კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შეცვალა სტალინის ბოლო დაპატიმრებამ მისი ცხოვრება ძირფესვიანად

 

უცნაური ფაქტია, რომ იოსებ სტალინი რუსეთს მოევლინა მას შემდეგ, რაც ქართულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოძრაობაში ფეხი ვერ მოიკიდა. მეტიც, მან თავის იდეურ მოწინააღმდეგეებთან ყველა ბრძოლა წააგო და საქართველო რომ არ მიეტოვებინა, ვინ იცის, საერთოდ თუ მოიხსენიებდნენ მას მეისტორიენი. იოსებ ჯუღაშვილისთვის რუსეთი სამშობლო არ იყო, რუსეთი იყო ქვეყანა, სადაც მის ზებუნებრივ ნიჭსა და ენერგიას გასაქანი უნდა ეპოვა. 1900-1901 წლებში იოსებ სტალინი ერთხელ და საბოლოოდ ჩადგა რუსული სოციალ-დემოკრატიის სამსახურში. სტალინის არჩევანი განაპირობა მისმა მსოფლმხედველობრივმა მრწამსმა. 1905-1907 წლების რევოლუციამ დაადასტურა, რომ რუსეთი ჯერ კიდევ ეიფორიაში იყო. სამი წამყვანი პოლიტიკური პარტია ევროპაში აღმოცენებული პოლიტიკური მოძღვრებებით ცდილობდა რუსეთის განახლებას. ეიფორია მეფობდა საქართველოშიც. რეალურის ნაცვლად იდეალურისკენ მიისწრაფოდნენ სოციალ-დემოკრატები, სოციალისტ-ფედერალისტები, სოციალისტ-რევოლუციონერები, ეროვნულ-დემოკრატები. სწორედ ამის შედეგი იყო, რომ სტალინმა 1905-1907 წლებში თავის ძირითად ოპონენტებთან, სოციალ-დემოკრატებთან და სოციალისტ-ფედერალისტებთან, ყველა ბრძოლა წააგო. მას დაუსტვინეს თბილისის ხალხმრავალ მიტინგებზე, იგი დამარცხდა ბათუმში, ქუთაისში, გურიაში... 

რსდმპ მეოთხე ყრილობაზე სტალინს დიდი შანსი ჰქონდა, მყარად დაემკვიდრებინა ადგილი რუსული სოციალ-დემოკრატიის ელიტაში, მაგრამ მისი შეხედულებების გამანადგურებელმა კრიტიკამ, რომლითაც ნოე ჟორდანია და სხვები ყრილობაზე გამოვიდნენ, სტალინის ავტორიტეტი დასცა. რსდმპ მეოთხე ყრილობაზე დამარცხებული სტალინი კიდევ უფრო შეავიწროვეს საქართველოში, თუმცა აშკარად აღარ დაპირისპირებია თავის თანამემამულეებს, მაგრამ დიდი დამარცხება მაინც ვერ აიცილა. საქართველოში მისი ყველაზე დიდი მოწინააღმდეგე ნოე ჟორდანია ყრილობაზე ცენტრალური კომიტეტის წევრად აირჩიეს. ამაზე იმხანად სტალინი მხოლოდ თუ იოცნებებდა და ეს ხდებოდა მაშინ, როცა რუსული სოციალ-დემოკრატიის ორივე მიმდინარეობაში სტალინის დონის მოაზროვნეთა დიდი დეფიციტი იყო. სტალინს უკვე მაშინ ნათელმხილველივით ზუსტად წარმოედგინა რუსეთის მომავალი, იმპერიის პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური განვითარების პერსპექტივები. ამავე პერიოდში სტალინმა ისეთი ნაშრომები გამოაქვეყნა, ბადალი რომ არ მოეპოვება რუსულ სოციალ-დემოკრატიაში. სტალინმა ასეთი დასკვნა გააკეთა: საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა მთლიანად მისი მსოფლმხედველობის საწინააღმდეგოდ ვითარდებოდა... აშკარა იყო, თუ სტალინი საქართველოში დარჩებოდა, იგი რიგითი პოლიტიკური მოღვაწის სტატუსს უნდა დასჯერებოდა და დარჩენილი ცხოვრება იდეურ მოწინააღმდეგეებთან უაზრო, უშედეგო პოლემიკაში გაეტარებინა. ერთი სიტყვით, სტალინი დარწმუნდა: საქართველოს ის არ სჭირდებოდა, რუსეთი კი მას ელოდა.

