კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მე – დაქირავებული მკვლელი

უშიშროების პოლკოვნიკის ჩანაწერების მიხედვით

 

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ ¹29-16(590) 

 

შურისძიება ადამიანის ერთ-ერთი მთავარი თვისებაა და ის ნებისმიერ ჩვენგანს ახასიათებს. ვიმეორებ, რომ შეკვეთილი მკვლელობების თითქმის ასივე პროცენტი შურისძიების გამო ხდება. „კაგებეშიც“ კი, როდესაც სახელმწიფოს შეკვეთას ვასრულებდი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, საქმე შურისძიებასთან გვქონდა. ერთხელ შჩუკინმა დამიბარა და მითხრა:

– შურისძიების მიმართ როგორი დამოკიდებულება გაქვს?

– ცუდი თვისებაა, მაგრამ, აუცილებელი, – მივუგე გენერალს და ვკითხე: – ვინმეზე უნდა ვიძიოთ შური?

– სწორედაც რომ, – მომიგო შჩუკინმა, – თანაც ისე, რომ ყველამ გაიგოს და დაინახოს, თუ ვისი ნამოქმედარია და რისთვის. „ვისში”, რა თქმა უნდა, ჩვენს უწყებას ვგულისხმობ. შენ, როგორც ყოველთვის, უჩინარი და უვნებელი უნდა დარჩე.

ლაპარაკში მუხინი ჩაერთო, რამდენიმე ფერადი ფოტო მაჩვენა და მითხრა:

– ეს ვაჟბატონი ჩვენი ყოფილი თანამშრომელია, პოდპოლკოვნიკი. ახლა შტატებში ცხოვრობს და, რომ იტყვიან, ბაირამობს, ამას კი ჩვენ ვერ დავუშვებთ.

– რამე მნიშვნელოვანი ინფორმაცა მიუტანა მტერს? – ვკითხე ანდრეი ლუკიჩს. მან კი თავი გააქნია და მომიგო:

– არა. საკმაოდ მაღალი ჩინის მიუხედავად, მას თითქმის არანაირ საიდუმლო ინფორმაციაზე არ მიუწვდებოდა ხელი. ის „ზავხოზი“ იყო, მეტი არაფერი, უწყებისთვის ავეჯსა და საკანცელარიო აღჭურვილობას იძენდა. მას გაქცევისას მცირედი თანხაც კი არ წაუღია თან. ერთი სიტყვით, სრული არარაობაა.

– აბა, რას ვერჩით? – ღიმილით ვკითხე მუხინს, რომელსაც ჩემს სიტყვებზე გაეცინა, პასუხი კი შჩუკინმა გამცა:

– იმას, რომ ჩვენს პრესტიჟს ვიცავთ და რომ არავის დავაცინინებთ თავს, მით უმეტეს, ისეთ არარაობას, როგორიც ეს ვაჟბატონია.

– გასაგებია და სწორია, – დავეთანხმე შჩუკინს, მან კი განაგრძო:

– ახლა, რაც შეეხება შესრულების ფორმას: ის ყველამ ნახოს და ყველა შეძრწუნდეს. შენ ამ სუბიექტის გვამი საჯარო ადგილზე უნდა გამოკიდო და ისეთი დამახინჯებული, რომ თუკი ვინმეს ჩვენი ღალატი აქვს განზრახული, სამუდამოდ ამოიგდოს ეს გულიდან.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, საბჭოთა კავშირიდან გაქცეულ ყოფილ პოდპოლკოვნიკს ნიუ-იორკში დავადექი, სადაც ის თავისუფლად ცხოვრობდა და უსაფრთხოდ გრძნობდა თავს. ჯერ გავაშიშვლე და სხეულზე ნამგალი და ურო ამოვკვეთე რამდენიმე ადგილზე. შემდეგ ისინი ცეცხლით მოვწვი. ბოლოს კი თავი მოვკვეთე და მისი სხეული ტაიმსკვერზე ყველაზე გამოსაჩენ ადგილას დავაგდე. მეორე დღეს ყველა გაზეთი და  ტელევიზია ჩემი ნამოქმედარის შესახებ ლაპარაკობდა, მე კი ამ ყველაფერს უკვე ლუბიანკაზე გავეცანი და, მართალია, უკიდურესი სისასტიკე ჩავიდინე, მაგრამ, ძალიან ვამაყობდი ამით...

