კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად დაკრძალეს 1921 წელს გმირულად დაღუპული იუნკრები და რატომ განადგურდა მათი საფლავები

ალექსანდრე ნეველის სახელობის სამხედრო საკათედრო ტაძარი რუსეთის იმპერიის მიერ აშენებული უზარმაზარი ტაძარი იყო, რომელიც გასაბჭოების შემდგომ წლებში კომუნისტურმა მთავრობამ დაანგრია და მის ადგილზე საქართველოს პარლამენტის ამჟამინდელი შენობა ააგო. „სობოროს” შესახებ საინტერესო ცნობებს მოგვაწვდის თბილისის ძველი ფოტოების მკვლევარი, მხატვარი გოგა ქართველიშვილი.

 

გოგა ქართველიშვილი: საქართველოს პარლამენტის შენობის ადგილას, მეცხრამეტე საუკუნის 60-იან წლებამდე, კავკასიის არმიის არსენალი იყო განთავსებული. იქვე იდგა ზარბაზანი, რომელიც ყოველდღე, ზუსტად 12 საათზე ისროდა. ქალაქის მოსახლეობა ამ ზარბაზანზე ასწორებდა საათს. ქალაქის გაფართოებასთან ერთად რუსულმა ადმინისტრაციამ უკვე შუაგული ქალაქიდან ჩუღურეთის გორაზე გადაიტანა არსენალი და, შესაბამისად, ჩუღურეთში დადგეს ზუსტი დროის მანიშნებელი ზარბაზანიც. 1859 წელს, დაღესტნის აულ ღუნიბში, დაუმორჩილებელი იმამის, შამილის დატყვევების აღსანიშნავად, რუსებმა დღევანდელი პარლამენტის მიმდებარე ადგილს „ღუნიბის მოედანი” უწოდეს. მოგვიანებით, კავკასიურ ომებში საკუთარი გამარჯვებებისა და კავკასიის სრული დაპყრობის ხაზგასასმელად, მოედნის ერთ ნაწილზე აღმართეს ალექსანდრე ნეველის სახელობის უზარმაზარი სამხედრო ტაძარი, რომელსაც ქართველები „სამხედრო სობოროს” ეძახდნენ. გეგმის თანახმად, ტაძარს უნდა დაეტია 2 000-მდე მომლოცველი და მისი აგება უნდა ღირებულიყო 300-500 ათასი რუბლი. გამოცხადდა კონკურსი, რომელიც 1866 წლის 1 მაისს ჩატარდა. მასში მონაწილეობდა 16-მდე პროექტი და, საბოლოოდ, ორმა პროექტმა გაიმარჯვა: ერთი იყო შრეტერი-ჰუნისა და არქიტექტორების, მეორე კი პროფესორ დავიდ გრიმისა და გედიკეს პროექტი. დღემდე არის შემონახული ორივე პროექტის ესკიზი. ტაძარი საბოლოოდ გრიმის პროექტით აიგო, რადგან, ნაკლებ ხარჯებს მოითხოვდა. პროექტებს შორის განსხვავება მხოლოდ გუმბათების რაოდენობაში იყო: პირველს ცხრა გუმბათი ჰქონდა, ხოლო მეორეს – ხუთი. აღსანიშნავია, რომ არც ერთ პროექტში არ იყო გამოყენებული ქართული ხუროთმოძღვრების ელემენტები. ტაძარი მეფის იმპერიალიზმის ძეგლი უნდა ყოფილიყო და გრიმმა, რომელიც კარგად იცნობდა ქართულ არქიტექტურას, იგნორირება გაუკეთა ქართულ მოტივებს და ნეობიზანტიურ სტილში შეასრულა პროექტი.

– როდის დაიწყო ტაძრის მშენებლობა?

