კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (53)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

ხაფანგში

 

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ ¹6-16(590) 

 

ხაფანგში ყოველთვის ის ცხოველი არ გაებმება ხოლმე, რომლისთვისაც მას დგამენ. მნიშვნელობა აქვს, კარგად იცის თუ არა ხაფანგის დამგებმა იმ ცხოველის ხასიათი, რომლის დაჭერასაც გეგმავს. ისეთი მონადირეებიც არსებობენ, საკუთარი ხელით დაგებულ ხაფანგში თავად რომ გაებმებიან ხოლმე...

ქეთი ისე უყურებდა საკრედიტო ბარათს, როგორც ნელი მოქმედების ასაფეთქებელ მექანიზმს ან გავარვარებულ რკინის ნაჭერს, ხელის მიკარებაც ძვირად რომ დაგიჯდება. იმას ხვდებოდა, ბარათი დანიშნულებისამებრ რომ უნდა გამოეყენებინა, მაგრამ, წარმოდგენა არ ჰქონდა, ეს როგორ უნდა გაეკეთებინა...

***

დიმიტრიმ კომპიუტერი გამორთო და სავარძელზე გადაწვა. ვახო ჩუმად წრუპავდა ვისკის. ასათიანს მოთმინების ძაფი გაუწყდა:

– ჰო, მითხარი ახლა, რა გინდა!

– არაფერი... – ვახომ ჭიქა დადგა და თითები მაგიდის ზედაპირზე აათამაშა.

– თუ არაფერი, რას მიზიხარ აქ, წადი, სახლში ცოლი და შვილები გელოდებიან!

– არ მელოდებიან.

– რაო? – ასათიანმა თავი ასწია, – რას ნიშნავს, არ გელოდებიან? გაგიჟდი თუ მეღადავები?

– არა. ჩემი ცოლი და შვილები ათი დღით წავიდნენ დასასვენებლად. ასე რომ, არსად არ მეჩქარება, – დაუზუსტა ვახომ და დაამატა: – სალაპარაკო მაქვს შენთან.

– მართლა? მერე, რას ელოდები? მიდი, დაიწყე...

– ჯერ გაკვირდები.

ასათიანმა საჩვენებელი თითი შუბლზე მიიკაკუნა:

– ამდენი ვისკი არ უნდა დაგელია. ხომ ხედავ, ვეღარ აზროვნებ, როგორც საჭიროა.

– პირიქით, ძალიან კარგად ვაზროვნებ და იმასაც ვხედავ, სისულელეს რომ აკეთებ.

– ამას მე მეუბნები? – გაეღიმა ასათიანს.

– ტყუილად იცინი, მე სულაც არ ვარ ხუმრობის გუნებაზე, – ჩაილაპარაკა ვახომ, – გულხელდაკრეფილი ვერ ვიჯდები და ვერ ვუყურებ, საკუთარ ცხოვრებას აბსურდის თეატრს როგორ ამსგავსებ.

– ამას მე მეუბნები?

– ოთახში სხვა ვინმეს ხედავ?

– ვახო, გეყოფა, ნასვამი ხარ. წადი სახლში და დაისვენე, ან, თუ გინდა, ბარში ჩადი და ბოლომდე გამოთვერი... ერთი სიტყვით, რაც გინდა, ის აკეთე, ოღონდ, აქედან მომცილდი და მოსამართლესავით ნუ მიყურებ.

– აჰა, აი, ხედავ? ესე იგი, ჩემი შიში უსაფუძვლო არ არის.

– რომელი შიში, ხომ არ გაგიჟდი? გეუბნები, გეყოფა-მეთქი, რა დღეში ხარ?

– იგივე მინდოდა შენთვის მეკითხა და, მოდი, ჩვენი საუბარი ამ შეკითხვით დავიწყოთ: რა ხდება?!

– გააჩნია, რას გულისხმობ, – სიტყვა ბანზე აუგდო ასათიანმა.

– მითხარი, იაპონელებთან შეხვედრაზე თარჯიმანი ისევ გვეყოლებაო და ვხვდები, რომ თარჯიმნად ისევ ის არსება მოგვევლინება. ახლა გიმეორებ ჩემს შეკითხვას: რა ხდება?

– აი, თურმე, რა ყოფილა. ამისთვის გაიწამე თავი?! თურმე, რა აწუხებს ბიჭს...

– შენი ირონია უადგილოა. მე შენი და ამ კომპანიის იურისტი ვარ და, უფლება მაქვს, ვიცოდე.

– ჰოდა, იცი კიდეც. არ მესმის, რას აპროტესტებ.

– დიმა, სახიფათო თამაში წამოიწყე! ადამიანი გასართობი არ არის. თავი დაანებე მაგ გოგოს, სანამ გვიან არ არის. გულწრფელად გეუბნები!

ასათიანი შეიჭმუხნა:

– რაო? ხომ არ გაგიჟდი? ვინ თამაშობს ადამიანებით, მე?! ასე ცუდად მიცნობ? თარჯიმანი დამჭირდა და ჩემივე თანამშრომლებისგან შევარჩიე – რა არის ამაში უცნაური ან საგანგაშო, ამიხსენი.

