კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გადის მთელ ცხოვრებას ადამიანი 40 დღეში და რატომ არ დარჩა მაცხოვარი აღდგომის შემდეგ დედამიწაზე ადამიანების დასახმარებლად

 

12 საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთი აღმატებული და გამორჩეული მაცხოვრის ამაღლების ბრწყინვალე დღესასწაულია, რომლის არსი  ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია. ამ საკითხის შესახებ გვესაუბრება ვაკის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის მოძღვარი, მამა საბა (ბიკაშვილი).

– მამაო, ადამიანების დიდ ნაწილს დღემდე უჭირს, როგორც მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომის‚ ასევე მისი ამაღლების არსის გაგება და წვდომა. 

– უპირველეს ყოვლისა‚ უნდა ითქვას, რომ, არა მხოლოდ ამაღლება, არამედ თორმეტივე საუფლო დღესასწაული, რომელიც უკავშირდება მაცხოვრის შობას, აღდგომას, ამაღლებას – ყველა მნიშვნელოვანია და‚ რაც მთავარია‚ ყველა დღესასწაული ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. რა თქმა უნდა‚ მაცხოვრის აღდგომა, ეს არის დღესასწაულთა დღესასწაული, ყველაზე ამაღლებული დღე. მაგრამ‚ თუ კარგად დავუკვირდებით მამათა მოძღვრებას, გადმოცემას, მაშინ ძალიან ადვილი მისახვედრი გახდება, რომ მაცხოვრის შობას, მის ამაღლებას არანაკლები მნიშვნელობა აქვს. თუ არ იქნებოდა შობა, თავისთავად ვერ იქნებოდა აღდგომა და თუ აღდგომა არ იქნებოდა, ვერ მოხდებოდა მაცხოვრის ამაღლება. გავიხსენოთ, რას ეუბნება მაცხოვარი ამაღლების წინ მოციქულებს, რომლებიც მას ამქვეყნად დარჩენას სთავაზობდნენ: თუ მე არ წავალ იქ, საიდანაც გამოვედი (ანუ მამის წიაღიდან), ვერ მოგივლენთ ნუგეშისმცემელს, ანუ სულიწმიდას, რომელსაც ეკლესია უწოდებს ნუგეშისმცემელს. სწორედ‚ სულიწმიდის მოვლენის შემდეგ დაიწყო ჯერ თორმეტმა ხოლო შემდეგ სამოცდაათმა მოციქულმა დედამიწაზე მაცხოვრის სწავლების ქადაგება. მინდა აქვე აღვნიშნო, რომ ყველა ადამიანი, რომელიც აღასრულებს მისიონერულ ღვაწლს, ხალხს, ერებს გადასცემს ღვთაებრივ, სახარებისეულ სწავლებას, ქრისტეს მოძღვრებას, იწოდება მოციქულად. მაცხოვრის მთელი მოღვაწეობის დედააზრი ისაა, რომ მას გამოეხსნა კაცობრიობა ცოდვისგან, შეერიგებინა უფალთან. მაგრამ‚ იმავდროულად‚ მისი მიზანი იყო‚ უკვე შერიგებულ, უფალთან დაბრუნებულ ადამიანებს მთელი კაცობრიობისთვის მოეფინათ მაცხოვრის სწავლება. ამისთვის კი საჭირო იყო ძალა, მადლი, რომელიც მათ ამ ყველაფრისთვის აუცილებელ სულიერ ძალას, პოტენციალს მისცემდა.

– ხშირად იბადება ასეთი კითხვა: რატომ ამაღლდა მაცხოვარი ზეცად, რატომ არ დარჩა  დედამიწაზე და აქ არ განაგრძო ადამიანების ხილულად დახმარება, მათი შეწევნა. 

