კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2018 (124)
ოქტომბერი 2018 (252)
სექტემბერი 2018 (209)
აგვისტო 2018 (267)
ივლისი 2018 (223)
ივნისი 2018 (244)

რატომ ვერ დაიცვა კახა კინწურაშვილმა თავი გაცვეთისგან და რას არ ნანობს მაკა ზამბახიძე

მაკა ზამბახიძე უკვე მეორედ დადგა „ცეკვავენ ვარსკვლავების” სცენაზე, თუმცა მონაწილეობაზე შოუს დაწყებამდე აქვს უარი ნათქვამი. კახა კინწურაშვილთან ინტერვიუ შოუს გარშემო ტრიალებდა, რაც, ალბათ, არავის გააკვირვებს, რადგან დღეს მთელი საქართველო მხოლოდ ცეკვებზე ლაპარაკობს.

 

ინტერვიუ 1. ჟურნალისტია

მაკა ზამბახიძე

– წამყვანის ამპლუაში, თუ არ ვცდები, პირველად ხარ და ფართო მასშტაბით პოპულარული სწორედ ამ პროექტით გახდი. მეთანხმები?

– კი ბატონო, სხვა რა გზა მაქვს (იცინიან). 

– თავიდან გინდოდა თუ ორჭოფობდი?

– სიმართლე გითხრა, ძალიან დიდხანს ვფიქრობდი. თავიდან, ქასთინგის შემდეგ რომ დამირეკეს და მითხრეს, დამტკიცებული ხარო, ერთი კვირის განმავლობაში სულ ვფიქრობდი, მივიდე თუ არა-მეთქი. ქასთინგზე მისვლა მარტივია, მიმაჩნია, რომ ყველაფერი უნდა სცადო და ძალები ყველგან მოსინჯო, მაგრამ, თუ დაგამტკიცეს უკვე მერე იწყებ გააზრებას, რა უნდა აკეთო. მივედი იმ განწყობით, რომ ნორმალური ხელფასი იქნება-მეთქი. არც მეგონა თუ დამამტკიცებდნენ, რადგან ძალიან ცუდ ხასიათზე მივედი, ახალი გაღვიძებული გახლდათ და, ჩავთვალე, რომ ვერაფერი გავაკეთე. ნოემ მითხრა, რაღაცეები გავაკეთოთო, ვითომ ყურში გიზივარო. ეს „ყურში ჯდომა” ცოტა ვერ მივხვდი, რა იყო (იცინიან). 

– დამტკიცებული ხარო, რომ გითხრეს გაგიხარდა?

– კარგია, როდესაც სადღაც უპირატესობას განიჭებენ. მაგრამ, იმ პოპულარობაზე, რომელზეც შენ ლაპარაკობდი დასაწყისში, გულწრფელად ვამბობ, არ მიფიქრია, არ ვცდილობდი ამას. თავიდანვე, სადღაც ქვეცნობიერში, როცა ამ პროფესიას ირჩევ, იცი, რომ ეს ყველაფერი პოპულარობასაც გულისხმობს და მსახიობები ცოტას ვიპრანჭებით კიდეც, მაგრამ, გააჩნია, ამ პოპულარობას როგორ მოიპოვებ...

– ანუ, არ გინდოდა იოლი გზით მოსული „იაფი” პოპულარობა.

– ვცდილობდი, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი პროფესია დღეს, ასე დავარქვათ, „რთულად ანაზღაურებადია” და, თან, არც ისე განებივრებულები ვართ ჩვენი საქმის კეთებით, გვიწევს სხვა რაღაცეების კეთებაც. ცხოვრებაში სიამოვნების გარდა სხვა ვალდებულებებიც გვაქვს. 

– თეატრალურ წრეებში სულ არის ლაპარაკი იმაზე, რომ კახა საკმაოდ ნიჭიერია. მათი შეფასების ხომ არ გეშინოდა და იმიტომ ხომ არ განიცდიდი ამ ნაბიჯის გადადგმას?

– საქართველოში ყველაფერი უცნაურად ხდება – ან ცნობილი სახე სჭირდებათ, ან, პირიქით, სრულიად უცნობი ადამიანი – ვერ გაიგებ. თავიდან ვიფიქრე, რომ ამას, შეიძლება, სახე გაეცვითა, მაგრამ, პროექტი ორთვიანია, მეც, შეძლებისდაგვარად, ვცდილობ, იშვიათად გამოვჩნდე და, ვნახოთ, რა იქნება. საშინლად ვნერვიულობ. როდესაც გინდა, იყო მსახიობი, ამ დროს კი დგახარ რუსთაველის თეატრის სცენაზე და ხარ წამყვანი, ცოტა უხერხულია.

