კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა საჩუქარი ჩამოუტანა სამორი ბალდეს მამამ და რისგან აპირებს დასვენებას ლიკა ლაბაძე

 გასული ოთხშაბათი ნამდვილ სახალხო ზეიმად იქცა – სრულიად საქართველომ აიღო ხელში ტელეფონები და ერთი წყვილის გარშემო გაერთიანდა! სამორი და ლიკა „ცეკვავენ ვარსკვლავების” პირველი სეზონის გამარჯვებულები არიან, თუმცა, ყველაზე ემოციური არა მხოლოდ გამარჯვება და პრიზები, არამედ, სცენაზე სამორი ბალდეს მამის – ანუსა ბალდეს გამოსვლა იყო, რამაც ტელევიზორებთან მიჯაჭვული უკლებლივ ყველა მაყურებელი აატირა. 

 

სამორი ბალდე: უკვე ერთი კვირაა, ვყვები იმ ემოციებზე, რაც გამარჯვების დროს დამეუფლა, საოცარი ფინალი იყო და ამისთვის, ყველა ადამიანს, ვინც პროექტზე მუშაობდა, ვინც გვიმესიჯებდა და გვგულშემატკივრობდა, მინდა, მადლობა გადავუხადო.

– ეს მაისური ნაციონალურია?

– დიახ, ეს მაისური მამაჩემმა საჩუქრად ჩამომიტანა, გვინეა-ბისაუს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების მაისურია, რომელშიც მამაჩემი თამაშობდა. მამაც და ბიძაც ცნობილი ფეხბურთელები იყვნენ. მამა პორტუგალიის უმაღლეს ლიგაში იყო ოთხმოციან წლებში, ბიძა კი საფრანგეთის უმაღლეს ლიგაში თამაშობდა, ერიკ კანტონას თანაგუნდელი და მეგობარი იყო. მამაჩემი მეცნიერია, ჰიდროგეოლოგი, გეოლოგიური მეცნიერებების მაგისტრი. ამჟამად გვინეა-ბისაუში ცხოვრობს და მუშაობს გეოლოგიის სამინისტროში. დადის სამეცნიერო კონფერენციებზე და აკეთებს თავის საქმეს. 

– შენ არ აპირებ, ფეხბურთს რომ დაუბრუნდე? ვიცი, საკმაოდ იმედის მომცემი ფეხბურთელი იყავი.

– არა, რაღა დროს ჩემი ფეხბურთია! ყველაფერს თავისი დრო აქვს. ასე რაგბისაც ვთამაშობდი ცოტა ხანს. ახლა რომ რომელიმე სპორტს დავუბრუნდე, სხვა აღარაფერი უნდა ვაკეთო, არადა, უამრავი ინტერესი მაქვს ცხოვრებაში. 

– ახლა რას აპირებ, დასვენებას?

– დასვენებას ვერ ვახერხებ თორემ, დიდი სიამოვნებით. ბევრი რაღაც იგეგმება ამ ზაფხულს, რაც აუცილებლად უნდა გავაკეთო. წინასწარ ვერ გაგიმხელთ. ახლაც, იმის ნაცვლად, რომ რამდენიმე დღე დაგვესვენა, მე და ლიკა სულ გადარბენებში ვართ – ინტერვიუები, ჩაწერები... მამაჩემიც კი ვერ ვნახე ნორმალურად, მხოლოდ ერთხელ ველაპარაკე; დეიდაჩემთან, ოჯახის სხვა წევრებთან ერთად არის ძირითადად, მე კი იშვიათად ვიცლი. ძალიან მინდა ეს დღეები, სანამ აქ არის, ერთად გავატაროთ. 

– ანუ „პრიზში” ვერ დაისვენებ?

– დასვენებას ვერ მოვახერხებ, მაგრამ, „პრიზში” ერთხელ აუცილებლად ჩავალ. გარემონტებასაც ვერ შევძლებ. თანხით, რომელიც მაჩუქეს, ვალები უნდა გავისტუმრო. როცა ბინას გავარემონტებ, ერთი გასაღები ლიკას აუცილებლად ექნება – როცა უნდა ჩავა და დაისვენებს. 

– როგორც ვხედავ, პოპულარობა დიდად არ მოგწონს.

– ამას რომ ვამბობ, რატომღაც, ყველას ტყუილი ჰგონია, არადა, მართლა არ მომწონს. რა თქმა უნდა, უამრავი დადებითი მხარე აქვს: ამდენ ხალხს, ბავშვებს უყვარხარ, ყველა გეფერება, მაგრამ, ასჯერ მეტი უარყოფითი აქვს. წყნარი ცხოვრება ყველაფერს მირჩევნია. როდესაც ამ ყველაფერში თავს ვყოფდი, ვხვდებოდი, რას ვაკეთებდი, გაუაზრებლად არ გამიკეთებია. რაღაც-რაღაცეებისთვის კარგი იქნება ეს პოპულარობა, დარწმუნებული ვარ. 

