კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ამოიცნო უშიშროების ქართველმა გამომძიებელმა დენიკინის საგანძურის ადგილმდებარეობა, რომელსაც მთელ მსოფლიოში ეძებდნენ

 

„ურჩხულის კბილი“

1974 წლის 17 მაისს, დილის 11 საათზე მრგვალ ბაღთან ვინმე სერგი გურინი მოკლეს.

თბილისის მილიციის სამმართველოს ოპერჯგუფი გეგმიურ რეიდს ატარებდა ქალაქში, როდესაც მათ მრგვალ ბაღთან სლავური გარეგნობის ახალგაზრდა მამაკაცი შენიშნეს. ის ნელი ნაბიჯებით მიდიოდა ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით. მილიციელებმა საბუთების შემოწმება განიზრახეს და მანქანა მის წინ დაამუხრუჭეს. ახალგაზრდამ კი პირი იბრუნა, გაიქცა და მაყუჩიანი პისტოლეტიდან მილიციელების მიმართულებით ორჯერ გაისროლა. კაპიტანი კელია და ლეიტენანტი კაპანაძე ფეხსა და მუცელში დაიჭრნენ. ლეიტენანტები მახარაძე და მარგიევი კი გაქცეულს გამოედევნენ, ცეცხლი გაუხსნეს და მოკლეს.

მოკლული 36 წლის სერგი გურინი აღმოჩნდა, რომელსაც მეტსახელად „მეტკი“ ერქვა. ის ყოფილი მილიციელი გახლდათ და ეჭვმიტანილის წამებისთვის 4 წელი ციხეში ჰქონდა გატარებული. ჩხრეკისას მას აღმოაჩნდა მაყუჩიანი „ბრაუნინგი“ და ოცდაცხრამეტკარატიანი ალმასი, რომელიც საგულდაგულოდ ჰქონდა დამალული შარვლის საიდუმლო ჯიბეში. გურინი მოსკოველი იყო და ჯიბეში ედო 27 მაისით დათარიღებული მატარებლის ბილეთი თბილისი-მოსკოვის მიმართულებით. თუმცა, ის მხოლოდ ადლერამდე იყო გამოწერილი.

იმავე დღეს ვაკეში 51 წლის ანატოლი ბობენკო მოკლეს. მილიციამ დაადგინა, რომ იგი „ბრაუნინგის“ სისტემის პისტოლეტით იყო მოკლული, სწორედ იმით, რომელიც მრგვალ ბაღთან ლიკვიდირებულ მეტკის აღმოაჩნდა. ანატოლი ბობენკო წარმოშობით მოსკოველი იყო და თბილისში 1969 წელს გადმოსახლდა. სამოთახიან ბინაში ის მარტო ცხოვრობდა. მეზობლები ზრდილობიან, მშვიდ ადამიანად ახასიათებდნენ. ბობენკო კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა და მეზობლებსაც კი იშვიათად ეკონტაქტებოდა. ბობენკოს ბინის ჩხრეკის შედეგებმა მილიცია შოკში ჩააგდო. მის საიდუმლო სეიფში ძვირფასეულობით სავსე ყუთი, 350 ათასი მანეთი, 30 ათასი ამერიკული დოლარი და ოთხი ცალი ათკილოგრამიანი ოქროს ზოდი აღმოაჩინეს. საწერი მაგიდის უჯრაში კი სამი ცალი პისტოლეტი და უამრავი საბრძოლო ვაზნა იპოვეს. მილიციამ ბობენკოს სურათი მოსკოვში გაგზავნა და მოულოდნელი პასუხი მიიღო: ის სინამდვილეში აბრაამ გაისი იყო, რომელსაც 10 წელი ეძებდა მილიცია. გაისი  ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ლიდერი გახლდათ, რომელსაც 1963 წელს მოსკოვში არაერთი მძიმე დანაშაული ჰქონდა ჩადენილი, მათ შორის მკვლელობებიც.

