაბუა. ჩემთვის ადამიანური ურთიერთობებია მთავარი და არა ნათესაური კავშირები. არ მაინტერესებს ვინ სიძეა და ვინ – ბიძაშვილი, მთავარია, ადამიანი იყო, კარგი დამოკიდებულება, რაც მთავარია, კარგი ურთიერთობა გვქონდეს და რა მნიშვნელობა აქვს, რა ერქმევა? განცდა მაქვს, რომ მე ვარ ადამიანი და ჩემ ირგვლივ არიან ადამიანები – სხვა მეტი აბსოლუტურად არაფერი არ მაინტერესებს. შეიძლება, ვიღაცისთვის ცუდია, მაგრამ, ჩემთვის კარგია – გათავისუფლებული ვარ ამ ოფიციალური სავალდებულო და ტრადიციული ნათესაური მოვალეობებისგან.

– ახლა კი ხარ 27 წლის და ჭკუა გიქრის, მაგრამ, ერთ მშვენიერ დღესაც ხომ დაბერდები და აღმოჩნდება, რომ ხარ მარტო. გიფიქრია თუ არა ამაზე და არ გეშინია?

 – არასოდეს არ ვიქნები მარტო და არასოდეს შემშინებია სიმარტოვის. მე მარტო უფრო კარგად ვართობ ჩემს თავს, ვიდრე ხალხის გარემოცვაში ვერთობი. ისეთი ხრიკები მაქვს მოფიქრებული, სიკვდილის წინაც მომიკაკუნებენ კარზე და მარტოს არ ამომხდება სული. მე ხომ ყოვლისშემძლე ვარ? ამიტომ, არც ერთი წუთით არ მიფიქრია, ვაიმე, წლების მერე რა მეშველება-მეთქი.

– შენ არ გაზრდილხარ ისეთ გარემოცვაში, სადაც ვინმე მოიძებნებოდა შენნაირი, არაორდინარული ადამიანი, ვისგანაც მაგალითს აიღებდი, პირიქით, რადიკალურად განსხვავებულ ოჯახში გაიზარდე. როგორ მოხდა, რომ დღეს ხარ გია ჯაჯანიძე ისეთი, როგორიც ხარ?

 – არ ვიცი. წეღანაც ვთქვი, რომ ბაბუაშენი ძალიან ქართველი და ტრადიციული კაცი იყო. შეიძლება, გარკვეულწილად ესეც იყო მიზეზი, რომ რაღაც შინაგანი პროტესტი მქონდა ამ ღრმა ტრადიციული ვალდებულებების მიმართ. თავიდანვე გამორჩეული ბავშვი ვიყავი, რაღაცნაირად, მსიამოვნებდა, რომ ყველას არ ვგავდი და დღესაც ასეა. ვინმე დადის ქალაქში კიდევ მეორე ჯაჯანიძე?! მე ერთი ვარ და განუმეორებელი.

 

 

скачать dle 11.3