კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (52)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

ხაფანგში

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹6-17(591)

ქეთი ხაფანგში მომწყვდეული გარეული ცხოველივით გრძნობდა თავს, აქეთ-იქით რომ აწყდება, მაგრამ, არ იცის, რა ელის... რადგან, ბოლომდე არ აქვს გაცნობიერებული საკუთარი მდგომარეობის მთელი სიმძიმე. შიში დედინაცვალთან მოსალოდნელი შეხვედრის უფრო ჰქონდა, ვიდრე საერთოდ იმ სიტუაციისა, რომელშიც აღმოჩნდა. სამაგიეროდ, გიო უსტვენდა მხიარულ ჰანგებს და საფირმო წარწერებით დამშვენებულ ჩანთებს ენერგიულად იქნევდა.
– მაგარი რაღაცეები ვიყიდეთ, სალი გულზე გასკდება!
– მეც სწორედ ეს მაფიქრებს, – ამოიოხრა ქეთიმ, – იცი, როგორ ვნერვიულობ?
– ნეტავი შენ! ღირსია. სულ ყიდულობს, ყიდულობს ტანსაცმელს და მაინც ჩაუცმელი დადის.
– რატომ დადის ჩაუცმელი? პირიქით, ყოველთვის ყველაფერს ირგებს და უხდება.
– ვის, სალის? კარგი რა... როგორი დიდი წარმოდგენის ყოფილხარ მაგ საფრთხობელაზე. ძალიან კი მოაქვს თავი, მაგრამ ერთი თაყვანისმცემელიც არ ჰყავს.
– შენ რა იცი, რომ არ ჰყავს? რომელი ისეთი დაკვირვებული ხარ, რომ არ გამოგეპარებოდა ეს ამბავი. შენ რას უნდა მიხვდე?
– რა ვიცი, თვითონვე იტყოდა. თავსაც გადაგვაჭამდა. არ იცი, როგორი ტიპია?
– პრინციპში, მართალი ხარ.
– თუმცა, სალომე და მისი ფსიქოლოგიური პრობლემები ჩვენ არ უნდა გვაინტერესებდეს.
– ნუ ამბობ ასე! ერთხელ ხომ უკვე გითხარი, შენი და ჩემი დაა, და, გვინდა ჩვენ ეს თუ არა, ერთი მამა გვყავს.
– ერთი მამა თუ გვყავს, ეგ მამაჩვენის პრობლემაა და არა ჩვენი.
– კარგი, აღარ გვინდა ამაზე.
– მართალი ხარ, ეგ „სტერვა“ იმად არ ღირს, რომ მე და შენ წავკინკლავდეთ.
– ნუ ლანძღავ, რა... – შეეხვეწა ქეთი, – მე ახლა იმაზე ვფიქრობ, ლელის ისტერიკებს როგორ გავუძლო.
– ფიქრით ნუ იღლი თავს, პირდაპირ ფაქტის წინაშე დავაყენოთ, –  თვალი ჩაუკრა გიომ დას და საკეტს გასაღები მოარგო.
– ნეტავი, პირდაპირ არ შეგვეფეთებოდეს და... – ინატრა ქეთიმ და უსიამოვნო წინათგრძნობით შეპყრობილი ძმას უკან მიჰყვა...
***
მარიკომ დაინახა, როგორ „შემოანათა“ ოფისის ჰოლში ვეებერთელა, კაშკაშა თაიგულმა და სკამზე მოუსვენრად აცქმუტდა... ნინის, რომელიც რაღაც ტექსტს კრეფდა კლავიატურაზე, ყურადღების მიღმა არ დარჩა მეგობრის უცნაური გააქტიურება, წამოიწია და კომპიუტერის მონიტორის ზემოდან გადაიხედა.
– რა ხდება მაგდასთან? ვა, თაყვანისმცემელი გამოუჩნდა? ნახე, რა თაიგული მოუტანეს?!
– თუ არ მეშლება, ეგ თაიგული მე მომიტანეს და, მაგდას რომ შურის პირველი ტალღა გადაუვლის, შემოვა და შემომიტანს.
– დარწმუნებული ხარ? – დაეჭვდა ნინი.
– აბსოლუტურად. თუ არ გჯერა, შეხედე... – მარიკომ ნიშნისმოგებით ჩაიცინა, – ეს შენთვის მოიტანეს. ოღონდ, არ უთქვამთ, ვისგან. ალბათ, შენ თავად მიხვდები და გამომგზავნმა ამაზე გათვალა.
– ვინ რაზე და რა გათვალა, შენი საქმე ნამდვილად არ არის, – მკაცრად უთხრა მარიკომ და მაგდას თაიგული გამოჰგლიჯა. მერე ნინის მიუბრუნდა, – ხომ ლამაზი ვარდებია?
ნინიმ მხრები აიჩეჩა:
– ბანალურია...
მარიკოს უხეშობით განაწყენებული მაგდა უსიტყვოდ გავიდა ოთახიდან.