– აფრიკაში წასვლა არ გინდა?

– კი, რატომაც არა. იქ უამრავი ნათესავი მყავს, მათ სიამოვნებით ვნახავდი. 

– ლიკა, შენც ვერ ახერხებ დასვენებას?

ლიკა ლაბაძე: აუცილებლად დავისვენებ, მერე კი დავუბრუნდები ცხოვრების ჩვეულ რიტმს სამსახურს... მეგობრებს. იმ დღეს ვამბობდი, უახლოეს პერიოდში ქორწილებშიც კი აღარ ვიცეკვებ-მეთქი. ჯერჯერობით იმისთვისაც კი ვერ მოვიცალე, რომ გემრიელად ჩავუჯდე და ფინალს ვუყურო. რამდენიმე დღით ქალაქგარეთ გავიპარები და, ალბათ, ცოტას ამოვისუნთქებ, გამოვრთავ ტელეფონს და დავიკარგები. სამომავლოდ რას ვიზამ, არ ვიცი.

– სრულიად ერს რომ უნდა თქვენი ერთად ყოფნა?

– დიახ, ეს მანამდეც უნდოდათ, მოგების მერე კი უფრო უნდათ. შეიძლება, ხალხს იმედებს ვუცრუებთ, მაგრამ, არც მანამდე მიგვიცია რაიმე დაპირება. ახლა საუბარიც კი მიჭირს, ემოციურად იმდენად გამოფიტული ვარ. ფიზიკურად კი არ ვარ დიდად დაღლილი, თითქოს ტვინი გამეთიშა ერთ დღეში – ადამიანების, ქალაქების სახელები მავიწყდება. 

სამორი: არადა, ლიკას ყოველთვის ყველაფერი ახსოვს. 

ლიკა: სხეულთან ერთად გონებაც და ნერვებიც იმდენად დაძაბული მქონდა, რომ ერთიანად მოვეშვი და, გავითიშე. აუცილებელია პატარა პაუზა, თორემ გავაფრენთ. მეგონა ფიზიკურად ისე გადავიწვებოდი, ჩემებს ვეუბნებოდი, პროექტი რომ დამთავრდება, ჯართში ჩამაბარეთ-მეთქი, ჯართში კი არა, სადმე პანსიონატში თუ მიმიყვანენ. 

– სამორი, უამრავი შემოთავაზება მიიღე სხვადასხვა ტიპის სამსახურებიდან: ცეკვა, სიმღერა, ხმის რეჟისურა... მესმის, რომ ეს სპონტანური შემოთავაზებები იყო და, არა მგონია, ბალეტის მოცეკვავედ გიხილოთ, მაგრამ, რას აპირებ, ის გვითხარი.

სამორი: ეს შემოთავაზებები, რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნო იყო, თუმცა, როგორც უკვე გითხარით, ცხოვრებაში სხვა ინტერესები მაქვს, რომელიც, პირველ ყოვლისა, მუსიკას უკავშირდება. ალბომის ჩაწერას ისედაც ვაპირებდი, არავის ეგონოს, სამორი ბალდეს პრიზის აღების შემდეგ ესეც მოუნდაო. ასე არ არის. იმის მიუხედავად, დამეხმარებოდნენ თუ არა, ამას ისედაც გავაკეთებდი. მაინც თვითონ, სახლში ვაპირებ სამუშაოს მთავარი ნაწილის გაკეთებას, ისე როგორც ვაკეთებ ხოლმე. გარკვეულ ეტაპებზე დახმარება დამჭირდება და სიამოვნებით გამოვიყენებ „ბრავო რეკორდსის” მომსახურებას. წინასწარ მადლობა ამისთვის! მინდა ხალხს კიდევ და კიდევ ვუთხრა მადლობა. ქუჩაში გავდივარ თუ სადმე მივდივარ, ყველა მილოცავს, ყველა გახარებულია. არიან ადამიანები, ვინც რაღაც ისეთი, არცთუ ისე სასიამოვნო რაღაცეები მომწერეს, მაგრამ, ეს საერთოდ არ გამკვირვებია. ყოველთვის ვამბობ, რომ, არ არის ნორმალური, ყველას მოსწონდე, ყველასთვის კარგი იყო. ეს თუ ასეა, ესე იგი, ორპირი ხარ. მთავარია, კარგ ადამიანებს, უმრავლესობას მოსწონდე. მგონი, ეს პროგრამა-მინიმუმი ჩვენ გამოგვივიდა. ამისთვის არ გვიზრუნია, რაღაცნაირად, თავისთავად მოხდა ასე. 