1907 წლის ივნისში სტალინი ტოვებს თბილისს. მის მოღვაწეობაში იწყება ახალი ეტაპი. თავდაპირველად, ის ბაქოშია, შემდეგ რუსეთსა და ბოლოს – ემიგრაციაში. სტალინი კვლავინდებურად ბევრს წერს, თუმცა, 1907 წლის ივნისიდან 1913 წლის თებერვლამდე ყველაზე უნაყოფო წლებია მის ცხოვრებაში. ამ პერიოდში სტალინს ღირებული არაფერი შეუქმნია... სტალინს რუსულ სოციალ-დემოკრატიაში ადაპტაციის პერიოდი ძალზე გაუხანგრძლივდა. მოკლედ რომ ვთქვათ, მოსალოდნელი აღიარება ვერ მოიპოვა. ეს მაშინ, როცა მისი თანამემამულეები მასზე გაცილებით ნაკლები ინტელექტუალური შესაძლებლობის მქონე მოღვაწეები – ნოე ჟორდანია, ისიდორე რამიშვილი, ირაკლი წერეთელი და ასე შემდეგ, რუსული სოციალ-დემოკრატიის ცნობილი მოღვაწეები გახდნენ, მათზე ალაპარაკდა მთელი იმპერია. სტალინს თითქოს ბედი სდევნიდა.

იმ ძნელბედობისგან სტალინი თითქოს მისმა ბოლო დაპატიმრებამ იხსნა. 1913 წლის თებერვლიდან 1917 წლის მარტამდე იგი საერთოდ ქრება პოლიტიკური ასპარეზიდან. 1917 წელს რევოლუციამ ყველა პოლიტიკურ პარტიას თავს ზემოთ გადაუარა. რუსმა ხალხმა რევოლუცია პოლიტიკოსთა გეგმების გვერდის ავლით განახორციელა... ასეთ ვითარებაში სტალინი პეტერბურგში ბრუნდება. მას უკვე მოფიქრებული ჰქონდა რუსი ბოლშევიკების მოქმედების პროგრამა. პროგრამა შემდეგ დასკვნას ემყარებოდა, რომ თებერვალ-მარტის რევოლუცია ბუნებრივი გზით არ მომწიფებულა, ის მეტწილად ომის შედეგი იყო. რუს ხალხს რევოლუციის მიზნები არ ესმოდა, უახლოესი მომავალი ვერ წარმოედგინა, რაც აუცილებლად განაპირობებდა კონტრრევოლუციას. რევოლუციასა და კონტრრევოლუციას შორის მერყეობა რუსეთისთვის მეტად საშიშ პერიოდში, მსოფლიო ომის პირობებში მიმდინარეობდა. ამას, კი მთელი სახელმწიფოსთვის შეიძლებოდა, ძალზე სერიოზული, კატასტროფული შედეგები მოჰყოლოდა...