– მართლა უხერხულია, სულ სხვადასხვა რაღაცაა...

– თანაც, თეატრში, რომელსაც ამხელა ისტორია აქვს, ისეთი ადამიანები გამოსულან ამ სცენაზე და ისეთი გმირები შეუქმნიათ... ძალაუნებურად, ამაზე ხშირად ვფიქრობ; ისინი ჩემი კუმირები არიან, მისაბაძები. შენ კიდევ, გაღიმებული, მიკროფონით დგახარ. ვცდილობ, ეს განწყობა საერთოდ არ შემემჩნეს – მაყურებელი რა შუაშია?! როდესაც რაღაცას აწერ ხელს და ამბობ, ამას გავაკეთებო, ვალდებული ხარ, მაქსიმალური მონდომებით გააკეთო.

– დადებითი რა აქვს ამ ყველაფერს, არაფერი არ აქვს კარგი?

– ყველა პროექტს ის დადებითი აქვს, რომ ახალ ადამიანებს გაიცნობ. ასიდან, შეიძლება, არც ერთს არ დაუმეგობრდე, ან, მეგობარიც გაიჩინო, გაცვალოთ აზრები და ასე შემდეგ. ბევრი ნაცნობი თუ მეგობარი მეუბნება: კარგია, რომ ტელევიზიაში ხარ, რომ ამ წრეში მოხვდი, იქნებ ტელევიზიას გაჰყვეო, მაგრამ ჩემთვის ასე არ არის. ხანდახან ვფიქრობ, როდის დამთავრდება. არა იმიტომ, რომ პროექტი არ მომწონს, უბრალოდ, ძალიან ბევრი დრო მიაქვს და, მირჩევნია, ეს დრო თეატრში ვიარო, რეპეტიციებზე ვიყო. ანუ, მთელი დრო ჩემს საქმეს მოვახმარო, რომელიც მართლა ძალიან მიყვარს. თუმცა, მიხარია, რომ ოთხშაბათობით ადამიანების გართობასა და კარგ ხასიათზე დაყენებაში მონაწილეობას მეც ვიღებ.

– რომელ თეატრში ხარ?

– მუსკომედიაში.

– ჩემი საყვარელი თეატრია. მღერი?

– არა, მართლა, მუსკომედიაში რა მინდა, კაცმა არ იცის (იცინიან). თუ დასჭირდათ, ამამღერებენ, იქ ისეთი ხალხი მუშაობს, მაგრამ, ჯერჯერობით მუსიკალურ სპექტაკლებში არ ვთამაშობ იმის გამო, რომ არ ვმღერი. 

– რამდენი წლის ხარ?

– ოცდაშვიდის. 

– როგორც ვატყობ, ჟურნალისტებთან ურთიერთობაზე დიდად არ გიჟდები.

– როდესაც რაღაც კონკრეტულ პროექტს, სპექტაკლს, ფილმს, გმირს ეხება ინტერვიუ, სიამოვნებით ვთანხმდები, ძალიან მსიამოვნებს ამაზე საუბარი, მაგრამ, რა ბრენდებს იცვამ და როგორი გოგოები მოგწონს – ამაზე ლაპარაკი არ შემიძლია. არ შემიძლია კი არა, დარწმუნებული ვარ, საერთოდ არავის აინტერესებს ქერა გოგოები მომწონს თუ შავგვრემანი.

– ვაიმე, როგორი მართალი ბიჭი ხარ! ძალიან მომწონს შენი დამოკიდებულება და აბსოლუტურად გეთანხმები. ხშირად მიფიქრია, რაღაცეებს რომ ვლაპარაკობ და აზრებს ვაფრქვევ, ნეტავ ვის აინტერესებს-მეთქი. ხალხს ჩემი სიმღერა აინტერესებს – ის, რითაც შევუყვარდი. იმის იქით, მგონია, არაფერი აინტერესებთ. თეატრის გარდა, გიღებენ ფილმებში, საკმაოდ დაკავებული ხარ, ანუ, გაქვს ყველაფერი ის, რაც ამ თაობის მსახიობებს აკლიათ. 