სისასტიკესა და შურისძიებაში საამაყო რა არის, – იტყვის მავანი და, ალბათ, ეს სწორიცაა, მაგრამ, მაშინ ახალგაზრდა ვიყავი, თავი კომუნისტური იდეებით მქონდა გამოტენილი და ამ ყველაფერს ხალხის ბედნიერი მომავლისთვის ვაკეთებდი... თუმცა, მოგვიანებით, როდესაც ასაკიც მომემატა და გამოცდილებაც, ბევრად არც იდეალები შემიცვლია და არც ჰუმანური გავმხდარვარ. უფრო სწორად კი, ჰუმანიზმს საქმის დროს არ ვიჩენდი, თორემ, ჩვეულებრივ ყოფა-ცხოვრებაში ჭიანჭველასაც კი არ დავადგამდი ფეხს და, ჩემი დიდი შესაძლებლობების მიუხედავად, ძალიან დამთმობი და სხვების მიმართ კეთილგანწყობილი ადამიანი ვიყავი, რის გამოც, ყველა პატივს მცემდა და ყველას ვუყვარდი. აბა, ვინ წარმოიდგენდა, რომ ჩემისთანა „დუშკას“ მიღმა ფოლადივით მტკიცე და ვეფხვივით ულმობელი ადამიანი იმალებოდა, რომელიც ისე ამოართმევდა კაცს სულს, თვალსაც კი არ დაახამხამებდა.

– საქმე და ყოფაცხოვრება ყოველთვის უნდა გამიჯნო ერთმანეთისგან, – მმოძღვრავდა ხოლმე ერთ-ერთი ჩემი ინსტრუქტორი, – მკვლელი და შემსრულებელი მხოლოდ საქმის დროს უნდა იყო, თორემ, ცოლ-შვილსა და ნათესავებს შენი სიყვარული და პატივისცემა სჭირდებათ და არა აგრესია და სისასტიკე. მართალია, ძალიან ძნელია ასეთი კონტრასტებით ცხოვრება, მაგრამ, აუცილებელი. ხოლო, დროულ ადაპტაციას თუ ვერ შეძლებ, მაშინ, გაიშიფრები და დაიღუპები...

სიმართლე რომ ვთქვა, ადაპტაცია ძალიან არ გამჭირვებია, ორმაგ ცხოვრებას მალევე შევეჩვიე და დღემდე ასე ვარ, მაგრამ, ეს სულაც არ არის იოლი და ყველა პროფესიონალი დამეთანხმება ამაში. ასეთი ყოფა, ჩემი აზრით, ფოლადის წრთობის პროცესს წააგავს, როდესაც გახურებულ რკინას წყლით აცივებ, შემდეგ ისევ ახურებ და ასე მეორდება ბევრჯერ. ხოლო ფოლადისგან განსხვავებით, რომელიც ერთხელ იწრთობა, ჩვენი პროფესიის ადამიანები მუდმივ წრთობაში ვიმყოფებით და ასე გრძელდება მანამ, სანამ სული გვიდგას...

ერთხელ ერთი ძალიან რთული დავალება შევასრულე, რომლის დროსაც უამრავი ადამიანის დახოცვა მომიწია, თავად კი ერთი ნაკაწრიც არ მქონდა. სახიფათო ზონიდან გამოსვლას სამი დღე მოვანდომე. ლუბიანკაზე რომ მივედი და შჩუკინთან შევდგი ფეხი, რომელიც ჩემი გმირობის საქმის კურსში იყო, აღტაცებული შემომეგება და ყველაფერი დაწვრილებით მომაყოლა, ბოლოს კი მკითხა:

– კოკი, ჩემო კარგო, როგორ ახერხებ კარგი შემსრულებლის და კარგი მეოჯახის პროფესიების ერთმანეთთან შეთავსებას, ეს ხომ ორი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული რამეა და არაადამიანურ ძალისხმევას მოითხოვს?

თავის დროზე შჩუკინი ჩემზე არანაკლები შემსრულებელი იყო და, ამავდროულად, ბრწყინვალე მეოჯახე. მე ეს კარგად ვიცოდი და ღიმილით მივუგე:

– ვინ-ვინ, მაგრამ, თქვენ მაინც არ უნდა მეკითხებოდეთ ამას, ამხანაგო გენერალო. თქვენი მეოჯახეობისა და გმირობის ამბები ბევრმა და, მათ შორის მეც კარგად ვიცი.

