კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ არ აპატია დამალული ოცწლიანი სიყვარულის გამხელა აკაკი წერეთელს

ყველა პოეტის შემოქმედებაში არის ისეთი თხზულება, რომელიც ვინმეს ეძღვნება, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო, მისი ვინაობა დამალულია. არ უნდა ავტორს, რომ გაამხილოს. ხშირად, კვლევის პროცესში აღმოჩნდება ხოლმე, რომ შემთხვევით წააწყდებიან მეცნიერები ამა თუ იმ ნაწარმოების ადრესატს. აკაკის შემოქმედებაშიც არის ამგვარი გაურკვეველი ადრესატების მიმართ მიძღვნილი თხზულებები. მათ შორის რამდენიმე ლექსიცაა, რომლის შესახებაც არ უთქვამს პოეტს, თუ ვის მიუძღვნა. თუმცა, კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ აკაკის ორი ცნობილი ლექსის უცნობი ადრესატი  ვანო მაჩაბლის მეუღლე – ტასო ბაგრატიონ-მაჩაბელი ყოფილა. თუ როგორ მივიდა ამ დასკვნამდე ჩვენი რესპონდენტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ელისაბედ ზარდიაშვილი, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

 

ელისაბედ ზარდიაშვილი: აკაკის შემოქმედებაში არის ლექსები, რომელთა ადრესატიც, სავარაუდოდ, ტასო მაჩაბელი შეიძლება იყოს, მაგრამ ამის დამასაბუთებელი რამე წერილობითი დოკუმენტი ჯერ მიკვლეული არ არის. მათ რიცხვს მიეკუთვნებოდა ორი ლექსი – „ჩემს მეგობარს” და „¹-ს”. ორივე ლექსი უნაზესი, უსათუთესი, ამაღლებული პოეზიის ნიმუშია. როგორც საარქივო ჩანაწერებიდან ირკვევა, მკითხველმა მაშინვე აიტაცა და შეიყვარა ისინი. განსაკუთრებული მითქმა-მოთქმა და მოსაზრებათა გაცვლა-გამოცვლა გამოიწვია ლექსმა „ჩემს მეგობარს”. ამას თავისი მიზეზი ჰქონდა.

– რა მიზეზი?

– საქმე ისაა, რომ 1898 წელს, ვანო მაჩაბლის გაუჩინარების შემდეგ, აკაკისა და ტასოს შორის მეგობრული ურთიერთობა დაირღვა. ტასო მაჩაბელმა პოეტს დამალული ოცწლიანი სიყვარულის გამხელა არ აპატია. „აკრძალულ ფონდში” ჩაკეტილი მათი პირადი მიმოწერა ადასტურებს, რომ ისინი ერთმანეთს გაურბიან. პოეტი თავს უფლებას არ აძლევს, გამოჩნდეს იქ, სადაც ტასოა, რადგან ქალს ეს არ სიამოვნებს. ამ ფაქტის დამადასტურებელი უამრავი წერილობითი დოკუმენტი არსებობს. მაგალითად, ახალქალაქში დასასვენებლად მყოფი ლიზა თარხნიშვილი საყვედურობს აკაკის, რომ მის სანახავად არ ჩადის. აი, რას წერს პოეტი მეგობარ ქალს: „შენთან ჩამოსვლა როგორ დამზარდება, მაგრამ, მგონი, ტასოც ეპირება წამოსვლას, არ ვიცი, როდის და, ვაითუ, ერთ დროს მოგვიხდეს მოსვლა და ვერიდები. იტყვიან, ტასოს დასდევსო. მართალია, ჩემთვის ეს თავმოსაწონი  ქებათა-ქება იქნება, რადგან უმაღლესის მიმდევრობა და თაყვანისცემა ადამიანისგან ყოველ რჯულზედაც უდიდესი სარწმუნოებრივი სამსახურია! მაგრამ, თვით ტასოს არ იამება ჩემი გამოისობით მისი ხსენება და მე ვეკრძალვი. და ამიტომაც გთხოვ, როცა ის გამობრუნდება შენიდან, შემატყობინე და მერე მეც წამოვალ”.

ტასო ცივ, ოფიციალურ წერილებს უგზავნის პოეტს და ისიც მხოლოდ მაშინ, როცა საქმე მოითხოვს.

„მეც უნდა შეგაწუხოთ, ასიკომ გამოგიგზავნათ ეს ლექსები და გთხოვათ, რომ გადაუთარგმნოთ.”

„მოვიდა თქვენი შვილის ტელეგრამა, რომელსაც გიგზავნით”.

„მე წილად მხვდა, ეტყობა, რომ შეგატყობინოთ ხოლმე უსიამოვნო ამბები. აი, გუშინ  მივიღე ეს დეპეშა და გიგზავნით...” და ასე შემდეგ. აკაკი პირად წერილებში მუდმივად უჩივის ტასოს გულგრილობას. პოეტი საყვედურობს მას „ცივ-გულა” წერილების გამო. 