– რა არის ბანალური, ვარდები? თანაც, ასეთი ფერის? ბევრი გინახავს ღია იისფერი ვარდი?
– ჰმ, ფერი რა შუაშია? საერთოდ არის ვახოს საქციელი ბანალური. შენ კი ცუდად იქცევი. რას ერჩოდი მაგდას?
– იმას, რომ მეტიჩარაა და ყველას საქმეში ცხვირს ყოფს, – ბოღმით ჩაილაპარაკა მარიკომ და ვარდებს ნაზად გადაუსვა ხელი.
– ტყუილად ერჩი, ნამდვილად არაფერი დაუშავებია, – ისევ გამოესარჩლა ნინი მაგდას.
– მართლა? არაფერი დაუშავებია? შენთვის ჯერ არ მოუცია რჩევა – ბრძნული, თავდაჯერებული ქალის რჩევა? მე უკვე ძალიან მიშლის ნერვებს მისი დამრიგებლური ტონი?
– რა გინდა, მარიკო? მოეშვი რა, საერთოდ არ ამოუღია ხმა.
– ჰო, ახლა არ ამოუღია... – მარიკომ ხმაურით გამოსწია სკამი და ვარდებში ახლა სახე ჩამალა, – მაშ, ბანალურია? ანუ, გოიმური, ხომ? შენც დაიბოღმე და შეგშურდა? ამ ქვეყანაში ვინმეს შეუძლია ნამდვილი მეგობრობა? როგორც კი გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში სოლიდური, წარმატებული მამაკაცი, მაშინვე დაივიწყე, რომ შენი მეგობარი ვარ, ნუ, ახლობელი მაინც. აქამდე ხომ გვესმოდა ერთმანეთის?
– იმიტომ გვესმოდა, რომ მაშინ ცოლიანი კაცის მოხიბვლა არ გქონდა გადაწყვეტილი, – მოურიდებლად მიახალა ნინიმ და თაიგულზე ანიშნა, – ბარათი სულაც არ არის აუცილებელი იმის მისახვედრად, ვინ გამოგიგზავნა ეგ ვარდები. რა თქმა უნდა, ვახომ.
– „რა თქმა უნდა, ვახომ“, – გამოაჯავრა მარიკომ, – უცებ როგორი მიხვედრილები გახდით ყველანი.
– ამას განსაკუთრებული მიხვედრილობა არ სჭირდება, – ნიშნის მოგებით თქვა ნინიმ, – აგერ, თავადაც მობრძანდა.
მარიკომ იქით გაიხედა, საითაც ნინიმ მიანიშნა და ვახო დაინახა. მაგდა მაგიდასთან დახრილი, ღიმილით ელაპარაკებოდა გოგოს, მერე შებრუნდა და წავიდა. ნირწამხდარ მარიკოს ოხვრა აღმოხდა.
– ნახე, არც გამოუხედავს! პრინციპში, ბუნებრივია, ალბათ, მერე დამირეკავს. ახლა ასათიანი აქ არის და ზედმეტი ყურადღება არ უნდა მივიპყრო.
ნინიმ უკმაყოფილოდ გადააქნია თავი;
– პირდაპირ, აღარც ვიცი, რა ვთქვა.
– არაფერი არ უნდა თქვა, უბრალოდ, გაჩუმდი... – მარიკოს გუნება გაუფუჭდა და მოიღუშა. ვარდებს უკვე აღარ აქცევდა ყურადღებას. სკამი აახრიგინა და კლავიატურაზე თითების ტყაპუნს მოჰყვა.
– შენს ადგილას მე კარგად დავფიქრდებოდი, – მაინც ვერ მოითმინა ნინიმ, – ყვავილებს რას ვერჩი, მაგრამ, ეს ამბავი კარგად არ დამთავრდება.
– ჰო, აბა რა... დამადგი თვალი და დამთარსე... – გამწარდა მარიკო, – შემეშვი, უნდა ვიმუშაო.
– როგორც გინდა, ოღონდ, მერე არ თქვა, რომ არ გამიფრთხილებიხარ, – ბოლო სიტყვა მაინც თქვა ნინიმ და მარიკოს საბოლოოდ მოუშალა ნერვები...
***
ვახომ თავდაჯერებული კაცის იერით შეაღო კაბინეტის კარი და ასათიანს ხელის აქნევით მიესალმა.
– ხომ არ დავაგვიანე? მარტო რომ ვარ და არავინ მაღვიძებს, დღე და ღამე მაქვს ხოლმე არეული...
– და ტვინიც... – მოუჭრა ასათიანმა, – არ მინდა, გეჩხუბო და შეხვედრაზე გაღიზიანებული წავიდე. სახეზე გეტყობა, რაც აგერია.
– მე? რა მეტყობა? რატომ იცი შენ ასეთი უცნაური ლაპარაკი? ქალი რომ ვიყო, შენნაირ მამამთილს არ ვინატრებდი. სულ ეჭვის თვალით მიყურებ და  მამოწმებ, თითქოს ჩემი მეგობარი არ იყო. კარგი რა, არც შენ ცხოვრობ მოწამეობრივი ცხოვრებით!..
