კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ უვლის ოთხი თვის შვილს მახო ქვრივიშვილი და რა უწინასწარმეტყველა მან ცოლს

საკუთარ ქალიშვილზე სამი წლით უფროს გოგონასთან მისმა ურთიერთობამ თბილისში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, მაგრამ, მახო ქვრივიშვილმა ზუსტად იცოდა, რომ დედაქალაქს ერთი „სენსაციური” ამბავი სულ ცოტა ხანს ჰყოფნის და ამ ქარცეცხლის გამო ნერვების აშლა და ურთიერთობების გაფუჭება ნამდვილად არ ღირდა. მისი სიტყვები გამართლდა: დღეს მას და მარიამ ახობაძეს ბედნიერი ოჯახი აქვთ, პატარა ანდრეა კი მათი სიყვარულის ნაყოფია და მის გაზრდაში მახოც და მარიამიც თანაბარ მონაწილეობას იღებენ.

 

 მახო ქვრივიშვილი: ანდრეას უკვე ოთხი თვეა, რაც ვიცნობთ. ნელ-ნელა ყალიბდება და, რაც დრო გადის, უფრო და უფრო ვახლოვდებით. ჯერჯერობით მხოლოდ იმას ხვდება, რომ დედა ჰყავს და დედასთან სითბო და საჭმელია, ყველას დანარჩენს უცინის, მაგრამ რატომ უცინის, არ ვიცი. ყოველთვის ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი შვილების მიმართ. მაგალითად, ლიკა რომ გაჩნდა, პატარა ვიყავი, მაგრამ, თავიდან ბოლომდე ვაცნობიერებდი პასუხისმგებლობას, ვგრძნობდი, რომ მისთვის რაც შეიძლება მეტი სითბო უნდა მიმეცა. ის გოგოა და ყოველთვის განსხვავებულად მიყვარდა. კიკინებიანი, საყვარელი, ლამაზი და ძალიან თბილი ბავშვი იყო. ამბობენ, გოგოს განსაკუთრებით უყვარს მამაო და ჩვენ შორის ეს სულ იყო, ვგიჟდებოდი ჩვენს ურთიერთობაზე. 

– ანუ, თავიდანვე გააცნობიერე სტატუსი – მამა.

– სხვათა შორის, მამას არ მეძახიან. ხანდახან ლუკა თუ დამიძახებს ხოლმე, ისე სულ მახო ვარ. თვითონ არ მინდოდა, მამა რომ დაეძახათ, თორემ, ალბათ, დამიძახებდნენ. ახლა უკვე მინდა, რომ ანდრეამ მამა დამიძახოს – ასეთი სურვილი გამიჩნდა. ლიკამ რომ უცებ მამა დამიძახოს, სასაცილო იქნება. 

– სამი შვილის მამობა როგორი შეგრძნებაა?

– ძალიან მაგარი. სამივე დიდი სიყვარულის ნაყოფია, სიყვარულით მოვლენილი ბავშვები კი, მხოლოდ სიყვარულში და სიკეთეში იცხოვრებენ. 

– ამბობენ, წლებთან ერთად სიყვარული ნელდებაო და, ალბათ, ამიტომაც ჰყავს სამივეს სხვადასხვა დედა.