მილიციამ ისიც დაადგინა, რომ გურინისგან ამოღებული ოცდაცხრამეტკარატიანი ალმასი ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის ოციანი წლებიდან იძებნებოდა და რომ მას „ურჩხულის კბილს“ უწოდებდნენ. ეს სახელწოდება ალმასს მისი ფორმის გამო ჰქონდა. ეს ვერცხლისფერი ძვირფასი ქვა უზარმაზარ კბილს ჩამოჰგავდა...

 

კომისარი კედროვი

სერგი გურინისა და ანატოლი ბობენკოს, იგივე აბრაამ გაისის, გაერთიანებული საქმე, მოკვლეული მასალა, ამოღებული ცეცხლსასროლი  იარაღი, ძვირფასეულობა და, რა თქმა უნდა, „ურჩხულის კბილი“, მოსკოვში გადააგზავნეს.

განსაკუთრებული მნიშვნელობის გამო ამ საქმეს უშიშროების გამომძიებელი, მაიორი მიხეილ ქავთარაძე იძიებდა. ის „კაგებეს“ ცენტრალური აპარატის თანამშრომელი იყო და ჩახლართული საქმეების გახსნის სპეციალისტად ითვლებოდა. ქავთარაძემ პირველივე პატაკის დროს სენსაციური განცხადება გააკეთა:

– აბრაამ გაისის საქმე არაორდინარულია და მას დენიკინის განძის სუნი უდის.

– დენიკინის განძის? – კოპები შეკრა გენერალ-პოლკოვნიკმა სინელნიკოვმა, რომელმაც ქავთარაძის სიტყვები გაზვიადებულად მიიჩნია.

– დიახ, ამხანაგო გენერალ-პოლკოვნიკო, – მშვიდად მიუგო ქავთარაძემ, – მე და ჩემმა ბიჭებმა საფუძვლიანად შევისწავლეთ საარქივო მასალები და კვალმა დენიკინის განძამდე მიგვიყვანა. როგორც მოგეხსენებათ, როდესაც წითელმა  არმიამ დენიკინის შევიწროება დაიწყო და ის შავიზღვისპირეთიდან განდევნა, მან მოსკოვიდან გატაცებული საგანძური გადამალა. მაშინ „ჩეკას“ ხელმძღვანელობამ ამ განძის მოძებნა კომისარ ივანე კედროვს დაავალა, რომელსაც შესაბამისი ინსტრუქციები მისცა და გენერლის გარემოცვაში შეაგზავნა. ერთი სიტყვით, კედროვი დაშიფრულ ტელეფონოგრამაში იტყობინებოდა, რომ არანაირი განძი არ არსებობდა და ეს ყველაფერი ბლეფი იყო. თუმცა, მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ კედროვი დენიკინის კონტრდაზვერვას ჰყავდა დაჭერილი და წითელი არმიის დაზვერვასთან რადიოთამაშს აწარმოებდა. ერთი სიტყვით, ვიღაც ცდილობდა, წითლები დაერწმუნებინა, დენიკინის განძის არარსებობაში და ეს ნაწილობრივ მოახერხა კიდეც. თუმცა, ჩვენმა აგენტმა, რომელიც დენიკინის შტაბში მუშაობდა, გაშიფრა ეს ბლეფი, შეგვატყობინა და დაგეგმა კომისარ კედროვის მოტაცებისა და ლიკვიდაციის ოპერაცია.

– თქვენ ისე აშუქებთ იმ მოვლენებს, თითქოს უშუალოდ მონაწილეობდით მასში, – უთხრა ქავთარაძეს სინელნიკოვმა.

– დიახ, ამხანაგო გენერალ-პოლკოვნიკო, – თავი დაუქნია ქავთარაძემ, – საარქივო დოკუმენტებში ყველაფერი ისე თვალნათლივაა აღწერილი, როგორც რომანში. ერთი სიტყვით, დენიკინის ზურგში აბრაამ გაისი გაგზავნეს.

– აბრაამ გაისი? – იკითხა გენერალმა. 