– ვინ გითხრა, რომ მოწამეობრივად ვცხოვრობ? – შეუბღვირა ასათიანმა, – მე ეს გითხარი? მაგრამ, ცოლი არ მყავს და ეს მოქმედების თავისუფლებას მანიჭებს. როცა დავოჯახდები, გასართობს სხვაგან არ დავუწყებ ძებნას.
– ჯერ დაოჯახდი, – ამოიოხრა ვახომ, – სანამ ცოლს შევირთავდი, მეც ასე ვფიქრობდი.
ასათიანმა უკმაყოფილოდ გადააქნია თავი:
– ისეთი ცოლი რომ გყავდეს, რომლისთვისაც შენი ქარაფშუტული ცანცარი სულერთი იქნებოდა, კიდევ გავიგებდი, მაგრამ, ცისიას ხომ ვიცნობ, გაუგებარი არაფერი რჩება. გიღირს ეს ამურული თავგადასავლები იმ სკანდალებად, რომლებსაც ის გიწყობს? ამისთანა რა კაიფს იჭერ, გამაგებინე!
– ადრენალინი, დიმიტრი ჩემო, ადრენალინი! ზოგჯერ მშვიდი ცხოვრებაც გბეზრდება კაცს და მძაფრი ვნებები მჭირდება, თორემ, ცისიაც მიყვარს და ბავშვების გარეშე ცხოვრება საერთოდ ვერ წარმომიდგენია.
– მეც მაგას გიხსნი, რომ ოჯახის გარეშე არაფერს წარმოადგენ. მორჩი ამ სისულელეებს. სურვილი არ მაქვს, შენი ძიძა ვიყო, მით უმეტეს, შენსა და ცისიას შორის შუამავლად  ნამდვილად არ გამოვდგები.
– გავითვალისწინებ შენს მითითებებს, – ყალბი მორჩილებით წარმოთქვა ვახომ და გაიცინა, – კარგი რა, საქმეზე ვილაპარაკოთ. გეფიცები, არაფერს ვაშავებ, უმნიშვნელო ფლირტი მაქვს.
– ეგ ცისიას აუხსენი, იმას გააგებინე, ფლირტი მნიშვნელოვანი გაქვს თუ უმნიშვნელო, – ხელი ჩაიქნია ასათიანმა, – გამოუსწორებელი ხარ, ჭკუას ვერ სწავლობ. იცოდე, მერე გვიანი არ იყოს.
– არაფერია სანერვიულო, დამიჯერე.
– დაიმშვიდე თავი, დაიმშვიდე... მზად გაქვს საბუთები? მგონი, იმათ სხვა შეთავაზებაც აქვთ და ფასის აწევას შეეცდებიან.
– ეგ გავითვალისწინე და ღირსეულ წინააღმდეგობას გავუწევ... ეს რა არის? – ახლაღა შენიშნა ვახომ მაგიდაზე შეფუთული ყუთი და ხელი წაატანა.
– მოეშვი, საინტერესო არაფერია, – ასათიანმა ყუთის აღება სცადა, მაგრამ ვახომ დაასწრო, შეფუთული გახსნა და მეგობარს განცვიფრებით შეხედა.
– მობილური ტელეფონი? შენ იყიდე? რად გინდოდა? თან, ასეთი მოძველებული მოდელი... რეტრო მოგენატრა? მოიცა... მოიცა, თუ ეს ის არის, რასაც ვფიქრობ, საქმე იმაზე სერიოზულად ყოფილა, ვიდრე წარმომედგინა.
– მკითხაობა და ვარაუდ-არგუმენტები შენთვის შეინახე. დამჭირდა და მოვატანინე. ეგ შენ არ გეხება.
– სწორედაც რომ, მეხება. არ დაკვირვებიხარ, რომ ბოლო დროს ძალიან უცნაურად იქცევი?
– მე ვიქცევი უცნაურად? ჩემს თანამშრომელს მობილური არ აქვს, რაც ისევ მე მიქმნის დისკომფორტს. ოფისის ხარჯებიდან თანხა გამოიყო და ნათიას ვაყიდინე. თუმცა, რატომ მალაპარაკებ, ხომ გითხარი, რომ ეს შენი საქმე არ არის.
– შენ თავად მიხსნი ენის ბორძიკით და დანაშაულში გამოჭერილი პატარა ბიჭივით წითლდები. არ მინდა, დავიჯერო, რომ ეს ის არის, რასაც ვეჭვობ.
– არა, ის არ არის, –  მიახალა ასათიანმა და წარბი შეიკრა, – ნუ ერევი იმაში, რაც არ გეხება!
ვახომ უკმაყოფილოდ აიჩეჩა მხრები:
– კარგი, არ მეხება, მაგრამ, საჩუქარი თუ გინდოდა გოგოსთვის, ეს რამ გაყიდინა?