– როგორც ცნობილია, მაცხოვრის ჯვარცმის, აღდგომის შემდეგ ხდება მისი ამაღლება. სახარებაში წერია, რომ ამ დღეს მაცხოვარი მოციქულებმა გაიყვანეს იერუსალიმიდან. რა თქმა უნდა‚ იერუსალიმიდან გაყვანასაც თავისი სიმბოლური დატვირთვა აქვს. შეიძლებოდა მაცხოვარი ამაღლებულიყო იერუსალიმიდან, ან სხვა ადგილიდან, მაგრამ მისი ამაღლება მაინცდამაინც ელეონის მთიდან ხდება. იმ მთიდან, სადაც მაცხოვარმა ჯვარცმის წინ ილოცა მთელი კაცობრიობისთვის და ასევე, საკუთარი თავისთვისაც – ის შესთხოვს უფალს თუკი შესაძლებელია‚ მას ეს სასმისი ააცილოს. არა იმიტომ, რომ მაცხოვარს ეშინია, ის ხომ ბუნებითი ღმერთი იყო, წმიდა სამების მეორე პირი, განკაცებული. მაგრამ, ეს მისი სიტყვებია და ჯვარცმულიც ასეთ სიტყვებს ამბობს: რატომ დაუტევა მამამ თავისი ძე. რა თქმა უნდა‚ ეს კაცობრიობის გამოძახილია და არა თავად ღმერთის, რადგან სწორედ კაცობრიობამ დაუტევა ღმერთი და შეუდგა ცოდვას. როდესაც პირველი აქტი მოხდა – ადამიანების უფალთან შერიგება, ეს იყო მაცხოვრის აღდგომა, რის შემდეგაც ის ჩავიდა ჯოჯოხეთში და იქიდან სამოთხეში აიყვანა არა მხოლოდ მართალთა სულები, არამედ ის ადამიანებიც, რომლებმაც გამოთქვეს სურვილი‚ ყოფილიყვნენ მაცხოვართან. როდესაც მაცხოვარი ამაღლდა ზეცად, ის ნელ-ნელა ავიდა მიწიდან ზეცაში, მამის წიაღისკენ და ამით მთელ კაცობრიობას აჩვენა მთავარი მაგალითი: ადამიანის ზეაღსვლა, ანუ სწრაფვა ზეცისკენ, მისი გარდაქმნა ხდება მხოლოდ და მხოლოდ ერთი საშუალებით. მაცხოვარი ამაღლებამდე ლოცულობს, აკურთხებს მოციქულებს, დალოცავს და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებს ამაღლებას. ეს მიგვანიშნებს იმაზე, რომ ყველა ადამიანი მხოლოდ მაშინ მაღლდება, ანუ სულიერი ცხოვრებით განიცდის ამაღლებას, ფერისცვალებას, როდესაც ის სულიერ მოღვაწეობას იწყებს ლოცვით და კურთხევით. ამის გარეშე არაფერი ხდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, მაცხოვარმა აღდგომით გამოიხსნა ადამიანები, მაგრამ ამ საქმის ბოლომდე მიყვანა, უფალთან ბოლომდე შერიგება, კაცობრიობის სულიერი განვითარება მხოლოდ ამაღლების შედეგად გახდა შესაძლებელი. ერთია, რომ ადამიანები შეურიგდნენ ღმერთს, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ შეურიგდებიან, თუ არ ექნებათ სწორი სარწმუნოება, სწორი მაგალითი სარწმუნოების, აღმსარებლობის. ამიტომ‚ მაცხოვარმა თავისი ამაღლებით, აღდგომაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი რამ მოიმოქმედა: რომ არა მაცხოვრის ამაღლება, მოციქულებისთვის  დაპირებული კაცობრიობის ნუგეშისცემა, მაშინ ადამიანების გამოხსნის საქმეც არ იქნებოდა დაგვირგვინებული, ბოლომდე მიყვანილი. გავიხსენოთ ძველი აღთქმის წმიდანი, ილია თეზბიტელი, რომელიც ამაღლდა, მაგრამ მისი ამაღლება მაცხოვრის ამაღლებისგან რადიკალურად განსხვავდებოდა. მას ამაღლებაში ეხმარებოდნენ ქერუბიმები და სერაფიმები, რომელიც უფალმა მოუვლინა, ხოლო მაცხოვარი თავისი ღვთაებრივი ძალით, ენერგიებით იწყებს ამაღლებას. ამით, უფალმა დაგვიტოვა მაგალითი იმისა, რომ ყველა ადამიანი ლოცვით, სწორი სულიერი ცხოვრებით, მაცხოვართან ერთად იწყებს ამაღლებას. როგორც მაცხოვარი ამაღლდა, ისევე ამაღლდება ადამიანიც.

– თუმცა მანამდე ყველამ უნდა გაიაროს ჯერ ჯვარცმა, შემდეგ აღდგომა და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა ამაღლდეს ზეცად.

