კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მიიწვიეს ხათუნა ლორიგი „შიმშილის თამაშებში“ მწვრთნელად და როგორ გახდა ის შტატების ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მშვილდოსანი

 

ხათუნა ლორიგი-ქვრივიშვილი ამერიკაში 90-იან წლებში წავიდა. ის შტატებში, კერძოდ, კალიფორნიაში ცხოვრობს და საკმაოდ წარმატებული სპორტსმენია – მშვილდოსანია. საუბარში საკმაოდ მკაცრი და შეუვალი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. ამბობს, რომ საქართველოში დაბრუნების სურვილი, რომ არა მისი მშობლები, საერთოდ არ აქვს. ხათუნას ამერიკაში დავუკავშირდით.

– ხათუნა, ძალიან დიდხანს გეძებდით. ფედერაციაში მითხრეს, რომ თქვენ ქართველ კოლეგებთან აღარ გაქვთ კონტაქტი. რატომ?

– როგორ გეკადრებათ, ეს სიცრუეა. მე ქართველებთან ყველასთან მაქვს კონტაქტი. ნუ დაუჯერებთ ქართველებს ყველაფერს, რასაც გეტყვიან. მე არ ვიცი, არტემ სანიშვილმა რა გითხრათ, მე რომ მანდ ვიყავი, ფედერაციას არტემი არ ხელმძღვანელობდა. საერთოდ, არ აღიარებენ და არც ეამაყებათ ჩემი წარმატებები, რაც ძალიან მწყინს. არადა, არანაირი სერიოზული კონფლიქტი არ მქონია, თუმცა, ხანდახან ოჯახის წევრები ჩხუბობენ და, ნაკრებში რომ უსიამოვნება მქონოდა, რა გასაკვირია?!

– და მაინც, რატომ აირჩიეთ ამერიკა?

– ჯერ ერთი, ამერიკაში უფრო მეტი შესაძლებლობები გაქვს, ამერიკა საქართველოს ბევრად სჯობია. მერე კიდევ – მატერიალური მომენტი. ჩემს ოჯახს, რა ხანია, მე ვინახავ და ვეხმარები. 90-იანი წლები ყველას ახსოვს, მშვილდოსნობისთვის ვის ეცალა? შეჯიბრებაზე არ გვიშვებდნენ და ისე გვიჭირდა, თავს ვერ ვინახავდით. მე მყავს დედა, ინვალიდი მამა, ძმა... მოკლედ, მკვდარს, ცოცხალს – ყველას მე ვპატრონობ და ვინახავ, ასეთი სიტუაცია მქონდა და როგორ არ წავიდოდი.

სხვათა შორის, ძალიან ადრე დავკავდი ამ სპორტით – მეექვსე კლასში ვიყავი, ქართული ენის გაკვეთილზე რომ შემოვიდნენ ფედერაციის წარმომადგენლები. ბავშვობიდანვე ძალიან აქტიური ვიყავი, სპორტული, მიყვარდა თავის გამოჩენა – ყველაფერში და ყველგან პირველი რომ ვიყავი. კალათბურთზეც ვიარე ცოტა ხანს და დავანებე თავი, რადგან, გუნდი დაიშალა. ახტაჯანა ბავშვი არ ვყოფილვარ, ძალიან მორიდებული ვიყავი, მაგრამ, სკოლაში ერთადერთი ბიჭი იყო, ვინც ხელს მიწევდა, დანარჩენებს ყველას ვერეოდი (იცინის).

– თქვენი კარიერა როგორ განვითარდა შემდგომში?

– ჩემი კარიერის ზენიტი იყო 1989-1991 წლებში საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მოხვედრა. 90-იანებში მე უკვე ამერიკაში ვიყავი. საბჭოთა კავშირის ნაკრები გვიშვებდა ტურნირებზე, გვაფინანსებდა – ხელფასსაც გვიხდიდა და ყველაფერს გვიკეთებდა. ქართველებს სულ ფეხებზე ეკიდათ ეს სპორტი, მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა.

საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში მოპოვებულ წარმატებას რაც შეეხება, სულ პირველად ავიღე მესამე ადგილი, ევროპის ჩემპიონატი ნატო ნასარიძესთან ერთად, მერე ლონდონში – პირველი ადგილი. დახურულ მსოფლიო ჩემპიონატზე 1991 წელს პირველ ადგილზე გავედი, აგრეთვე, 1992 წელს ოქრო ჩამოვიტანე ევროპის ჩემპიონატიდან, რის შემდეგაც მყარად დავიმკვიდრე ადგილი ნაკრებში. ამის შემდეგ ოლიმპიადაზე გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილი მოვიპოვეთ. ძალიან კარგი გუნდი ვიყავით. ძირითადად მწვრთნელებს შორის იყო დაპირისპირება, გოგოებს შორის – არა.

მშვილდოსნობა არ არის ძალიან რთული სპორტი, თუმცა, დიდ ფსიქიკურ სიძლიერესა და მოქნილობას მოითხოვს. სხვათა შორის, ქართველი ქალები უფრო მოქნილები არიან, ვიდრე კაცები და მშვილდოსნობაშიც ბევრად სჯობიან, მაგალითად, თუნდაც ქეთევან ლოსაბერიძე. არ გამიგია წარმატებული ქართველი მშვილდოსანი კაცი (იცინის). დარწმუნებული ვარ, ისტორიულადაც ეგრე იყო.

– ევროპის ჩემპიონატზე გვიამბეთ, სადაც ოქროს მედალი აიღეთ.

– ოლიმპიადის წინა პერიოდი იყო, მალტაში ტარდებოდა შეჯიბრება და იქ ავიღე ოქროს მედალი. ძალიან გახარებული ვიყავი – პატარა გოგომ ამხელა წარმატებას მივაღწიე! მაინცდამაინც ყველაფრის დათვალიერებას ვერ ვასწრებდით, მაგრამ, ის, რომ ამდენ ქვეყანაში დავდიოდით, უკვე დიდი სტიმული იყო. სხვათა შორის, დედაჩემი წინააღმდეგი იყო, მისი ქალიშვილი სპორტს გაჰყოლოდა, თანაც – მშვილდოსნობას. სამაგიეროდ, მამამ შემიწყო ხელი – იცოდა, რომ კარგი მონაცემები მქონდა.

– რამდენი ხანია, ამერიკაში ცხოვრობთ?

– 1991 წლიდან, ძალიან პატარა ვიყავი – 21 წლის, მიყიდეს თვითმფრინავის ბილეთი, ჩავჯექი და ჩამოვფრინდი! ამაზე მეტს ვერაფერს ვიტყვი. თავიდან ძალიან გამიჭირდა ფინანსურად, რასაც ენის ბარიერიც დაემატა, წარმოდგენა არ მქონდა არაფერზე.

– ლორიგი – ეს გვარია თუ ფსევდონიმი? მე ვიცი, რომ თქვენი გვარი ქვრივიშვილია.

– ამ საკითხზე საუბარი კატეგორიულად არ მსურს, ძალიან პირადია.

– რამდენი შვილი გყავთ?

– ერთი საკუთარი – 19 წლის ვაჟი, ლევანი, მეორე – შვილობილი, რომელიც ავიყვანე და გავზარდე, თუმცა, ის დაბრუნდა საქართველოში. ჩემი მეუღლეც ყოფილი მშვილდოსანია, გვარად ონაშვილი. ჩემი შვილი ამჟამად მშვილდოსნობაში ვარჯიშობს და მე მისი მწვრთნელი ვარ. ძალიან ბევრს შრომობს მიზნის მისაღწევად. სხვათა შორის, ის ერთხანს საქართველოში დადიოდა სკოლაში. ახლახან „ჰაისქული” დაამთავრა და ამჟამად ოლიმპიადისთვის ემზადება.

– მკაცრი მწვრთნელი ხართ?