ლიკა: ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ, რაღაც, კეთილად, დადებითად შეგვიყვარეს. ყველა მხრიდან იგრძნობა დადებითი განწყობა და ამას საოცარი შეგრძნებები მოჰყვება.

სამორი: მით უმეტეს, იმ ტერიტორიებზე, სადაც ვცხოვრობთ და სადაც ხშირად ვხვდებით. ეს გამარჯვება ყველამ თავისად მიიღო: მეზობლები; უბნელები ზეიმობდნენ – ეს ბიჭი დიღმელიაო, ჩემი სოფელი, სკოლა, სასწავლებელი, რადიო – ცალ-ცალკე ზეიმობდნენ. შენ ხარ მათი ფავორიტი და საკუთარ თავს აიგივებენ შენს გამარჯვებასთან. 

– ამასთან ერთად, ხალხს სამართლიანობის განცდაც აქვს, ერთად გამარჯვების განცდა.

– ზუსტად ასეა. სადაც კი ვყოფილვარ, ყველგან საოცარ ერთობას ვგრძნობ. ხალხის ძალიან დიდი ვალი მაქვს და, ვეცდები, ღირსეულად გადავუხადო.

ლიკა: სამორის პიროვნებამ, ადამიანურობამ, ძალიან ბევრი რამ განაპირობა ამ შოუში. წესიერი, ზრდილობიანი, კარგად აღზრდილი, არააფექტური და არა ცანცარა ადამიანია, რომელიც ყველაფერს თავისით აღწევს ცხოვრებაში. ბევრი ასეთ იმიჯს ირგებს, სამორის კი ეს ყველაფერი შიგნიდან აქვს, ეს კი თვალებში ეტყობა. უზომოდ კეთილია, აღარაფერს ვამბობ ცეკვის ნიჭზე. ამ ყველაფრის ერთობამ საქართველო გააგიჟა. 

სამორი: არ ვამბობ, რომ საუკეთესო ვარ ყველაფერში, რა სისულელეა! მაგრამ, თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ თავი არ დამიზოგავს. ყოველთვის ხედავს ადამიანი, ვინ შრომობს. არიან ძალიან ნიჭიერები, რომლებსაც ყველაფერი იოლად გამოსდით, მაგრამ, ამ ნიჭისთვის საერთოდ არ შრომობენ. ასეთი ადამიანები ბევრს უყვარს, მოსწონს, მაგრამ, როდესაც ხალხი ხედავს, რომ მეტი შეგიძლია და არ აკეთებ, მერე ისიც აღარ გააკეთებს შენთვის „მეტს”. 

ლიკა: ამიტომაც დაფასდა ჩვენი ამდენი შრომა. ადამიანები ზუსტად იმ სიმძლავრით გვედგნენ მხარში, რა მონდომებითაც ჩვენ ვშრომობდით. 

– აპირებ, შენი მომავალი ტელევიზიას დაუკავშირო?

სამორი: არა, არ ვაპირებ, მაგრამ, თუ რამე შემოთავაზება იქნება, ვნახოთ, ვიფიქრებ ამაზე. არასდროს მქონია მიზნად, წამყვანი ვყოფილიყავი, თავისთავად მოხდა ასე და სიამოვნებით ვიმუშავე. თუ კიდევ რამე საინტერესო იქნება, ვიფიქრებ. ისე, პროფესიით ეკონომისტი ვარ, თუმცა, არც ეგ არის ჩემი მთავარი გატაცება. კარგად ვსწავლობდი და რაღაცეები მახსოვს, უფრო სწორად, თუ გავიმეორებ, გამახსენდება. სხვა სფეროებში მინდა დავიწყო საკუთარი თავის რეალიზება, პირველ ყოვლისა, მინდა,  საკუთარ თავზე ვიმუშაო ბევრი. გამოვჩნდები ხოლმე ხანდახან ალბათ, ხალხს ამის სურვილი ექნება.  

– ბოლოს, გეხვეწები, მითხარი, პარკში რა ჰქონდა მამაშენს? მთელ საქართველოს აინტერესებს.

– პარკი არ იყო, გვინეა-ბისაუს ნაციონალური სამოსი იყო დაკეცილი, რომელიც საჩუქრად ჩამომიტანა. სცენაზე ისეთი აჟიოტაჟი და დაბნეულობა იყო, აღარავის გახსენებია საჩუქარი. ნეტავი, დღეს წამომეღო, გაჩვენებდით (იცინიან). 

 

 

скачать dle 11.3