კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ვერ დასჯის კანონი მოქალაქეს, თუკი პოლიტიკოსს სიძულვილის ენით დაელაპარაკება და რატომ დაისჯება ის, თუკი იმავეს სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელს ეტყვის

ვაჟას თუ ვენდობით (და უნდა ვენდოთ!), „კლდემ ერთხელ სთქვა“, „ადამიანებო, გიყვარდეთ ერთმანეთი“, თუმცა კაცობრიობა, როგორც წესი, სიყვარულს სიძულვილს ამჯობინებს. და, რაკი ამჯობინებს, ცივილიზებულმა სამყარომ ამას სასჯელი დაუპირისპირა. კერძოდ, განსაზღვრა, რა მიიჩნევა ქსენოფობიად და ერთი ადამიანის მიერ მეორე ადამიანის მისამართით არათუ შეურაცხმყოფელ ქცევებს, გამონათქვამებსაც კი აკრძალვები დაადო. რა მიიჩნევა თანამედროვე სამყაროში ქსენოფობიურ გამონათქვამად, როგორ არეგულირებს საერთაშორისო თუ სხვადასხვა ქვეყნის სამართალი ამ საკითხს და როგორ წყდება ეს პრობლემა ოცდამეერთე საუკუნის საქართველოში, თემას საიას იურისტი გიორგი გოცირიძე განგვიმარტავს.  
– როდის მივიდა ცივილიზებული სამყარო იმ აზრამდე, რომ ქსენოფობია უნდა აკრძალულიყო და როგორ გაჩნდა ეს ტერმინი?
– უპირველესად, სიძულვილის ენისა და დისკრიმინაციული გამონათქვამების დეფინიცია საერთაშორისო კანონმდებლობაშია ასახული, თუმცა ასეთი გამონათქვამები მრავალ სახელმწიფოში რეგულირების საგანია.
– ჩვენთან?
– ჩვენთან ცოტა განსხვავებული სიტუაციაა. 1966 წელს გაერომ მიიღო კონვენცია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ და საქართველო მისი მონაწილე 1999 წელს გახდა. კონვენციაში პირდაპირაა მითითებული, რომ მონაწილე სახელმწიფოები ვალდებული არიან, კანონით დასჯად ქმედებად გამოაცხადონ ისეთი იდეების გავრცელება, რომლებიც ემყარება რასობრივ დისკრიმინაციასა და ზიზღს. უფრო ზუსტად, დაისაჯოს რასობრივი დისკრიმინაციის ყოველგვარი წაქეზება, ასევე, ძალადობის აქტები, ნებისმიერი ძალადობის აქტების წაქეზება, რომლებიც მიმართულია ნებისმიერი რასის, კანის ფერის, ეთნიკური წარმოშობის ჯგუფების წინააღმდეგ. ანუ ცალსახადაა მინიშნებული, კონვენციის მონაწილე სახელმწიფო ვალდებულია, დააწესოს მსგავსი სახის აკრძალვები. ვახსენე, რომ მრავალ ქვეყანაშია აკრძალული სიძულვილის ენა, თუმცა არსებობს ორი მიდგომა: ერთია, ამერიკული მიდგომა, რომელიც სიძულვილის ენას კრძალავს მაშინ, როდესაც ის შეიცავს მყისიერ საფრთხეს. ანუ მას მოჰყვება სხვა ჯგუფის წარმომადგენლების განადგურება. ამის კარგი მაგალითია „კუ-კლუკს-კლანის“ მიერ ებრაელის ან შავკანიანი ადამიანის სახლთან ჯვრის აღმართვა, რადგან ეს არის გაფრთხილება, რომ მას მოკლავენ და, ბუნებრივია, ასეთი ტიპის ქმედება, რადგან შეიცავს მოწოდებას კონკრეტული ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის წინააღმდეგ, აკრძალულია ამერიკის შეერთებულ შტატებში. თუმცა თავისთავად ისეთი იდეების გავრცელება, რომლებიც შეიცავს სიძულვილის ენას, ამერიკის შეერთებულ შტატებში არ არის აკრძალული.