– სიყვარულის განელებას არ ვეთანხმები. სიყვარული ხომ ერთია, რომელსაც სულ ატარებ, მხოლოდ ობიექტები, ადამიანები იცვლებიან. უბრალოდ, ურთიერთობაა მთავარი; მთავარია, რომ ერთნაირი აზროვნების, ინტერესების მქონე ადამიანები შეხვდნენ ერთმანეთს და ისინი ყოველთვის შეეცდებიან, დააბალანსონ ერთმანეთი. თუ არ დაარეგულირე, რაღაც მომენტები არ დათმე ყოველთვის იქნება კონფლიქტი. ხშირ შემთხვევაში, საკუთარ თავთან გვაქვს კონფლიქტი და, როცა საკუთარი თავის ვერ გაგვიგია, მეორე ადამიანთან რომ გაუგებრობა მოხდეს, რა არის ამაში გასაკვირი?! მაგრამ, ვიმეორებ – მთავარი ბალანსია. უამრავი ნიუანსია, რაც დისკომფორტს გიქმნის, რაც ნერვებზე მოქმედებს, ეს აშლილი ნერვები კი უკვე ოჯახზე, ყველაზე ახლობელ ადამიანებზე გადადის, ხდები ადვილად ფეთქებადი და ძნელად ასატანი. ამიტომ, უნდა ეცადო, რაც შეიძლება ნაკლებად მოახვიო თავს საყვარელ ადამიანებს შენი პრობლემები. 

– ამხელა ოჯახის ცენტრი ხარ. გიიოლდება მისი მართვა?

– საერთოდ არ მიიოლდება. დედას გეფიცები, ყველაფერი ღმერთის წყალობით ხდება. ხანდახან ვფიქრობ, საიდან რას და როგორ ვაკეთებ და საერთოდ როგორ ვარსებობთ, მაგრამ, რაღაცნაირად მაინც ვსულდგმულობთ. ისე არ მოვკვდები, რომ ჩემი შვილები ბედნიერები არ ვნახო. ერთი მიზანი თუ სტიმული მაქვს, რომ ჩემი შვილები იყვნენ კარგად. პრინციპში მე უნდა ვიყო კარგად, რომ ესენიც კარგად იყვნენ. დილა თენდება თუ ღამდება, უკვე ბოდვებში ვარ და მგონი, ძილშიც იმაზე ვლაპარაკობ, საიდან რა ვიშოვო საარსებოდ. მამაკაცი რომ გარეთ გადიხარ საშოვარზე, ზუსტად ასე ვარ. სულ ამაზე ვფიქრობ, მაგრამ, რასაც დასთეს იმას მოიმკი – ალბათ, მაინც ასე ხდება...

– და, გწყალობს ბედი?

– რა თქმა უნდა! რომ არ მწყალობდეს, ასე ხომ არ ვიქნებოდით. რაღაც არსებობს ბუნებაში, სხვანაირად, ამ გაუსაძლის პირობებში ცხოვრება შეუძლებელი იქნებოდა. 

– მონაწილეობდი თუ არა ლიკასა და ლუკას გაზრდაში და ახლა თუ იღებ მონაწილეობას ანდრეას აღზრდაში?

– საქმე ისაა, რომ ჩემი შვილები ასე ინტენსიურად ჩემთან არ გაზრდილან, მხოლოდ ანდრეაა, რომელიც ჩემთან ერთად იზრდება. რაღაც ასაკამდე ლუკაც და ლიკაც ჩემთან იზრდებოდნენ, მაგრამ, მერე უკვე ძირითადად დედასთან იყვნენ. ახლა უფრო დავახლოვდით. ლუკაც დიდი ბიჭია, უკვე ვმეგობრობთ. ჩემი პირველი ბიჭი და მაგარი ძმაკაცია. უკვე შეგვიძლია, რაღაცეებზე გახსნილად ველაპარაკოთ ერთმანეთს. ვგიჟდები, ისეთი მაგარი ადამიანია, სასწაული ბუნებისაა. დედამისიც ასეთია და, ალბათ, ამიტომ. დედა ნახე, მამა ნახეო, ხომ გაგიგია?! (იცინის). 

– ოჯახის ყოფით საკითხებში თუ ხარ ჩართული?