– შენი მოულოდნელი გადაწყვეტილებაა უცნაური და საგანგაშო. ვერ ხვდები, მე რა მაწუხებს? – არ მჯერა! – ვახო სახეში მიაშტერდა მეგობარს.

ასათიანი მოიღუშა და ნელა, ღრმად ამოიოხრა. რაღაც მომენტში კინაღამ დაეთანხმა ვახოს, რომ მართლაც პატარა ბიჭივით იქცეოდა. მაგრამ, შინაგანმა სიჯიუტემ მაშინვე ჩაახშო სინდისის თუ საღი აზრის „ძახილი“. ვახო კი განაგრძობდა.

– ვერ გავიგე, რამ მოგხიბლა – გარეგნობამ? ჭკუამ? ჩაცმულობამ? ძალიან კარგად იცი, ჩვენს წრეში თმის სამაგრსაც კი მნიშვნელობა აქვს, რომელი ბრენდის გიკეთია.

– ამაზე უკვე ვიზრუნე...

– რა?! რას გულისხმობ?

– მოგვარდება-მეთქი ეგ პრობლემა და მოვრჩეთ ამაზე.

– მაინც უნდა გითხრა და ჩემი მოვალეობა მოვიხადო. იცოდე, მე გაგაფრთხილე.

– ვახო, დიდი ხანია წინასწარმეტყველური ნიჭი გაგიჩნდა? შენ ის გაშფოთებს, შენ გარეშე რომ მივიღე გადაწყვეტილება და ამიტომ ირევი. გეუბნები, აბსოლუტურად არაფერი არ ხდება. ზოგჯერ მოლაპარაკებების მსვლელობისთვის უმჯობესია, თუ საპირისპირო მხარეს არ ეცოდინება, რომ მე უცხო ენები კარგად ვიცი. დამიჯერე...

ვახომ ირონიულად ჩაიფრუტუნა.

– და შენ ფიქრობ, ვინმე „ჭამს“ მაგას? სახეზე გაწერია ინტელექტი. შენსას თუ არ იშლი, რა გაეწყობა, ისღა დამრჩენია, იმედი ვიქონიო, რომ ეს ახირება, ადრე თუ გვიან, გაივლის. მაგრამ, შენი „პროტეჟესთვის“ როგორი გადასატანი იქნება ის იმედგაცრუება, რომელიც გარდაუვლად ელოდება, ეს უკვე აღარ ვიცი.

– შენი პროგნოზები შენთვის შეინახე, – გაღიზიანდა ასათიანი. ვახო ზუსტად იმას ამბობდა, რაც რამდენჯერმე თავადაც იფიქრა. კითხვები საკუთარ თავთან მასაც ჰქონდა, მაგრამ, ცდილობდა, ამისთვის ყურადღება არ მიექცია. იქნებ, ვახო არც ცდებოდა, როცა აფრთხილებდა, ადამიანებით თამაში არ შეიძლებაო.

– კარგი, – თქვა და შეკრული წარბი გახსნა, – მოდი, კლუბში წავიდეთ და ბოულინგი ვითამაშოთ.

ვახომ მობილური პიჯაკის ჯიბეში ჩატენა და ხელი უკმაყოფილოდ აუქნია.

– ეგ რას ნიშნავს, მოდიხარ თუ უარს მეუბნები?

– უარს გეუბნები. მაგრად დავიგრუზე, თან, სხვა გეგმები მაქვს.

– ვიცი შენი გეგმები – ცოლ-შვილი გაისტუმრე და ახლა აუშვებ.

– იქნებ, უბრალოდ, სახლში მშვიდად ყოფნა მინდა?! მოკლედ,  მე წავედი. ხვალ ორი საათისთვის შევხვდებით.

– პირდაპირ შეხვედრაზე აპირებ მოსვლას?

– ჰო, დეტალები შეთანხმებული გვაქვს. თარჯიმანი გვყავს – სხვა რა საქმე შეიძლება გვქონდეს?

– ნუ იბუტები, თუ ღმერთი გწამს!

– არ ვიბუტები. მე შენ არ გჭირდები. რაღაც ისეთი პერიოდი გაქვს, ეტყობა, თავად უნდა გადალახო. მაგრამ, ფრთხილად იყავი...

ასათიანმა მეგობარს დამნაშავესავით შეხედა. ვახომ მზერა მოარიდა და კაბინეტიდან გავიდა...

***

ქეთი საწოლის კიდეზე იჯდა. ბარათი გვერდით ედო. გიომ მორიდებით შემოაღო კარი:

– ქეთი, აქ რას ზიხარ? სამსახურში არ მიდიხარ? დაგაგვიანდება.

 ქეთი შეკრთა:

– მივდივარ. როგორ არა, მაგრამ, შენ რატომ ხარ სახლში? სკოლა?