– ანუ, თუ ვიტყვი, აი, ეს ფერადკანიანი ან ცისფერი-მეთქი, ამისთვის არ დამსჯიან?
– შეურაცხმყოფელი ფორმითაც რომ თქვათ, თუკი არ შეიცავს ადამიანის ჯანმრთელობის ან სიცოცხლის დაზიანების საფრთხეს, არ დაისჯებით, მაგრამ სხვაგვარი მიდგომაა ევროპულ სახელმწიფოებში. იმის მიუხედავად, შეიცავს თუ არა გამონათქვამი მყისიერ საფრთხეს, ეს ქმედება მაინც აკრძალულია. მაგალითად, ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაშია აკრძალული მეორე მსოფლიო ომის დროს ჰოლოკოსტის უარყოფა. მაგალითად, საფრანგეთში სისხლის სამართლის დანაშაულად გამოცხადდა პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა გენოციდი. ერთი სიტყვით, სხვადასხვა ტიპის დისკრიმინაციული გამონათქვამები, იმისდა მიუხედავად, შეიცავს თუ არა საფრთხეს, აკრძალულია სისხლის სამართლის კანონმდებლობით. რაც შეეხება საქართველოს: აქ მსგავსი სახეობის რეგულაცია არ არსებობს.
– სანამ  ამ საკითხზე გადავალთ. რა სანქციებს ითვალისწინებს სიძულვილის ენის გამოყენება ევროპაში?
– მაგალითად, გერმანიაში ანტისემიტური ქსენოფობიური მასალის გავრცელება ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5 წლამდე ვადით. ანუ ჩვეულებრივი სისხლის სამართლის დანაშაულია. სხვადასხვა ტიპის სანქციებია ევროპის ქვეყნებში და მერყეობს თავისუფლების აღკვეთით 3-დან 5 წლამდე.
– მხოლოდ პატიმრობაა დასჯის ფორმა?
– შესაძლებელია, ეს იყოს ჯარიმაც. მაგალითად, არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება რუსეთის წინააღმდეგ, სადაც ჟურნალისტი ქვეყნის წარუმატებლობას აბრალებდა რუსეთში მცხოვრებ ებრაელ მოსახლეობას. ამ ჟურნალისტს ჩამოართვეს ჟურნალისტური საქმიანობის უფლება.
– ევროპულმა სასამართლომ?
– არა, ჩამოართვა რუსეთმა და იმ ჟურნალისტმა მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, მაგრამ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თქვა, რომ რუსეთის სახელმწიფოს არ დაურღვევია ამ ადამიანის გამოხატვის თავისუფლება, ვინაიდან ადამიანის უფლებათა მეათე მუხლი ამბობს, რომ სიძულვილის ენა არ არის დაცული გამოხატვის თავისუფლებით. შესაბამისად, რუსეთის სახელმწიფოს ამ ადამიანის დასჯით არ დაურღვევია გამოხატვის თავისუფლება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გამოხატვის თავისუფლებად არ მიიჩნევს სიძულვილის ენის გამოყენებას.
მაგალითად, გასული საუკუნის 60-იან წლებში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შესული იყო ნიდერლანდების ორი მოქალაქის საჩივარი. საქმე ეხებოდა ამ ორი მოქალაქის მიერ რასისტული შინაარსის მოწოდებების გავრცელებას, ძირითადად, ემიგრანტების ქვეყნიდან გასახლებას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არ დაუშვა ეს საჩივარი და სტრასბურგის სასამართლოს მოტივაცია ასეთი იყო: ეს ადამიანები ნიდერლანდების მთავრობას რომ არ დაესაჯა, ის დაარღვევდა კონვენციას რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ, რომელიც სახელმწიფოს ავალდებულებს ასეთი ტიპის ქმედებების დასჯას. ამით სასამართლომ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია არ იცავს სიძულვილის ენას გამოხატვის თავისუფლებით. ანუ სიძულვილის ენის შუზღუდვით გამოხატვის თავისუფლება არ ირღვევა. ასეთია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მკაფიო პოზიცია.
– ევროპის მიდგომა გასაგებია, როგორ იქცევიან ამერიკის შეერთებულ შტატებში?