– ნათიას ვუთხარი, ნორმალური მობილური ეყიდა და ეს მოიტანა.
– ნათია უკეთესს რას მოგიტანდა, რა იცის ნათიამ?! ჩემთვის დაგევალებინა და მაგარ „ნავაროტკას“ მოგიტანდი. ვინღა ყიდულობს ასეთ მობილურს?
– ვახო, შენ ვერ გაიგე, რა გითხარი? თანამშრომელს მობილური სჭირდებოდა სამუშაოდ და არა სამარიაჟოდ და მოვრჩეთ ამაზე.
– გავჩუმდები. ვხედავ, საკუთარ თავსაც უმალავ, ამ გოგოთი რომ დაინტერესდი, ამიტომ, აღარ გაგაღიზიანებ. მაგრამ, ახლა მეც გირჩევ: ცოტა დროზე გაერკვიე საკუთარ გრძნობებში. ამას იმიტომ გეუბნები, რომ, თუ ვინმე დაზარალდება ამ გაურკვევლობიდან, ეს შენი თანამშრომელი იქნება. ქეთი ჰქვია, ხომ არ მეშლება?
ასათიანმა რაღაც გაურკვევლად ჩაილაპარაკა. ვახომ თანაგრძნობით შეხედა:
– იცი, რას გეტყვი? შენს მდგომარეობაში ვყოფილვარ, პრობლემა არ არის. მთავარია, საკუთარ თავთან იყო გულახდილი.
ასათიანს აღარაფერი უთქვამს, მხოლოდ შეხედა ვახოს და თავი ისე გადააქნია, ვერ მიხვდებოდი, ეთანხმებოდა თუ აპროტესტებდა მის სიტყვებს.
***
ლელის ყოველთვის მიაჩნდა, რომ გერებზე ერთხელ და სამუდამოდ გაიმარჯვა, როცა საბოლოოდ გადაბარგდა მათ მამასთან, უკვე მოზრდილ სალისთან ერთად. გიო მაშინღა იდგამდა ფეხს. ქეთი ისე იყო დათრგუნული დედის გარდაცვალებით და, იმითაც, რომ ის აღმოჩნდა გიოს ერთადერთი პატრონი, ქალისთვის არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია. არაფრით არ შეუშლია ხელი, ერთპიროვნულ მბრძანებლად ქცეულიყო. შეიძლება, ქეთი მაშინვე შეეგუა ბედს. ასე იყო თუ ისე, ლელი პირველივე დღეებიდან ნამდვილად ბოროტ დედინაცვლად მოევლინა ბავშვებს, უფრო ქეთის, რადგან გიო პატარა იყო და ბევრი არაფერი ესმოდა. ბიჭი სწრაფად მიეკედლა უფროს დას და მის კალთას შეაფარა თავი... ქეთი ალაგებდა სახლს, უვლიდა ძმას, სამზარეულოც მის კისერზე იყო და, მოგვიანებით, როცა ლელიმ აიძულა, სწავლის პარალელურად მოსწავლეებიც ჰყოლოდა, ოჯახის ბიუჯეტშიც შეჰქონდა მნიშვნელოვანი თანხა. მერე ქალს შემოსავალი არ ეყო, წუწუნს მოუმატა და ფინანსურ „კოლაფსში“ ქმრის შვილები დაადანაშაულა: „ორივეს ერთად დიდი ხარჯი აქვს. მერე რა, რომ ქეთი მუშაობს. დაჯექი და დაითვალე, რამდენს ჭამენ და სვამენ... ყველაფერს საზღვარი აქვს. ამ უფულობა-გაჭირვებაში ჩემი სიყვარული კვდება. გარდა ამისა, მეც პათოლოგიური შიშები დამეწყო, რომ ხვალ ბავშვი მშიერი დამრჩება. კაცი მეგონე, შენი იმედი მქონდა... მე ამას ვეღარ გავუძლებ, მოვკიდებ ხელს სალომეს და ცხრა მთას იქით გადავიკარგები და თვალს ვეღარასოდეს მოგვკრავ...“ კაცმაც ვეღარ გაუძლო, ცხრა მთას იქით თავად გადაიკარგა და თვეში ერთხელ ფულადი გზავნილების და გაიშვიათებული სატელეფონო ზარების ამარა დატოვა შვილები... ლელის აშკარად არ აწუხებდა მონატრების მწველი განცდები. ის კი არა, ფრთები კიდევ უფრო გაშალა. ხელის შემშლელი არც მანამდე ჰყოლია, მაგრამ, მარტო რომ დარჩა, თავისი ჭეშმარიტი სახე ბოლომდე გამოაჩინა... ვერც კი წარმოიდგენდა, თუ ქეთი ოდესმე გაბედავდა მისი ნების წინააღმდეგ წასვლას და ინდივიდუალიზმის თუნდაც რაიმე ფორმით გამოვლენას. ამიტომ, ფაქტობრივად, შოკი მიიღო, როცა პირდაპირ ფაქტის წინაშე აღმოჩნდა... ნავაჭრით დატვირთული ქეთი არ დაუნახავს – გიომ მოახერხა, დის საძინებლამდე ისე მიეღწიათ, რომ დედინაცვლის ყურადღება არ მიეპყროთ. ქარიშხალი თავიდან აიცილეს, მაგრამ, მხოლოდ დროებით. სკანდალი მაშინვე დაიწყო, როცა ლელიმ გასასვლელისკენ ფეხაკრეფით მიმავალ, გარეგნობაშეცვლილ ქეთის მოჰკრა თვალი:
– ეს რა არის, ქალბატონო? გაჩერდი და შემობრუნდი! შენ გელაპარაკები, გაჩერდი და შემობრუნდი-მეთქი!
