კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის ტყვეობას ვერ შეელია მერაბ სეფაშვილი და რატომ უკრეს მას თავი აფრიკაში

 ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ, ქართველ  ვარსკვლავოსანთა გალერეას უკვე მისი ვარსკვლავიც ამშვენებს. თუმცა,  მერაბ სეფაშვილს ვარსკვლავის  ტიტული ბევრად უფრო ადრე ერგო.. თავად ფიქრობს, რომ იღბლის ნებიერაა და ცხოვრებისგან  ბევრი სასიამოვნო სიურპრიზი მიიღო. თუმცა, იმასაც არ მალავს, რომ მარცხის გემოც იცის და ბევრი რთული პერიოდის გადალახვაც მოუხდა. ალბათ, ამიტომაცაა, რომ  ის გზა, რაც ვარსკვლავობამდე გაიარა, მის სიმღერებს ჰგავს – ემოციებითა და განცდებით არის  სავსე,  განცდებით, რომელიც მერაბ სეფაშვილს არსად ტოვებს...

 

მერაბ სეფაშვილი: უკვე ნამდვილად  ვარსკვლავოსანი ვარ, რაც ადამიანურად ბევრ დადებით ემოციასთან არის დაკავშირებული. ეს სიმბოლური  აღიარებაა იმის, რომ ხარ ხალხის რჩეული, რაც ბუნებრივია, მადლიერების ძალიან დიდ განცდას ბადებს. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რას აკეთებ და როგორ აკეთებ, თუმცა, რაც უფრო მეტს აკეთებ, მით მეტს სთხოვ საკუთარ თავს. ყველა კონცერტის წინ იმხელა ფსიქოლოგიური ბარიერის გადალახვა მოგიწევს, თითქოს პირველად გადიოდე სცენაზე. იმას არ ვამბობ, რომ კონცერტის წინ ვნერვიულობ, ან მეშინია, არა, მაგრამ ღელვა ვერ მოვიშალე, რაც დიდი პასუხისმგებლობით არის განპირობებული. თუმცა, როცა სიმღერას ვიწყებ, აღარაფერი მახსოვს, ყველაფერი მავიწყდება.  35 წელი გავატარე სცენაზე, ეს ცოტა ნამდვილად არ არის. თუმცა, ვარსკვლავოსნებს შორის ყველაზე ახალგაზრდა ვარ (იცინის).  

– ვარსკვლავის ადგილი თავად „მოიზომეთ”?

–  ჩემმა შვილმა  და მეგობარმა ნახეს ჯერ, მერე მეც მაჩვენეს. ქალბატონი ნანი ბრეგვაძის  სამეზობლოში ყოფნა ცუდი არ უნდა იყოს  (იცინის). ვარსკვლავზე არასდროს მიოცნებია,  პირველად ვარსკვლავის გახსნა 2002 წელს შემომთავაზეს, მაგრამ მაშინ  ვთქვი, არც დროა  სამაგისო და არც განწყობა-მეთქი, 50 წელი მაინც განსხვავებული თარიღია. თან, ძალიან შემომიჩნდნენ მეგობრები, შემაჯანჯღარეს და დამითანხმეს.  ადრე, როცა მირეკავდნენ: ვარსკვლავო, როგორ ბრძანდებიო, – ასე მომმართავდნენ ხოლმე ხუმრობით, ახლა  სახუმაროდ აღარ ექნებათ საქმე. თუმცა, კონცერტამდე ცოტა ხნით მიმატოვეს – ისეთი რეჟიმი მქონდა, არც ერთი არ გამეკარა. 

– რთული იყო ის გზა, რომელიც ამ ვარსკვლავამდე   გაიარეთ?

– იოლი ნამდვილად არ იყო, უამრავჯერ მქონია  ისეთი პერიოდი, როცა არ მემღერებოდა სხვადასხვა მიზეზთა გამო, მაგრამ მაინც გამოვსულვარ სცენაზე, მიმღერია. სწორედ ამ დროს მოდის რაღაცაზე ფიქრი. როცა წინ მიდიხარ, მით მეტ გამოცდებს გიწყობს ცხოვრება. არ ვიცი, როგორ გზას გავივლიდი, სხვაგან რომ მეცადა ძალა, მაგრამ ალბათ, არც მქონდა  სხვა ალტერნატივა. ჩემს ოჯახში სულ არ  ფიქრობდნენ, რომ მე ვიმღერებდი, მაგრამ როცა სცენაზე დავდექი, ყველა, მათ შორის მამაც,  მიხვდა, რომ ეს ის საქმე იყო, რომელიც უნდა მეკეთებინა.  ძალიან მალე დამატყვევა სცენამ.  სიმღერა 15 წლის ასაკში დავიწყე. 16 წლის  კი უკვე სცენაზე ვიდექი, „რეროს”  წევრი ვიყავი. პირველივე გასტროლებზე აფრიკაში მიკრეს თავი (იცინის), რამდენიმე თვე დავრჩით იქ,  პატარა ბიჭი ვიყავი, ძალიან მომენატრა სახლი, ახლობლები, მაგრამ იქ იმდენი საინტერესო რამ ვნახე, საოცარი შთაბეჭდილებებით დავბრუნდი.     