– ტაძრის საძირკველი 1871 წლის 16 აპრილს აკურთხეს იმ დროს  რუსთაველის გამზირის ამ ნაწილს – ალექსანდროვის ბაღის ზემო მონაკვეთს „ღუნიბის მოედანს”, მოგვიანებით კი „სობორნაია პლოშადს” უწოდებდნენ.  იმდროინდელი პრესა, მათ შორის გაზეთი „კავკაზი”, ფართოდ აშუქებდა ამ მოვლენას. თბილისში იმპერატორი ალექსანდრე მეორე იყო ჩამოსული კურთხევის ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად. უამრავი ხალხი დაესწრო ამ მოვლენას. საძირკვლის გარშემო ჯარი იდგა, ხოლო მის შუაგულში კარავი იყო გაშლილი, სადაც ეგზარქოსმა ევსებიმ ღვთისმსახურება აღასრულა. ტაძრის საძირკველი დროშებით, ყვავილებითა და საომარი აღჭურვილობით იყო მორთული. დროშების ქვეშ ეწყო ფილები, რომლებზეც კავკასიის დაპყრობის მონაწილე მთავარსარდლების სახელები  ეწერა. ტაძარი საკმაოდ დიდხანს, 26 წელი შენდებოდა. 1877 წელს დაწყებული რუსეთ-თურქეთის ომის გამო, მშენებლობა რამდენიმე წელი გაჩერებულიც კი იყო და, საბოლოოდ, 1897 წელს მშენებლობა დასრულდა. ტაძარი სამეკლესიანი ყოფილა: შუა – ალექსანდრე ნეველის, მარჯვენა – მიქაელ მთავარანგელოზის და მარცხენა – წმიდა ნიკოლოზის, თუმცა, ზოგადად, ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრად იწოდებოდა. ეს იყო დაახლოებით 38 მეტრის სიმაღლის ჯვარგუმბათოვანი ტაძარი, მუქი და ღია ფერი ქვების მონაცვლეობით ნაგები. მისი ცენტრალური გუმბათი ოთხ ბურჯს ეყრდნობოდა. ნაგებობის ფორმები და დეტალები მშრალი და მონოტონური იყო. ტაძრის კურთხევა საქართველოს ეგზარქოსმა ვლადიმირმა 1897 წლის 21 მაისს აღავლინა, რომელსაც დაესწრნენ: დიდი მთავარი ნიკოლოზ მიხეილის ძე, მთავარმართებელი გოლიცინი მეუღლესთან ერთად, გუბერნატორი შერვაშიძე, კორპუსის კომანდირი ამილახვარი და სხვა თანამდებობის პირები, რომლებიც კურთხევის შემდეგ მთავარმართებელთან მოწყობილ ვახშამზე იყვნენ დაპატიჟებულები. 

– როგორი იყო ტაძარი გარეგნულად?

– ტაძრის გუმბათი შბედლერის გეგმის მიხედვით იყო აწყობილი. ჯვრები ტაძარს მოოქრული ბრინჯაოსი ჰქონდა. ოთხიარუსიანი სამრეკლო რამდენიმე ზარისგან შედგებოდა, რომელთა საერთო წონა 600 ფუთამდე აღწევდა. ტაძარი რკინის ჯებირით იყო შემოფარგლული, რომელსაც სამი შესასვლელი ჰქონდა. ცენტრალური შესასვლელის მოპირდაპირე მხარეს ტაძარზე აღმართული იყო ალექსანდრე ნეველის ხატი, რომლის წინაც მუდამ ბჟუტავდა სამეფო გვირგვინის ფორმის მოოქრული ბრინჯაოს კანდელი. ტაძარს ერთი მთავარი შესასვლელი ჰქონდა, სადაც იდგა მუხის მასიური ხისგან  გამოჭრილი კარი, რომელსაც ამშვენებდა ხეზე ნაკვეთი ჩუქურთმები და ბრინჯაოს ორნამენტები. ამის გარდა, იყო კიდევ ორი შესასვლელი: ერთი – საკურთხეველში და მეორე – სამკვეთლოში. ტაძარს, ასევე, ჰქონდა საკუთარი სარდაფი, ცალკე შესასვლელით, სადაც განთავსებული იყო ინდივიდუალური გათბობის სისტემა. ტაძარი ნათდებოდა 81 სარკმლით. მის მოხატვაზე იმ დროის ცნობილ მხატვრებს, კოლჩინსა და ლონგოს უმუშავიათ. ტაძარს ოთხივე მხარეს, ინტერიერში, რუსული წარწერა ჰქონდა: ჩრდილოეთის მხრიდან.

– ტაძარს საკუთარი სასაფლაო ჰქონდა. თუ არის ცნობილი, რა ბედი ეწია საფლავებს? 

