კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შემოაკვდა ახალგაზრდა ბიჭს გამზრდელი ბებია და რატომ ცდილობდა მის დაცვას სასამართლოზე დაზარალებული

20 წლის კახა  მჭედლიშვილი სამართალდამცველებმა მაშინ დააკავეს, როცა შემთხვევის ადგილის დატოვებას და მიმალვას ცდილობდა.  ამის შესახებ კი, სამართალდამცველებთან მან თავად აღიარა, რომლებიც, როგორც გაირკვა, შემთხვევის ადგილზე, დეიდის  ბინაში,  მეზობლებმა გამოიძახეს.  სამართალდამცველებთან ერთად, შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების სამსახურიც მივიდა, რომელთაც ბინაში ორი დაზარალებული ქალბატონი დახვდათ. 51 წლის ვერიკო მჭედლიშვილს სხეულის მძიმე დაზიანებები გულმკერდის არეში  დანით ჰქონდა მიყენებული, ხოლო მის დედას, 70 წლის ნუნუ ძაგანიას, თავის არეში ბლაგვი საგნის დარტყმით მიყენებული დაზიანება და ტრავმული შოკი აღენიშნებოდა.
როგორც სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე მყოფი, ვერიკო მჭედლიშვილის მეზობლებისგან მომხდარის შესახებ შეიტყვეს, ორივე ქალბატონს  დაზიანებები  კახა მჭედლიშვილმა მიაყენა.
ამონაწერი მარინა ბერიანიძის ჩვენებიდან: „მე და ვერიკო დიდი ხნის მეზობლები ვართ და ისეთი ურთიერთობა გვაქვს, როგორც ერთი ოჯახის წევრებს.  ვერიკო  გაუთხოვარია, ამ ბინაში  დედასთან და დისშვილთან, კახასთან ერთად ცხოვრობს.  წლების წინ ოჯახს დიდი ტრაგედია დაატყდა.  25 წლის იყო  ვერიკოს და, როცა ავტოკატასტროფაში მოყვა  და  გარდაიცვალა. კახა პატარა იყო, დეიდამ წამოიყვანა და ისე გაზარდა, როგორც საკუთარი შვილი. არაფერს აკლებდა, ობლობამ არ დაჩაგროსო. მოგვიანებით, მამის გარდაცვალების შემდეგ, მშობლების სახლი გაყიდა და დედაც  აქ წამოიყვანა. ვერიკოც და ნუნუც კახას დასტრიალებდნენ თავს. კარგი ბავშვი იყო. მაგრამ ცოტა უცნაური ხასიათის. პირველად პრობლემები მაშინ შეუქმნა გამზრდელებს, როცა 15 წლის იყო, სკოლაში თავისი  თანაკლასელი  ბიჭი ისე სცემა, ბავშვი საავადმყოფოში წაიყვანეს. მაშინ კახა პატარა იყო და პასუხისგებას გადაურჩა. ვერიკო ძალიან ნერვიულობდა მისი ხასიათის გამო. ბოლო პერიოდში ძალიან შეიცვალა, ხშირად სვამდა. ისიც გავიგე, აზარტულ თამაშებს შეეჩვია და ფულს აგებსო. ერთი-ორჯერ ამაზე ვერიკომაც დაიჩივლა ჩემთან. ერთხელ სახლიდან ძვირფასი სამკაულები დაკარგა. კახა უარყოფდა, რომ მას არ მოუპარავს, და ვერიკომაც ვერ გაწირა საკუთარი დისშვილი, ციხისთვის. ასე ჩაიარა ამ ამბავმა. ერთხელ კიდევ იყო ასეთი შეთხვევა და როგორც ვიცი, მაშინაც იგივე მოხდა. თუმცა, ამის შესახებ გვიან გავიგე. იმ დღეს, უკვე გვიანი იყო, როდესაც ვერიკოს  ბინიდან ყვირილის ხმა შემომესმა. მივხვდი, დეიდა და დისშვილი ჩხუბობდნენ, ბავშვს ვაძინებდი, მარტო ვიყავი, ვერავის დავუტოვე  და ვიფიქრე, ცოტა გვიან გავალ-მეთქი.  ჩხუბის ხმა ცოტა მიწყნარდა, მაგრამ  ცოტა ხანში  ვერიკოს სასოწარკვეთილი კივილი გავიგონე. კარი დაკეტილი იყო,  ვაბრახუნე, მაგრამ არავინ გამიღო. სახლიდან საშინელი ხმაური გამოდიოდა – მტვრევის ხმა, ნუნუს ტირილი. ხმაურზე მთელი სადარბაზო გარეთ  გამოვიდა, ერთმა მეზობელმა ისე, რომ არც კი გვითხრა,  სამართალდამცველები გამოიძახა. კარზე იმდენ ხანს ვაბრახუნეთ, სანამ არ გაგვიღეს. სახლში მარტო მე შევედი, კართან კახა  დამხვდა, პერანგი სისხლით ჰქონდა მოსვრილი. გული გამისკდა, მაგრამ ვიფიქრე, ალბათ, მინა ჩაამსხვრია და იმიტომაა სისხლით დასვრილი-მეთქი, უცებ ვერიკომ შემომკივლა: მიშველე, დანა, დანაო, – მეტი ვერაფერი მითხრა. საძინებელში შევიხედე, გონება დაკარგული ნუნუ დეიდა საწოლზე იყო მიგდებული. ამ ხმაურზე მეზობლებიც შემოცვივდნენ სახლში და მე ვერ დავინახე, კახა სახლიდან გასვლას როგორ შეეცადა. მითხრეს, სახლიდან რომ გადიოდა, პოლიციელები სადარბაზოში გადააწყდნენ  სისხლში ამოსვრილ ბიჭს და გაქცევის საშუალება აღარ მისცესო.”