– იქ უნდა დაადასტურო, რომ სიძულვილის ენას მოჰყვება კონკრეტული საფრთხე.
– ვთქვათ, დავადასტურე.
– მაგალითად, იმის თქმა, რომ პირველი მსოფლიო ომის დროს არ მომხდარა სომეხთა გენოციდი, არანაირ სასჯელს არ ითვალისწინებს. მაშინ, როდესაც ამის თქმისთვის ევროპაში შეიძლება, დაგსაჯონ.
– რით იხსნება ასეთი განსხვავებული მიდგომები? თუმცა ამერიკის კონსტიტუცია მკაფიოდ ამბობს, რომ დისკრიმინაცია დაუშვებელია.
– ამერიკის შეერთებულ შტატებში ლიბერალური მიდგომა იხსნება იმით, რომ ის შედარებით მულტიკულტურული სახელმწიფოა. ემიგრანტების სახელმწიფოა და ამ სახელმწიფოს იდეა, თავისთავად, გამორიცხავს სიძულვილის ენას ან სიძულვილის ენით რამე ზიანის მიყენებას ამ სახელმწიფოსთვის. მაშინ, როდესაც ევროპაში მიაჩნიათ, რომ, მაგალითად, ჰოლოკოსტს წინ უძღოდა სიძულვილის ენის გამოყენება და პროპაგანდისტული კამპანიები, რაც დასრულდა ჰოლოკოსტით. ანუ მათ შორის ისტორიული განსხვავებებია. ამერიკის შეერთებულ შტატებს სხვაგვარი გამოცდილება აქვს, ევროპას –  სხვაგვარი. თუმცა, მაგალითად, კანადის უზენაესმა სასამართლომ 1990 წელს განიხილა საქმე ერთ-ერთი პროფესორის წინააღმდეგ, რომელიც ებრაელებს უწოდებდა მატყუარებს, ჰოლოკოსტს –  მოგონილს. კანადის უზენაესმა სასამართლომ გადაუხვია ამერიკის შეერთებული შტატების პრაქტიკას, გაიზიარა ევროპული გამოცდილება და პასუხისგებაში მისცა ეს პროფესორი, იმისდა მიუხედავად, რომ ვერ დადასტურდა უშუალო საფრთხე ამ კონკრეტულ შემთხვევაში.
– თუკი სიძულვილის ენას გამოვიყენებ, ვთქვათ, ფაშისტების ან კომუნისტების წინააღმდეგ, მაინც დავისჯები?
– კომუნისტებისა და ფაშისტების წინააღმდეგ ასეთი გამონათქვამი არ ჩაითვლება სიძულვილის ენად, რადგან ეს არის პოლიტიკური გაერთიანებები, პოლიტიკურ დისკუსიაში კი სიძულვილის ენა არ არის აკრძალული, რადგან პარტიული კუთვნილება არ არის ადამიანის თანდაყოლილი იდენტობა. სიძულვილის ენის ობიექტი შეიძლება, იყოს კონკრეტული ეთნიკური, რელიგიური თუ სექსუალური ჯგუფის წარმომადგენელი. პოლიტიკურ დისკუსიაში გამოხატვის თავისუფლების ხარისხი გაცილებით მაღალია და თმენის გაცილებით მეტი ვალდებულება ეკისრებათ პოლიტიკაში ჩართულ ადამიანებს, ვიდრე კონკრეტული ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებს. გარდა ამისა, ამ კონვენციაში ზუსტადაა ჩამოთვლილი ის ნიშნები, რომლებსაც ეს კონვენცია იცავს. ესენია: რასა, კანის ფერი, საგვარეულო, ეროვნული და ეთნიკური წარმომავლობის ნიშნები და ადამიანის პოლიტიკური კუთვნილება ამ ჩამონათვალში არ ჯდება.
– ანუ პოლიტიკოსებს თავისუფლად შეგვიძლია, ვუწოდოთ, რაც გაგვიხარდება.
– პოლიტიკოსთან და პოლიტიკურ დებატებში გამოხატვის თავისუფლება დაცულია და ამ შემთხვევაში ტერმინ სიძულვილის ენას ვერ გამოვიყენებთ.