გენერალმა ხელი ჩაიქნია და თქვა:

– ოჯახიც მიყვარს და სამშობლოც. ეს ორი რამ ჩემი ცხოვრების ორი ამოსავალი წერტილია და დარწმუნებული ვარ, რომ შენც ასე ხარ.

– დიახ, ამხანაგო გენერალო, მეც სწორედ ასე ვარ – ოჯახი და საქმე, ჩემი უმთავრესი ვალდებულებებია, – მივუგე შჩუკინს და ეს მართლაც ასე იყო, რადგან, ასე ვიყავი აღზრდილი და არც ოჯახისთვის მიღალატია ოდესმე და არც საქმისთვის.

ერთხელ ერთი საკმაოდ ხანდაზმული ადამიანის ლიკვიდაცია განვახორციელე, რომელსაც უწყება ორმოცი წლის განმავლობაში ეძებდა და, ბოლოს, როგორც იქნა, მაინც მოიხელთეს. როდესაც მე მას დაუსწრებლად გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი წავუკითხე, რომელიც ჯერ კიდევ სტალინის სიცოცხლეში იყო მიღებული, ფერი წაუვიდა და მითხრა:

– რაღა დროს ესაა, მას მერე ხომ თითქმის ნახევარი საუკუნე გავიდა, ომიც კარგა ხანია, დასრულდა, მეც მოვხუცდი. იქნებ დამინდოთ, მაპატიოთ შეცდომა და შვილიშვილებთან ნებივრობის სიამოვნების უფლება მომცეთ.

იმ კაცს, რომელიც ადრე „ენკავედეს“ სპეცდავალებების ოფიცერი იყო, საბჭოთა უშიშროების ორმოცკაციანი სადივერსიო ჯგუფი ჰყავდა „ჩაშვებული”, რომლებიც მტრის ზურგში განსაკუთრებული მნიშვნელობის დავალების შესასრულებლად იყვნენ გადასროლილი. ფაშისტებმა კი ისინი შეიპყრეს და წამებით ამოხადეს სული. ამიტომ მოხუცს მივუგე:

– თქვენ უსერიოზულესი დანაშაულისთვის აგებთ პასუხს, რომელზეც არც ხანდაზმულობის ვადა და არც ასაკი არ მოქმედებს, – შემდეგ იმ კაცს პისტოლეტიდან ერთი ტყვია ვესროლე შუბლში, სიკვდილით დავსაჯე და ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე დავბრუნდი სამშობლოში....

სამშობლო მაშინ ჩემთვის, რა თქმა უნდა, საბჭოთა კავშირი იყო და, მართალია, მე გათვითცნობიერებული მქონდა ჩემი ქართველობა, საქართველოს ისტორიითაც ძალიან ვამაყობდი და, რა თქმა უნდა, ყოველთვის თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელებს ვგულშემატკივრობდი ნებისმიერ გუნდთან შეხვედრაში, მაგრამ, მაინც საბჭოთა, საბჭოური სულისკვეთებით გაჟღენთილი ადამიანი ვიყავი და საბჭოური მენტალიტეტის ნარჩენები დღემდე ცოცხლობს ჩემში.

რადგან ფეხბურთი ვახსენე, ერთი ამბავი უნდა მოვყვე, რომელიც სწორედ იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც თბილისის „დინამომ“ ევროპის თასების თასი მოიგო გერმანიაში.