გამოძიებისთვის  ცნობილი გახდა, რომ კახა მჭედლიშვილმა მათი კუთვნილი დანით ორი ჭრილობა მიაყენა დეიდას, ვერიკო მჭედლიშვილს, ბებიას კი თავში და ზურგში რკინის ნაჭერი ჩაარტყა, რომლითაც აბაზანაში წყლის მილი იყო  გადაბმული. სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილიდან დანაშაულის იარაღიც ამოიღეს. დანაშაულში ეჭვმიტანილ ახალგაზრდას, მათი გადამალვა არც უფიქრია –  დეიდისა და ბებიისთვის მიყენებული დაზიანების შემდეგ, ის მხოლოდ  თავის  გადარჩენაზე ფიქრობდა. საძინებლის შესასვლელში ძირს ეყარა დამსხვრეული მინის ნატეხებიც, რომლებსაც მოხუცი ბებიის სისხლის კვალი შერჩენოდა. კახა მჭედლიშვილი სამართალდამცველებმა პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე  სისხლის სამართლის ორი მუხლით კვალიფიცირდა: განზრახ მკვლელობის მცდელობა და სხეულის მძიმე დაზიანებების მიყენება.
  დაკავებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა და თავი დამნაშავედ ცნო, მოგვიანებით, ჩვენების მიცემა შეძლო დეიდამ, რომელსაც ქირურგიული ოპერაციის გაკეთება დასჭირდა. რაც შეეხება ნუნუ ძაგანიას, გამოჯანმრთელებიდან მალევე,  მოულოდნელად,  გულის შეტევით  გარდაიცვალა. როგორც სამედიცინო დასკვნით დადასტურდა, ეს მიყენებული დაზიანებებისა და  ემოციური დატვირთვის შედეგი იყო. ამონაწერი ვერიკო მჭედლიშვილის ჩვენებიდან: „იმ დღეს, როცა ინციდენტი მოხდა, სამსახურიდან ადრე წამოვედი. ძალიან ვიყავი განერვიულებული და  ვერ ვიმუშავე. ყველაფერი იმის გამო მოხდა, რომ წინა დღეს სახლში დაბრუნებულს ტელევიზორი არ დამხვდა, რომელიც  საკმაოდ ძვირად ღირებული იყო და სულ რაღაც სამი წლის წინ, დანაზოგით  ვიყიდეთ. დედაჩემი ბოლო პერიოდში ძალიან ავადმყოფობდა, მისი განერვიულება არ მინდოდა, მაგრამ ტელევიზორის გაქრობის ამბავზე ვერ გავჩუმდებოდი,  მივხვდი, რომ კახას წაღებული იყო. უფრო მეტიც, დედამ თვითონ მითხრა: ესღა დარჩა სახლიდან გასატანი და ესეც წაიღოო. ვუთხარი: ბებო, უტელევიზოროდ ნუ დაგვტოვებ-მეთქი, მაგრამ ფული მჭირდება, უნდა დავალომბარდოო, – მითხრა და  წინააღმდეგობა ვეღარ გავუწიეო. დედას განერვიულება არ მინდოდა, ძალიან აღელვებული კი ვიყავი, მაგრამ თავი შევიკავე. ჩუმად დავურეკე კახას და ვუთხარი: სასწრაფოდ ტელევიზორი უკან მოიტანე-მეთქი.  გამორიცხულიაო, მითხრა, ფული უნდა ჩამებარებინა და დროებით ლომბარდში დავტოვეო. ეს პირველი შემთხვევა არ იყო, ვეღარ გავჩუმდებოდი, ბოლო დროს სახლიდან ბევრი რამ დავკარგე. ახალგაზრდა ბიჭს თავის სამყოფ ფულს ყოველთვის ვაძლევდი, მაგრამ უფრო და უფრო მეტს ითხოვდა. ტელევიზორის გატანა სახლიდან უკვე ბოლო წვეთი იყო. იმ ღამეს კახა საერთოდ არ მოსულა სახლში. ვურეკავდი, მაგრამ აღარ მიპასუხა. მეორე დღეს სახლში რომ მოვედი, უკვე შინ დამხვდა.  