– ვარჯიში მაქვს და დამრიგებელი გავაფრთხილე. პრობლემა არ შემექმნება, ნუ გეშინია, – გიო დას გვერდით მიუჯდა და მხარზე მიეხუტა, – ისე ხშირად ვეღარ გხედავ, ძალიან გვიან მოდიხარ... ბევრი საქმე გაქვს?

– ჰო. არც ველოდი, ასე თუ დავიტვირთებოდი. კარგი ხალხია და მაფასებენ. მოსწავლეებს, ალბათ, აღარ ავიყვან.

– აუჰ, ლელი გაგიჟდება! მაგას ფულის მეტი არაფერი აინტერესებს და გეჩხუბება. მე კი ამას ვერ ავიტან და...

ქეთიმ ალერსით შეხედა ძმას და თმა მოუჩეჩა:

– აბა, აბა, ძალიანაც ნუ გაიქაჩები. ლელი თავისას მაინც არ მოიშლის. ჩვენ კი, წასასვლელი არსად გვაქვს.

– ასე რომ ამბობ, გუნება მიფუჭდება. ეს ჩვენი სახლია, დედაჩვენის და მამაჩვენის ნაყიდი. ლელი ვინ არის? მოვიდა და გამზადებულზე დაჯდა. ვერ ვიტან... მძულს...

–  გიო, ასე არ შეიძლება. არც მე მიყვარს, მაგრამ მამაჩვენის კანონიერი ცოლია და ამ სახლზე იმას უფრო მეტი უფლება აქვს, ვიდრე ჩვენ.

– შეუძლებელია, ასე იყოს. ეს უსამართლობაა! – გაცხარდა ბიჭი.

– გეხვეწები, დამშვიდდი, ძალიან გთხოვ. ახლა ამას აღარაფერი ეშველება და ცოტა კიდევ მოითმინე.

– მოვითმინო? როდემდე? ჩემს თავს არ ვჩივი, შენ რომ გიყვირის, ისე ვცოფდები, თავს ძლივს ვიკავებ.

– როცა იქნება, მამა ჩამოვა და რაღაც გვეშველება. მოგვარდება.

– რა მოგვარდება? მატყუებ თუ თავს იმშვიდებ? შენ ფიქრობ, მამაჩვენი მაგის მხარეს არ დაიჭერს? ვერ ხედავ, რომ საერთოდ არ ვახსოვართ? ფულსაც კი მას უგზავნის. არც აინტერესებს, როგორ ვართ. მე იმაშიც კი ეჭვი მეპარება, რომ რაიმე გრძნობა ჰქონდეს ჩვენ მიმართ.

– ასე ნუ ლაპარაკობ, მაინც მამაჩვენია. იცი, როგორი გახარებული იყო შენ რომ დაიბადე?

– რა ბედნიერი ხარ, რომ ეს ყველაფერი გახსოვს. მე ზოგჯერ დედას სახის აღდგენაც კი მიჭირს. სიზმარშიც ვეღარ ვნახულობ და ვიტანჯები.

– ნუ ფიქრობ ამაზე, – ქეთის გული შეეკუმშა და ძმა მაგრად ჩაიხუტა. გიომ სახე დას ლოყაზე მიადო და ხმადაბლა ჩაილაპარაკა:

– შენ გარდა არავინ მყავს, არავინ და უზომოდ მიყვარხარ. არ ვიცი, დედა რომ ცოცხალი ყოფილიყო, ალბათ, შენზე ძალიან მაინც არ მეყვარებოდა.

– სისულელეებს ნუ ლაპარაკობ, დედა – დედააა... მერე, ჩვენ არაჩვეულებრივი დედა გვყავდა. ზოგჯერ ისე მენატრება... – წამოსცდა ქეთის და მაშინვე ინანა, ისე საცოდავად შეხედა გიომ და სიტყვის გამოსწორება სცადა:

– ერთმანეთი ხომ გვყავს? ჰოდა, მალე ყველაფერი კარგად იქნება.

გიომ თავი დაუქნია და გაუღიმა. მაშინღა დაინახა საწოლზე დაგდებული საკრედიტო ბარათი.

– ეს რაღააა? შენი სახელფასო ბარათია? მაჩვენე, რა...

– რაღაც მსგავსია.  ახლა, წესით, საყიდლებზე უნდა მივდიოდე. ჩემმა უფროსმა სპეციალურად ჩამირიცხა თანხა, რომ შესაფერისი ტანსაცმელი ვიყიდო. მე კი არ ვიცი, ეს როგორ გავაკეთო.

– მოიცა, მოიცა, პირველად გავიგე, შეფი თანამშრომელს ტანსაცმლის საყიდლად ფულს აძლევდეს. ეს პრემიაც არ არის, ხომ? პრემიას როგორც გინდა, ისე დახარჯავ, ამ ფულით კი აუცილებლად ტანსაცმელი უნდა იყიდო. მეშლება რამე?

– არაფერი არ გეშლება. კორპორაციული შეხვედრებისთვის შესაფერისი ტანსაცმელი არ მაქვს, არადა, საგონებელში ვარ ჩავარდნილი. რა უნდა ვქნა?

