კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი გენერლის ბრძანებით გაიჭრა ბილიკი მთაწმინდაზე მამადავითის ეკლესიამდე და როდის გაიხსნა საზეიმოდ თბილისის ფუნიკულიორი

თბილისის თავად ვასილ ჩერქეზიშვილის მოღვაწეობის პერიოდში ჩვენს დედაქალაქში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, მათ შორის სამთო-საბაგირო რკინიგზის – ფუნიკულიორის გაყვანა, რამაც ახალი პერსპექტივები გადაშალა მთაწმინდის ზეგნის წინაშე და თბილისის სიმბოლო – მთაწმინდა, ქალაქის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობად აქცია. თბილისის ძველი ფოტოების დახმარებით „თბილისელების” ამ ნომერში მთაწმინდისა და ფუნიკულიორის მცირე ისტორიულ ექსკურსს გთავაზობთ.

 

მთაწმინდა ფუნიკულიორის

გაყვანამდე

1897 წლის ივნისში ქალაქის გამგეობამ სპეციალური კომისია გამოყო, რომელსაც დაევალა მთაწმინდის კეთილმოწყობის ღონისძიებების შემუშავება. კომისიამ გამგეობას ურჩია, ოქროყანაში პოლტარეცკისა და გაბაშვილის მამულები შეესყიდა და ორმოცდაათ დესეტინა ფართობზე ტყე გაეშენებინათ. ეს დადგენილება, სამწუხაროდ, შეუსრულებელი დარჩა. იმ დროს მთაწმინდაზე თითო-ოროლა თბილისელი ფლობდა აგარაკს, ხოლო სოვდაგრები ფლობდნენ სამიკიტნოებს და ტფილისელი მოქეიფეები იქ დროის გასატარებლად დაიარებოდნენ. იმ წლებში მთაწმინდას ქალაქთან ბილიკი აკავშირებდა, რომელიც ჯერ კიდევ 1817 წელს გენერალ ერმოლოვის ბრძანებით „საპიორნი” ბატალიონის ჯარისკაცებს ჯერ მამადავითის ეკლესიამდე გაუჭრიათ, შემდგომ კი მთის პლატომდე გაუგრძელებიათ. ამ გზით სარგებლობდნენ მთაწმინდის მეზობელ ქუჩებზე მცხოვრები ტფილისელები, როდესაც წყალზე მიდიოდნენ ეკლესიის ეზოში და საათობით ელოდებოდნენ რიგს, ხოლო მთაწმინდის მოსახლეობა წყალს დიდი ავზიდან იღებდა, თანაც, გრაფიკით – დილით ორი საათით მიეწოდებოდათ. ვედრო წყალი იმხანად ერთი შაური ღირდა. მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს აუცილებელი გახდა მთაწმინდის სატრანსპორტო გზით დაახლოება ქალაქთან და ქალაქის სათათბიროში სამწლიანი  მოლაპარაკებების შემდგომ, თბილისის „კონკის” დირექტორს, ბელგიელ ინჟინერს, ალფონს რობის, რომელიც ბელგიის ტრამვაის ანონიმურ საზოგადოებას წარმოადგენდა ტფილისში, ფუნიკულიორის გაყვანის ნებართვა მისცეს. 

ფუნიკულიორის მშენებლობა

1900 წლის 24 იანვარს ქალაქის თვითმმართველობამ ალფონს რობის ფუნიკულიორის მშენებლობის ნება დართო. რობი, ფუნიკულიორის აგების სანაცვლოდ, ქალაქისგან ფუნიკულიორის მართვის ორმოცდახუთწლიან კონცესიას ითხოვდა, სამაგიეროდ, იღებდა ვალდებულებას, რომ აეყვანა წყალი მთაწმინდაზე, მოეწყო ბაღი, აეშენებინა საზაფხულო თეატრი, ფანჩატური და სხვა კულტურული გართობის ობიექტები, მგზავრობის ღირებულება კი, 20 კაპიკი იქნებოდა. 

