კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფილატელისტური აფერა

 

ედგარ კვინი წიგნებით მოვაჭრე პატარა მაღაზიაში გამოიძახეს. იქ ვიღაცამ მაღაზიიდან გამოსულ კლიენტს თავში ქვა ჩაარტყა და ახლადშეძენილი წიგნი წაგლიჯა. საქმე ის იყო, რომ წიგნი განსაკუთრებულ ფასეულობას არ წარმოადგენდა, მხოლოდ ეკონომიკით დაინტერესებულ პირებს თუ გამოადგებოდათ. წიგნის სახელწოდება იყო „ევროპა ქაოსში“. დაზარალებულმა, ვინმე ჰაზლოტმა კი მოყვა, რომ წიგნის ერთი ეგზემპლარი ჯერ კიდევ წინა დღეს, სახლიდან მოიპარეს. სამსახურიდან დაბრუნებულს ოთახი გადაქოთებული დახვდა. ბევრად უფრო ძვირფას ნივთებზე ხელი არ იყო ნახლები. წიგნი კი დაიკარგა.

ედგარ კვინმა შუბლი მოისრისა. მძარცველი უცნაურად იქცეოდა. წიგნი ნამდვილად არ წარმოადგენდა რამე ღირებულებას. სამაგიეროდ, მისტერ ჰაზლოტს პერანგის სახელურებზე ალმასის საკინძეები ეკეთა.

– შეგიძლიათ, აღწეროთ თავდამსხმელი? – ჰკითხა მისტერ ჰაზლოტს.

– სანამ გონებას დავკარგავდი, თავში საკმაოდ მძიმედ მომხვდა. მაღალი იყო, საკმაოდ სქელი ულვაშებით და მუქმინიანი სათვალე ეკეთა.

კვინი დაფიქრდა და სახე ოდნავ გაუნათდა. მერე პოლიციის განყოფილებაში დარეკა.

– ვეილი, – ჰკითხა სერჟანტს, – მომისმინე, მგონი ორი დღის წინ, შენ მიყვებოდი, რომ უშედეგოდ ეძებდი ერთ ტიპს, რომელმაც ვიღაც ფილატელისტს იშვიათი მარკა მოჰპარა და სენტერ-სტრიტზე მდებარე პატარა წიგნების მაღაზიაში დაიმალა. ვეილი, მოდი ჩემთან, მჭირდები...

ფაქტი ასეთი იყო... ორი დღის წინ, წიგნების მაღაზიის სიახლოვეს მდებარე სავაჭრო და სხვა ოფისებით „გაძეძგილი“ შენობიდან სახეგასისხლიანებული კაცი გამოვარდა ყვირილით, რომ მას ძვირფასი მარკა მოჰპარეს. ეს კაცი ამტკიცებდა, ქურდს სქელი ულვაშები ჰქონდა და მუქი სათვალე ეკეთაო... წიგნის მაღაზიის მფლობელმა, მოხუცმა ანტიკვარების მოყვარულმა დაადასტურა, რომ ასეთი ტიპი ნამდვილად შევიდა მის მაღაზიაში... თაროსთან იდგა... წიგნებს ათვალიერებდა... მერე კი გაქრა. ედგარმა გულდასმით დაათვალიერა მაღაზიაც, თაროც და სათადარიგო გასასვლელის კარზე გატეხილი ბოქლომი აღმოაჩინა.

– ბატონო ჩემო, რამდენი ეგზემპლარი გქონდათ წიგნისა „ევროპა ქაოსში“?

მოხუცმა დაუფიქრებლად უპასუხა.

– ხუთი ეგზემპლარი.

– ხუთივე გაიყიდა? ერთი ცალი მომიტანეთ.

– დღეს უკვე ყველა გაყიდულია, თუმცა... იმ დღეს, მგონი, ოთხი თაროზე იდო. ერთი ცალი კი იმ მისტერს ეჭირა ხელში, რომელიც მერე გაძარცვეს და, სწორედ „ევროპა ქაოსში“ წაართვეს.