– ტაძარს 1917 წლამდე განაგებდა საქართველოს ეგზარქატი, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდგომ კი ის გადაეცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს, რომელსაც ავტოკეფალია ახალი მინიჭებული ჰქონდა. ტაძრის წინ, ეზოში, სამხედრო სასაფლაო იყო მოწყობილი და სწორედ იქ, 1921 წლის თებერვალში, დაკრძალეს კოჯორ-ტაბახმელაში, ბოლშევიკების მეთვრამეტე არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული 9 ქართველი იუნკერი და მედდა მარო მაყაშვილი. სამწუხაროდ, ეს საფლავები ტაძართან ერთად გაანადგურეს კომუნისტებმა. საინტერესოა, რომ ტაძრის დანგრევამდე ბოლშევიკებმა მთავარი გუმბათიდან ჯვარი ჩამოხსნეს და მის ნაცვლად წითელი ვარსკვლავი აღმართეს. 

– შემორჩა რაიმე დანგრეული ტაძრიდან?

– დანგრევას მხოლოდ სასულიერო პირთა სენაკები გადაურჩა. ახლა ეს სენაკები აღდგენილია პარლამენტის ეზოს ტერიტორიაზე და 2007 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, ხარების სახელობის სამლოცველო გაიხსნა. 

– პარლამენტის შენობაზე რას გვეტყვით? 

– პარლამენტის ახლანდელი შენობა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების არქიტექტურულ ნაგებობათა ათეულში შედიოდა. 1934 წელს ლავრენტი ბერიას მითითებით, უზარმაზარი „სობორო” დაანგრიეს და მის ადგილას დაიგეგმა მთავრობის სახლის აგება. რამდენიმე ეტაპად ჩატარებულ კონკურსში გაიმარჯვა არქიტექტორების – ვიქტორ კოკორინისა და, გიორგი ლეჟავას პროექტმა. 1938 წლისთვის დასრულდა მთავრობის სახლის მშენებლობა და საბჭოთა საქართველოს მთავრობამაც, მეფისნაცვლის სასახლიდან ახალ შენობაში გადაინაცვლა. თუმცა, ეს შენობა იყო დღევანდელი პარლამენტის მხოლოდ ზედა ნაწილი. დაკვირვებული თვალი შეამჩნევს, რომ პარლამენტის ზედა და ქვედა შენობები განსხვავებულია. ბერიას შემდეგ დანიშნული საქართველოს ხელმძღვანელი კანდიდ ჩარკვიანი იხსენებდა, რომ მთავრობის სახლის ზედა შენობა ნამდვილ ტუმბოს ჰგავდა და აუცილებელი იყო ქვედა შენობის აგებაო. ახალი შენობა 1953 წელს დასრულდა, რომლის აგებაზე მეორე მსოფლიო ომში ტყვედ აყვანილი გერმანელები მუშაობდნენ – დაახლოებით 150-მდე ტყვე. არქიტექტორები ამჯერად სამნი იყვნენ: კოკორინი, ლეჟავა და ნასარიძე. რუსთაველზე გამომავალი შენობის ფასადი კანდიდ ჩარკვიანის საყვარელი ბოლნისის ტუფით მოპირკეთდა. ქვედა და ზედა შენობებს შორის წარმოიქმნა დიდი შიდა ეზო. 1991 წლის 9 აპრილს სწორედ ამ შენობაში, რომელსაც მაშინ უზენაესი საბჭო ერქვა, გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა; რამდენიმე თვეში კი იგივე შენობა სამოქალაქო ომის ეპიცენტრად იქცა და ძალიან დაზიანდა. „იმელს” შეხიზნული პარლამენტი მხოლოდ 1997 წელს დაბრუნდა რესტავრირებულ შენობაში, რომელსაც ალაგ-ალაგ კვლავაც ამჩნევია 1991-1992 წლების საშინელი ზამთრის ნატყვიარების კვალი. ასევე, ახლაც არსებობს შენობის სარდაფებში რუსული სამხედრო „სობოროს” ნაშთები. დღესაც არის შესაძლებელი იქ ჩასვლა და სანთლის დანთება, მე პირადად ნანახიც მაქვს და სანთელიც დანთებული. 

– საბჭოთა დროინდელ ფოტოებზე კარგად ჩანს ნამგლითა და უროთი ხელდამშვენებული ქალისა და კაცის ორი ქანდაკება, ახლანდელმა თაობამ არც კი იცის ამ ქანდაკებების შესახებ.

– ამ ქანდაკებების ავტორები იყვნენ ვალენტინა თოფურიძე და ჯუნა მიქატაძე. ეს ქანდაკებები დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ გაურკვეველი მიმართულებით გააქრეს, სავარაუდოდ, გადაადნეს.

 

 

скачать dle 11.3