მუსიკოსის ცხოვრება  რთულია, მაგრამ მე არ ვარ მათ შორის, თავს რომ აკლავენ  საქმეს. სიგარეტსაც ვეწეოდი, არც მეგობრებთან ერთად ქეიფს ვერიდებოდი. ჩაის არ ვსვამდი, რომ ხმა მომსვლოდა (იცინის). იმდენად მიყვარს ცხოვრება, ვერაფერზე ვიტყოდი უარს. საყვარელი საქმე არის ამ  ცხოვრების დამხმარე, მაგრამ ისე, რომ ერთ მხარეს მიაკლა თავი და სხვა ყველაფერი დაივიწყო, არ მგონია, სწორი. მე მაინც იღბლიანი კაცი ვარ, არასდროს მიგრძნია  იმ საქმის რთული კულისები, რომელშიც ამდენი წელი გავატარე. რაღაც-რაღაცეები ალბათ, ჩემთანაც იყო, მაგრამ ძალიან მარტივად ვაგვარებდი ამ თემებს საკუთარ თავთან. მე თვითონ არ ვარღვევდი „თამაშის წესებს”, თავად არ უნდა გააკეთო ის, რაც არ გინდა, რომ სხვებისგან მიიღო. ამიტომაც იყო, რომ, ალბათ, არც მტრები მყოლია კოლეგებს შორის და არც დაპირისპირება მქონია ვინმესთან.  

–  ქართველი მსმენელი – საკმაოდ პრეტენზიული,  თქვენ მიმართ ყოველთვის კეთილგანწყობილი იყო, ისიც კი დაივიწყა, რასაც სხვა მომღერალს, ალბათ, იოლად არ აპატიებდა. როგორ ფიქრობთ, რითი შეძელით მათი გულის მოგება?

– ეს, ალბათ, მაყურებლის დამსახურება უფროა, ვიდრე ჩემი. ჩვეულებრივ მაყურებელს თუ არ ესმის ის, რასაც აკეთებ, მის კეთილგანწყობას ვერ მოიპოვებ. ზოგჯერ შეიძლება, ვერც მიხვდეს, რატომ მოსწონს ესა თუ ის სიმღერა, მუსიკალური ფორმა. პოპულარული მუსიკის  ხერხები და „ხრიკები” მუსიკოსს ბევრი რამის ცოდნას გაიძულებს, სიმღერა ისე უნდა გააკეთო, რომ ხარისხიც ჩადო, გემოვნებაც, აზროვნებაც და ისე გასაგებად მიიტანო მსმენელთან, რომ მან განცდა შეძლოს.  ეს „ხრიკები” ყველასთვის ინდივიდუალურია. მე ჩემი ხრიკები მაქვს, სხვას – თავისი, მარტო კარგ ხმაში არაა საქმე. ცხონებული ბუთხუზ ბასილაია მეტყოდა ხოლმე: შენ ისეთ მაღალ ტონალობაში მღერი, რად გინდა ასე. ერთი ნოტი, რომელიც აუცილებლად  უნდა აიღო მაღლა, ის აიღე,  იმას მერე ფასი ექნებაო.  ბუთხუზი კარგი მასწავლებელი იყო ჩემთვის, ისევე როგორც მამა და ის ადამიანები, ვინც ჩემი ცხოვრების გზაზე შემხვდნენ. თუმცა, როგორც ახლა, ამ გადასახედიდან ვაფასებ, ყველაზე დიდი მასწავლებელი მაინც დროა, რომელიც  ბევრ რამეს გაფასებინებს და ბევრჯერ გცდის.  ამას ახლა, ნახევარსაუკუნოვან ასაკში უფრო კარგად ვხვდები. არ იცვლები, მაგრამ  ცოტა მაინც „რბილდები”. 

– თქვენი ცხოვრებაც ვარსკვლავური იყო?   ისეთი როგორიც აქვთ სხვა ქვეყნებში თქვენი რანგის ვარსკვლავებს?

