კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მაისი 2018 (155)
აპრილი 2018 (194)
მარტი 2018 (256)
თებერვალი 2018 (208)
იანვარი 2018 (215)
დეკემბერი 2017 (243)

რატომ ვერ გაუწია წინააღმდეგობა 40 000-მა ქართველმა 14 000 რუსს

ოსკოვის ანალიზის, სტრატეგიისა და ტექნოლოგიების ცენტრმა შარშანდელი აგვისტოს ომის სამხედრო-პოლიტიკური ასპექტები შეისწავლა და დასკვნის, სახელად: „აგვისტოს ტანკები“, პრეზენტაციას ნოემბერში აპირებს. ჩვენ დავუკავშირდით ცენტრის დირექტორს, სამხედრო ექსპერტ რუსლან პუხოვს და პირველწყაროდან შევეცადეთ, გაგვეგო რუსულ-ქართული ომის რუსული ვერსია. ცნობისთვის, იმავდროულად, რუსლან პუხოვი არის ორი ჟურნალის: რუსულენოვანი „ექსპორტ ვოორუჟენიას“ და ინგლისურენოვანი „მოსქოუ დიფენს ბრიფ-ის“, გამომცემელი. სხვათა შორის, ეს ის ინგლისურენოვანი ჟურნალია, რომლის მეშვეობითაც ქართველმა და არა მხოლოდ ქართველმა საზოგადოებამ შეიტყო, რომ აგვისტოს ომის დროს სამი რუსული ბომბდამშენი თავად რუსმა სამხედროებმა ჩამოყარეს.

– რუსლან, „აგვისტოს ტანკები“ შეკვეთა იყო, თუ თავად გადაწყვიტეთ აგვისტოს ომის კვლევა?
– ომის დაწყებამდე ერთი თვით ადრე ჩვენი ერთ-ერთი რუსულენოვანი ჟურნალის, „ექსპორტ ვოორუჟენიას“ ავტორმა, ვიაჩესლავ ცეილუკამ, დაწერა სტატია, რომელშიც მან ომის დაწყება იწინასწარმეტყველა.
– რის საფუძველზე?
– არმიების შესწავლის საკითხში ის უმსხვილესი სპეციალისტია პოსტ-საბჭოთა სივრცეში და მივიდა დასკვნამდე, რომ ომი გარდაუვალი იყო, რადგან საქართველოს მიერ შეიარაღებული ძალების მშენებლობაში ხდებოდა მენტალური შიზოფრენია: ერთი მხრივ, პრეზიდენტი სააკაშვილი აშენებს არმიას, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ნატოს სტანდარტებს; მეორე მხრივ კი, აშენებს დიდ არმიას, რომელიც დიდ ომში უნდა ჩაებას. აღინიშნებოდა საქართველოს სამხედრო ბიუჯეტის უპრეცედენტო მატება. აღმოჩნდა, რომ მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით, საქართველო, სამხედრო ბიუჯეტით, მესამე თუ მეოთხე ადგილზე იყო საუდის არაბეთის, ომანის (რომლებსაც ენერგორესურსები აქვთ) და ჩრდილოეთ კორეის გვერდით. და, როდესაც ქვეყანა, რომელსაც არ აქვს სათანადო რესურსი, ატარებს ასეთ პოლიტიკას, ესე იგი, ის ემზადება ომისთვის. მე ამაზე ბევრი ვიცინე, სხვებმაც იცინეს, მაგრამ ეს ომი მოხდა. თუმცა აგვისტოს მოვლენებს ჩვენ არ ვაძლევთ ორ სახელმწიფოს შორის ომის კვალიფიკაციას.
– ჩვენ სწორედ ასეთ კვალიფიკაციას ვაძლევთ. ეს არ იყო რუსეთ-საქართველოს ომი?
– როგორც გნებავთ, მაგრამ, რადგან მსგავსი ომები დიდი იშვიათობაა, ჩვენ, როგორც სამხედრო ექსპერტები, ვერ გავუშვებდით ხელიდან მისი ანალიზის შესაძლებლობას. ამას გარდა, ჩვენს კიდევ ერთ, ოღონდ ინგლისურენოვან ჟურნალში, გამოვაქვეყნეთ ერთ-ერთი ჩვენი ავტორის – ანდრეი ლავროვის წერილი, რომელშიც ის მივიდა დასკვნამდე, რომ აგვისტოში ჩამოაგდეს არა სამი, არამედ ექვსი რუსული თვითმფრინავი, ის სამი კი ჩამოაგდეს ეგრეთ წოდებული „მეგობრული ცეცხლით“. დანარჩენი სამიდან ორი ქართველებმა ჩამოაგდეს, მესამის ამბავი კი არ ვიცით. ეს არ მოეწონა რუსეთის ხელისუფლებას, გენშტაბმა უარყო, მაგრამ ლავროვს აქვს ყველაფერ ამის დამადასტურებელი მონაცემი.