ფუნიკულიორის მშენებლობა 1903 წლის სექტემბერში დაიწყო და ჩქარი ტემპით წარიმართა. მშენებლობაში მრავალი უცხოელი სპეციალისტი მონაწილეობდა: პროექტი შეადგინა ფრანგმა ინჟინერმა ბლაშმა, არქიტექტურულად დაამუშავა შიმკევიჩმა – თბილისელებისთვის კარგად ცნობილმა არქიტექტორმა, რომლის პროექტით აშენდა თბილისში რუსთაველის სახელობის თეატრი და კონსერვატორიის შენობა. გზის მშენებლობას ხელმძღვანელობდა ბელგიელი ინჟინერი რაგოლერი, რომელსაც ეხმარებოდა იტალიელი ინჟინერი ანტონიო ფონტანა-როსი. ეს უკანასკნელი ფუნიკულიორის მშენებლობის  დამთავრების შემდეგ, 1905 წელს გარდაიცვალა, და დაკრძალულია კუკიის ძველ სასაფლაოზე (ფონტანა-როსის მეუღლე ქმრის გარდაცვალების შემდეგ სამშობლოში დაბრუნებულა, ხოლო 1979 წლის ივნისში მამის საფლავი მოინახულა ანტონიოს უმცროსმა ქალიშვილმა – დელფინამ, რომელიც თბილისში ყოფილა დაბადებული). უცხოელების გარდა, ფუნიკულიორის მშენებლობაში უაღრესად დიდი წვლილი შეიტანა ცნობილმა ქართველმა საზოგადო მოღვაწემ, ნიკო ნიკოლაძემ, რომლის ინიციატივითა და აქტიური მხარდაჭერით მოკლე დროში შესრულდა რკინაბეტონის სამუშაოები ფუნიკულიორის ესტაკადისთვის.

ფუნიკულიორის საზეიმო გახსნა

თბილისის ფუნიკულიორი 1905 წლის 27 მარტს, დილის 10 საათზე, საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. ფუნიკულიორის სადგურები და მთელი ტრასა ვარდ-ყვავილებითა და რუსეთის იმპერიის ეროვნული დროშებით იყო მორთული. საზეიმო ცერემონიალზე სიტყვა წარმოთქვა მამადავითის ეკლესიის ზედამხედველმა,  მღვდელმა მაჭარაშვილმა. ბოლოს ქალაქის თავმა ცისფერი ლენტი გაჭრა და გზა გახსნილად გამოაცხადა. ფუნიკულიორის აგებაზე, ხაზის სიგრძე 501 მეტრი იყო, 400 მანეთი დაიხარჯა,  აღსანიშნავია, რომ ფუნიკულიორის გახსნას დიდი ფერწერული ტილო უძღვნა ნიკო ფიროსმანმა. თბილისის ფუნიკულიორი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ და ციცაბო რკინიგზად ითვლება. 

ფუნიკულიორი საბჭოთა ეპოქაში

 საბჭოთა ეპოქაში ფუნიკულიორს რამდენიმე რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. 1936-1938 წლებში დაძველებული ზედა სადგურის ადგილას აშენდა ახალი სადგურის შენობა, რომლის ავტორები იყვნენ არქიტექტორები ზ. და ნ. ქურდიანები, ხოლო 1968 წელს თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომმა მიზანშეწონილად მიიჩნია, ფუნიკულიორზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების ახალი ეტაპი დაეწყო, რადგან სადგურის ქვედა შენობა ვერ იტევდა მოზღვავებულ დამსვენებლებს და, გადაწყდა, ქვედა სადგურის ამორტიზებული შენობის ნაცვლად, ახალი, თანამედროვე შენობა აეგოთ. ფუნიკულიორის რეკონსტრუქციამ ერთ წელიწადს გასტანა, თუმცა, დროთა განმავლობაში მთაწმინდაზე ამსვლელთა ნაკადიც იზრდებოდა და არსებული სატრანსპორტო საშუალება ვერ უმკლავდებოდა დაკისრებულ მისიას. ამიტომ, საჭირო გახდა მთაწმინდის  ახალი სატრანსპორტო საშუალებით დაკავშირება ქალაქის ცენტრთან. თბილისის საქალაქო საბჭოს დადგენილებით, გადაწყდა საჰაერო-საბაგირო გზის გაყვანა, რომელიც ექსპლუატაციაში 1958 წლის ოქტომბერში შევიდა. 1990 წელს სწორედ ფუნიკულიორის საბაგიროზე დატრიალდა ტრაგედია, როდესაც ჩაწყდა ბაგირი და რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. 

 

მასალაში გამოყენებულია ნაწყვეტები მამია ჩორგოლაშვილის წიგნიდან „მთაწმინდა” (გამომცემლობა „ხელოვნება”, თბილისი 1991 წელი).

 

скачать dle 11.3