კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა შემთხვევაში დაიღუპება კალენდულა და სად დავდგათ ის ამ სეზონზე

„ფლორა ინტერნაციონალის” ბიოლოგიის მეცნიერ-მუშაკთან, ბატონ ამირან ბიწაძესთან ერთად, ამჯერად, გაზაფხულის ყველაზე ლამაზ და უპრეტენზიო მცენარეზე ვისაუბრებთ. თუ  დიდი დრო არ გაქვთ ყვავილების მოსავლელად და ამასთანავე, გსურთ, დატკბეთ მათი სილამაზით, გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები. თუ რომელია ასეთი უპრეტენზიო მცენარე, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

– ბატონო ამირან, როგორი მცენარეა კალენდულა, როგორ ხარობს ის ბინაში და თუ აყვავილდება ოთახის პირობებში?
– კალენდულა არის ულამაზესი მცენარე. ის საკმაოდ გავრცელებულია საქართველოში. ამ მცენარეს ხშირად ნახავთ ბაღებსა და ეზოებში. ის გამოიყენება ხალხურ მედიცინასა და პარფიუმერიაში. ამ მცენარის საშუალებით კურნავენ მრავალ დაავადებას. მის ფესვთა და ასევე, ყვავილის გვირგვინის ნაყენს სამკურნალო დანიშნულება აქვს.
 თუ  მცენარე  ოქტომბერში დარგეთ, მაშინ ის უკვე იყვავილებს. მაგრამ, თუკი ამ თვეში ჩარგეთ ნიადაგში,  მის ყვავილს უნდა დაელოდოთ ზაფხულის დასაწყისში.
– მაინც რომელი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება კალენდულა?
– მის ნაყენს იყენებენ ყელის ტკივილის სამკურნალოდ, ნაოჭების გასასწორებლად, ჭორფლის მოსაშორებლად და სხვადასხვა პარფიუმერიის დასამზადებლად.
– თუ ზაფხულში იყვავილა მცენარემ, რომელ თვემდე გასტანს მისი ყვავილობა?
– სექტემბერ-ოქტომბრამდე  გაგრძელდება ყვავილობა. მისი ულამაზესი ყვავილები ძალიან უხდება ზაფხულის ატმოსფეროს.
– რით მრავლდება მცენარე?
– დაყვავილების შემდეგ მცენარე ტოვებს თესლს და მისი გამრავლება შესაძლებელია თესლით. მისი ფესვთა სისტემა  ჩამოყალიბებული და სრულყოფილია. ამიტომ არ გაგიჭირდებათ არც გამრავლება და არც გახარება.
– შესაძლებელია თუ არა ამონაყრით მისი გამრავლება?
– მცენარეს ხშირად ამოსდის ამონაყარი, თუმცა მისი დაფესვიანება შეუძლებელია. თუ თქვენ დედა მცენარეს მოაცლით ამ პატარა დამოუკიდებელ ამონაყარს, მას ვერ გაახარებთ და მცენარე დაიღუპება. კალენდულა წელიწადის განმავლობაში ძალიან ხშირად ყვავის და ყოველი დაყვავილების შემდეგ უამრავ თესლს ტოვებს, თესლი შეგიძლიათ ჩარგოთ მიწაში და მალევე აღმოცენდება ახალი მცენარე.
– როგორ ნიადაგში ჩავრგოთ კალენდულა?
– მას განსაკუთრებული ნიადაგი არ სჭირდება, არც კალიუმისა და კალციუმის შეტანას ითხოვს ნიადაგში.
– რა ზომის იზრდება მცენარე და შესაძლებელია თუ არა მისი გასხვლა?
– კალენდულა 15-20 სანტიმეტრის სიმაღლის იზრდება. ის არ ემორჩილება გასხვლას. შეგიძლიათ მხოლოდ  ტოტები წაატეხოთ და წყლიან ლარნაკში ჩადოთ. ასეთ დროს მისი ყვავილები ორ კვირას გასტანს.