– თქვენ გადაჭრით ამბობთ, რომ ომი უნდოდა საქართველოს, მაგრამ ცნობილია, რომ აგვისტომდე პერმანენტულად იბომბებოდა ქართული სოფლები, თქვენს ანალიზში რუსეთის მიერ ომის პროვოცირებაზე არაფერია ნათქვამი?
– იმის გარკევა, ვინ ვის გაუკეთა პროვოცირება, რთულია. ამას, ალბათ, ისტორია განსჯის ძალიან დიდი ხნის შემდეგ. არსებობს მოსაზრება, რომ სწორედ რუსეთმა შეიტყუა სააკაშვილი ხაფანგში და ზუსტად ისევე აქვს მოსაზრებას არსებობის უფლება, როგორც იმის თქმას, რომ ამერიკელებმა სპეციალურად დააყენეს თავიანთი ფლოტი ჰავაიზე, რომ იაპონელებს დაერტყათ. ის, თუ როგორ დებდა სააკაშვილი ინვესტიციას არმიაში, აჩვენებს, რომ საქართველო დაინტერესებული იყო ამ ომით.
– რის საფუძველზე უნდა სდომებოდა საქართველოს ხელისუფლებას ომი რუსეთთან?
– არის სამი საფუძველი: ჯერ ერთი, ბევრი ფული იხარჯებოდა და ფული ჰაერზე არასდროს იხარჯება; მეორე, შიდა პოლიტიკური პრობლემების ფონზე, ცხადია, სააკაშვილს სჭირდებოდა პატარა „წარმატებული ისტორია“, მით უფრო, რომ მას თვალწინ ჰქონდა აჭარის მაგალითი.
– აი, ეს მაგალითი მკლავს. ხელისუფლება შეიძლება, აფიარებს, რომ აჭარა დაიბრუნა, მაგრამ, რეალურად, იქ დასაბრუნებელი არაფერი იყო.
– ჰიტლერს პრობლემები დაეწყო არა 1941-სა თუ 1943-ში, არამედ საფრანგეთის ოკუპაციით. საფრანგეთს ჰქონდა ყველა საშუალება, შეწინააღმდეგებოდა გერმანელებს, მაგრამ მან ისეთი დანაკარგები განიცადა პირველ მსოფლიო ომში, უბრალოდ, შეეშინდათ, რომ მამრები აღარ დარჩებოდნენ ნაციის გასამრავლებლად, ამიტომაც დადეს იარაღი. ჰიტლერს მრჩევლები ურჩევდნენ, უარი ეთქვა საფრანგეთის ოკუპაციაზე, რადგან სისხლის ზღვა დადგებოდა, მაგრამ ის ამტკიცებდა, რომ იქნებოდა ბლიც-კრიგი. და, როდესაც ეს მოხდა, ყველა გენერალმა იფიქრა, ალბათ, ფიურერმა იცის, რასაც აკეთებს, ჩვენ ვართ სულელები და ვერ ვხვდებითო.
– მაგრამ გერმანია და საფრანგეთი ერთი წონითი კატეგორიის სახელმწიფოები არიან, საქართველო და რუსეთი კი რადიკალურად განსხვავებულ წონაში გამოდიან.
– ზუსტად ჩანს, სააკაშვილი არ მოელოდა, რომ რუსეთი ასე უცბად ჩაერთვებოდა. თქვენი არმია ემზადებოდა ოსებთან ომისთვის და ომის პირველ დღეებში ქართველები ცდილობდნენ, გვერდი აევლოთ მშვიდობისმყოფელებისთვის, ანუ მათ არ ჰქონდათ ბრძანება, გაენადგურებინათ რუსი მშვიდობისმყოფელები.
– ცნობილი და აღიარებული ფაქტია, რომ რუსმა სამშვიდობოებმა გაატარეს ქართული ჯარი და ხელიც დაუქნიეს, ეს ზუსტად ასე მოხდა!
– მე ეს ფაქტი არ ვიცი, პირველად მესმის თქვენგან.