– თალიბებზე რომ ვთქვა რამე სიძულვილით, დავისჯები?
– თალიბები უფრო პოლიტიკური ტიპის ჯგუფია, რადგან მმართველი ჯგუფია და ამიტომ მათთან მიმართებაში სიძულვილის ენა შეიძლება, იქნეს გამოყენებული. სხვა საქმეა, თუ გამონათქვამი შეეხება ზოგადად ავღანელ ხალხს.
– სატანისტები რომ გავლანძღო?
– როდესაც დისკრიმინაციაზეა საუბარი, უპირველესად, უნდა დადგინდეს ჯგუფის არსებობა და რამდენად წარმოადგენს ეს მათ მყარ იდენტობას. მაგალითად, თვითონ ჯგუფია კრიტიკის საგანი თუ მათი კონკრეტული ქმედება. თუკი ქმედებაა თავდასხმის ობიექტი, ეს დისკრიმინაცია არ არის, მაგრამ, თუ თავდასხმაა ჯგუფზე და ადამიანის კუთვნილებაზე ამ ჯგუფთან, მაშინ ეს ცალსახად სიძულვილის ენაა.
– მიუხედავად იმისა, რომ ევროპა და ამერიკა არიან გაეროს ამ კონვენციის მონაწილეები, მათ აქვთ თავიანთი კანონებიც, რომლებიც არეგულირებენ სიძულვილის ენას თუ ქმედებას, ჩვენ რით ვხელმძღვანელობთ, სად წერია კონკრეტიკა?
– ჩვენთან სხვაგვარი ვითარებაა. ჩვენთან აკრძალვა არის მხოლოდ ორ კანონში: პირველია მაუწყებელთა შესახებ კანონი და ეს ეხება ტელევიზიებს და რადიოებს. სიძულვილის ენის აკრძალვა არ ვრცელდება ჟურნალ-გაზეთებზე. ამდენად, თქვენ შეგიძლიათ, გამოიყენოთ სიძულვილის ენა და ამის გამო კანონით ვერ დასჯიან თქვენს გამოცემას. ტელევიზიისა და რადიოების შემთხვევაში კი მოქმედებს სპეციფიკური რეგულირება. მართალია, მათ კომუნიკაციების ეროვნული კომისია არ დააკისრებს სანქციებს სიძულვილის ენის გამოყენებისთვის, მაგრამ კანონი ავალდებულებს ტელევიზიებსა და რადიოებს, ჰქონდეთ თვითრეგულირების მექანიზმი. მათ თავადვე უნდა შექმნან საჩივრის განმხილველი ორგანო და სასჯელი შეიძლება, იყოს კონკრეტული პირის დისციპლინური სასჯელი, მაქსიმუმ –  სამსახურიდან გათავისუფლება ან მაყურებლისთვის ბოდიშის მოხდა, სხვა სანქციები გამორიცხულია. სახელმწიფო ამაში არ ერევა და ხშირად თანამშრომლებისგან კომპლექტდება ასეთი ორგანო. შესაბამისად, თავის თავს თავადვე აკისრებს სანქციებს, რაც არ მგონია, მართებული და ეფექტიანი იყოს. იშვიათია კონკრეტული სანქციების დაკისრებაც. მაგალითად, მე მახსენდება, როდესაც „რუსთავი 2-ის“ დილის გადაცემის წამყვანს საყვედური გამოუცხადეს სიძულვილის ენის გამოყენებისთვის, როდესაც მან ელტონ ჯონის სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებით დამამცირებელი კომენტარი გააკეთა.
– მე მახსოვს, დილის გადაცემის ერთ-ერთმა წამყვანმა განაცხადა, რუსული ენა მძულსო, თუმცა ეს არ აღქმულა სიძულვილის ენად.
– იშვიათია სანქციები სიძულვილის ენის გამოყენების გამო. ერთხელ ტელეკომპანია „იმედმა“ მოიხადა ბოდიში, რადგან, როდესაც „მანსანკანი“ გადიოდა ეთერში, შეკითხვას, რა იყო მეორე მსოფლიო ომში ჰიტლერის ყველაზე დიდი მიღწევა, უპასუხეს, ის, რომ ყველა ებრაულ ოჯახს ჰქონდა გაზიო. სხვა შემთხვევას ვერ ვიხსენებ.