– დიახ, ამხანაგო გენერალო, აბრაამ გაისი. ეს იმ გაისის ბაბუაა, რომელიც მეტკიმ თბილისში მოკლა. საქმე კი ის არის, რომ გაისმა მოახერხა, მოღალატე კედროვის ლიკვიდაცია და მაშინ ეს საქმე ამით ამოიწურა. წარმოგიდგენიათ? გაისმა ყველაფერი ისე სუფთად გააკეთა, რომ წითელი არმიის ხელმძღვანელობის მადლობა დაიმსახურა. სინამდვილეში კი, როგორც ეტყობა, მან დენიკინის განძს მიაგნო და ამაზე „ურჩხულის კბილიც“ მეტყველებს, რომელიც იმ საგანძურში იყო. გარდა ამისა, დენიკინის საგანძურის ნაწილი ბობენკო-გაისის თბილისის ბინაში, საიდუმლო სეიფში აღმოაჩინეს.

– ესე იგი, აქედან გამოდის, – თქვა გენერალმა, – რომ მილიციის მიერ მოკლული გურინი ბობენკოს ბინაში საგანძურს ეძებდა?

– სწორედ რომ ასეა, მაგრამ მან მხოლოდ „ურჩხულის კბილს“ მიაგნო, რომელსაც ბობენკო-გაისი კისერზე ჩამოკიდებულს ატარებდა. მეტკიმ საიდუმლო სეიფს ვერ მიაგნო და მასპინძელი იმიტომ მოკლა, რომ პისტოლეტით წინააღმდეგობის გაწევა სცადა. ერთი სიტყვით, მეტკი მიგზავნილი იყო გაისთან და ეს თავდასხმა, სავარაუდოდ, ყოფილმა პაძელნიკებმა მოაწყვეს.

 

სატყუარა

უმცროსი აბრაამ გაისი, რომელიც ანატოლი ბობენკოს გვარით 10 წელი იმალებოდა, ცნობილი შავიზღვისპირა კრიმინალური დაჯგუფების ლიდერი იყო. მთელი დაჯგუფება დააპატიმრეს და უმეტესი მათგანი დახვრიტეს, ხოლო ვინც ცოცხალი გადარჩა, 20-20 წლით გააციმბირეს. ბანდის აყვანა საკმაოდ  უცნაურად მოხდა. ვიღაც ანონიმმა კრასნოდარის მილიციის სამმართველოში დარეკა და მორიგეს ბანდის ადგილსამყოფელი მიასწავლა. მოგვიანებით დადგინდა, რომ ბანდა თავად აბრაამ გაისმა ჩაუშვა, თავად კი მიიმალა. გვარი და ნაწილობრივ გარეგნობა შეიცვალა და თბილისში დასახლდა.

– როგორც ეტყობა, მეტკი გონცარმა გაგზავნა ბობენკო-გაისთან, – დაასკვნა ქავთარაძემ, – გონცარი,  იმ სამთაგანი იყო, ვინც გაისის ბანდიდან გადარჩა ცოცხალი. მან 10 წელი მოიხადა. ამნისტიით გათავისუფლდა და ამჟამად სოჭში ცხოვრობს. მეტკი და გონცარი ერთად იხდიდნენ სასჯელს და როგორც ეტყობა, იქ დამეგობრდნენ.

– თუ ასეა, მაშინ გონცარი ავიყვანოთ და გამოვტეხოთ, გაისის მკვლელობა უბრალო შურისძიება იყო თუ ის დენიკინის განძთანაა დაკავშირებული, როგორც შენ ვარაუდობ, – უთხრა ქავთარაძეს პოლკოვნიკმა სიომინმა, რომელიც მისი უშუალო უფროსი იყო.

– გონცარი გაქრა, – თქვა ქავთარაძემ, – მაგრამ მე ერთი სატყუარა მოვუმზადე და თუ გამოთვლებში არ შევმცდარვარ, მაშინ ის და კიდევ სხვები თბილისში, გაისის ვაკის ბინაში უნდა შევიპყროთ.