– ამბობთ, რომ ომის მოტივი ჰქონდა მხოლოდ საქართველოს, მაგრამ, მოდი, შევხედოთ საკითხს რომაული პრინციპით: ვინ იხეირა ამ ომით და იქნებ სხვების მოტივებიც დავინახოთ?
– რუსეთს ბევრი არაფერი მიუღია: ის ჩავარდა ძალიან რთულ დიპლომატიურ მდგომარეობაში. ომის დაწყების შემდეგ ჩვენ ვითხოვდით უფრო მძაფრ პასუხს ქართველების მისამართით. ჩვენ ვითხოვდით, რომ დაბომბილიყო შინაგან საქმეთა სამინისტრო.
 – თბილისის მასშტაბურ დაბომბვას მოითხოვდით?
– რა თქმა უნდა, ჩვენ ვითხოვდით, რომ დაბომბილიყო შსს, თავდაცვის სამინისტრო.
 – ოო, უსიამოვნო მოსასმენია. ვინ – თქვენ ითხოვდით?
– მე ვლაპარაკობ ჩემი ცენტრის სახელით. ჩვენ ვითხოვდით, თუ ომია, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უნდა განადგურებულიყო ინფრასტრუქტურა; უნდა მოვქცეულიყავით ისევე, როგორც მოიქცნენ ამერიკელები იუგოსლავიაში: მათ იერიში მიიტანეს ტელევიზიაზე, დაიღუპა 19 ადამიანი, მაგრამ შემდეგ ამერიკელებმა თქვეს, ისინი დაკავებული იყვნენ მილოშევიჩის პროპაგანდითო. შესაბამისად, ის არხებიც, რომლებიც პროპაგანდას უწევდნენ სააკაშვილის რეჟიმს და ისე აჩვენებდნენ ამ ომს, როგორც სააკაშვილს უნდოდა, უნდა განადგურებულიყო; უნდა განადგურებულიყო ელექტროსადგურები, საერთოდ, ახლა შუა საუკუნეები არ არის და ძალიან რთულია, გამიჯნო ერთმანეთისგან სამოქალაქო და სამხედრო ობიექტები.
– თბილისში ჩამოვარდა რამდენიმე ბომბი და მათ სამხედრო ინფრასტრუქტურა გაანადგურეს.
– უნდა განადგურებულიყო ყველაფერი, რასაც შეეძლო, დახმარებოდა სააკაშვილის რეჟიმს. მაგალითად, თქვენ გაქვთ სამოქალაქო ავიაკომპანია, სახელწოდება არ მახსოვს, ჰყავს სამოქალაქო ვერტმფრენები, მაგრამ ომის დროს ეს ვერტმფრენები ფრინავდნენ ხელისუფლების ინტერესებით.
– ეს არ არის ბუნებრივი? აბა, ვისი ინტერესებით უნდა ეფრინათ?
– შესაბამისად, ეს ვერტმფრენები უნდა განადგურებულიყო. ამ მხრივ, ჩვენ ვაკრიტიკებდით ჩვენს სახელმწიფოს, რადგან მას უნდოდა, მოსწონებოდა დასავლეთს. ჩვენ მაინც დაგვდეს ბრალი აგრესიასა და არაპროპორციული ძალის გამოყენებაში, მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობდით, კულტურულად გვემოქმედა.
– ესე იგი, ეს იყო კულტურული აგრესია?
– ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ეს აგრესია იყო, ეს თქვენი ინტერპრეტაციაა.
– აგრესია არ იყო?! აბა, რა იყო?
– არ იყო აგრესია.
– ვერ ვხვდები, ამიხსენით, თუ შეიძლება?!
– ვინ შევიდა „იუჟნაია ოსეტიას“ ტერიტორიაზე.
– ჩვენი სახელმწიფო, ისევე, როგორც რუსეთის სახელმწიფო შევიდა ჩეჩნეთის ტერიტორიაზე.
– თქვენ კი ამბობთ, აგრესიააო, მაგრამ რუსეთმა ჩათვალა, რომ დაიღვარა მისი სამშვიდობოების სისხლი და ამის საფუძველზე საპასუხოდ დაარტყა, ქართულმა ჯარმა დატოვა „იუჟნაია ოსეტიას“ ტერიტორია და შემდეგ რუსეთმა აღიარა „იუჟნაია ოსეტია“.
– ესე იგი, ფოთში, გორში, ქართლში მშვიდობიანი მოსახლეობა რომ დაიღუპა, ეს აგრესია არ არის?!