– ამ მხრივ ნამდვილად ჩამოვრჩები მათ, ვარსკვლავურად, ფიტნეს-დარბაზებით, სოლარიუმებით და როცა მომინდებოდა, სხვა ქვეყნებში გადაფრენებით, არ მიცხოვრია (იცინის). კარგი იქნებოდა, ერთი კარგი ვილა რომ მქონდეს  სოხუმში.  ძალიან ბევრ ქვეყანაში, ჩემი მეგობრების წყალობით, რომლებიც ძალიან გავლენიანი ადამიანები არიან,  ისეთი მაღალი დონის შეხვედრები მქონია ძალიან ცნობილ ადამიანებთან, მათ შორის დიდი ქვეყნების პრეზიდენტებთანაც კი, ნებისმიერი ადამიანი რომ ინატრებდა. მაგრამ, ეს ჩემს თბილისურ ცხოვრებაზე არ აისახებოდა. ის შეხვედრები კარგი იყო იქ, იმ წუთებში, თორემ მერე თბილისში  ჩამოსულს,  აქ  შენი მეზობელი ხაჩიკა გევასება, ყველაზე შენი მაინც ისაა (იცინის). ძალიან გამიმართლა, რომ მყავს კარგი მეგობრები. ძალიან ბევრი ჩემი  კლიპი თუ  კონცერტი მხოლოდ ჩემი მეგობრების  დამსახურება იყო. მოგეხსენებათ, ჩვენი ფინანსური მდგომარეობა ვერ სწვდება არსებულ  რეალობას.  კონცერტის გამართვა არაა იოლი საქმე, საკმაოდ ძვირი ჯდება, ახლაც კულტურის სამინისტრო, მერია და სხვა სპონსორები  რომ არ დამდგომოდნენ  გვერდში, ამ კონცერტს, ალბათ,  ვერ გავმართავდი.  ჩემს მეგობრებს ძალიან ბევრჯერ და ბევრი დახმარება გაუღიათ ჩემთვის, როცა ცხოვრების რთული პერიოდები მქონდა.

– საკუთარ ბიზნესზე არ გიფიქრიათ?

– ალბათ, არ მაქვს ბიზნესის ნიჭი, ამ საქმის კეთებას კიდევ რაღაც სხვა სჭირდება.  ტყუილად ფულს არავინ იძლევა, რაც არ უნდა მეგავარსკვლავი იყო. თუ შენ თავად არ ხარ ჩართული ამ საქმეში, და შენ არ აკეთებ, არაფერი გამოვა. ფულთან ასეა,  რუსეთი არ არის, რომ კობზონის ვარიანტი აქ გამოვიდეს. საქართველოში ასე არაა. ჩემი ფინანსური მდგომარეობის გამო ნამდვილად არ ვწუწუნებ,  ამას მიჩვეული ვარ. უბრალოდ, ჩემი სურვილია,  რომ ეს ყველაფერი მომავალში მაინც  გამოსწორდეს.      

– ახლა  თქვენი ცხოვრების  სტილი როგორია? 

– არაფრით გამორჩეული. ბედნიერი ვარ ჩემი ოჯახით, იმით, რომ ჩემს ცხოვრებაში არსებობს ჩემი შვილიშვილი ნინა.  ის უკვე ტელევიზორს უყურებს, ხვდება რაღაცეებს. ტელევიზორში რომ დამინახავს და მერე შემომხედავს, ვგრძნობ, რომ  სხვანაირი ვგონივარ (იცინის).  ნინა არის ადამიანი, ვის გამოც შეიძლება, თავგზა დავკარგო. მის გამო ყველაზე და ყველაფერზე თანახმა ვიყო.  

არ ვარ ტუსოვკების მოყვარული, მე ჩემი ავტონომია და ტუსოვკები მაქვს –  ახლო მეგობრებთან ერთად ყოფნას არაფერი მირჩევნია. ამ ხალხს შეხება არ აქვს მუსიკასთან. სტუდიიდან გამოსულმა ისევ მუსიკაზე რომ ვისაუბრო, ეს ძალიან დამღლელი იქნება.  ჩემი მეგობრები სანადიროდ და სათევზაოდაც ხშირად დადიან, მაგრამ მე ვერ ამიყოლიეს. როგორც ჩანს, ჯერ ადრეა ჩემთვის. მე ფეხბურთის ფანი ვარ. პოპულარობა გზღუდავს და გარკვეულ ჩარჩოებს გიწესებს,  ადამიანს ბევრ რამეზე გიწევს უარის თქმა, მაგრამ ეს არის პოპულარობის თანმდევი ტვირთი. მაგალითად, როცა ცნობილი  ხარ, რომც გინდოდეს, ზედმეტად ვერ დათვრები,  მაგრამ   მეგობრებთან ერთად ბულაჩაურში  მაინც  დავდივარ,  ხინკალსაც მივირთმევ და ლუდსაც. მე კუპეში ვერ გამომკეტავ,  პოპულარობის სენი  აქამდე არ შემყრია და აწი რაღა შემყრის.  მიყვარს, როცა ვახარებ და ცხოვრებას ვულამაზებ ჩემთვის საყვარელ ადამიანებს. არც მათგან მაკლია ამგვარი სიურპრიზები.  მიყვარს ცხოვრებით ტკბობა. რაც არ უნდა გართულდეს ცხოვრება, უნდა შეძლო და  დატკბე იმ სასიამოვნო  სიურპრიზებით, რასაც ცხოვრება გთავაზობს...  

 

 

скачать dle 11.3