ედგარ კვინი წიგნების მაღაზიიდან გამოვიდა... ფილატელისტი, რომელმაც ძვირფასი მარკა დაკარგა, ფრიდრიჰ ულმი იყო – იშვიათი მარკებით მოვაჭრე. ის თავის ბიზნესს ძმასთან, ალბერტთან ერთად აწარმოებდა. კვინი ძმებს ესტუმრა. იმ დღეს ფრიდრიჰ ულმი ძვირფას მარკებს სამ, სპეციალურად მოწვეულ ფილატელისტს აჩვენებდა. ორი წავიდა, მესამე, მაღალი მამაკაცი, სქელი ულვაშებითა და შავი სათვალეთი დარჩა. სწორედ მან ჩაიდინა ძარცვა. გახსნა მინის ყუთი, რომელშიც მარკა ინახებოდა, მარკებით მოვაჭრეს კი თავი გაუტეხა და დაასისხლიანა. „შავი პენი“ – დედოფალ ვიქტორიას ხელმოწერით დამშვენებული მარკა, ოცდაათი ათასი დოლარი ღირდა. მარკა ზუსტად ამ თანხად იყო დაზღვეული. როცა კვინი მარკებით მოვაჭრესთან მივიდა, იქ სადაზღვევო აგენტიც დახვდა. კვინმა სამივე კოლექციონერის მისამართი ჩაიწერა. ჯონ ჰინჩმენი, ჯეიკ პეტერსი და ვინმე მაკლუმი, რომელიც ფილატელისტ ბენსონს წარმოადგენდა. სწორედ ის აღმოჩნდა ბანდიტი. ბენსონი მშვიდი, გაწონასწორებული კაცი იყო, მარტოხელა და მარკებზე გაგიჟებული. დიახ, მასთან ნამდვილად მუშაობდა ორი კვირით ვიღაც ტიპი, შავი, სქელი ულვაშითა და მუქმინიანი სათვალით. მან ის დამხმარედ დაიქირავა. არანაირი მოწვევა მარკებით მოვაჭრისგან არ მიუღია და არც არავინ გაუგზავნია იქ. დიახ, „შავი პენის“ შესახებ გაუგია და ის  იშვიათი მარკაა. სიამოვნებითაც შეიძენდა, მაგრამ იცოდა, რომ ულმი მას არ გაყიდდა. რაც შეეხება საიდუმლოებით მოცულ დამხმარეს, მისი ასავალ-დასავალი არ იცის. ცუდს მასზე ვერ იტყვის. საქმეს კარგად ართმევდა თავს. ძირითადად, მარკების დალაგება ევალებოდა...

– რაღაც აბდაუბდა ისტორიაა, – მხრები აიჩეჩა სერჟანტმა ვეილიმ, – თუ მარკა იმ ტიპმა მოიპარა, წიგნების მაღაზიაში რა უნდოდა და მით უფრო, რისთვის სჭირდებოდა დამატებით წიგნების მოპარვა.

– ალიბისთვის, ჩემო კარგო, ალიბისთვის, და ისეთი ვერსიის შეთხზვისთვის, რომელიც გამოძიებას ჭეშმარიტი გზიდან ააცდენდა.

– ვერაფერი გავიგე, ედგარ...

– მალე გაიგებ, როცა აღმოჩნდება, რომ წიგნის „ევროპა ქაოსში“ დანარჩენი სამი ეგზემპლარიც მოიპარეს, დარწმუნდებით, – თქვა კვინმა, – განყოფილებაში მივიღეთ. გული მიგრძნობს, ახალი ამბები დამხვდება. 

კვინი არ შემცდარა. ვინმე მისტერ ჰორნელმა განაცხადა, რომ მის ბინაში მძარცველი შევიდა. ხელი არაფრისთვის უხლია, მხოლოდ „ევროპა ქაოსში“ მოძებნა და წაიღო... ერთი საათის შემდეგ, კიდევ ერთი „ევროპა ქაოსში“ დაკარგვის შესახებ გახდა ცნობილი...

– მოკლედ, ვიღაც არანორმალურთან გვაქვს საქმე, – თქვა სერჟანტმა. 

ედგარმა თავი გააქნია.

– ეჰ, სერჟანტო, სერჟანტო... ვერაფერი ისწავლეთ? ცოტა დრო კიდევ მჭირდება და ამ ისტორიის ნამდვილ ვერსიას მოგიყვებით.

