კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის ახარჯავს თავის შემოსავალს თამთა შედანია და როგორ იზრდება მისი ანაზღაურება სამოდელო კარიერის ზრდასთან ერთად

თამთა შედანია დღეს ერთი-ერთი წარმატებული მოდელია,  განსაკუთრებით კი აზიაში. ის არაერთხელ გახდა სხვადასხვა ცნობილი ბრენდის სახე, მონაწილეობდა მათ „ფეშენ-შოუებში“. ბოლო რამდენიმე წელია‚ თამთა ჰონკონგში მოღვაწეობდა აქტიურად, თუმცა ცოტა ხნის წინ ის თბილისში ჩამოვიდა და ახლა უკვე ევროპაში აპირებს კარიერის გაგრძელებას. 

 

თამთა შედანია: ორწელიწად-ნახევარია‚  საქართველოში არ ვყოფილვარ. ამიტომ‚ ძალიან გამიხარდა ჩამოსვლა. თუ შანსი მექნება‚ შეიძლება საქართველოში დიდხანს დავრჩე. ამის გამო რაღაცეებზე უარი უნდა ვთქვა, ეს ჩემს კარიერას შეაფერხებს. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ როდესაც საქართველოში ჩამოვდივარ‚ არაფერს ვაკეთებ, უსაქმოდ ვარ-მეთქი. უბრალოდ‚ სამოდელო კარიერა მცირეხნიანია და ახლა იმ ასაკში ვარ, არ მაქვს უფლება, დრო დავკარგო. თან, ახლა დიდი შანსი მაქვს‚ ვიმუშაო უცხოეთში და რომელიმე ცნობილი ბრენდის სახე გავხდე – ვცადო ბედი. როგორც იცით‚ აზიაში სამი წლის განმავლობაში ვცხოვრობდი და ძალიან ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, ნამუშევარი, რამაც ძალიან დიდი გამოცდილება მომცა. ბევრი ამბობდა, აზიაში იმიტომ მუშაობს‚ ტიპაჟიდან გამომდინარე‚ ევროპაში არ აქვს შანსიო. რა თქმა უნდა‚ ეს არ არის სიმართლე. აზიაში იმიტომ დავრჩი, რომ ჩემი კარიერისთვის ასე იყო საჭირო. ახლა, როდესაც თბილისში ჩამოვედი, მე და ქალბატონმა ია კიწმარიშვილმა ვისაუბრეთ და გადაწყდა: კარიერას ევროპაში გავაგრძელებ. რამდენიმე ქვეყნიდან მაქვს მოწვევა, მაგრამ ჯერჯერობით არჩევანი ლონდონზე გავაკეთეთ. ლონდონიდან შეიძლება გადავიდე პარიზში, ან ნიუ-იორკში. სექტემბერში შეიძლება, ბარსელონაში გავფრინდე. საერთოდ ძალიან ბევრი მიწვევა მაქვს და რადგან ბარსელონაში‚ მუშაობის მხრივ‚ ყველაზე კარგი სეზონი სექტემბერშია, ამიტომ‚ იქ გავემგზავრები. ლონდონის სააგენტოდან ბევრჯერ მქონდა მიწვევა, მაგრამ, რადგან აზიაში ძალიან კარგად ვმუშაობდი, ამიტომ სულ უარს ვამბობდი.

– აღარ აპირებ აზიაში დაბრუნებას?

– აზიაში 23-25 წლის მოდელებს იგივე სამუშაო აქვთ, რაც მათზე უმცროსებს, ანუ‚ ამ მხრივ‚ შეზღუდვები არ არის. მაგრამ, ევროპაში, რაც უფრო ახალგაზრდა ხარ – თინეიჯერი‚ უფრო კარგად მუშაობ. სულ ეძებენ ახალ სახეებს და მინდა‚ ეს შანსი გამოვიყენო. ვნახოთ‚ რა გამოვა, დიდი ბრენდებია დაინტერესებული, შემოთავაზებები მაქვს. ერთი დიდი ქასთინგიც მქონდა ლონდონისთვის, უბრალოდ‚ ჯერ ყველაფერი ბოლომდე არ არის გადაწყვეტილი. 

– აზიაში სამწლიანი მუშაობის განმავლობაში, რომელი სამუშაო იყო შენთვის ყველაზე წარმატებული, მნიშვნელოვანი? 