– არ შემიძლია, სამსახურში მაგვიანდება, – თავის აუწევლად და შემოუბრუნებლად მიუგო ქეთიმ და კარის სახელურს ხელი წაატანა.
– ვერსადაც ვერ წახვალ, სანამ არ ამიხსნი, საიდან არის ეს ყველაფერი. როდის და როგორ მოახერხე, ჩემს ჩუმად ამდენი ფული დაგეხარჯა? ღმერთო, თვალებს ვერ ვუჯერებ, შოკში ვარ! მართალი ყოფილა ჩემი შვილი, როცა მაფრთხილებდა და მეუბნებოდა, მაგას ასე ნუ უყურებ, საშიში ვინმეა, ყველაფერს მალავს და ორმაგი ცხოვრება აქვსო...
– ლელი, სამსახურში მაგვიანდება. არ შეიძლება, ეს საუბარი საღამოსთვის გადავდოთ?
– არ შეიძლება, საღამომდე ვერ მოვითმენ! შემობრუნდი-მეთქი, თორემ, ისეთ კივილს ავტეხ...
– რაც გინდა, ის ქენი, სამსახურში ვერ დავაგვიანებ, – მოულოდნელად მტკიცედ წარმოთქვა ქეთიმ, სწრაფად გამოაღო კარი და ხმაურით მიიჯახუნა. ეს ისეთი წარმოუდგენელი იყო, ლელისთვის, რომ მხოლოდ გაურკვეველი შეძახილი აღმოხდა. ერთხანს გაშტერებული იდგა. მერე კი ისეთი ღმუილით შევარდა ოთახში, რომ ახალგაღვიძებული თმაგაწეწილი სალომე თვალების სრესით გამოვარდა თავისი საძინებლიდან:
– აუ... დამაძინეთ, რა! რა გაყვირებს დილაუთენია, რა მოხდა? არ შეგიძლია, ცოტა ხმადაბლა იჩხუბო? ხომ იცი, რომ გუშინ გვიან დავწექი და დღესაც მძიმე დღე მელოდება?! არა, რა, ამ სახლში ცხოვრება სულ უფრო აუტანელი ხდება. სხვისი სიმშვიდის გაფრთხილება არავინ იცის, პირიქით, ყველაფერს აკეთებენ, რომ, რაც შეიძლება დიდი ხმაური ატეხონ. სხვათა შორის, შენ მაინც შეგიძლია, საკუთარი შვილის სიმშვიდეზე იზრუნო.
– მერე, არ ვზრუნავ? მაგრამ, ისეთი ფაქტის წინაშე აღმოვჩნდი... მართალი იყავი, შენი და ის არ არის, ვინც მეგონა.
– აუუ, მაგიტომ ქოთქოთებ? მე ყოველთვის მართალი ვარ, მაგრამ, შენ შენს სიჯიუტეს ვერ სჯაბნი. ამჯერად რაღა მოხდა?
– არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს. მთელი პრობლემაც იმაშია, რომ არ ვიცი.
– თუ არაფერი არ იცი და წარმოდგენა არ გაქვს, მაშინ, რაღა გაყვირებს? – მხრები აიჩეჩა სალომემ, – უცნაური ქალი ხარ, რა... ჯერ ყვირი, მერე იწყებ იმაზე ფიქრს, რატომ აყვირდი.
– შენი დაიკო რომ დაგენახა ამ დილით, როგორი ჩაცმულ-დახურული გაბრძანდა სახლიდან, ვნახავდი, თუ არ აყვირდებოდი.
– ჩემი დაიკო?! – სალი შეიჭმუხნა, – ასეთი ტონით იმიტომ ამბობ, რომ გამაღიზიანო. არადა, ეს ჩემი არჩევანი სულაც არ ყოფილა. შენ იზრუნე, თანაც, განსაკუთრებული მონდომებით, რომ ეგ საფრთხობელა ჩემი და ყოფილიყო. ამიტომ, ახლა წუწუნს შეეშვი და ნერვებს მაინც ნუღარ მიშლი.  ისედაც ვცოფდები, როცა ვაცნობიერებ, ვინ არის ჩემი და-ძმა.
– როგორი მწარე ენა გაქვს, – გაცხარდა ლელი, – ვალში არ მრჩები, მაშინვე მიბრუნებ ხურდას.
