კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ძვირფასი სამკაულის გამო დამდურებული ძმები, მამის ანდერძი და ძველი ფოტოსურათის ძალა

ამ ისტორიას „კურიოზს“ კი არა, უფრო „სასწაულს“ დავარქმევდი.
საოცარი კაცი იყო ჩემი სიყრმის მეგობარი ვარლამი: კეთილშობილი, ავკარგიანი, პატიოსანი და გულმოწყალე. ცოლი ადრე გარდაეცვალა და მარტომ გაზარდა სამი ვაჟიშვილი. განათლება მისცა, გზაზე დააყენა, მაგრამ, სამივე თბილისში დასახლდა და ნაამაგარი მამის სანახავად წელიწადში ერთხელაც არ ამოდიოდნენ სოფელში – არ ეცალათ.
ხელმოკლედ ცხოვრობდა ჩემი მეგობარი. ერთადერთი ღირებული ნივთი გააჩნდა – ალმასებით მოოჭვილი გულსაბნევი, რომელიც გურიელის ცოლს უჩუქებია თავისი ნათლულისთვის – ვარლამის ბებიისთვის ქორწილში. სწორედ გულსაბნევი იყო, მტრებად რომ გადაჰკიდა ერთმანეთს ვარლამის შვილები – ყველას თავისთვის უნდოდა ეს უნიკალური სამკაული და ისე იჩხუბეს, ლამის სისხლი დაიღვარა. მას შემდეგ აღარც მამის სანახავად ჩამოსულა არც ერთი და აღარც ერთმანეთს დალაპარაკებიან. ამ ყველაფერს ძალიან განიცდიდა საწყალი ვარლამი და შემომჩივლებდა ხოლმე, ტყუილად მიცხოვრია ამქვეყნად, მე რა კაცი ვარ, შვილებს ერთმანეთი ვერ შევაყვარეო. საბოლოოდ, სწორედ ამაზე ნერვიულობამ მოუღო ბოლო – ერთ დღესაც, ლოგინად ჩავარდა და ერთ თვეში წავიდა იმქვეყნად.
გარდაცვალებამდე ორი კვირით ადრე, დასახედად რომ მივედი, ვარლამმა მომცა ის გულსაბნევი და მთხოვა, წადი თბილისში, გაყიდე, მერე იმ თანხით ჩემი ორმოცისთვის დიდი პურმარილი გაშალე და მთელი სოფელი დაპატიჟე, ჩემს შვილებს კი ყველას სათითაოდ მისწერე, მამაშენმა ანდერძით შენთვის რაღაც დამიტოვა და თუ ორმოცისთვის ჩამოხვალ, გადმოგცემ-თქო. მერე კერძების სია მომცა – ეს უყვარდათ ჩემს ბიჭებს ბავშვობაშიო და, კიდევ, ფოტოსურათი მაჩვენა ვარლამსა და მის ცოლს ბავშვები კალთაში უსხედან და მათ ფონზე ის სახლი ჩანს, რომელშიც ბიჭები გაიზარდნენ და მთხოვა, სამ ცალად გადამიმრავლეო.
მართალია, ვარლამის გასვენებას ძლივს ჩამოუსწრეს შვილებმა და შუა ქელეხიდან წავიდნენ – სამსახურს ვერ გავაცდენთო (ერთი ღამეც კი არ გაათენეს მამაპაპეულ სახლში), მაგრამ, მეორმოცე დღეს, დილის 9 საათზე მოგრიალდა სამივე, თავ-თავისი „ჯიპებით“. ერთმანეთს არც კი მისალმებიან, ისე მომადგა სამივე ცალ-ცალკე და ანდერძით დატოვებული ნივთის მიცემა მომთხოვა. მე ვუთხარი, სასაფლაოდან რომ დავბრუნდებით, მერე-მეთქი.
გავედით საფლავზე, ყველა რიტუალი შევასრულეთ და, სახლში რომ დავბრუნდით, მეზობელმა ქალებმა უზარმაზარი სუფრა გაშლილი დაგვახვედრეს. ჯერი შვილების სადღეგრძელოზე რომ მიდგა, წამოვდექი, სამივე ერთად ვადღეგრძელე და მამის დანაბარები გადავეცი: ის გულსაბნევი ვარლამმა გაყიდა, იმ ფულით ეს პურმარილი გაგიწყოთ და, თუ ატყობთ, ძირითადად ის კერძებია აქ, რომლებიც თითოეულ თქვენგანს ბავშვობაში უყვარდა. დარჩენილი თანხა კი ზუსტად სამ ნაწილად გავყავი, კონვერტში ჩავაწყვე და ახლავე მოგართმევთ თითო სურათთან ერთად, რომელიც მამათქვენმა  შემთხვევით იპოვა სახლში, სამ ცალად გადამამრავლებინა თქვენთვის და, ასე დაგიბარათ, თუ ერთმანეთს არ შეურიგდებით, ეს სურათები დახიეთ და გადაყარეთ და მშობლების სახელი აღარასოდეს ახსენოთო.
კონვერტები რომ ჩამოვურიგე, სამივემ მაშინვე ამოიღო სურათები, ცოტა ხანს დაჰყურებდნენ და მერე სასწაული მოხდა: სამივე თავჩაღუნული დაიძრა ერთმანეთისკენ, გადაეხვივნენ ერთმანეთს და ამხელა კაცები ხმამაღლა აზლუქუნდნენ. კიდევ უფრო დიდი სასწაული ის იყო, რომ ფულიანი კონვერტები სამივემ უკან დამიბრუნა, ორ-ორი იმდენი თავისიც დაამატეს და მთხოვეს, ამ ფულით ვარლამისა და მისი ცოლის საფლავებისთვის მიმეხედა და სახლიც შემეკეთებინა.
იმ ღამეს ვარლამი ვნახე სიზმარში – ძალიან ბედნიერი იყო.

скачать dle 11.3