– რა უნდა ქნა და მაღაზიებში უნდა წავიდეთ, – გახალისდა გიო, – მე გამოგყვები, ვარჯიშამდე ორი საათი მაქვს. ჩემთვისაც ხომ დაგრჩება ფული?

– სიმართლე გითხრა, წარმოდგენა არ მაქვს, რა თანხაა ამ ბარათზე.

– ვაუ, ესე იგი, ცოტა არ იქნება!

– ჰო, ალბათ, ცოტა არ იქნება. მითხრეს, მაღაზიებში იყიდეო, მაგრამ პრობლემა ლელიშია.

– ლელი რა შუაშია?

– რა შუაში? წარმოიდგინე, რა მოხდება, როცა ახალი ტანსაცმლით დავბრუნდები სახლში – გაგიჟდება.

– გაგიჟდეს, მერე. მაგას დარდობ? მაგას ვინ ეკითხება? ეს ფული შენ დაიმსახურე, თანაც სამსახურისთვის გჭირდება, ხომ ასეა?

– მაგას ლელის ვერ ავუხსნი. მერე, სალომეც აჰყვება დედამისს და, მოკლედ, ატყდება მთელი ამბავი.

– აუ, მაგათი რა საქმეა? ხელფასს რომ გართმევენ ბოლომდე, ეს არ ეყოფათ? ცოტა მაგრად დადექი! მობილურიც კი არ გაქვს. არადა, მარტო შენ მუშაობ ამ ოჯახში. ეგ მუქთახორები კი შენი და მამაჩვენის ხარჯზე არხეინად ცხოვრობენ. სალომეს მე მოვუვლი, ერთ სიტყვას მაინც თუ იტყვის, საშინელ დღეში ჩავაგდებ.

– ოღონდ, ჩხუბი არ გვინდა, როგორმე მშვიდობიანად მოვაგვაროთ ეს პრობლემა, გთხოვ.

– როგორ არა, ამ გიჟებში მშვიდობიანად მოაგვარებ რამეს. ისტერიჩკები არიან დედაც და შვილიც.

– სალომე მაინც ჩვენი დაა, მოგწონს ეს თუ არა,  – თავი გააქნია ქეთიმ, – არ გამოვა ჩვენი ჩხუბი.

– მე მარტო ერთი და მყავს, ერთადერთი – შენ! მაგ სალომეს კი ვერ ვიტან, დედამისზე უარესი ურჩხულია, მაგას უნდა მოერიდო.

– არ გინდა, ასეც არ არის საქმე. დედამისმა გაანებივრა, თორემ, ბოროტი საერთოდ არ არის.

– პირიქით, ბოროტია, ძალიან ბოროტი და საკმაოდ ჭკვიანიც, ფრთხილად იყავი...

ქეთიმ საათს შეხედა და ძმას გაუღიმა:

– ჩემი ბრძენი ძამიკო... უკვე კაცია...

– შენ იცინი და, დიდი ხანია, პატარა აღარ ვარ. ბევრი რამ მესმის და ბევრსაც ვხედავ, – ეწყინა გიოს, – სულელი კი არ ვარ!

– ნუ იბუტები. პირიქით, ჭკვიანი ხარ და მიხარია, რომ უკვე შემიძლია, შენი იმედი მქონდეს.

– ჰოდა, წავიდეთ, ჩამოვიაროთ მაღაზიები.

– მოიცადე, იქნებ ჯერ ლელის დავლაპარაკებოდი და მერე წავსულიყავი. ფაქტის წინაშე რომ დავაყენებ, გაგიჟდება.

– პირიქით, სწორედ ფაქტის წინაშე უნდა დავაყენოთ. ადექი, ადექი, ნუღარ ვაგვიანებთ!  – ააჩქარა გიომ, ბარათს ხელი სტაცა და ჯიბეში ჩაიტენა, – როგორ მაინტერესებს, რამდენის დახარჯვის ბედნიერება გვაქვს. კოდი ხომ იცი?

ქალმა თავი დაუქნია.

– „ვიზიტკაზე“ წამიწერა ბატონმა დიმიტრიმ.

– მაგ შენს ბატონ დიმიტრის არ ვიცნობ, მაგრამ უკვე ძალიან მომწონს. აბა, ვნახოთ, რამდენი გაიმეტა შენი კორპორაციული გარდერობის გასაახლებლად!

სალომემ და-ძმას მაშინ მოჰკრა თვალი, სადარბაზოდან რომ გადიოდნენ და მათი მხიარული სახეების დანახვა ცუდად ენიშნა. გაღიზიანებული, სახლში შესვლისთანავე სამზარეულოში შევარდა ლელისთან და აჭყივლდა.

– შენ აქ რისთვის ხარ? ვერაფერს ხედავ და ამჩნევ? სად გარბოდნენ ასეთი ბედნიერი სახეებით?! ჩემთვის არც კი შემოუხედავთ.