– ბევრი პრობლემაა ჩემს სფეროში. არის რაღაც დაწესებულება, რასაც თეატრალური უნივერსიტეტი ჰქვია, რომელსაც, რომ დაამთავრებ, თუ გაგიმართლებს, რომელიმე თეატრში დაგაკავებენ და, ოთხმოცდათხუთმეტი პროცენტი იმით რჩება კმაყოფილი, რასაც იმ მომენტში მიაღწია. ჩემთვის თეატრის შტატში ყოფნა მიღწევა არ არის. ჩემთვის მიღწევაა ყველა როლი, რომელსაც შევასრულებ ეგრევე დავივიწყო და გადავიდე შემდეგ ეტაპზე. არ ვამბობ, რომ ვინმეზე უკეთესი და გამორჩეული ვარ. ეს დამოკიდებულება მანახვეს იმ ადამიანებმა, ვისთანაც მიმუშავია – მათ მაჩვენეს, რას ნიშნავს მსახიობობა და რა უნდა იყოს მათი ზეამოცანა. არა პოპულარობა, არა – „უიმე, რა საყვარელი ხარ!” ჩემი ოცნებაა, ბევრ კარგ რეჟისორთან ვიმუშაო, განვვითარდე და ბევრი ვისწავლო. იმედია, ეს გამომივა.

– ამ შოუში იცეკვებდი?

– არა, არ მინდა. 

ინტერვიუ 2. ჟურნალისტია კახა კინწურაშვილი

– მინდა ვთქვა, რომ ის მომღერალი ხარ, ვისი მოსმენაც მსიამოვნებს. ძალიან კარგი ხმა გაქვს. შეიძლება, შენს რეპერტუარში იყოს სიმღერები, რომლებიც მეტად ან ნაკლებად მომწონს, ისევე, როგორც შენ – ჩემი გმირები, მაგრამ დიდ პატივს გცემ, როგორც საოცარი ვოკალის პატრონს.

– ვაიმე, ძალიან დიდი მადლობა! ყოველთვის მიხარია პროფესიული კომპლიმენტის მოსმენა. 

– გყავს შენი ფავორიტი ჩვენს შოუში?

– ყველა მონაწილეს ვიცნობ, ყველა ვარსკვლავს. ვგულშემატკივრობ, რა თქმა უნდა, ლელას, რომელიც ჩემი და რატის ოჯახის წევრია. ლელას მერეც მყავს ჩემი ფავორიტი, მაგრამ, ახლა არ დავასახელებ. 

– უკვე მეორედ ხარ ჩვენს სცენაზე?

– დიახ, პირველად ლელას ცეკვაზე ვიმღერეთ, გახსნაზე. ბოლო ნომერი იყო ჩვენი და საშინლად ვნერვიულობდით, მით უფრო, რომ იმ დღეს ძალიან ცუდი ქულები დაიწერა. იმ დღეს მაქსიმალური შეფასება აიღო ლელამ და სიგიჟემდე გამიხარდა. საერთოდ, ერთმანეთი რაღაც კარგად გვყავს დაცდილი. იურმალაში ლელა ჩვენთან იყო. მოკლედ, ერთმანეთისთვის კარგი ფეხი გვაქვს. იმ დღეს ვამბობდი, ერთობლივად რომ გამოვედით სცენაზე, შენ რომ იცეკვე და ჩვენ ვიმღერეთ, მაქსიმალურად იმიტომაც შეგვაფასეს-მეთქი.

– ნერვიულობ ხოლმე?

– საშინლად. თანაც, ყოველთვის. ყველა მეუბნება, რომ სიმღერის დროს საერთოდ არ გეტყობა ნერვიულობაო, მაგრამ, სცენაზე გამოსვლისას ხელები სულ მიკანკალებს. 

– ეს კარგი თვისებაა, რაც ხაზს უსვამს შენში პასუხისმგებლობის გრძნობას. 

– ნერვიულობის გარეშე ვერ წარმომიდგენია, ჯეკსონიც კი ნერვიულობდა, ალბათ. როდესაც ემოციური ხარ, შეუძლებელია, მშვიდად იდგე ამდენი ხალხის წინაშე, მომღერალს კი ემოციურობა უხდება. 

– შენ არ გინდა პროექტში მონაწილეობა?

– მე და რატი ამ პროექტში უკვე ვიყავით დამტკიცებულები და ცეკვის რეპეტიციებსაც გავდიოდით, მაგრამ, ისე მოხდა, რომ ვერ ავიღეთ ეს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე.

– არ ნანობ?

– არა. იმ კონკრეტულ მომენტში სხვანაირად ვერ მოვიქცეოდით. ბევრი რაღაც გვქონდა დაგეგმილი და დროში ფიზიკურად ვერ ჩავეტეოდით. პრინციპში, სწორი გათვლა გავაკეთეთ, რადგან, როგორც დღეს ამბობს ყველა მონაწილე, მთელ თავის დროს ცეკვას უთმობენ და მთელი მათი ნერვული სისტემა შეიწირა. ისე მოხდა, რომ ჩვენს საქმეს ნორმალურად ვეღარ ვაკეთებდით და სამწუხაროდ, უარის თქმა მოგვიწია.