– მეორე კანონი რას ეხება?
– ეს არის შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონი, რომელიც ამბობს, რომ, თუკი შეკრებებსა და მანიფესტაციებზე არაერთხელ იქნება გამოყენებული სიძულვილის ენის შემცველი მოწოდებები, ხელისუფლებას აქვს უფლება, ასეთი აქცია დაშალოს.
– სიძულვილის ენის დეფინიცია არის ჩვენს კანონში განმარტებული?
– არა, ერთადერთი დეფინიცია არის კონვენციაში, თუმცა შესაძლებელია, რომ ეს  კონვენცია გამოიყენონ, რადგან ჩვენ ვართ მისი მონაწილე.
– ვინ აფასებს, რომ კონვენცია დაირღვა შეკრებებსა და მანიფესტაციებზე? რომელ ორგანოს აქვს ამის კომპეტენცია?
– მაუწყებლების შემთხვევაში –  მათ მიერვე შექმნილ თვითრეგულირების ორგანოს, მანიფესტაციების შემთხვევაში კი – ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელს. როდესაც საპროტესტო აქცია ტარდება, იქ უნდა იმყოფებოდეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელი, რომელიც თვალყურს უნდა ადევნებდეს, მიმდინარეობს თუ არა კანონის შესაბამისად საპროტესტო აქცია. თუკი კანონის მოთხოვნები დაირღვევა, ის მისცემს მითითებას, რომ ეს დარღვევა გამოასწორონ. თუ არ გამოასწორებენ, სამართალდამცველების ჩარევით აქცია დაიშლება.
– აქედან გამომდინარე, რა სამართლებრივ საფუძველზე გაათავისუფლეს რობერტ სტურუა? ითქვა, ვერ ავიტანთ ქსენოფობს თეატრშიო, თუმცა, რატომღაც, ქსენოფობ პარლამენტარზე იგივე ვერატანა არ გავრცელდა?
– საერთოდ, საჯარო მოხელეებს ჰმართებთ, იყვნენ ნეიტრალურები. როდესაც ადამიანს საჯარო სამსახურში იღებენ, ის ფიცს დებს, რომ მოემსახურება ხალხს და, ბუნებრივია, მის მოვალეობასთან შეუთავსებელია სიძულვილის ენის გამოყენება. შესაბამისად, სახელმწიფო ვალდებულია, ეს მიიჩნიოს საჯარო მოხელის საქმიანობასთან შეუთავსებელ ქმედებად და გაათავისუფლოს სამსახურიდან. თუმცა რობერტ სტურუას შემთხვევაში ეს მოთხოვნა არ ვრცელდებოდა, რადგან ის არ ყოფილა საჯარო მოხელე და, ამდენად, ეს ვერ გახდებოდა მისი გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველი.
– როდესაც პრეზიდენტმა ახსენა ზანგები?
– ესეც სიძულვილის ენაა, მაგრამ არც პარლამენტის წევრის და არც პრეზიდენტის შემთხვევაში არ არსებობს ზემოქმედების მექანიზმი.
– რომ მოვთხოვოთ, დაემორჩილონ გაეროს შესაბამის კონვენციას?
– დიახ.
– კონვენციაზე მაღლა დგანან?
– უბრალოდ შიდა მექანიზმი არ არსებობს და, რა თქმა უნდა, კონვენციის დარღვევაა, როდესაც სახელმწიფოს არ გააჩნია შიდა მექანიზმი, რომლითაც რეპრესიულ პასუხს გასცემს სიძულვილის ენის გამონათქვამებს.
– თუ სწორად გავიგე, როდესაც პოლიტიკური ოპონენტები ერთმანეთს უწოდებენ მუმიებს, პოლიტიკურ გვამებს და ასე შემდეგ, ეს დასაშვებია?
– ეს არის სიძულვილის ენა, მაგრამ, სამწუხაროდ, დაუსჯელი რჩება.

скачать dle 11.3