– ნუ ყვირი, თავი მტკივა, – უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა ლელიმ და შუბლზე ხელისგული მიიდო, – თავი მისკდება. წამალიც აღარ მშველის. შენ კი ისეთი ნერვიული გახდი... სულ უკმაყოფილო ხარ... სულ...

– მართლა? – გაანჩხლდა სალომე, – მაინც, რითი უნდა ვიყო კმაყოფილი? ეს სახლი ფუტკრის სკასავით ზუზუნებს. შენ აღარავინ არაფერს გეკითხება... არ გინდა, დაინახო, რომ ქალბატონმა თავი აიშვა.

– სალომე, შენ რაღაცამ გაგაღიზიანა და ახლა გინდა, მეც ამიშალო ნერვები?

– არა, ეგ არ მინდა, მაგრამ, ისიც არ შემიძლია, ქეთის გაბრწყინებულ სახეს ვუყურო და, საერთოდაც, ამ ბოლო დროს ძალიან უცნაურად იქცევა.

– სამსახურში დადის – ამას ეძახი შენ უცნაურობას?

– იმას, რომ მოწყენილი აღარ არის. ცხვირ-პირი აღარ ჩამოსტირის და თავიც ზემოთ აქვს აწეული. ადრე მხრებში ჩამძვრალი დადიოდა, ფეხაკრეფით, ნაბიჯების ხმაურით რომ არ შევეწუხებინეთ.

– ნუ მიაქცევ ყურადღებას, საკუთარ თავზე იზრუნე და იფიქრე. მაგალითად, რამე სასარგებლო საქმეს მოჰკიდე ხელი.

– ამას მე მეუბნები?

– ჰო, შენ. საქმე რომ გექნება, სისულელეებზე ფიქრის დრო აღარ დაგრჩება.

– ვსწავლობ, დედა! კიდევ რა გინდა, რომ გავაკეთო?

– რას სწავლობ, იმ უნივერსიტეტში აღმა-დაღმა დაიარები. წიგნი არ დამინახავს შენს ხელში...

– დედა, თავი დამანებე, რა! აბა, ვინ სწავლობს ჩემ მაგივრად, შენ? იქნებ, ქეთი? და, ფული მომეცი.

– ფული რისთვის გინდა?

– ახალი პიჯაკი უნდა ვიყიდო. ძველი ქეთის მივეცი.

– რა? ათხოვე? გადამრევ შენ...

– ვათხოვე კი არა, აღარაფრად ვარგოდა და ვაჩუქე, ეგ რომ ჩაიცვამს, მერე იმას უკან დავიბრუნებ? რანაირი ლაპარაკი იცი ხოლმე.

– იმას რაღად უნდოდა პიჯაკი? – მოიღუშა ლელი.

– რა ვიცი, – მხრები აიჩეჩა სალომემ, – მეც სწორედ ეგ მაინტერესებს.

***

ვახომ სიგარეტი საფერფლეზე დაასრისა და გაბადრული გაემართა ქალთან შესახვედრად. მარიკოს აშკარად მცდელობა არ დაეკლო და მოდის ჟურნალიდან გადმოსულს ჰგავდა. კაცს ხელი გრაციოზულად გაუწოდა და ღიმილად დაიღვარა.

– მეგონა, აღარ მოხვიდოდი. დამნაშავე ვარ შენთან, – თქვა ვახომ და სწრაფად გამოსწია სავარძელი.

– არა უშავს, უკვე დამავიწყდა, – კეკლუცად ჩაილაპარაკა მარიკომ, – თუმცა, გულახდილად უნდა გითხრა, რომ საკმაოდ დიდხანს ვიფიქრე, მოვსულიყავი თუ არა.

– მაგას მივხვდი. ესე იგი, თაიგული არ მოგეწონა, – „მოიწყინა“ ვახომ.

– პირიქით, თაიგული რომ მომეწონა, სწორედ მაგიტომ მოვედი.

– მადლობის მეტი რა მეთქმის. მოდი, დროს ნუღარ დავკარგავთ და შევუკვეთოთ, – დაფაცურდა ვახო და ქალს მენიუ გაუწოდა, – შეარჩიე, რაც გინდა. მანამდე სიგარეტს მოვატანინებ. რას დალევ?

– რამე მსუბუქს.

– მაშინ შენთვის „მარტინის“ მოვატანინებ ან თეთრ ღვინოს. მე ვისკი მირჩევნია.

***

გიომ განცვიფრებით შეხედა დას – არც ქეთი იყო ნაკლებად გაკვირვებული.

– მართლა არ იცოდი, ამდენი ფული თუ იქნებოდა ბარათზე?

– არა. საიდან? როცა მომცეს, არ მიკითხავს. ისედაც, ისე დავიბენი... რამდენს მაძლევთ-მეთქი, ხომ არ ვკითხავდი? წარმოდგენა არ მაქვს, რა უნდა ვქნათ.

გიომ ხელები გაშალა:

– უნდა დავხარჯოთ, მაგისთვის არ მოგცეს?