ქავთარაძის მახე ის იყო, რომ მისმა ხალხმა ხმები გაავრცელეს, თითქოს საკუთარ ბინაში მოკლული ბობენკო-გაისს მხოლოდ ცეცხლსასროლი იარაღი აღმოუჩინეს. ეს ინფორმაცია შავ სამყაროში საიმედო ხალხმა გაავრცელა და მართლაც, 1974 წლის 19 აგვისტოს ვაკეში, ბობენკო-გაისის დალუქულ ბინაში მოსკოვის უშიშროების სპეცჯგუფმა სემიონ გონცარი, ალექსეი სამსონოვი და პავლე ბურიაკი დააპატიმრეს. ისინი ბინაში შეღწევას ცდილობდნენ და მათი დაკავება სრულიად უხმაუროდ მოხდა.

 

დენიკინის განძი 

გონცარი თავდაპირველად ყველაფერს უარყოფდა. თუმცა, როდესაც მას ქავთარაძემ გაისის ბინის საიდუმლო სეიფიდან ამოღებული ძვირფასეულობა უჩვენა, გონცარს ისტერიკა დაემართა. შემდეგ დამშვიდდა და თქვა:

– მე და აბრაამი ბავშვობის ძმაკაცები ვიყავით და ვიცოდით, რომ ბაბუამისმა მას დიდი სიმდიდრე დაუტოვა. თუმცა, ეს სიმდიდრე მას თვალითაც არ ენახა, იმ ნაწილის გარდა, ახლა რომ მაჩვენეთ. ეს მე ადრეც მინახავს.

– აბა, განძი სად არის? – თქვა ქავთარაძემ.

– მთელი ცხოვრება ამის ამოცნობას ცდილობდა ის დამპალი და სანამ ჩვენ ჩაგვიშვებდა, ცოტა ხნით ადრე ეს საიდუმლო ამოიცნო. ბაბუამისი ბოლოს პარალიზებული იყო და ვერ ახერხებდა განძის ადგილსამყოფლის მითითებას. ბავშვობაში კი შეგნებულად არ ეუბნებოდა. მხოლოდ ის უთხრა, რომ წყალში დიდი განძი ჰქონდა დამალული.

– წყალში? – გაიმეორა ქავთარაძემ და ლამის გული ამოუვარდა საგულედან, რადგან მიხვდა, რომ თავადაც იცოდა განძის ადგილსამყოფელი.

– დიახ. დიახ, წყალში. მაგრამ სად, ეს არ დაუკონკრეტებია. მხოლოდ ის ჰქონდა ნათქვამი, რომ იქ ბევრი მზე, ცოტა ტალღა და ბევრი თევზიაო.

– მე უკვე ვიცი, სადაა განძი, – გაიღიმა ქავთარაძემ, – ესაა სოჭში, ბუხტის ტერიტორიაზე და გაისმა ეს კარგად იცოდა. სწორედ ამიტომაც ჩაგიშვათ, რომ თავიდან მოეცილებინეთ, თვითონ კი განძის ამოღების საშუალება მისცემოდა. მეტსაც გეტყვით, მან შეგნებულად დაგასახლათ იმ რაიონში და ალბათ, თავადაც ხშირად ნახულობდა განძს.

გონცარს ქავთარაძის სიტყვებზე მეორედ დაემართა ისტერიკა და უშიშროების ექიმებმა ძლივს დაამშვიდეს. მეორე დღეს უშიშროების სპეცჯგუფმა ქალაქ სოჭში, ბუხტის მიდამოებში გენერალ დენიკინის მიერ მეოცე საუკუნის ოციან წლებში დამალული აურაცხელი ქონება აღმოაჩინა, რომლის გამოც აბრაამ გაისმა 16 ადამიანი მოკლა და ეს საიდუმლო შვილიშვილს გადაულოცა...

P. S. დენიკინის განძად წოდებული სიმდიდრე დღემდე მოსკოვში, ალმასის ფონდშია დაცული და მათი ნაწილი საგამოფენოდაა გამოტანილი... დღევანდელი კურსით მათი ღირებულება 800 მილიონ ევროს აჭარბებს...

 

 

скачать dle 11.3