– რა თქმა უნდა, თუმცა არა ისე, როგორც მაცხოვარმა. ის‚ რაც იესო ქრისტემ დაითმინა, აღასრულა, ამის დათმენა  ადამიანებს გაუჭირდებათ. თუმცა‚ იყვნენ ადამიანები, წმიდანები, რომლებმაც ბევრი ტანჯვა, წამება დაითმინეს – ის‚ რაც ერთი შეხედვით, ნებისმიერი ადამიანის ძალას აღემატება. მაგრამ, მათი მოწამეობრივი ღვაწლი მხოლოდ მათი რწმენის, ძალების დამსახურება არ იყო. მათ უფალი შეეწეოდა და ამიტომაც შეძლეს ამ ყველაფრის აღსრულება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჯერ ჯვარცმაა და შემდეგ ამაღლება. ამიტომ‚ თუ ადამიანი არ ეცვა ჯვარს, ის ვერ ამაღლდება. თუ არ იქნება ერთი‚ არ იქნება მეორე, რადგან ეს ყველაფერი მჭიდროდაა დაკავშირებული ადამიანების ცხოვრებასთან, ეს არის ჩვენი ღვთაებრივი კანონი. ვინც არღვევს ამ კანონს, რომელსაც შეიძლება ზნეობრივი კანონიც ვუწოდოთ, უპირველეს ყოვლისა‚ ის აშავებს საკუთარი თავის, სულის, ადამიანობის წინაშე და არა ღვთის მიმართ. შესაბამისად‚ ღმერთი იმიტომ კი არ სჯის ადამიანს (როგორც ხშირად ჰგონიათ), რომ მან მის წინაშე დააშავა, არამედ ის საკუთარი თავის მიმართ აშავებს. ამიტომაც, შედეგი ყოველთვის ერთია, რომელიც შეიძლება, მოგვიანებით დადგეს, ან მყისიერად, გარკვეული განსაცდელის სახით. შედარებასავით შეიძლება მოვიყვანოთ: როდესაც ადამიანი სცოდავს, ის იღებს პატარა დანას, რომლითაც ნელ-ნელა აყენებს ზიანს საკუთარ სხეულს, ნელ-ნელა იცლება სისხლისგან. რამდენჯერაც სცოდავს, იმდენჯერ ირტყამს სამართებელს და ეს შეიძლება, გაგრძელდეს 20-10, ან ხუთი წელი, ან სულაც ერთი დღე. ადამიანი როგორც ექცევა საკუთარ თავს, იმის მიხედვით იღებს შედეგსაც, ოღონდ‚ ეს არის არა უფლის სასჯელი, არამედ საკუთარი შეცოდებებისგან მიღებული შედეგი. 

– მაცხოვრის ზეცად ამაღლება მისი ბრწყინვალე აღდგომიდან მეორმოცე დღეს აღესრულა. როგორც ჩანს‚ ქრისტიანობაში დიდი სიმბოლური დატვირთვა აქვს ამ რიცხვს: 40 დღე იმარხულა მაცხოვარმა, გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ დგება ადამიანის პირადი სამსჯავრო და ასე შემდეგ.

– როგორც ძველ აღთქმაში, ასევე ახალ აღთქმაშიც ციფრები, რიცხვები გარკვეულ საკრალურ მნიშვნელობას ატარებს. ნებისმიერი ციფრი კარგია და მნიშვნელოვანი. რაც შეეხება რიცხვ – 40-ს‚ ძველ აღთქმაში ხშირად გვხვდება 40 დღე, 40 წელი‚ როდესაც ებრაელები ეგვიპტიდან გამოდიან. 40 დღის განმავლობაში ხდება ადამიანის სრულყოფა სარწმუნოებაში, მისი გამოსვლა ცოდვების ტყვეობიდან. ეს არის გზა ადამიანის შეურიგებლობისა ცოდვასთან; ადამიანების, ერების ლტოლვა უფლისკენ და ეს 40 დღე არის დაუსრულებელი პროცესი. 40 დღე ეს არის დასასრული მთელი ქვეყნიერებისა და ადამიანის სრულყოფა დაწყებული ცოდვების მონობიდან გამოსვლით, ვიდრე ის არ დაასრულებს თავის ამქვეყნიურ ცხოვრებას. სწორედ 40 დღე მარხულობდა მაცხოვარი, როდესაც ის ეშმაკმა გამოსცადა, დიდი მარხვის დღეებიც 40 დღეს უკავშირდება. გარდაცვალებიდან მეორმოცე დღეს ხდება მისთვის დროებით საბოლოო განაჩენის გამოტანა, დგება მისი ინდივიდუალური სამსჯავრო, რომლის შემდეგაც მას მიეჩინება სამკვიდრებელი: ჯოჯოხეთი ან სამოთხე, რომელსაც ის აირჩევს საკუთარი ცხოვრებით. თუ ის აქ აირჩევს სამოთხეს, იქაც სამოთხეში იქნება, თუ ის დედამიწაზე აირჩევს ჯოჯოხეთს, სიკვდილის შემდეგაც ჯოჯოხეთში მოხვდება. თუმცა ამის მერე, ანუ 40 დღის შემდეგ იწყება მისი იმქვეყნიური ცხოვრება. ანუ 40 დღე ეს არის ადამიანი გარდაცვალებამდე მისი მთელი მოღვაწეობა, რომლის შემდეგაც ამ ადამიანის სულისთვის იწყება მართალი, ჭეშმარიტი ცხოვრება. ხოლო ის‚ თუ როგორ გააგრძელებს ადამიანი იმქვეყნად ცხოვრებას‚ ბევრად არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ ცხოვრობდა ის ამქვეყნად. 

 

 

скачать dle 11.3