– რას ამბობ, ბიჭო... ამდენი?! ჩემი ხუთი თვის ხელფასია. იცი?

– ჰო, ვიცი, მერე რა?! ეტყობა, ასე იყო საჭირო. შენ რა გგონია, მაღაზიებში კარგი ტანსაცმელი რა ღირს? 

– გიო, ასე არ შემიძლია. ეს ჩემი ფული არ არის.

– აბა, ვისი ფულია? – გიომ მხრები აიჩეჩა და დას ხელი მოჰხვია, – რადგან შენ მოგცეს, ესე იგი, შენ უნდა დახარჯო, გეყოფა ზუზუნი.

– ძალიან ბევრია, გიო... არ მომწონს ეს ამბავი...

– სულ ტყუილად. ეტყობა, ასე იყო საჭირო. შენი უფროსი სულელი არ არის, რომ ფული ჰაერზე გადაყაროს. როდემდე უნდა იყოყმანო, სამსახურიდან მთელი დღით გამოგიშვეს? დღეს აღარ უნდა დაბრუნდე?

– მგონი, არა. არ ვიცი. თუ დავჭირდები, ალბათ, დამირეკავენ.

– საინტერესოა, სად დაგირეკავენ... მობილური არ გაქვს. როდის აპირებ ყიდვას?

– ლელიმ რომ ნახოს? საშინელ სკანდალს ატეხს და ეგ კიდევ ახალი პრობლემა იქნება.

– გოგო, გჭირდება ტელეფონი, მუშაობ და გჭირდება – ეს ვერ უნდა გაიგოს ლელიმ?

– ვეჭვობ, რომ გაიგოს.

– ჰოდა, დაიკიდე, რა პრობლემაა? გინდა, ახლავე ვიყიდოთ?

– არა, არა, ასე ვერ გავაკეთებ!

– რატომ?

– იმიტომ, რომ მერიდება იმ ადამიანის.

– რომელი ადამიანის?

– ჩემი უფროსის. კი მომცა ფული, მაგრამ... – ქეთი შეყოყმანდა.

გიო აღშფოთდა:

– რა უცნაური ვინმე ხარ! იმ კაცმა ბარათი რომ მოგცა, გითხრა, ანგარიში ჩამაბარე, რაში დახარჯავო? მთავარია, შესაფერისი ტანსაცმელი შეიძინო. მობილურიც ვიყიდოთ, რა!

ქეთიმ თავი გააქნია:

– არა. ვიყიდი მხოლოდ აუცილებელ ტანსაცმელს და მოვრჩეთ ამაზე.

– ზოგჯერ საშინელი ჯიუტი ხარ. კარგი, ვიყიდოთ აუცილებელი ტანსაცმელი, მაგრამ, იცი, როგორია ეს „აუცილებელი სამოსი“?

– დაახლოებით ვხვდები. შენთვის კი „კედები“ ვიყიდოთ, – გადაჭრით თქვა ქეთიმ.

გიომ ამოიოხრა.

– როგორც გინდა და იტყვი. მაშინ, შეეცადე, იაფფასიანი არაფერი შეიძინო, თორემ, შენი უფროსისგან საყვედური არ აგცდება.

– ჰო, ვიცი. წარმოდგენაც არ მინდა, როგორი იქნება ლელისა და სალომეს რეაქცია, საფირმო ჩანთებით დაბრუნებულს რომ მნახავენ.

– ოო, როგორი სიამოვნება მელოდება?! – გაიცინა გიომ. ქეთიმ საყვედურით შეხედა.

– არ გრცხვენია? სულაც არ არის სახუმარო თემა.

– ნუ ბრაზობ. მე ის მიხარია, ნელ-ნელა საკუთარ თავს რომ პოულობ და ლელის გავლენის არეალიდან რომ გამოდიხარ.

– ეს მხოლოდ გეჩვენება, ლელი კიდევ დიდხანს იქნება ჩვენი ერთპიროვნული მბრძანებელი. ყოველ შემთხვევაში, სანამ მასთან ერთად, ერთ ჭერქვეშ ვიცხოვრებთ...

***

ასათიანმა ჩვეულებას უღალატა და, იმის ნაცვლად, რომ ნათია დაებარებინა კაბინეტში, თავად ჩავიდა მასთან. ამან მარტო ნათია კი არა, მთელი კოლექტივი გააოგნა. მაშინვე ატყდა ჩურჩული და მითქმა-მოთქმა ოთახში. გოგოებმა მალულად მოიმარჯვეს სარკეები და პომადები და მაკიაჟისა და ვარცხნილობის შესწორება-გალამაზებას შეუდგნენ. მხოლოდ მარიკომ აიჩეჩა მხრები ირონიულად და ნინის გადაულაპარაკა:

– სულაც არ არის ისეთი სიმპათიური, როგორიც მეგონა.

– კარგი რა, ამას შენ ამბობ? სულ ცოტა ხნის წინ არ ამტკიცებდი, ასათიანზე მაგარი ტიპი არ შემხვედრიაო?!