– ამას ეძახი ხურდას? გამაღვიძე, ნერვები მომიშალე, გაურკვეველ ბრალდებებს მიყენებ... მე რატომ უნდა ვიგრძნო სინდისის ქენჯნა, თუ ჩემი დის არჩევაში მონაწილეობა არ მიმიღია?
– ვინ გეუბნება, სინდისმა უნდა შეგაწუხოსო, რას იგონებ? დაამთავრე ახლა და  გაჩუმდი! ერთმანეთს თუ დავჭამთ, ამით პრობლემას არ ეშველება.
– მეც სწორედ მაგის თქმა მინდოდა. ერთმანეთი არ უნდა დავჭამოთ-მეთქი, – ნიშნის მოგებით დაუქნია თითი სალომემ, – და... ერთმანეთსაც უნდა გავუფრთხილდეთ. აბა, ახლა მითხარი, ამისთანა რა ნახე, პანიკა რომ ატეხე.
– ჰმ, რა ვნახე!.. წამოდი ერთი მის ოთახში!
– რისთვის?
– იქ გეტყვი...
ნახევარი საათის შემდეგ ლელი და სალომე გაოგნებულები შესცქეროდნენ ერთმანეთს. პირველი ისევ სალომე მოეგო გონს და თითქმის ჩურჩულით იკითხა:
– როგორ გგონია, ეს ყველაფერი საიდან?
– არ ვიცი. ვფიქრობ, ნეტავ საიდან უნდა ჰქონდეს ქეთის ამდენი ფული.
– ვერსიებად დავშალოთ.
– რა?!
– რა დაგემართა? ჩამოვთვალოთ ვერსიები: დავუშვათ, საყვარელმა მამიკომ გამოუგზავნა, ან, დიდი ხანია, ჩუმად უგზავნის; მეორე ვერსია – მომისმინე, ხელფასს გიმალავს. არ გეუბნება, რამდენი აქვს, მესამე და ყველაზე დამაჯერებელი ვერსია – ვიღაც სპონსორი იშოვა.
– რა სპონსორი, რას ბოდავ?
– მე არ ვბოდავ, დედიკო და, გირჩევ, ყურადღებით მომისმინო: მე დიდი ხანია, ვეჭვობ, რომ მის ცხოვრებაში მამაკაცი გამოჩნდა, თანაც, შეძლებული მამაკაცი.
– არ მჯერა მე მაგის, – ხელი ჩაიქნია ლელიმ და საწოლზე დაყრილ ტანსაცმელს ავად დახედა, – ეს ყველაფერი ცოტა არ ეღირება.
– რა თქმა უნდა! ბრენდებია, ვერ ატყობ? თანაც – სერიოზული. მართალია, მე ასეთ სტილს არ ვცემ პატივს, მაგრამ, უნდა ვაღიარო, რომ საკმაოდ გემოვნებით არის შერჩეული.
– მამამისი უგზავნის ჩუმად, – გადაწყვიტა ლელიმ და ბრაზით მომუშტა ხელი, – ერთი დარეკოს, საშინელებას დავმართებ! – თქვა მუქარით.
– ვერაფერსაც ვერ დამართებ. არ გეტყვის და როგორ დაუმტკიცებ?
– რად მინდა დამტკიცება? – იფეთქა ლელიმ, – თვეებია, კაპიკებს მიგზავნის და, აი, თურმე რატომ. მე მეწუწუნება, აქ სამუშაოს შოვნა ძალიან გაძნელდა, ცოტას გვიხდიან და მგონი, აღარც ღირს აქ ყოფნაო. ნაძირალა, მატყუარა! ხედავ, რას აკეთებს?
– მაგას თუ მუშაობა აღარ უნდა, ეგ მისი პრობლემაა, მაგრამ, მე არ ვარ დარწმუნებული, რომ მამამისი უგზავნის შმოტკების საყიდელ ფულს.
– რატომ? რა შეუშლიდა ხელს ან იმას, ან ამას?
– იმას, შეიძლება, არაფერიც არ შეუშლიდა. მაგრამ, ეს ვერ გაბედავდა – ამაშია საქმე.
– რატომ ვერ გაბედავდა?
– დედა, დამაცადე ლაპარაკი! დაუსრულებლად რომ მისვამ შეკითხვებს, ამოისუნთქე და მომისმინე.
– გისმენ! – გამოსცრა ლელიმ.
სალომემ შეიფერა დედის მოჩვენებითი მორჩილება.
– თან საუზმესაც ხომ არ მომიმზადებდი? მომშივდა.
– კარგი. კვერცხს შეგიწვავ...
– შემიწვი, ოღონდ ბეკონით... ყავაც მომიდუღე. ფრანგული ფუნთუშაც არ მაწყენდა.
– ბეკონი და ფრანგული ფუნთუშა მომინდომა!.. არ გვაქვს, მხოლოდ „სუხარი“ და ყველი იყო, თუკი იმათ  გადაურჩათ რამე. თუ არა და, ჩადი მაღაზიაში, ამოიტანე.