– ამ მიმართულებით დედა უფრო აქტიურია, მაგრამ, თუ საჭირო გახდა, ყველაფრის გაკეთება შემიძლია, ჭამით დაწყებული, გამოცვლითა და ბანაობით დამთავრებული. ჩვილი ბავშვის ხელში აყვანის რომ ეშინიათ, მსგავსი რაღაცეები არასდროს განმიცდია. პირიქით, ერთი სული მქონდა, რომ პირველს მე მებანავებინა. მარიამს ეშინოდა და ანდრეა მე ვაბანავე პირველმა, ახლა კი, სულ მარიამი აბანავებს. ანდრეა გიჟდება წყალზე, სულ წყალში ყოფნა უნდა. ოთხ თვემდე ისე გაიზარდა არანაირი დისკომფორტი არ შეუქმნია, არ გაწუხებს, ტყუილად არ ტირის. ახლა კი ზუზუნი დაიწყო – სულ უნდა, რომ გეკონტაქტოს, რაღაც ბგერებს გამოსცემს, გეხვეწება. ეგრევე ხვდები ძუძუ როდის უნდა... საოცრებაა დედა-შვილის ეს კავშირი. სულ სხვაგან რომ ვიყოთ და ბავშვი დატოვებული გვყავდეს მარიამი ეგრევე ხვდება, ბავშვს როდის შივდება. მაგარი კონტაქტი აქვთ. ვგიჟდები, ერთნაირად რომ სძინავთ. საწოლი ტყუილად ვიყიდეთ. ვთქვი, რომ, თავიდანვე ნუ მივაჩვევთ ჩვენთან ძილს-მეთქი, მაგრამ, მარიამმა გააპროტესტა: იმისთვის გაჩნდა, რომ თავის საწოლში იწვეს?! ჩვენთან უნდა, ჩვენი სითბო და უშიშრად ყოფნა უნდაო. 

– მშიშარა თუა ბავშვთან დაკავშირებით?

– არა, პირიქით, ძალიან თავისუფლად და ლაღად ზრდის. საერთოდ, მარიამი სულ ახალი თვალით დავინახე. პატარა გოგოა, მაგრამ, ძალიან მაგარი დედა და მეუღლეა. ბუნებით მეოჯახეა. დედაჩემი არ აძლევდა ზედმეტად განძრევის საშუალებას, მაგრამ, ახლა დედაჩემმა ფეხი მოიტეხა და მარიამი ძალიან მაგრად უვლის. დედაჩემსაც მარიამი უვლის, მეც და ბავშვსაც. მოკლედ, მაგარი გოგო გამოდგა (იცინის), სწორად დამინახია თავიდანვე.

– ყველა იმ ლაპარაკმა, რაც თქვენს ურთიერთობას დასაწყისში სდევდა თან, ახლა ხომ აზრი დაკარგა?

– რა თქმა უნდა და ამის შესახებ მარიამი თავიდანვე გავაფრთხილე – ახლა საშინელი ზეწოლა იქნება და ამას უნდა გაუძლო-მეთქი. როგორც დავუხატე სურათი, ზუსტად ისე მოხდა და, მარიამი სულ მეუბნება, რა ზუსტად იცოდი ყველაფერიო. ერთი ათი დღე, მაქსიმუმ ერთი თვე აცადე და, ნახავ, როგორ თვითონ ჩაწყნარდებიან-მეთქი. მერე, პერიოდულად, ეს თემა ისევ წამოყოფს თავს, მაგრამ, ნაკლები ძალითა და დროით და მალევე ჩაკვდება-მეთქი. ამიტომ, ისე უნდა იცხოვრო, როგორც შენ გინდა, რაც განიჭებს შინაგან კომფორტს. როგორ შეიძლება, ვიღაცამ მიმითითოს, ვისთან ვიმეგობრო, ვინ მიყვარდეს, როგორ ვიცხოვრო?! შვილებთანაც იგივეა. რამდენიც არ უნდა უჩიჩინო, მაინც იმას იზამენ, რაც თვითონ უნდათ; მგონი, ამ ჩიჩინით უფრო ეშლებათ ცხოვრებაში ხელი. ადამიანს უნდა მისცე საშუალება, რომ თავისი შეცდომები დაუშვას, სხვანაირად არაფერი გამოვა.

 

 

скачать dle 11.3