– პირველად ადამიანები დაიღუპნენ არა რუსების, არამედ ქართველების ტყვიით. საერთოდაც, მოგიწოდებთ, ვისაუბროთ ომის სამხედრო და არა ჰუმანიტარულ ასპექტზე.
– თქვენი ლოგიკა მინდა გავიგო და ამიტომაც ჩაგეძიებით. ვიმეორებ, მე არ ვწუწუნებ იმის გამო, თუ რატომ მოერია რუსული არმია ქართულს, იმიტომ რომ, ეს ომი იყო და იმარჯვებს უფრო ძლიერი! მე მინდა, გავიგო: მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვა რატომ არ არის აგრესია?!
– ჩვენ არაპროპორციულ პასუხში დაგვდეს ბრალი, ამიტომაც საჭირო იყო, ათჯერ მეტი დაგვებომბა, რომ დაგვენგრია მთელი ინფრასტრუქტურა, რომ განჭვრეტად მომავალში საქართველოს არ შეძლებოდა თავისი არმიის აღდგენა. ეს არ გაკეთდა და ჩვენ ვხედავთ, როგორ წარმატებით აღადგენს საქართველო თავის სამხედრო მანქანას.
– არ ვიცი, რამდენად წარმატებით. მოდი, დანაკარგებზე ვისაუბროთ.
– ომის შემდეგ გაკეთდა ნაჩქარევი დასკვნები, რომ განადგურდა ქართული ჯარის ტექნიკის დიდი ნაწილი. ახლა ირკვევა, რომ საქართველომ მეტად ეფექტურად გადამალა თავისი შეიარაღება. თქვენმა შსს-მ 11 აგვისტოს რუსებს ცხვირწინ ააცალა ჩეხური „ჰაუბიცები“, ასე რომ, ქართული სამხედრო პოტენციალი შენარჩუნდა.
– მაგრამ ძალიან ბევრი რამ გაიტანეს რუსმა სამხედროებმა გორისა და სენაკის ბაზებიდან.
– გაიტანეს ავტომატები, მძიმე შეიარაღება დაგრჩათ.
– მე სულ სხვა მონაცემები ვნახე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საიტზე. ჩვენ დავკარგეთ 65 ტანკი, აქედან 40 გამართული წაიყვანესო. ეს სიმართლეა?
– საერთო ჯამში, რუსულ და ოსურ ჯარებს ხელში ჩაუვარდათ 65 ქართული ტანკი, თითქმის ყველა „ტ-72“-ის ტიპის, მათგან 44 ევაკუირებულ იქნა. ამას გარდა, 20 „ბე ემ პე“, რამდენმიე „ბე ტე ერი“, ორი ჯავშანმანქანა „კობრა“, რამდენიმე ათეული სხვადასხვა საარტილერიო საშუალება და ყუმბარმტყორცნი, მათ შორის, ორი „დანა“, ხუთი „ოსა“ და ოთხი „ბუკი“. განადგურდა რამდენიმე ათასი ცეცხლსასროლი იარაღი და ეკიპირება. ყველაზე სერიოზული ზარალი მიადგა პირველი ქვეითი ბრიგადის ბაზას, საარტილერიო ბრიგადას და გორის სატანკო ბატალიონს, სენაკის ბაზას და სანაპირო დაცვისა და სამხედრო-საზღვაო ძალების ბაზებს.
– როგორი საომარი პოტენციალი ჰქონდა ქართულ არმიას? რა ნიშანს დაუწერდით იმ ომში?