„მივიღე შენი წერილი. ჯერ კიდევ მოუშუშებელი ნაღველი ამეშალა. ცივ-გულა წერილის ყოველი სიტყვა მეუბნებოდა, რომ „ის აღარა ხარ, რაც იყავ, და აღარც იქნებიო!”

„თუ მართლა არ გეხერხება ჩემთან უბრალო მეგობრული წერილი და „ბატონობით” უნდა მწეროთ, მაშინ უმჯობესია, თავს აღარ შეიწუხებდეთ და ეს წერილი იყოს უკანასკნელი”.

„მართლა არ ვიცი, როგორ მოგწერო, მე „შენობით” ვწერ და შენ კი ბატონობით”.

ტასო ბაგრატიონ-მაჩაბელის პირადი წერილების გადასინჯვამ დაადასტურა იმ პერიოდის მკითხველის ვარაუდი, რომ ლექსი „ჩემს მეგობარს” ტასოსადმი იყო მიძღვნილი. ამას ქალიც მიხვდა და ჩანს, გულიც მოულბო ლექსის ფორმამ და შინაარსმა. აკაკისადმი გაგზავნილი ერთი წერილი, რომელიც გამონაკლისად ლმობიერი ტონით გამოირჩევა, ასეთი შინაარსისაა: „დღეს წავიკითხე თქვენი ლექსი „ჩემს მეგობარს” „ნიშადურში”. ჩინებული რამ არის, ისევ ის თქვენებური პოეზია, გრძნობა. სიტყვები ალერსიანი და ბევრი რამ, რითაც იტაცებს გულს თქვენი ლექსი. 

(ასიკო) ამირეჯიბი მოვიდა ჩემთან დიდად აღტაცებული მაგ ლექსით და მითხრა, რომ ეგ ლექსი მეტად, მეტად კარგიაო და ბევრი ვიფიქრე, ვის უწერს ამ ლექსს და დასკვნა გამოვიტანე, რომ უთუოთ თქვენ გეკუთვნითო. მე გამეცინა და გულში ვიფიქრე, ეს ხალხი რა უცნაურია, სულ ერთი არ არის, ვისთვის წერთ: კარგი... წარმტაცი, ქართულ ლიტერატურას ემატება ჩინებული რამ და ისინი კი რაღაც უმნიშვნელო საგანს მიჩერებიან და ეძებენ... გაგეცინებათ... იტყვით, მართლა თავის თავზე მიიღოვო, არა? რა სიბრიყვეა, რომ თავის თავს ადარებს ამ იდეალს და სხვა მაგისთანა ლექსები ბევრი სწერეთ...” 

– აკაკიმ თუ დააკმაყოფილა საზოგადოების ცნობისმოყვარეობა ამ ლექსის ადრესატთან დაკავშირებით?

– აკაკის, ტასოს და ლიზა თარხნიშვილის პირადი მიმოწერის ანალიზმა  დაადასტურა, რომ პოეტს არ უარუყვია მკითხველის მოსაზრება ლექსის ადრესატის შესახებ... აკაკიმ, როგორც ჩანს, საერთოდ აარიდა თავი ამ თემაზე წერილებში საუბარს, მისი გაუბრალოება არ მოინდომა... სათქმელი ისედაც ნათქვამი იყო...

მართალია, დუმილი ყოველთვის თანხმობის ნიშანი არ არის, მაგრამ თვით ლექსის რეალიების თანხვედრა ტასოსადმი მიძღვნილ სხვა ლექსებთან, ამ აზრს ადასტურებს. გასათვალისწინებელია კიდევ ერთი ფაქტიც.

– რას გულისხმობთ?

– როგორც უკვე აღვნიშნეთ, აკაკი მუდმივად ჩივის ტასოს წერილების „გულ-ცივობას”. მაგრამ პოეტს ხშირად ეს „გულცივი” წერილიც სანატრელი უხდება. ამის დამადასტურებელი უამრავი ფრაზაა მიმობნეული მის პირად მიმოწერაში. ლიზა თარხნიშვილისადმი გაგზავნილ საპასუხო წერილში რამდენიმე ასეთი სტრიქონია: „ტასოს მაგიერ რომ მწერ მოკითხვას, ის კი შენი შეთხზულია, თვარა მე ტასოს არ გავახსენდებოდი. რომ გავხსენებოდი, თვითონ მოუსვამდა კალამს. მით უფრო, რომ კარგადა გრძნობს, მაგისი წერილი, ორი სიტყვაც რომ იყოს, ჩემი „მკვდრეთით აღდგომაა”...

„ორ კვირაზე ადრე ვერ მოვიცვლი ფეხს და აქეთ წერილით, სადაც თქვენი შვილების კარგი ამბები იქნება, ნუგეში მცეთ, დიდად დამავალებთ მარად თქვენს ერთგულსა და ბედნიერების მონატრეს”, – სწერს პოეტი ტასოს.

„თქვენი წერილი მწყურიან, მაგრამ ჯერ სად არის?”

„მომწერეთ წერილი, მადლია!...”