– და, პროდიუსერი გაანაწყენეთ...

– რა თქმა უნდა, გული დასწყდა. პროექტში დუეტი „ჯორჯია” უნდა ყოფილიყო და ამაზე გარკვეული გათვლები იყო. იქნებ, რომელიმე ერთი მაინც დარჩენილიყავითო, კი გვითხრეს, მაგრამ, არ გამოდიოდა. გული არ მწყდება და, იცი, რატომ?! არ მიყვარს კონკურსები, სადაც გამარჯვება ესემესებზეა დამოკიდებული. ისეთ კონკურსში მივიღე მონაწილეობა, სადაც მთელი ჩემი ნერვები დავტოვე და, იქ რომ კიდევ ესემესები ყოფილიყო, ალბათ, გავგიჟდებოდი. ჩვენს შემთხვევაში, მხოლოდ ჟიური აფასებდა და უფრო პროფესიონალური მიდგომა იყო. ესემესებით ვერ გაიგებ რა მუშაობს, რა ჯობია. 

– მომავალშიც არ მიიღებ მონაწილეობას?

– არა მგონია.

– მგონი, ცეკვა და ვარჯიში ეზარება.

– არა, რას ამბობ! ვგიჟდები ცეკვაზე და თან, რაც ჩემს საქმეს ეხება, ის არასდროს მეზარება. მგონია, რომ თავს გავართმევდი. სადაც მიცეკვია, ყველა ქორეოგრაფი მეკითხებოდა ბავშვობაში ხომ არ ცეკვავდიო. ანუ, იმიტომ არ მითქვამს უარი, რომ არ გამომივიდოდა. მიყვარს ცეკვა და, სოლო კონცერტი თუ გვექნება, აუცილებლად ვიცეკვებთ კიდეც.

– შემდეგი კითხვა – როდის აპირებთ სოლო კონცერტს?

– იდეა არსებობს, გეგმაშიც გვაქვს, მაგრამ, რაზეც კი ოდესმე მილაპარაკია, არაფერი გამოსულა – ცუდად მაქვს წინასწარ ლაპარაკი დაცდილი. გვინდა გრანდიოზული კონცერტი გავაკეთოთ.

– ორი მოსაწვევი გაითვალისწინეთ (იცინიან). ისე, გრანდიოზული თუ არ გამოგივათ, საერთოდ არ გააკეთებთ?

– არა, სხვანაირად აზრს ვერ ვხედავ. შარშან მთელ საქართველოში გვქონდა დიდი ტურნე, სადაც ჩვენი სცენით, განათებით, დეკორაციით დავდიოდით. დღემდე ახსოვს ეს კონცერტები ხალხს. კი, დადექი და იმღერე კარგია, მაგრამ რაღაც სანახაობა თუ არ შესთავაზე ხალხს მგონია, რომ შენც ვერ განვითარდები. თან, მაყურებელს ეს უფრო უხარია და, თუკი საშუალება არის, რატომაც არ უნდა გაახარო?! იმიტომ იწელება დროში ჩვენი კონცერტი, რომ რაღაც კონკრეტულს ველოდებით. 

– ჯობია, დაიცადოთ და ხარისხიანი პროდუქტი დადოთ.

– გეთანხმები, მით უმეტეს რომ არსად არ გვეჩქარება, დროც სამყოფია, ძალაც შეგვწევს და განწყობაც სათანადო გვაქვს.

– წამყვანობა რომ შემოეთავაზებინათ დათანხმდებოდი?

– სხვათა შორის, მე და რატი „ნუცას სკოლის” წამყვანები ვიყავით და იმის შემდეგ თავბედს ვიწყევლი, ისე მამწარებდა რატი. პირდაპირი ეთერი გვქონდა, რატიმ სამჯერ დააგვიანა და მარტო შევშხრიალდი ეთერში (იცინიან). ძალიან რთული საქმეა, მიუხედავად იმისა, რომ სცენაზე ვდგავარ. მსახიობი მაინც შეჩვეულია სცენაზე ლაპარაკს, კომუნიკაციას, ჩვენთვის ეს უფრო ძნელია, საერთოდ მიუჩვევლები ვიყავით კამერასთან ურთიერთობას. მაგრამ, მაინც კარგი იყო. ადამიანმა ყველაფერი უნდა გამოსცადოს, რისი შანსიც ეძლევა. 

– გეთანხმები. ნანობ რაღაცეებს, რაც შენს პროფესიას ეხება?

– არა, არაფერს. ცხოვრებაში ტყუილად არაფერი ხდება – ამის მჯერა და ასე ვცხოვრობ. 

 

 

скачать dle 11.3