კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

 

გოგრიჭიანი

გვარის ფუძეა მეტსახელი გოგრიჭი. ასევე, გვხვდება სახელი გოგრიჭა. გვარი გვხვდება ამბროლაურის რაიონში.

სავარაუდოდ, გვარი გოგრიჭიანი თავდაპირველად იწერებოდა და გამოითქმებოდა გოგრაჭიანად.

გვარი გვხვდება მეჩვიდმეტე საუკუნის მეორე ნახევარში. „გოგრიჭიანს, ფუნაგს მცხოვრებს, წმინდა შიოს ყმას, საამილახვროს დავთრის მიხედვით, ევალებოდა ლაშქრობა“.

საქართველოში 1 609 გოგრიჭიანი ცხოვრობს: თბილისში – 516, ონში – 228, რუსთავში – 174. არიან სხვაგანაც.

ბაინდურაშვილი-ბაინდუროვი

უძველესი ქართული გვარია. ჯერ კიდევ მეთოთხმეტე საუკუნის დასაწყისიდან არაგვის ერისთავებად, შაბურისძეებთან ერთად მოიხსენიებიან ბაინდურ პირველი, ბაინდურ მეორე და ბაინდურ მესამე.

ბაინდურაშვილები, როგორც წარჩინებული საგვარეულოს წევრები, სულხან-საბა ორბელიანთან და სხვებთან ერთად იღებენ კათოლიკოსობას.

მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში იმერეთში მცხოვრები ბაინდურაშვილები აზნაურებად იხსენიებიან.

ხევსურეთში ბაინდურაშვილი გიგაურების ნაყარი გვარი იყო.

გარდაბნის რაიონის სოფელ შინდისში მცხოვრებ ბაინდურაშვილებს ჯერ გვარი ფორმანტ ოვ-ით გაუფორმეს, შემდეგ კი სომხებად ჩაწერეს.

ბაინდურაშვილებს შტო-გვარიც ჰქონდათ – „ბაინდურაშვილი-ბეჟანიშვილი გაბრიელი“.

შინდისელ ბაინდურაშვილებს „ტოტოაანთს“ ეძახიან.

საქართველოში 1 022 ბაინდურაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 244, კასპში – 171, სიღნაღში – 127. არიან სხვაგანაც.

251 ბაინდუროვი: თბილისში – 135, თელავში – 32, მცხეთაში – 22. არიან სხვაგანაც.

სალთხუციშვილი

ბატონიშვილი ვახუშტი „ქართლის ცხოვრების“ მეოთხე ტომში ხელისუფალთა შორის, სპასალარის შემდეგ, მეორე ადგილას სალთუხუცესს ასახელებს. ის წერს: „სალთუხუცესისთვის აბრამიდი, ანუ სალთუხუცესი და ამის ხელისა იყო სამეფო შემოსავალი და გასავალი. ამან უწოდა წესნი და რიგნი სახლსა მეფისანი და ამირბარობა სამეფოსი და სახასონი მეფისანი და ამას ქუითნი ხელისუფალნი ამისი დასახედნი იყვნენ, არამედ უმეტეს ეჯიბს ქუემორენი“.

გვხვდება ორი ფორმით: სალთუხუცესი და სახლთუხუცესი. სახლთუხუცესი მეფისა და მსხვილი ფეოდალების დიდი მოხელე იყო გვიანდელ ფეოდალურ საქართველოში ასრულებდა სამეურნეო-საფინანსო და ადმინისტრაციულ ფუნქციებს. სახლთუხუცესები ჰყავდათ, ასევე, კათალიკოსსა და დედოფალსაც.

სახლთუხუცესობა წარმოშობით ხელშინაური სახელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ, რამდენადაც მეფეს საჯარო ხელისუფლება ეპყრა, მისი სახლთუხუცესიც სამეფო მოხელე გახდა და პირველი ადგილი დაიკავა გვიანდელი ფეოდალური პერიოდის მმართველობის ცენტრალურ აპარატში. ის მეფის დამხმარე, თანაშემწე იყო სამეფოს მმართველობაში. მას ემორჩილებოდა სამეურნეო-საფინანსო დარგის ყველა მოხელე. სახლთუხუცესს ექვემდებარებოდა გადასახადების, სამეფო საბაჟოსა და იჯარის საქმეები; ასევე, სამეფო მიწების დამუშავების საკითხები. მეთვრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში, ქართლისა და კახეთის სამეფოების გაერთიანების შემდეგ, რამდენიმე სახლთუხუცესი იყო: ერთი – ქართლისა და ორი – კახეთის.

სახლთუხუცესში დომინირებს სახლი, რაც გვარის აღმნიშვნელი უძველესი ქართული ტერმინი იყო და წარმოიქმნა პირველყოფილი თემური წყობილების წიაღში.

სახლთუხუცესმა ბოლოს გვარი სალთხუციშვილი აწარმოა.

საქართველოში 595 სალთხუციშვილი ცხოვრობს: გარდაბანში – 378, თბილისში – 195, რუსთავში – 22.