იმ პერიოდში დიუსელდორფში მიმავლინეს ერთი ადამიანის სალიკვიდაციოდ, რომელიც ურანის ბიზნესით იყო დაკავებული, შვეიცარიის მოქალაქის პასპორტი ჰქონდა და საბჭოეთის დაუძინებელი მტერი იყო. მე ის სასტუმროს ნომერში უნდა მომეხელთებინა, მისგან საჭირო ინფორმაცია ამომეღო, მომეკლა და მივმალულიყავი, უფრო სწორად კი, ძალიან მალე დავბრუნებულიყავი უკან, უსაფრთხო ადგილზე, რადგან მოკლულისგან მოპოვებული ინფორმაცია უაღრესად მნიშვნელოვანი იყო და მასზე სხვადასხვა ქვეყნის დაზვერვები ნადირობდნენ. 13 მაისს, ანუ ფინალის დღეს, მაცნობეს, რომ ობიექტი ერთ-ერთ სასტუმროში იქნებოდა საღამოს 9 საათისთვის, სასტუმრო კი საფეხბურთო სტადიონთან მდებარეობდა. მე, როგორც თბილისის „დინამოს“ ფანმა, ინსტრუქციის დარღვევით, ფინალურ მატჩზე დასასწრები ბილეთი შევიძინე და „რეინშტადიონზე“ შევედი. პირველი ტაიმი რომ დასრულდა, შესვენებაზე სტადიონიდან სასტუმროში დავბრუნდი, ობიექტს ვეწვიე და საიდუმლო მიკროფირი გამოვართვი, შემდეგ მაყუჩიანი პისტოლეტით მოვკალი, ფირი ჯიბეში ჩავიდე და მეორე ტაიმის საყურებლად სტადიონზე დავბრუნდი... ასეთი საქციელი უწყებრივი ინსტრუქციის საშინელი დარღვევა იყო და, რომ გაეგოთ, მინიმუმ, ციხეში აღმოვჩნდებოდი. თუმცა, მე საკუთარი რისკის ფასად გადავდგი ასეთი ნაბიჯი, ჩემი საყვარელი გუნდის გამარჯვებითაც დავტკბი, დავალებაც უმაღლეს დონეზე შევასრულე და შჩუკინსაც იმ იმედით ვეახლე, რომ ჩემი თავხედობა ვერავინ შეიტყო. ვიქტორ იაკოვლევიჩი ჩვეულებრივი კეთილგანწყობით შემხვდა და მითხრა:

– ყოჩაღ, კოკი, მშვენივრად გაართვი თავი საქმეს. ვერაფერს იტყვი, სუფთა ნამუშევარია. შენ ძალიან საშიში კაცი მოიშორე, თან, უძვირფასესი ინფორმაცია მოიტანე.

– ვემსახურები საბჭოთა კავშირს! – გამოვეჯგიმე შჩუკინს, მან კი გამიღიმა და მითხრა:

– არა მარტო შენ, ჩემო კოკი, შენმა თანამემამულეებმაც ასახელეს სამშობლო და გერმანელებს გერმანიაში თასების თასი მოუგეს. მომილოცავს, მაგარი გუნდი გყავთ!

– გმადლობთ, ამხანაგო გენერალო, – მივუგე შჩუკინს, მაგრამ, „დინამოს“ გამარჯვების ხსენება არ მესიამოვნა და, მინდოდა, რომ გენერალს თემა შეეცვალა, მან კი პირიქით, მკითხა:

– ისეთი სახე გაქვს, თითქოს „დინამოს” გამარჯვება არ გიხარია. შენ რა, ფეხბურთი არ გიყვარს?

– როგორ არა.

შჩუკინმა გამიღიმა და მითხრა:

– არადა, სწორედ იმ დროს იყავი იმ ქალაქში, სადაც შენი საყვარელი გუნდი თამაშობდა და, რომ არა მოვალეობის გრძნობა, ალბათ, თამაშსაც დაესწრებოდი, ხომ?

აშკარა იყო, შჩუკინმა ჩემი სტადიონზე ყოფნის ამბავი იცოდა, ამიტომ ფეხზე წამოვდექი, გენერალს მზერა მივაპყარი და ვუთხარი:

– ამხანაგო გენერალო! მე უხეშად დავარღვიე უწყებრივი ინსტრუქცია, თამაშს დავესწარი და, მზად ვარ, კანონის მთელი სიმკაცრით დავისაჯო.

– ვიცი, რომ იყავი, – მშვიდად მომიგო შჩუკინმა, – შენ არაფერი დაგირღვევია, საქმეს ბრწყინვალედ გაართვი თავი და მხოლოდ და მხოლოდ ჯილდოს იმსახურებ. ეს ამბავი კი ჩვენ შორის დარჩეს. შენს ადგილზე, მეც ანალოგიურად მოვიქცეოდი.