– დიახ, საკმაოდ მკაცრი ვარ შვილთან მიმართებაშიც. მე იაპონიაშიც ვმუშაობდი მწვრთნელად. ალბათ, იცით, ჰოლივუდის ფილმი „შიმშილის თამაშები“  (Hunger games), მთავარი როლის შემსრულებელს ვავარჯიშებდი მშვილდოსნობაში. არც ვიცოდი, ასეთი ცნობილი მსახიობი რომ იყო. ისე კი არ მივუდექი, როგორც ვარსკვლავს, არამედ, როგორც ჩვეულებრივ ადამიანს. საკმაოდ ნიჭიერი აღმოჩნდა, მალე აითვისა. ეკრანზე რომ გამოვიდა ეს ფილმი, ძალიან ამაყი ვიყავი. დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი ჰოლივუდში. სულ ხაზს უსვამენ ფილმის შემქმნელები იმას, რომ ოთხგზის ოლიმპიელი ვარ. ძალიან დიდი რეკლამა გაუკეთეს ამ სპორტს.

– ამერიკის სახელით რა ტიტულები გაქვთ მიღებული?

– პირველად 1999 წელს ვიყავი კუბაში ამერიკის ნაკრებთან ერთად. მაშინ, სამწუხაროდ, ვიზა არ მქონდა და იძულებული გავხდი, საქართველოს სახელით მეასპარეზა. 2005 წლიდან ვარ ამერიკის ნაკრებში. ექვსჯერ მაქვს მოგებული ამერიკის ჩემპიონატი, მსოფლიო თასი, მეორე და მესამე ადგილები გუნდში... თითქმის ყველა შეჯიბრებიდან მედლით ვბრუნდები. მართალია, მათთვის აქ ყოველთვის ჩამოსული და ემიგრანტი ხარ, მაგრამ, თუ ძლიერი ხარ, მაინც გამოჩნდები. ამიტომ მომწონს ძალიან ამერიკული დემოკრატია! თუმცა, ზოგჯერ რუსი ვგონივარ და ვცოფდები ამაზე, შიშით ვერ მეუბნებიან ვერაფერს.

– კალიფორნიულ კლიმატს როგორ შეეგუეთ?

– საშინლად ცხელა, ზამთარში აქ 20 გრადუსია. ზოგჯერ ისე ცხელა, ტყეებს ცეცხლი ეკიდება, სულ ხანძარია. ტროპიკული კლიმატია და ცოტა ძნელია შესაგუებლად. ძალიან მინდა მოგზაურობა, მაგრამ, დასასვენებლად წასვლას ვერ ვახერხებ. თუ დრო მაქვს, ვცდილობ, ოჯახთან ერთად გავატარო: ხაჭაპურებს ვაცხობ, რაღაცეებს ვაკეთებ (იცინის). მე და ჩემი შვილი ძალიან ვმეგობრობთ, და-ძმასავით ვართ, თუმცა, როგორც მწვრთნელი, ხშირად ვეჩხუბები ხოლმე. მე ვაფასებ შრომისმოყვარეობას, არ მესმის, რას ნიშნავს ქართული სიზარმაცე. ზარმაცი ამერიკაშიც ზარმაცია და საქართველოშიც. ძალიან ბევრი ქართველია აქ, ვინც არცხვენს ჩვენს ქვეყანას. მე არ მაქვს ქართველებთან ურთიერთობა, სამაგისოდ არ მცალია. უფრო ჩემი ქმარი იცლის ხოლმე – ჭიქის ასაწევად (იცინის).

– თბილისი არ გენატრებათ?

– საერთოდ არა! მხოლოდ ჩემების გამო ჩამოვდივარ. 21 წელი მანდ ვიცხოვრე, რაღა უნდა ვნახო და რაღა უნდა მომენატროს? კი, შეცვლილია თბილისი, მაგრამ, იმდენი მათხოვარია, ისეთი გაჭირვებაა, რომ ძალიან ცუდი სანახავია და ცუდად მხდის. თბილისი ლამაზად მორთულ ჭუჭყიან პატარძალს მაგონებს.

 

 

скачать dle 11.3