– რა თქმა უნდა, სააკაშვილის მხრიდან ეს იყო ავანტიურა. მინიმუმ მესამედი იმ ჯარებიდან, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ საომარ მოქმედებებში, არ იყო საბოლოოდ ფორმირებული. ნედლი ჯარი იყო. თქვენი საუკეთესო ბრიგადა ერაყში იმყოფებოდა, მხოლოდ შემდეგ გამოიძახეს. ყველაზე უკეთ იმუშავეს არტილერისტებმა, ცხინვალიც კარგად დაამუშავეს და სხვა სამიზნეებიც. ასევე, მფრინავებმაც პირველი ეფექტური რეისები განახორციელეს, მაგრამ შემდეგ თქვენმა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ გამოეყენებინათ ისინი. როგორც ჩვენ ვიცით, ომის მეორე დღეს ქართულმა „სუ-25-ებმა“ წარმატებით დაბომბეს სამიზნეები, მაგრამ შემდეგ ისინი გადამალეს. არ გვაქვს ზუსტი მონაცემები, რომ რუსებმა ან ოსებმა ჩამოაგდეს ქართული თვითმფრინავები. არმია ნედლი მასალა იყო და, საერთოდაც, არმია არ კეთდება 3-4 ან 5 წლის განმავლობაში, მეორეც, უნდა იცოდე, რას აკეთებ. თქვენთვის უსიამოვნო მოსასმენი იქნება, მაგრამ პოლიტოლოგებს აქვთ ასეთი ტერმინი: „ხალხის სული“, ერთი ხალხი ბრძოლისადმი უფრო შეგუებულია, მეორე – ნაკლებად. ქართველები ის ნაციაა, რომლებიც არ არიან შეგუებული რეგულარულ საომარ მოქმედებებს. მართალია, ყველას გაწვრთნაა შესაძლებელი, მაგრამ თქვენ გახასიათებთ მაღალი ემოციურობა და მაღალი თვითშეფასება. როდესაც ასეთი განწყობით იწყებ, რთულია, მიაღწიო წარმატებას, ომი უნდა დაიწყო საღ გონებაზე.
– როგორ გამოიჩინა თავი რუსულმა არმიამ?
– რუსეთის არმიამ კარგადაც გამოიჩინა თავი და ცუდადაც. რა იყო კარგი? გამოჩნდა, რომ ეს ომი პირადი შემადგენლობისთვის იყო „პრავედნაია ვოინა“, განსხვავებით ჩეჩნური ომისგან, როდესაც ადამიანებს არ ესმოდათ, რატომ გაუშვეს იქ, რას აკეთებდნენ ჩეჩნეთში?!
– იმის თქმა გინდათ, რომ რუს ჯარისკაცს არ ესმოდა, რა უნდოდა ჩეჩნეთში და ესმოდა, რა უნდოდა საქართველოში?!
– არა, ჩეჩნეთის ომის დროს არმია გამოუცდელი იყო, აქ კი არმია მომზადებული იყო.
– იდეოლოგიურად?
– თქვენ მუდმივად მაწყვეტინებთ, მესმის, რომ ეს თქვენთვის ტრავმატულია, მაგრამ მე ვყვები, როგორც დამკვირვებელი.
– საუბრის დროს მე არ ვფიქრობ იმაზე, რომ ვლაპარაკობთ ჩემს ქვეყანაზე, რადგან, ემოციურად რომ მივუდგე ამ საკითხს, საერთოდ ვერ ავიღებ ამ თემაზე ინტერვიუს. მე ასეთი სტილი მაქვს მუშაობის, თუ ხელს გიშლით მსჯელობაში, აღარ გაგაწყვეტინებთ.
– როგორც გინდათ, ისე გაუკეთეთ ინტერპრეტაცია. მეორე, ჩრდილოეთ კავკასიაში დისლოცირებული ნაწილები უფრო ბრძოლისუნარიანი იყო, ოფიცრები იყვნენ პროფესიონალები, განსხვავებით ქართველი ოფიცრებისგან; თავი გამოიჩინეს სადესანტო ჯარებმა, კარგად იმუშავა სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციამ. რაც მთავარია, რუსი ჯარისკაცი გამძლეა და ეს ხასიათია. რაც შეეხება იმას, რა იყო ცუდი: არ გვქონდა თანამედროვე ტექნოლოგიები, კავშირგაბმულობა და ცუდად მუშაობდა დაზვერვა, რუსულმა ავიაციამაც ცუდად აჩვენა თავი.
– ობიექტები დაბომბა, მეტი რა უნდა გაეკეთებინა?
– მან ჯეროვანი დახმარება ვერ აღმოუჩინა ქვეითებს და დაბომბვის ეფექტურობა იყო დაბალი. მაგალითად, დაიბომბა  მარნეულისა და ვაზიანის ასაფრენი ბილიკები 500-კილოგრამიანი ბომბებით. ერთ შემთხვევაში, ჩამოაგდეს 44 ბომბი და აფეთქდა 8, მეორე შემთხვევაში – 36 და აფეთქდა 12. ეს იმის ბრალია, საბრძოლო მასალები ძველია და პილოტების გაწვრთნილობაც დაბალ დონეზეა.
– ჯარების რაოდენობა როგორი იყო ორივე მხრიდან?