შჩუკინისგან კარგი განწყობით გამოვედი, თუმცა, გუნებაში ვფიქრობდი, რომ „კაგებეს“ კლანჭებსა და თვალებს ვერსად დაემალება ადამიანი და ღმერთმა დამიფაროს მასთან დაპირისპირებისგან-მეთქი. პრინციპში, ეს ასეც უნდა იყოს, რადგან, ის სპეცსამსახური რა სპეცსამსახურია, რომელიც ერთ ადამიანს, თუნდაც ყველაზე ძლიერსა და მოუხელთებელს, ვერ მოიხელთებს, მით უმეტეს, ჩვენს დროში, როდესაც კოსმოსური ტექნოლოგიები ასეა განვითარებული, სპეცაგენტები კი ისე არიან „დამეტკილები“, რომ მათ ჯოჯოხეთიდანაც კი ამოიყვანენ...

ამას წინათ მე და ვოვამ ერთი ობიექტი, რომელსაც ეგონა, რომ საგულდაგულოდ იმალებოდა და ვერასოდეს მოიხელთებდნენ, ჩვეულებრივი „ჩიპის” მეშვეობით აღმოვაჩინეთ. იმ სულელს პასპორტი ჰქონდა თან, პასპორტს კი სპეციალური ჩიპი აქვს ჩაკერებული, რომელიც ყველგან იძლევა სიგნალს და, როდესაც მას თავზე წამოვადექით და პისტოლეტები მივუშვირეთ‚ არ სჯეროდა, რომ მკვლელები ვიყავით.

– ეგ როგორ? – აღმოხდა ობიექტს, – ჩემი ადგილსამყოფელი არავინ იცოდა, როგორ მომაგენით? 

ვოვამ მას პასპორტზე მიუთითა, რომელიც კომოდზე ეგდო და უთხრა:

– აი, იმ ჩიპიანი მოწყობილობით, – შემდეგ სასხლეტს თითი გამოჰკრა და საქმეც დასრულდა...

სხვათა შორის, მე და ვოვას, რა თქმა უნდა, გვაქვს, თანამედროვე პასპორტები, მაგრამ, თან არასდროს ვატარებთ და ისეთ ადგილას გვაქვს შენახული, სადაც სიგნალი არ აღწევს. ზუსტად ვიცი, რომ ნებისმიერი თანამედროვე საბუთი, რომელზეც პირადობაა აღბეჭდილი, მსოფლიო ტოტალური კონტროლის მოწყობილობასთანაა შეერთებული და ნებისმიერ პიროვნებას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში უპრობლემოდ აღმოაჩენენ. ამიტომ, თუკი ძებნილი ხარ, თანამედროვე საბუთი თან არ უნდა ატარო...

სულ რაღაც ოცი წლის წინ კი სულ სხვაგვარად იყო საქმე: საკმარისი იყო, ძებნილს პლასტიკური ოპერაცია გაეკეთებინა, ექიმი კი მოეკლა, რომ მისი პოვნა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, თუმცა, მაშინაც ვახერხებდით მათ მოძებნას და ეს ძირითადად სუნისა და ხელის თითების ანაბეჭდების მეშვეობით ხდებოდა.

ერთხელ, არგენტინაში, ერთ ყოფილ „ესესელს“ ვეძებდით, რომელსაც უკრაინის ტერიტორიაზე უამრავი საშინელება ჰქონდა ჩადენილი. მაშინ, სულ რაღაც ხუთი წლის სტაჟი მქონდა, თუმცა, არგენტინაში უკვე მეორედ მიწევდა ჩასვლა. ჩვენი სამძებრო-ოპერატიული ჯგუფი ექვსი ადამიანისგან შედგებოდა და მასში ერთი ქალი იყო. ის ქალი ექსპერტი-კრიმინალისტი იყო და სწორედ მას უნდა დაედასტურებინა ობიექტის იდენტურობა სუნისა და ანაბეჭდების მიხედვით და ამ ორ კომპონენტს ჩვენი კოლეგა სპეციალურ ხელსაწყოებში ინახავდა. ჩვენ ძებნის არეალი ვიცოდით და ობიექტს ინტენსიურად ვეძებდით. ერთ-ერთმა ასეთმა ტესტმა დადებითი შედეგი გამოიღო: ობიექტის სახეზე წასმული ტილო რომ შევამოწმეთ, პლუსი გვიჩვენა. შემდეგ თითების ანაბეჭდებიც დაემთხვა და ის მოვიტაცეთ...