შამანაშვილი-შამანაური

გვარის ფუძეა მამაკაცის საკუთარი სახელი შამან. ის ბევრ ისტორიულ წყაროშია დაფიქსირებული.

როგორც ყველა საკუთარ სახელს, ისე სახელ შამანსაც აქვს თავისი მნიშვნელობა. ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში აღნიშნულია: „შამანი – უდედო, დაუდუღებელი, ტკბილი, სუსტი ღვინო. იციან ქართლსა და კახეთში. ზოგ ხალხში – მკურნალ-ჯადოქარი, რომელიც თითქოს სულების დახმარებით კურნავს ავადმყოფებს“.

გვარები შამანაშვილი, შამანაური და შამანაძე შეტანილია მოსაქმეობის ხასიათის მქონე გვარებში. ამ გვარების წინაპრები, სწორედ დაუდუღებელი ღვინისა და ბოლოს გადმოსული სუსტი არყის გამოხდაში იყვნენ დახელოვნებულები.

შამანაშვილი და შამანაური ერთი და იგივე გვარია.

ქართლის მთიანეთში ერთ დროს მცხოვრები შამანაურების უდიდესი ნაწილი თბილისისა და შიდა ქართლის მკვიდრები გახდნენ.

საქართველოში 298 შამანაური ცხოვრობს: თბილისში – 168, კასპში – 101, მცხეთაში – 13. არიან სხვაგანაც.

დაბრუნდაშვილი

დაბრუნდაშვილი ერთი ადგილიდან აყრილი, სხვაგან წასული და შემდგომ უკან მოსული კაცისგან გაჩენილი გვარია.

გადმოცემით, ბერძენაულიდან თათრებს რამდენიმე კაცი გაუტაციათ. ერთი მათგანი გამოქცეულა და მისთვის „დაბრუნდა“ დაურქმევიათ. ასე გაჩენილა გვარი დაბრუნდაშვილი.

„დაბრუნდაშვილი, ჭომაში მცხოვრები, ციცი ციციშვილსა და მამუკა მაღრაძეს შორის დავის გარიგების თანახმად, მისი მამული დარჩა მამუკას“ (მეჩვიდმეტე საუკუნის მეორე ნახევარი).

„დაბრუნდაშვილი ივანა, აგარაში მცხოვრები, ედიშერ და პაპუნა ციციშვილების გაყრის დროს ის მამულით ერგო ედიშერს“ (1688-1703 წლები).

საქართველოში 612 დაბრუნდაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 305, ხაშურში – 130, ქარელში – 68. არიან სხვაგანაც.

ფარქოსაძე

თუ გვარის დღევანდელი ფორმით ვიმსჯელებთ, ის ნაწარმოებია ორმაგი სახელით: ფარა და ქოსა. „ფარა – ნადირთ ჯოგი; ქოსა – სხვათა ენაა, ქართულად პოპლიკა ჰქვია და კოსაკი“.

ფარქოსაძე უძველესი ქართული გვარ-სახელია და მისი პირვანდელი ფორმა იყო ფალქოზისძე, შემდგომში ფალქოსიძე-ფარქოსაძე. ყველა ეს ფორმა დაფიქსირებულია ადრინდელ ისტორიულ წყაროებში.

საქართველოში 778 ფარქოსაძე ცხოვრობს: საჩხერეში – 357, თბილისში – 204, ჭიათურაში – 107. არიან სხვაგანაც.

ჯანუაშვილი

გვარი წარმომდგარია საკუთარი სახელისგან ჯანა. ჯან გვხვდება ქართულში როგორც თანდებულად, ისე საკუთარ სახელად, შემდგომ კი მისგან – გვარის ძირად. ჯან მნიშვნელობით იგივეა, რაც სული. ის ინდოეთიდანაა შემოსული სპარსულში, ხოლო სპარსულიდან ქართულში შემოვიდა.

ჯანუაშვილთა გვარი გაჩენილია ქვემო ქართლში.

1477 წელს, მღვთისია ჯანუაშვილი მოიხსენიება „მამულის ნასყიდობის წიგნში“, რომელიც ნიკოლოზ და სხვა პალატისშვილებმა მისცეს გოგიტა არდაშერასშვილს.

საქართველოში 98 ჯანუაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 51, ქუთაისში – 20, ბათუმში – 8.

არიან სხვაგანაც.

კაიშაური

კაიშაურის წინაპარი გვარად შერვაშიძე ყოფილა, რომელიც აფხაზეთიდან გადმოსახლებულა. კაიშაურის ველზე სამ ძმა შერვაშიძეს ახალი შაური უპოვიათ და უთქვამთ: რა კარგი შაურიაო. ადგილიც მოსწონებიათ, აქ დასახლებულან და მათ გვარსაც და ადგილსაც კაიშაური დარქმევია.

საქართველოში 493 კაიშაური ცხოვრობს: თბილისში – 226, დუშეთში – 101, კასპში – 40.

არიან სხვაგანაც.

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

 

скачать dle 11.3