– მერე რა, რომ ვამტკიცებდი. ახლა აზრი შევიცვალე.

– რატომ, რა მოხდა? – გაეღიმა ნინის.

– არაფერი, – მარიკომ გულგრილად აიჩეჩა მხრები, – გავიზარდე და სხვა სტილის მამაკაცები დავაფასე.

– მოიცა, რა, არ გიცნობდე მაინც. დღეს აშკარად სხვანაირი ხარ.

– მაინც, როგორი, უფრო ჭკვიანი? ნინი, შენც რომ შეიცვალე, ატყობ? ალბათ, ჩვენზე „ხარი ხართან დააბის“ პრინციპი მოქმედებს – ჭკვიანი და სერიოზული თანამშრომლის გვერდით ჩვენც მას ვემსგავსებით. მართლა, სად არის ჩვენი „ტრუდოგოლიკი კონკია“, მეჯლისზე ხომ არ დაუძახეს?

ნინიმ ქეთის ცარიელ მაგიდას გადახედა:

– მგონი, ასათიანიც მაგის საკითხავად ჩამოვიდა ნათიასთან. შეხედე, აქეთ იყურებიან. სამსახურიდან ხომ არ გაუშვეს, ნეტავი?!

– მოიცა, რა... ეგეთებს სამსახურიდან არ უშვებენ, პირიქით, აწინაურებენ და მერე „აპახავებენ“. ვიღაცამ მაინც ხომ უნდა იმუშაოს, სანამ დანარჩენები ერთობიან?!

– მე არ ვერთობი, ვმუშაობ. აი, შენზე კი ამას ვერ ვიტყვი, – ნინიმ თვალები მოჭუტა, – გეუბნები, რაღაც სხვანაირი ხარ, რა...

– გეჩვენება, – მოუჭრა მარიკომ.

– არ მეჩვენება, – გაჯიუტდა ნინი, – ისეთი კმაყოფილი და თავდაჯერებული იერი გაქვს... იმას ხომ არ შეხვდი, ასათიანის მეგობარს?

მარიკომ მაშინვე არ უპასუხა, მხოლოდ თითები გაატკაცუნა უცნაურად და მრავალმნიშვნელოვნად შეიჭმუხნა.

– აჰა, ასეც ვიცოდი. ხომ მივხვდი? მაინც შეხვდი, ხომ? აუ, მარი, ხომ გითხარი, მოერიდე-მეთქი?

– ბოდიშის მოხდა უნდოდა კაცს და შანსი არ მიმეცა? მხოლოდ ვივახშმეთ ერთად, მეტი არაფერი ყოფილა. 

– მეტი რა უნდა ყოფილიყო, პირველივე შეხვედრაზე ხომ არ დაგეტაკებოდა? ეგ ისეთი რაფინირებული ნაძირალაა, ზუსტად გათვლიდა ყველა ნაბიჯს.

– რატომ ლაპარაკობ ასეთ რაღაცას ადამიანზე, რომელსაც საერთოდ არ იცნობ?

– რად მინდა ცნობა? სახეზე აწერია, როგორიც არის, – ნინიმ ისევ ნათიას ოთახისკენ გაიხედა, – გეუბნები, აშკარად ქეთი გაუშვეს სამსახურიდან... პრინციპში, შეიძლება, გულიც დამწყდეს.

– ჩემთვის სულერთია. აქაურობა ისეც ძალიან მოსაწყენი გახდა და ასეც... აშკარად უკეთეს სამსახურს ვიმსახურებ.

– ვახოს არ დაუჯერო. ასე იციან კაცებმა – როცა ქალის შებმა აქვთ გადაწყვეტილი, უამრავ რაღაცას დაჰპირდებიან, მერე კი... ჭკუას არ გარიგებ, მაგრამ, შენს ადგილას ფრთხილად ვიქნებოდი.

– რამდენი კეთილისმსურველი გამოჩნდება ხოლმე ერთბაშად, როგორც კი სოციალური კიბის ერთ საფეხურზე მაინც წაიწევ წინ!..

– შენ ფიქრობ, რომ მშურს შენი? მარიკო, შენ ასე გგონია?

– არაფერიც არ მგონია, ვამბობ იმას, რასაც ვხედავ. 

– ჭორაობა და ზურგსუკან ლაპარაკი რომ არ მიყვარს, იცი, – ეწყინა ნინის.

– მაშინ გულახდილად თქვი, უკეთეს ცხოვრებას არ ვიმსახურებ?

– ჰო, მაგრამ, ვახოს ცოლი ჰყავს. კაცი, რომელიც ერთი ქალის ერთგული არ არის, ის არც მეორის ერთგული იქნება.

მარიკომ უკმაყოფილოდ შეიჭმუხნა წარბი:

– რაღაც, ძალიან ფილოსოფოსობ და არ გიხდება.