სხვათა შორის, ბუენოს-აირესში ჩატარებული ოპერაციის შემდეგ საბრძოლო ორდენით დამაჯილდოვეს,  რომელიც შჩუკინმა პირადად დამაბნია გულზე.

– ყოჩაღ! – შემაქო გენერალმა, რომელთანაც იმ პერიოდში მხოლოდ და მხოლოდ მკაცრი ოფიციალური ურთიერთობები მქონდა და მაშინ პირველად მომმართა შენობით და სახელით, – ყოჩაღ, კოკი, ასე განაგრძე და სულ მალე დიდ წარმატებებს მიაღწევ, შენი თავდადება და პატრიოტიზმი კი ყოველთვის სათანადოდ დაფასდება.

შჩუკინის წინასწარმეტყველება ახდა და „კაგებეს“ ყოვლისშემძლე ძალას ყოველთვის, ყველგან და ყველაფერში ვგრძნობდი. არ არსებობდა საჭიროება თუ პრობლემა, რომელსაც უწყება ვერ მომიგვარებდა და უარს მეტყოდა. ეს იყო საბინაო საკითხი, მანქანის  ყიდვა, ავეჯის შოვნა თუ ნებისმიერი სხვა რამ, რაც რიგითი საბჭოთა მოქალაქისთვის შეუძლებელი იყო, ან, ყველაფერი ამაში დიდძალი თანხა უნდა გადაეხადა.

ისე ნურავინ გამიგებს, რომ საბჭოთა კავშირი იდეალურ, უნაკლო სახელმწიფოდ მიმაჩნია, მაგრამ, როგორც ადრე ვთქვი, იმ ქვეყანაში წესიერი რეფორმები რომ გატარებულიყო, ამერიკა დღეს ასე არ იბოგინებდა და მსოფლიოს თავზე აღარ დააჯდებოდა.

ცოტა ხნის წინ მალიბუში ერთი კაცი გავიცანი, რომელსაც იქ ფეშენებელური ვილა აქვს და ისე ცხოვრობს, როგორც მის გულსა და გონებას მოეპრიანება. ის კაცი ადრე საბჭოთა კავშირის მოქალაქე იყო, შემდეგ უცხოეთში გაემგზავრა, შტატებში დარჩა და ძალიან გამდიდრდა. ერთი სიტყვით, ეს „ამერიკული ოცნების“ აპოლოგეტი, რომელიც მთელი ცხოვრება ამერიკას აქებდა და საბჭოთა კავშირს აძაგებდა, რადიკალურად შეცვლილი დამხვდა და შუა საუბარში მითხრა:

– ვნანობ, რომ მთელი ცხოვრება ამერიკას ვადიდებდი, ჩემს სამშობლოს კი ვაძაგებდი. ამერიკული ოცნება სხვა არაფერია, თუ არა სხვების ჩაგვრა-განადგურებაზე აგებული პოლიტიკა. კარგი, მდიდრული ცხოვრება მხოლოდ შიდა მოხმარების პროდუქტია, დანარჩენებმა კი კისერი იტეხონო...

– და თქვენ ახლა მიხვდით ამას?

– სამწუხაროდ, კი, – ნაღვლიანად მომიგო მასპინძელმა, – იცით, მე ნახევარ სიცოცხლეს მივცემდი და მთელ ჩემს ქონებასაც, ვინმე იმ პერიოდში რომ დამაბრუნებდეს, როცა ჩემი სამშობლო დავტოვე. მთელ ჩემს ენერგიას მის მშენებლობას შევალევდი და არა ნგრევას.

სხვათა შორის, იმ მალიბუელი ემიგრანტივით ბევრი შეძლებული ამერიკელიც მსჯელობს და ბევრს არ მოსწონს, რომ მათი თანამემამულეები დამოკრატიის დროშის ქვეშ იხოცებიან ავღანეთსა და ერაყში. მე ვინ მეკითხება, მაგრამ, მიმაჩნია, რომ ყველა ქვეყანამ თვითონ უნდა მოაგვაროს საკუთარი პრობლემები და ამას არც ამერიკის ჩარევა სჭირდება და არც სხვა რომელიმე ქვეყნის.