ედგარ კვინის შემდეგი ნაბიჯი ძმებთან ვიზიტი იყო. ფრიდრიჰი დაბალი, უწყინარი გარეგნობის, საშუალო ასაკს გადაცილებული მამაკაცი აღმოჩნდა. საპირისპირო გარეგნობა ჰქონდა მის ძმას – მაღალი, გამხდარი და მწვანეშუშებიანი სათვალით.

– მე რამდენიმე შეკითხვა მაქვს, – დაიწყო კვინმა, –  შეიძლება, ის მინის ყუთი ვნახო, რომელშიც მარკა ინახებოდა?

– რა თქმა უნდა. ახლავე მოგიტანთ. ყუთში ახლაც დევს „შავი პენის“ მეორე ეგზემპლარი... საქმე ისაა, რომ ამ მარკის მხოლოდ ორი ეგზემპლარი არსებობს და ორივე ჩვენ გვქონდა.

კვინმა მინის ყუთში მოთავსებული მარკა დაათვალიერა... 

– ეს ქაღალდის ნაგლეჯი ღირს ოცდაათი ათასი დოლარი და თუ მძარცველს ვერ ვიპოვით, თქვენ ამ თანხას მთლიანად აგინაზღაურებთ სადაზღვევო კომპანია?

– დიახ. ჩვენ ყოველთვის პატიოსნად ვიხდიდით გადასახადებს. რამე ვერსია გაქვთ? – აწრიალდა უმცროსი ულმი.

– ვერსია ასეთია, მძარცველმა იფიქრა, რომ თუ პოლიცია დაიჭერდა და მარკას უპოვიდა, თავს ვერაფრით გაიმართლებდა და სასჯელს ვერ აიცილებდა. ამიტომ, წიგნების მაღაზიაში შევიდა და მარკა „ევროპა ქაოსში“ ერთ-ერთ ეგზემპლარში დამალა. სიტუაცია რომ დაწყნარდა, მარკას მიაკითხა, მაგრამ ხუთივე ეგზემპლარი გაყიდული დაუხვდა. ამით აიხსნება, ამ ერთი შეხედვით, უბრალო წიგნებზე მძარცველის ასეთი ინტერესი.

– აბსოლუტურად სწორ გზას ადგახართ... – გამოცოცხლდა უმცროსი ულმი და მღელვარება რომ დაემალა, ძმას მხარზე დაადო ხელი, – ჭკვიანი კაცია ეს კვინი, ხომ მართალია?!

– ძალიან, ძალიან ჭკვიანი... იმდენად ჭკვიანი, რომ ახლა ზუსტ ვერსიას მოგიყვებით... დავიწყებ იმით, რომ მძარცველი, რომელიც ჩქარობს, არ დაიწყებს მინის ყუთის გახსნაზე წვალებას. უბრალოდ დაამსხვრევს მას და მარკას ისე აიღებს. რატომ გაუფრთხილდა ყუთს? იმიტომ, რომ მას ფილატელიასთან აქვს კავშირი, ჩვევას ვერ უღალატა. ახლა მეორე – მუქი სათვალე და სქელი, შავი ულვაშები ხომ ასე ხვდება ყველას თვალში? ნებისმიერი ბანდიტი ცდილობს, თვალში მოსახვედრი გარეგნობით არავის დაამახსოვროს თავი... მაგრამ, იქნებ ეს სპეციალურად იყო მოწყობილი? ერთი სიტყვით, ბატონებო... თქვენ შესანიშნავად გაითამაშეთ ძარცვა. უფრო თქვენ, ალბერტ ულმ. მოიხსენით სათვალე... იმიტომ ატარებთ მას, რომ ნარკოტიკებისადმი მიდრეკილება დაფაროთ? ეს ისეთი მარტივია... ოცდაათი ათასი კარგი ფულია, მით უფრო, როცა მარკაც გრჩება. სინამდვილეში ხომ არანაირი ორი ცალი „შავი პენი“ არ არსებობს?! მე ფილატელიით გატაცებული ბიძა მყავს და ამ მარკის ისტორია მოვაყოლე. ერთი სიტყვით, მე ჩემი ვერსია უკვე მაქვს. ვნახოთ, სასამართლო რომელ ვერსიას დაუჭერს მხარს...

თარგმნა

ნინო წულუკიძემ

 

скачать dle 11.3