„იწამეთ წერილი და მომწერეთ მაინც”, – ევედრება იგი ქალს. პოეტის მხოლოდ ამ სასოწარკვეთილი სიტყვების შემდეგ ხდება მკითხველისთვის ნათელი ლექსის  – „ჩემს მეგობარს” – პირველივე სტროფი:

„დამატკბო შენმა წერილმა,

როგორც ფუტკარმა თაფლითა,

გულში რაც სევდა მებადა, 

სულ გამიქარწყლა... დაფლითა...”

ყველა ეს არგუმენტი ადასტურებს, რომ აღნიშნული ლექსის ადრესატი ტასო ბაგრატიონ-მაჩაბელია...

– ყველა ეს არგუმენტი ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა. რაც შეეხება მეორე ლექსს, ამასთან დაკავშირებით რას გვეტყვით?

– ასევე, საინტერესოა ლექს „¹-ის” ისტორია. მოიპოვება ამ ლექსის ორი ხელნაწერი. ერთი დასათაურებულია ასე: „¹-ს”, ხოლო მეორე უსათაუროა. აკაკის ეპისტოლური მემკვიდრეობის „აკრძალული ფონდის” მასალებში აღმოჩნდა აღნიშნული ლექსის კიდევ ერთი ავტოგრაფი, რაც ნათელს ხდის ადრესატის ვინაობას. 

– რას იუწყება აღნიშნული ავტოგრაფი?

– ლექსი „¹-ს” მოსდევს აკაკის ტასო მაჩაბლისადმი გაგზავნილ ერთ საოცრად ტკივილიან, უიმედო წერილს და დასათაურებულია ქალის სახელის ინიციალით „ტ”. ბუნებრივია, ტასოსადმი გაგზავნილ წერილში ჩართული ლექსი, მისივე სახელის ინიციალით დასათაურებული, მხოლოდ ამ ქალს შეიძლება ეკუთვნოდეს. ამ მოსაზრებას უჭერს მხარს ლექსის ზემოთ მოხსენებული ავტოგრაფების ვარიანტული წაკითხვებიც. ლექსის უსათაურობა ადრესატის ვინაობის დაფარვას ემსახურება, „¹”-ით მისი აღნიშვნა ისევ ადრესატის გასაიდუმლოების ხერხი იყო. პირად წერილში, რომელიც მხოლოდ ადრესატის საკუთრებაა და მას „სხვა თვალი”, წესით, არ უნდა ჰყავდეს, დამალვა საჭირო აღარ იყო. 

აკაკის ცხოვრების ზოგიერთმა დეტალმა, კერძოდ ტასო მაჩაბელთან მისმა გამწვავებულმა ურთიერთობამ, რომელიც ზემოთ მოვიხსენიეთ, ასახვა ჰპოვა აღნიშნული ლექსის ვარიანტებში. პოეტი მუდმივად საყვედურობს ტასოს გულგრილობას. სწორედ ეს მომენტი შემოგვინახა ლექსის უსათაურო ავტოგრაფმა. მასში რამდენჯერმე მეორდება სიტყვა გულგრილობა: „როცა გატყობ გულგრილობას”; „შენი თურმე გულგრილობა”; „მაშ რად მტანჯავ გულგრილობით, მე არას გთხოვ შეუძლებელს” და ასე შემდეგ. 

საბოლოოდ, პოეტმა ტასო მაჩაბელს ლექსის ოდნავ შეცვლილი ვარიანტი გაუგზავნა წერილთან ერთად: 

„ყოველგვარი ღონისძიება ვიხმარე, რომ გამეგო, თუ რა დაგიშავე, მაგრამ ამაოდ ჩამიარა. ცხადია, რომ რაღაც დიდი დანაშაული მიმიძღვის, რომელიც მე ვერ გამომიკვლევია. თუ რამე შემიცოდებია, მაპატივე!

ეგ ზიზღი, რომელსაც თქვენ მიჩვენებთ, არ დამიმსახურებია, დღემდი მე ღირსად მიმაჩნდა თავი თქვენთან მეგობრობისა, დღეიდან კი მკვდარი ვარ, როგორც ხორცით, ისე ზნეობითაც. მაგრამ მე ისე მიმყავს საქმე, იჭვს ვერავინ შეიტანს, თუ თქვენ ხართ მიზეზი ჩემი უბედურების. მე ჩემი თავი არ მენანება. ვწუხვარ მხოლოდ იმას, რომ ვერაფერში გამოგადექი ვერც შენ და ვერც შენს შვილებს: იყავნ ნება უფლისა, მშვიდობით. მე მაინც სააქაოს აქეთ სიყვარული თან მიმაქვს, ნუ დამცინებთ და ნურც სიგიჟეს მიკიჟინებთ. უამისოდ მე სიცოცხლე არ მინდა.

ტ.

ის აღარ ვარ, რაც ვიყავი,

მაშ რაღა ვარ? – გამოცანა!

შენს გარეშე არ არსებობს

ჩემთვის არც ცა, არც ქვეყანა.”..

მიმოხილული მასალები ადასტურებს, რომ ორივე ლექსის – „ჩემს მეგობარს” და „ტ” (ანუ „¹-ს”) – ადრესატი ტასო ბაგრატიონ-მაჩაბელია. 

 

 

скачать dle 11.3