ამ მალიბუელზე, სხვათა შორის, შეკვეთა მქონდა და ჩემდა გასაკვირად, ის ამას მიხვდა. მე პისტოლეტიც კი არ მქონდა ამოღებული, როდესაც მან მშვიდად მითხრა:

– ჩემო მეგობარო, ჩემს ანდერძში წერია, რომ ჩემს სამშობლოში დამკრძალონ. ვატყობ, ეს დრო მოახლოვდა და, აბა, შენ იცი, არ ამაცილო...

მე, რა თქმა უნდა, არ ამიცილებია, მაგრამ, ძალიან სევდიანი წამოვედი იქიდან და კარგა ხანს თვალწინ მედგა სამშობლოს მონატრებული მალიბუელის სახე.

სხვათა შორის, ამ ბოლო დროს ძალიან მიჭირს ხოლმე სასხლეტზე თითის გამოკვრა და ვფიქრობ, რომ ეს სიბერის ბრალია.

ამას წინათ მე და ვოვამ ერთი შეკვეთა შევასრულეთ – ერთი ობიექტი თავისივე სახლში მოვიხელთეთ, მე პისტოლეტი მივუშვირე, მაგრამ სროლა დავაყოვნე. ობიექტმა ამით ისარგებლა, ლულას ხელი წაატანა და მუცლისკენ შემომიბრუნა, თუმცა, ვოვამ მას კეფაში დაასვა ტყვია და მითხრა:

– როგორ ხარ, ბაბუა, ხომ არ დაშავდი?

– არა, – მოკლედ მოვუჭერი.

– ბაბუა, რა გჭირს?

– სიბერე.

– კარგი რა, რა დროს სიბერეა! უბრალოდ, გადაიღალე და დასვენება გჭირდება. მოდი, ერთი კვირით სადმე გავემგზავროთ.

მე და ვოვა ბათუმში გავემგზავრეთ, ერთი კვირა კარგად  დავისვენეთ და დაბრუნებისთანავე მორიგი შეკვეთა მივიღეთ, რომლის შესასრულებლადაც სანკტ-პეტერბურგში მოგვიწია გამგზავრება. ვოვამ, რა თქმა უნდა, გარეგნობა შეიცვალა და ჩვენ გერმანელი ტურისტების პასპორტებით ვესტუმრეთ ნევისპირა ქალაქს. ობიექტი ერთი ბანკირი იყო, რომელსაც ოცი ადამიანი იცავდა და მისი მოკვლა ძალიან დიდ სირთულეს წარმოადგენდა. როდესაც მე და ვოვამ ყველა სავარაუდო ვარიანტი განვიხილეთ, დავრწმუნდით, რომ ეგრეთ წოდებული სამხედრო ეშმაკობის გარეშე ეს საქმე არ გამოვიდოდა. ამიტომ, ჩვენ ამ საქმის შესრულების საგულდაგულო სქემა შევადგინეთ და საქმეს შევუდექით.

დაჯავშნილი „ჰამერი“ ოთხი ანალოგიური „ჯიპის“ თანხლებით მოძრაობდა და, როდესაც ობიექტი მანქანიდან გადმოდიოდა, დაცვის წევრები მას ისე მჭიდროდ კეტავდნენ, კოღოც კი ვერ შეძვრებოდა შიგნით. ჩვენ, რა თქმა უნდა, აფეთქების მეშვეობით შეგვეძლო ამ საქმის მოგვარება, მაგრამ, ბევრი ხალხი დაიღუპებოდა. ამიტომ, ერთ-ერთი შენობის წინ, სადაც ყველაზე მოსახერხებელი იყო, ჩვენ დისტანციური მართვის ტყვიამფრქვევი დავამონტაჟეთ, რომელიც სპეციალური პულტით იმართებოდა. იმ კვადრატში კი ეგრეთ წოდებული „ბალვანკები” ავაფეთქეთ, რომელსაც მხოლოდ ხმა აქვს, რასაც კვამლიც მოჰყვა და, ბანკირის კორტეჟის წევრებმა თავიანთი დაცვის ობიექტი მანქანიდან გადმოიყვანეს, მჭიდროდ შემოერტყნენ და დაცული შენობისკენ აიღეს გეზი. ჩვენც ეს გვინდოდა.

 

 

скачать dle 11.3