– მე მაღაზიაში არ ჩავალ, დაივიწყე. მაგისთვის ქეთი გყავს, რომელსაც ამ ბოლო დროს საერთოდ აღარაფერს ავალებ.
– როგორ დავავალო, როცა სახლში ძლივს ვხედავ? სულ სამსახურს იმიზეზებს და გარბის.
– აი, მაგის სამსახური... – სალომემ საწოლზე დაყრილ ტანსაცმელში ამოურია ხელი, – ახლა ხომ ხედავ, სადაც დარბის.
– მოვიდეს, ვაგებინებ პასუხს!
– პასუხს აგებინებ თუ პასუხს მოსთხოვ? – ჩაიცინა სალომემ, – კარგი, შემიწვი კვერცხი და აგიხსნი, სად უშვებ შეცდომას. ჯერ ერთი, როგორც შენ ამბობ, ქალბატონი ქეთევანი დიდი ხანი არ არის, რაც შეიცვალა, ანუ, ან მამიკომ ახლა გამოუგზავნა ფული, ან ეს ვარიანტი საერთოდ გამოსარიცხია. მე ვემხრობი გამორიცხვას.
– ეგეც ამიხსენი.
– კი ბატონო. ჯერ ერთი, შენი ქმარი არც ისეთი ეშმაკია...
– საკმაოდ ეშმაკია, შენ კარგად არ იცნობ, – ჩაურთო ლელიმ.
– კარგი, იყოს ეშმაკი. მაგრამ, შენი რიდი და შიში რომ აქვს, ფაქტია. როგორ წარმოგიდგენია, ფულს ჩუმად უგზავნის შვილებს, ქეთიმ ეს იცის და ნაგლად ხარჯავს ტანსაცმელში? – აბსურდია. თან, დილით, შენი წივილიდან გამომდინარე, თავხედურადაც გელაპარაკა.
– საერთოდ არ მელაპარაკა, კარი ისე მომიჯახუნა, ლამის ანჯამებიდან ჩამოაგდო.
– აჰა, მეტი რა დამტკიცება გინდა, რომ შენი ქმარი არაფერ შუაშია?
– ვაიმე, სალომე, ნუ გამაწამე, ბოლომდე თქვი სათქმელი!
– გეუბნები, რა! ეგ ფული მაგას ისე აქვს ნაშოვნი, რომ დახარჯვის არ ეშინია. ზურგი აქვს, გაიგე?
– ზურგი?
– დიახ. გახსოვს, რომ გითხარი, სამსახურში მანქანით მოიყვანა ვიღაცა ტიპმა-მეთქი. არ დამიჯერე და, სულელი ხარო, მითხარი.
– არ ვიცი, არ ვიცი... დღესვე უნდა გავარკვიო ყველაფერი, სანამ გული გამხეთქია.
– ჰო. შეიძლება, ხელფასსაც გიმალავს – არ არის გამორიცხული.
– მე მაინც იმ ვაჟბატონს შევაჯანჯღარებ, ყოველი შემთხვევისთვის...
***
ასათიანი დააფიქრა ვახოსთან საუბარმა. გულის სიღრმეში ხვდებოდა, რომ მეგობარი სიმართლეს ეუბნებოდა, მაგრამ, საკუთარ თავთან ჭიდილის სურვილი არ ჰქონდა. უფრო სწორად, ეზარებოდა და თავის ცხოვრებაში პირველად დაუშვა პრეცედენტი, დინებას მიჰყოლოდა. ნათიამ რომ დაურეკა და უთხრა, ქეთი უკვე მოვიდაო, ცოტათი თითქოს აფორიაქდა, მაგრამ, მერე ისევ ჯიუტად არ მოუსმინა ინტუიციას და თავი დაირწმუნა, არაფერიც არ ხდება, უბრალოდ, ვახომ „დამგრუზა“ და სიტუაცია ისე დამანახა, რეალობად მომეჩვენაო. პიჯაკი შეიკრა, მკაცრი, საქმიანი გამომეტყველება მიიღო და ქეთისთან შესახვედრად განეწყო. სათქმელიც მომზადებული ჰქონდა, მაგრამ, გოგოს დანახვაზე განცვიფრების შეძახილი აღმოხდა. ტრანსფორმაცია თვალშისაცემი იყო, მიუხედავად გოგოს გარეგნობაში მომხდარი მინიმალური ცვლილებისა. ჩაცმულობამ ქეთი მთლიანად შეცვალა. თმა ისევ მარტივად, „ცხენის კუდად“ ჰქონდა შეკრული და მაკიაჟიც თითქმის არ ეტყობოდა, მაგრამ, ტანზე კარგად მორგებულმა კოსტიუმმა და მაღალქუსლიანმა ფეხსაცმელმა სასწაული მოახდინა. ასათიანმა მოახერხა თავი ხელში აეყვანა, თუმცა, კმაყოფილება არ დაუმალავს:
– ყოჩაღ, ძალიან კარგად შეასრულე ჩემი დავალება. ახლა უკვე ვიცი, რომ არჩევანში არ შევმცდარვარ. ძალიან გიხდება. ვინმე დაგეხმარა თუ ყველაფერი შენი გემოვნებით არის ნაყიდი?