– მოდელისთვის‚ რა თქმა უნდა‚ ყველაზე მნიშვნელოვანია, როცა ის დიდი ბრენდის სახე ხდება ან მის „ფეშენ-შოუზე“ გამოდის. მე მქონდა დიდი ბრენდების გამოფენები, ბილბორდებზე ვიბეჭდებოდი და ასევე, გამოვდიოდი მათ „ფეშენ-შოუზე“. 2010 წლის მაისში სინგაპურში ჩატარდა „სინგაპურ ფეშენ-ვიქი“ – ერთკვირიანი შოუ, რომელსაც ასრულებდა რობერტო კავალის შოუ. თავად რობერტო კავალიც ჩამოვიდა, ამ შოუზე მოდელის მოხვედრა ძნელი იყო და მე, როგორც იღბლიან მოდელს‚ გამიმართლა. ქასთინგზე ამირჩიეს და გამოვედი. პირადად გავიცანი რობერტო კავალიც, რომელმაც ასეთი რამ მითხრა: რას აკეთებ აზიაში, თუ იტალიაში ჩამოხვალ, დიდ წარმატებას მიაღწევო. გრანდიოზული შოუ იყო, კარგად დამამახსოვრდა. მეორე, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი შოუ იყო „პრადას“ შოუ. მთელი ჯგუფი ჩამოვიდა ჰონკონგში. 15 ტოპ-მოდელი ჩამოიყვანეს ევროპის ქვეყნებიდან, ხოლო 10 ჰონკონგის სხვადასხვა სააგენტოდან აირჩიეს. ერთ-ერთი მე ვიყავი. შანსი მომეცა‚ გამოვსულიყავი „პრადას“ შოუზე, თან, როდესაც მოდელებს იწვევენ „პრადას“ შოუზე, ისინი ძირითადად, ერთნაირი ტიპები უნდა იყვნენ. შოუს ესწრებოდნენ ცნობილი მსახიობები, მომღერლები, როგორც ჰონკონგიდან, ასევე ევროპიდან. სხვათა შორის, მენეჯერმა მითხრა: ისეთი ლამაზი სახე, ნაკვთები გაქვს, რომ, როგორც ფოტომოდელს‚ შეიძლება ნიუ-იორკში დიდი მომავალი გქონდესო. ბევრმა გამოცდილმა ადამიანმა მითხრა, რომ ევროპაში, ნიუ-იორკში მეცადა ბედი, ამიტომაც მივდივარ ლონდონში. 

– თავად სად გინდა ყველაზე მეტად მუშაობა?

– ერთ ადგილას დიდხანს რომ გავჩერდე, შეიძლება იქ თავი კარგად ვიგრძნო, მაგრამ სამოდელო კარიერისთვის მთავარია, სხვადასხვა ქვეყანაში, ქალაქში გადასვლა. კლიენტები რამდენიმე თვის შემდეგ ერთ სახესთან მუშაობით იღლებიან. ამიტომ‚ ახალ სახეებს ეძებენ და შესაბამისად, ძველ მოდელებს შეიძლება ნაკლები სამუშაო ჰქონდეთ. ამის გამოა‚ რომ მოდელები ხშირად ორ თვეში ერთხელ სხვადასხვა ქალაქში დაფრინავენ. სამოდელო კარიერას რომ დავამთავრებ, მერე შეიძლება‚ საქართველოში ჩამოვიდე, აქ დავრჩე. რა თქმა უნდა‚ თუ ოჯახს უცხოეთში არ შევქმნი, საქართველოში ჩამოვალ. ამჟამად დიდი პოტენციალი მაქვს ჩემი გარეგნობა კარგად გამოვიყენო, თუმცა‚ განათლების მიღებაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ, ამ ხნის განმავლობაში ინტერნეტში გავიარე კურსები, კოლეჯშიც ვსწავლობდი. თავისუფალი დრო როცა მაქვს, სულ წიგნებს  ვკითხულობ, საკუთარ თავზე ვმუშაობ. მე სწორად გამოვიყენე ჩემი გარეგნობა. შემიძლია, ჩემი გარეგნობის დახმარებით გარკვეული თანხა დავაგროვო, ფინანსურად დამოუკიდებელი გავხდე, თორემ სწავლით ახლაც ვსწავლობ.

– რაში ხარჯავ ფულს?

– 14 წლიდან მივეჩვიე, რომ ჩემი ბიუჯეტი, შემოსავალი უნდა მქონდეს. ყოველთვის ვიცოდი‚ ფული როგორ უნდა გადამენაწილებინა. როდესაც პირველი ხელფასი ავიღე, ისეთი გახარებული ვიყავი, ვფიქრობდი: აღარ მინდა მუშაობა, ფული მაქვს და სახლში უნდა ჩავჯდე-მეთქი – ორ თვეში 800 დოლარი გამოვიმუშავე. კარიერის ზრდასთან ერთად, ჩემი შემოსავალიც გაიზარდა. ჩემს ძმას ბევრ რამეს ვუკეთებ და ამით თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ. აბსოლუტურად ყველა სურვილს ვუსრულებ, მისთვის არასდროს არაფერზე უარი არ მითქვამს. ხშირად დავდივარ საშოპინგოდ, დანაზოგსაც ვაკეთებ. ბანკში ჩემს ანგარიშზე მაქვს თანხა და ალბათ, დადგება დრო, როდესაც ჩემთვის სერიოზულ შენაძენს გავაკეთებ.

– საკუთარ თავზე თქვი; იღბლიანი მოდელი ვარო. რას გულისხმობდი?

– პირველად, „მის სამეგრელოს” ქასთინგზე რომ არ მივსულიყავი, ჩვეულებრივ გავაგრძელებდი სწავლას. ბავშვობაში ისეთი გამხდარი ვიყავი, ისეთი წვრილი ფეხები მქონდა, სკოლაში „ასანთის ჩხირს” მეძახდნენ. სულ მინდოდა მოდელობა, მაგრამ‚ როდესაც კარიერა დავიწყე, ბევრს არ სჯეროდა ჩემი. არ ეგონათ,  ამდენ წარმატებას თუ მივაღწევდი როგორც მოდელი. 15 წლის გამოუცდელი მოდელი ვიყავი‚ როდესაც პარიზში „ლანვინის ფეშენ-ვიქზე“ გამოვედი და მისი „ლუქბუქი“ გავაკეთე. ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ ბევრ ადამიანს დავუმტკიცე‚ რის გაკეთება შემიძლია. გარშემო ბევრია შურიანი, მაგრამ  მათ უკვე აღარ ვაქცევ ყურადღებას. მე მათ დავუმტკიცე, რომ რაღაცის მიღწევა შემიძლია. 

 

 

скачать dle 11.3