– სულაც არა. ვიცი, რაც არ უნდა გითხრა, მაინც უარყოფითი რეაქცია გექნება და, ჯობია, თავი დაგანებო, მაგრამ, მერე არ ინანო. შორსმიმავალ გეგმებს მაინც ნუ დასახავ ვახოსთან დაკავშირებით.

– ვახშამი და ყვავილების თაიგული ანგარიშში ჩასაგდები არ არის.

– შენ უკეთ იცი, მე აღარ ჩავერევი, – ნინის აშკარად ეწყინა მარიკოს უკმეხი ტონი და არც უცდია, თავისი უკმაყოფილება დაემალა.

***

ასათიანმა გაოცებით გაშალა ხელები.

– ძალიან უცნაურ რამეს მეუბნები, ნათია! რას ნიშნავს, მობილური არა აქვს? ეტყობა, შენ არ დაინტერესდი და ნომერი არ გამოართვი. მესმის, რომ დაგავიწყდა, ეს ხდება ხოლმე.

– ბატონო დიმიტრი, გეუბნებით, ვკითხე და მითხრა, მობილური საერთოდ არ მაქვსო. კარგად მახსოვს, თავადაც გამიკვირდა.

– დღეს რომ ადამიანს მობილური არ ექნება... – მხრები აიჩეჩა ასათიანმა, – ძალიან უცნაური ამბავია, ძალიან. არადა, როგორი საქმიანი და სერიოზული გოგოა... ჭკვიანიც.

ნათიამ ცნობისმოყვარედ შეხედა უფროსს და ოდნავ გაეღიმა:

– თავადაც ცოტა უცნაური გოგოა, არა?!

– რას გულისხმობ? – დაინტერესდა ასათიანი, – აბა, მითხარი!

– ისეთს არაფერს. აი, თუნდაც, მობილური რომ არა აქვს. თუმცა, შეიძლება, მისი საყიდელი ფული არ ჰქონდა. ვერ გეტყვით, დაზუსტებით რამის თქმა გამიჭირდება.

– ანუ, ვერაფრით დავუკავშირდებით?

ნათია უხერხულად შეიშმუშნა.

– ძალიან ვწუხვარ, ბატონო დიმიტრი, მაგრამ...

– მაგრამ, რა? გინდა, მითხრა, რომ მისი ბინის ტელეფონის ნომერიც არ გაქვთ, თუ, ბინაც არა აქვს საერთოდ?

– მისამართი კადრების განყოფილებაში მიუთითა, მაგრამ, ტელეფონის ნომერი... ყოველ შემთხვევაში, გადავამოწმებ. მეც ვფიქრობდი როგორმე მასთან დაკავშირებას, დღეს სამსახურში რომ არ მოვიდა.

– დღეს სამსახურში იმიტომ არ მოვიდა, რომ მე გავათავისუფლე ნახევარი დღით, მაგრამ, უკვე 3 საათია და ჯერაც არ ჩანს. მოკლედ, ეს პრობლემა როგორმე უნდა მოვაგვაროთ.

– დიახ, გავაფრთხილებ, რომ აღარ დააგვიანოს.

– არა, მაგას არ ვგულისხმობდი. მობილური უნდა ჰქონდეს.

– დავავალებ, რომ იყიდოს.

ასათიანი დაფიქრდა:

– არა, მე თვითონ ვეტყვი. როგორც კი გამოჩნდება, თუ დღეს საერთოდ მოვიდა, მაშინვე ჩემთან ამოვიდეს.

– აუცილებლად ვეტყვი, ბატონო დიმიტრი. კიდევ რამე ხომ არ გნებავთ? 

– არაფერი. თუმცა, ბარემ მისი ხელფასის საკითხსაც შევათანხმებ. მე ზოგჯერ თარჯიმანი მჭირდება ხოლმე და ქეთის ინგლისურის ცოდნის დონით კმაყოფილი ვარ. თან, აღმოჩნდა, რომ რუსულიც საკმაოდ კარგად სცოდნია, რაც ახლა დიდი პლუსია. მოკლედ, კადრებს უთხარი, ხელშეკრულება გაუფორმონ როგორც თარჯიმანს და, ყოველ ჯერზე, როცა შეხვედრაზე წავიყვან, სამას ლარს ჩაურიცხავთ.

ნათიამ თავი დააქნია. ასათიანი უცებ გაჩუმდა და ჰკითხა:

– საწინააღმდეგო ხომ არაფერი გაქვს?

– მე? არანაირად, ბატონო დიმიტრი, პირიქით...

– პირიქით? – დიმას გაეღიმა, – კარგი, კარგი, იყოს „პირიქით“. თუმცა, მე არ მინდა, ოფისში ყველა ამაზე ლაპარაკობდეს... ჯერჯერობით მაინც.

– ყველაფერი გავიგე, ბატონო დიმიტრი...

– ძალიან კარგი... – ასათიანმა საკუთარ თავში ეჭვშეპარული კაცივით, ცოტა ხანს კიდევ იყოყმანა და ოთახიდან გავიდა. 

ნათიამ გახედა მამაკაცს და მხრები აიჩეჩა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

 

 

скачать dle 11.3