ქეთი მაგიდასთან გაჩერდა. ვერ გაბედა, სკამი გამოეწია და დამჯდარიყო. ასათიანის შემფასებლური მზერა უხერხულობას ჰგვრიდა და აწითლებდა. ასათიანი დაუფარავად ტკბებოდა მისი ვიზუალით.
– ძალიან კარგია, ძალიან... იმედი მაქვს, სხვა ტანსაცმელიც ასე ზუსტად არის შერჩეული. ოღონდ, არ მითხრა, რომ მარტო ერთი კოსტიუმი იყიდე. ფული ხომ იყო საკმარისი? მითხარი და კიდევ მოგცემ.
– არა, არა, – რას ბრძანებთ – წამოიძახა ქეთიმ, – აი, თქვენი ბარათი. ვეცადე, მხოლოდ აუცილებელი შემეძინა, რაც შეხვედრებზე დამჭირდება. თავს უხერხულად ვგრძნობ, ვფიქრობ, ასეთ საჩუქარს არ ვიმსახურებ, საამისო არაფერი გამიკეთებია.
– ჯერ ერთი, უკვე აგიხსენი, რომ ეს საჩუქარი არ არის. შენ ჩემი თანამშრომელი ხარ, რომელიც, ამავდროულად, ამ ფირმის სახეც არის და შესაბამისად უნდა გამოიყურებოდეს. ასე რომ, ეს ტექნიკური ხარჯია და არა საჩუქარი. ბარათი კი დაიტოვე, ისევ და ისევ ტექნიკური ხარჯებისთვის... და, კიდევ, მე ვიცი, რომ შენ მობილური არ გაქვს.
ქეთი მოიბუზა:
– იცით, რაშია საქმე? მქონდა, მაგრამ, მერე ჩემს ძმას დასჭირდა... უფრო სწორად, მე დამჭირდა, რომ მას დავკავშირებოდი... თუ მეტყვით, ვიყიდი. გიო მეუბნებოდა, ისეთ სამსახურში ხარ, ახლა უკვე დაგჭირდებაო და...
ასათიანს გაეღიმა გოგოს თავის მართლებაზე.
– არ გინდა, მე უკვე მოვაგვარე ეს პრობლემა.
– პრობლემა მოაგვარეთ? რას გულისხმობთ? – გაოგნდა ქეთი.
ასათიანმა შეფუთული ყუთი გაუწოდა.
– ეს რა არის? – ქეთიმ უკან დაიხია. მის მოძრაობაში შიში ჩანდა და ასათიანს უცნაური განცდა გაუჩნდა მის მიმართ – მოუნდა, ამ დაუცველ, დამფრთხალ არსებაზე ეზრუნა, მოხვეოდა და გულში ჩაეკრა, მაგრამ მიხვდა, რომ ამით მხოლოდ უარესად  გაუხეთქავდა გოგოს გულს, გაფართოებული თვალებით რომ მისჩერებოდა ხან მას და ხან შეფუთულ ყუთს...
– ქეთი, ეს მობილურია. ნათიას დავავალე, შენთვის ეყიდა. რატომ მიყურებ ასეთი გაოცებით? არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ნათიამ მითხრა, რომ ვერ დაგიკავშირდებოდი. როგორც აღმოჩნდა, შენი არც ბინის ტელეფონის ნომერი გვქონდა, მე კი სულ ხაზზე მყოფი მჭირდები. მოკლედ, ეს მობილური აიღე, ნომერიც უკვე გაქვს და სულ ჩართული გქონდეს.
– ბატონო დიმიტრი... – ქეთის ენა დაება.
– არ მითხრა, რომ საჩუქარს არ მიიღებ, არ არის ეს საჩუქარი. მომეცი საშუალება, საკუთარ ოფისში ის გავაკეთო, რასაც საჭიროდ მივიჩნევ. ამაზე მოვრჩეთ, კარგი?
ასათიანის მბრძანებლურმა ტონმა ქეთიზე უჩვეულოდ იმოქმედა – მან სკამი გამოწია და დაჯდა.
– ძალიან კარგი. ახლა საქმეზე ვილაპარაკოთ. ორ საათზე შეხვედრა გვაქვს. საკმაოდ პრეტენზიული კლიენტები არიან და, ცდილობენ, მომატყუონ. შენ შენს სიმაღლეზე უნდა იყო. მე არ მესმის ენა და ეს მათაც უნდა გაიგონ. ნამდვილად შესაბამისად გამოიყურები. უნდა ვაღიარო, რომ შენიშვნა არ მაქვს.
– ბატონო დიმიტრი...
– კომპლიმენტი არ არის, – სწრაფად განუმარტა ასათიანმა და თავი ვეღარ შეიკავა – გულიანად გადაიხარხარა...
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3