– 12 აგვისტოსთვის „იუჟნაია ოსეტიასა“ და მიმდებარე ტერიტორიებზე იმყოფებოდა, საერთო ჯამში, 14 000 რუსი სამხედრო მოსამსახურე, 100-მდე ტანკი და ამდენივე თვითმავალი საარტილერიო დანადგარი, 400-მდე „ბე ემ პე“ და 200-მდე „ბე ტე ერი“. აფხაზეთში იმყოფებოდა დაახლოებით 9 000 სამხედრო მოსამსახურე 350 ერთეული ჯავშანტექნიკით. რაც შეეხება საქართველოს: 9 აგვისტოს მზადყოფნაში იყო მოყვანილი შეიარაღებული ძალების მთელი შემადგენლობა და 9 000 რეზერვისტი. შესაბამისად, 12 აგვისტოს ქართულ მხარეს 40 000 სამხედრო მოსამსახურე ჰყავდა. შემდეგ უკვე რუსი სამხედროების რაოდენობამ ქართველებს გადააჭარბა.
– რამდენჯერ აღემატებოდნენ რუსები ქართველებს?
– ერთ-ნახევარჯერ, მაგრამ ეს საკმარისი იყო, თქვენი არმია დემორალიზდა.
– ქართველი ჯარისკაცი უკეთ იყო შეიარაღებული და ქართული მოდერნიზებული ტანკებიც სჯობდა რუსულს, რატომ ვერ მოხერხდა ამ უპირატესობის გამოყენება? 
– ისინი მოდერნიზებული იყო ღამის ბრძოლებისთვის, მაგრამ ღამის ბრძოლები, ფაქტობრივად, არც ყოფილა. ლამაზი ჯარისკაცები აღლუმზეა კარგი სანახავი, ომში, ანუ რეალურად, დიდი არაფერია. რატომ იმუშავეს ქართველმა არტილერისტებმა კარგად?
– ისინი ყოველთვის კარგად მუშაობენ, იმიტომ, რომ ტრადიცია არსებობს, აქვთ გამოცდილება.
– არა, ისინი, უბრალოდ, სახეში არ უყურებდნენ მოწინააღმდეგეს, სხვა საქმეა, როდესაც უშუალოდ უნდა იომო და მოკვდე, ეს ადვილი არ არის.
– ჰქონდა ქართულ არმიას პოტენციალი, რომ ასეთი მასშტაბები არ მიეღო მოწინააღმდეგის შემოჭრას?
– უკვე აღარ, როდესაც რუსები ჩაებნენ. არმია კოლაფსში იყო, თბილისის გარშემოც ერაყიდან გამოძახებული ბრიგადა განალაგეს. ჩვენი მონაცემებით, დეზერტირობის 1 700 საქმეა აღძრული, ესე იგი, გამოდის, ქართულ არმიაში ყოველი მერვე დეზერტირია. რაღაც მომენტში არმია უკვე აღარ არსებობდა, იმიტომ რომ ის არ იყო მზად რუსეთთან ომისთვის და მას არც უნდოდა რუსებთან ომი, მას უნდოდა ომი ოსებთან. მიჭირს თქვენს კითხვაზე პასუხის გაცემა, მაგრამ, თუ შავ-თეთრი პასუხი გინდათ: შანსი არ გქონდათ! თუმცა ომი კომპიუტერული თამაში არ არის და ყველაფერი შეიძლება, მოხდეს.
– მეც შავ-თეთრად გკითხავთ: მეორე ომი იქნება?
– ექსპერტების აზრი გაიყო: ერთნი ამბობენ, რომ სააკაშვილს უნდა რევანში, მაგრამ, ჩემი აზრით, იმდენად დიდი იყო დამარცხება, რომ ძალიან ძნელი იქნება მეორედ ქართველების საომრად წაყვანა. ომი არ სჭირდება არც რუსეთს: ის კმაყოფილია იმ სტატუს-კვოთი, რაც არის.
– მე არაერთხელ მომისმენია რუსი ექსპერტებისგან, თუ ნატოს შემოიყვანთ რეგიონში, ომი გარდაუვალიაო.
– ნატოში შეიძლება, ძალიან სწრაფად შეხვიდე, მაგრამ მაშინ უარი უნდა თქვათ აფხაზეთსა და „იუჟნაია ოსეტიაზე“ და ამას ვერასდროს ვერ იტყვის ვერც ერთი ქართველი პოლიტიკოსი, იმიტომ, რომ ამის თქმა ნებისმიერი ქართველი პოლიტიკოსისთვის იქნება თვითმკვლელობა!

ნინო ხაჩიძე

скачать dle 11.3