ამის მოთმენას აღარ ვაპირებდი და ჩხუბი დავუწყე: ბევრი რამ მოიპარე სახლიდან, მაგრამ ამას აღარ გაპატიებ, პოლიციაში განვაცხადებ-მეთქი. პოლიციის ხსენებაზე სულ გადაირია. წადი, ჩამიშვი, დააჭერინე ჩემი თავიო, – ყვირილი დაიწყო. დედა საძინებლიდან გამოვიდა,  ჩხუბში მე დამიჭირა მხარი. სულ წავალ ამ სახლიდან, ჩემს საცოლესთან ერთად გადავალ ქირით საცხოვრებლად და თქვენ კი არ გაგახარებთო, – დაგვემუქრა. დედაჩემმა აუგად მოიხსენია მისი შეყვარებული. ეს იყო და უცებ კახა აბაზანაში გავარდა და იქიდან შეშლილი სახით შემოვარდა ოთახში. დედაჩემს რკინა თავში ორჯერ  ჩაარტყა. ხელებში ვეცი, ვერ ვცნობდი, ისეთი სახეშეშლილი იყო. სანამ დედაჩემს ვასულიერებდი, სამზარეულოში გავიდა, იქიდან გამოსული ვერც კი შევნიშნე, მოვტრიალდი და ხელი ვკარი. კარის ფანჯარას დაეჯახა და ჩამოამტვრია. არ ვიცი, სისხლმა უფრო გაახელა თუ რა იყო, უცებ დანით დამეძგერა, ვერც მივხვდი, რამდენჯერ დამარტყა. რას შვრები-მეთქი კი ვუთხარი. მან კი  იატაკიდან მინის ნატეხი აიღო, დედაჩემს ყელთან მიუტანა და უთხრა: მოგკლავ, ყელს გამოგჭრიო. ისე შემეშინდა, მე თვითონ დაჭრილი, დედას გადავეფარე და კახას ვთხოვე: ნუ დაგვღუპავ და თავსაც ნუ დაიღუპავ-მეთქი. უცებ კარზე საშინელი ბრახუნი ატყდა, მივხვდი, რომ მეზობლები იყვნენ. ისინი რომ არ გამოჩენილიყვნენ, არ ვიცი, რა მოხდებოდა. დედას სისხლი მოსდიოდა, კახას მინის ნატეხით მისთვის ხელის გაჭრა მოესწრო. უცებ სახლში მეზობლები შემოცვივდნენ, ცოტა ხანში პოლიცია და სამედიცინო სამსახურიც მოვიდა. მეც და დედაჩემიც საავადმყოფოში გადაგვიყვანეს”.
 კახა მჭედლიშვილმა სასამართლო პროცესზე ჩადენილი დანაშაული მოინანია და განაცხადა, რომ ფსიქიკურად რთულ მდგომარეობაში იყო, როდესაც  დანაშაული  ჩაიდინა. თუმცა, შესაბამისი სამსახურების დასკვნის მიხედვით,  დანაშაულის ჩადენის  მომენტში, ის ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, რაც მის მიერ ჩადენილ  დანაშაულს კიდევ უფრო ამძიმებდა. სასამართლო პროცესზე ბრალდებულის დაცვას თავად დაზარალებული ცდილობდა.  დეიდამ სთხოვა მოსამართლეს, რომ მკაცრად არ დაესაჯათ მისი ობოლი დისშვილი და სასჯელი შეემსუბუქებინათ.  თუმცა,  სასამართლომ არ  გაითვალისწინა არც ერთი შემამსუბუქებელი გარემოება, რომელიც რეალურად არც არსებობდა და ახალგაზრდა ბიჭს  ჩადენილი მძიმე დანაშაულებისთვის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

скачать dle 11.3