– გვირჩევთ თუ არა კალენდულას გადარგვას?
– ამ მცენარეს გადარგვა არ სჭირდება. დათესვიდან მალევე ამოდის, იზრდება საკმაოდ კომპაქტური ფორმის და მოზრდილ ქოთანში გადარგვას არ ითხოვს, რადგანაც თავს მომცრო ზომის ჭურჭელშიც მშვენივრად გრძნობს. 
– სად დავდგათ მცენარე და როგორ მოქმედებს მასზე მწველი მზის სხივები?
– კალენდულა დადგით ნათელ ადგილას. მასზე ცუდად არ მოქმედებს მწველი მზეც კი. ეს მცენარე საკმაოდ უპრეტენზიოა და იოლად მოსავლელი.
–  რა სიხშირით მოვრწყათ კალენდულა ახლა და წელიწადის დანარჩენ სეზონებზე.
– თუ მცენარე გარე გრუნტშია, ის ირწყვება კვირაში ორჯერ, ოთახის პირობებში კი – კვირაში სამჯერ. ზამთრის სეზონზე მისი მორწყვა შედარებით შეამცირეთ. დაბალ ტემპერატურაზე მცენარეს ბევრი წყალი არ სჭირდება.
– შესაძლებელია თუ არა მთელი წლის განმავლობაში კალენდულას ღია გრუნტში გაზრდა?
– ოქტომბრიდან ის უნდა ამოიღოთ გარე ნიადაგიდან და ოთახის ქოთანში ჩარგოთ. ზამთრის სეზონზე კი ბინაში შეიტანოთ. თუმცა, არ აქვს მნიშვნელობა ოთახის რომელ მხარეს დადგამთ.
– თუ კალენდულას ბაღში დავტოვებთ,  ამ შემთხვევაში რა შეიძლება მოუვიდეს მცენარეს?
– თუკი ტემპერატურა ძალიან დაბალი იქნება, მცენარე არ გაიყინება, ის ყინვაგამძლეა. მხოლოდ ჩაიძინებს მიწაში და გაზაფხულის დადგომისთანავე ამოვა. ამიტომ, შემოდგომის სეზონიდან, თქვენი სურვილისამებრ მოიქეცით: თუ გსურთ, რომ ზამთარშიც უყუროთ მას შეიტანეთ ბინაში, ხოლო თუ ქოთანში გადარგვა თქვენთვის დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს, მაშინ დატოვეთ გარე გრუნტში და გაზაფხულზე კვლავ გაცოცხლდება.
– ახლა თუა დასაშვები მისი გარეთ გატანა?
– ტემპერატურა ნელ-ნელა იმატებს, უკვე დათბა და ნებისმიერ დროს შეგიძლიათ, გაიტანოთ და ჩარგოთ გარე გრუნტში ან ამყოფოთ აივნებზე ქოთნიანად. მთავარია, ამ დროს დადგათ მზისგულზე და კარგ სინათლეზე.
– რა ტემპერატურაზე ვამყოფოთ კალენდულა წელიწადის სხვადასხვა სეზონზე?
– ზამთარში ოთახის პირობებში, ტემპერატურა 15-17 გრადუსი უნდა იყოს, ხოლო გაზაფხულსა და ზაფხულში არ აქვს მნიშვნელობა, ის ნებისმიერ ტემპერატურაზე თავს კარგად გრძნობს. მასზე მაღალი ტემპერატურა ცუდად არ მოქმედებს.
– კიდევ რა გავითვალისწინოთ ამ მცენარის გახარებისას გაზაფხულსა და ზაფხულში?
– კალენდულას მოვლა ძალიან მარტივია. ის თქვენგან დიდ ყურადღებას არ მოითხოვს. გაითვალისწინეთ მხოლოდ მორწყვის რეჟიმი და გახსოვდეთ, მცენარეს ხშირი გადარგვა არც უყვარს და არც სჭირდება.
– რაც შეეხება მავნებლებს?
– კალენდულა ამ მხრივაც არ გაგირთულებთ ცხოვრებას. მას არ ეხვევა არანაირი მავნებელი და შეგიძლიათ, ზაფხულის სეზონზე მშვიდად იყოთ. თქვენი ვალია მხოლოდ მისი კვირაში რამდენიმეჯერ მორწყვა. ასეთ შემთხვევაში, მცენარე ხანგრძლივად იყვავილებს.

скачать dle 11.3