... პოლიტიკურ სისტემას, რომელიც რუსეთში იოსებ სტალინის ჩანაფიქრის მიხედვით შეიქმნა, ზუსტი სახელი არ აქვს – „რუსული სოციალიზმი“, „კომუნისტური სისტემა,“ „საბჭოთა სისტემა“ და ასე შემდეგ, მხოლოდ მიგვანიშნებენ იმ წყობილებაზე, რომელიც სტალინის ხელმძღვანელობით აშენდა 20-30-იან წლებში და რომელმაც სულ სხვა კუთხით წარმოაჩინა რუსი ხალხი მსოფლიო ისტორიაში, თვით მსოფლიოს კი უამრავი თავსატეხი გაუჩინა... სტალინი შეგნებულად არ წავიდა არც ივანე მრისხანის, არც პეტრე დიდის გზით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მის გეგმებს ადვილად ამოიცნობდნენ, ადვილად დაამარცხებდნენ. სტალინმა კარგად იცოდა, რომ მეფე-მამის ბრმადმორწმუნე რუს მუჟიკს ერთი ნაბიჯი აშორებდა მეფის მგმობელი მეამბოხისგან. მას მეფე-მამის მესამე ტიპი უნდა შეექმნა რუსეთის ისტორიაში. კონტრრევოლუციური სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ ლენინს რომ არსებითად არაფერი გაუკეთებია ახალი პოლიტიკური სისტემის განსაზღვრისათვის, ეს დოკუმენტურადაა დადასტურებული. ლენინი სიკვდილამდე მხოლოდ ხელისუფლების შენარჩუნებაზე ზრუნავდა. გლობალურ პრობლემებს იგი არც კი შესჭიდებია. ასე რომ, სოციალიზმის მშენებლობის ლენინური გეგმა მხოლოდ მითია, რომელიც სტალინმა შექმნა და რომელიც სტალინის ნააზრევს ადევნებულმა საბჭოთა ისტორიოგრაფიამ აიტაცა. სტალინი აზროვნებდა და ქმნიდა სრულიად დამოუკიდებლად არა მარტო ლენინისგან, არამედ მისი თანამებრძოლებისგანაც. სტალინი მაინც მადლიერი უნდა ყოფილიყო ლენინისა. მართალია, მან სტალინს დაუტოვა დანგრეული და გაუბედურებული ქვეყანა, მაგრამ, სამაგიეროდ, საბჭოთა ხელისუფლების ოპოზიცია სამოქალაქო ომმა წელში გატეხა. ბრწყინვალედ მოქმედებდა უზარმაზარი რეპრესიული აპარატი. ლენინისა და ტროცკის ინიციატივით შექმნილ საკონცენტრაციო ბანაკებში უკვე იტანჯებოდა ათასობით პოლიტპატიმარი. თუმცა, სტალინს დამშვიდების საფუძველი არ ჰქონდა. მეოცე საუკუნის 20-იან წლებში რუსეთი იმავე პრობლემის წინაშე დადგა: „სმუტა“, ნგრევა, ქაოსი და დაკნინება, ან... ის, რაც უკვე კარგად ჰქონდა მოფიქრებული ახალ მეფე-მამას – იოსებ ჯუღაშვილს, უმთავრეს პრობლემად სტალინისთვის რუსი გლეხობა წარმოადგენდა. კულაკობა ვერ შეეგუებოდა საბჭოთა წყობილებას. დიდი პოლიტიკური მოღვაწის სტოლიპინის გეგმით, რუსეთი მიწათმფლობელი გლეხობის ქვეყნად უნდა გადაქცეულიყო. ეს გეგმა თითქმის იდეალური, მაგრამ განუხორციელებელი აღმოჩნდა... გლეხური ბუნტის მიზეზი რუსეთში სტოლიპინმა ვერ მოსპო. სტალინს უნდა მოეფიქრებინა ისეთი გეგმა, რასაც უმტკივნეულოდ მიიღებდა რუსი გლეხობა. სტალინმა ძველი რუსული თემი აღადგინა, მას კოლექტიური მეურნეობა უწოდა. მიწა სახელმწიფოს განუყოფელ საკუთრებაში აღმოჩნდა. გამოირიცხა მიწის ყიდვა-გაყიდვის, გაჩუქების შესაძლებლობა. გლეხობა სოციალურად გათანაბრდა. კულაკობა წელში გატყდა, საშუალო გლეხობა მატერიალურად დაკნინდა, მდიდარი გლეხის პრობლემა კი მოიხსნა. ბევრი რამ დაკარგა რუსმა გლეხმა, მაგრამ მისი მოთხოვნილება პრიმიტიულ სოციალურ გაერთიანებაზე დაკმაყოფილდა. ქალაქის პრობლემა კი სტალინისთვის მეორეხარისხოვანი იყო, თუმცა თავად საპირისპიროს ამტკიცებდა. ასე, დაუძლურებულ სოფელში გაცილებით ადვილი იქნებოდა სტალინის გეგმის განხორციელება. ნოე ჟორდანიას გარდა სტალინს ოპონენტები სხვაც ბევრი ჰყავდა. ოპონენტები ბევრი ჰყავდათ ივანე მრისხანესაც და პეტრე დიდსაც. ივანე მრისხანე, პეტრე დიდი და იოსებ სტალინი ერთადერთსა და სწორ გზას ადგნენ. რუსეთი არც საფრანგეთი იყო და არც ინგლისი. აქ დაწყებული შფოთი და ჯანყი შეიძლებოდა საბედისწერო გამხდარიყო ქვეყნისთვის, იმ სახელმწიფოსთვის, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში უფრთხილდებოდნენ ჯერ რიურიკები, ხოლო შემდეგ რომანოვები. ამჯერად კი მისი ბედი იოსებ ჯუღაშვილის ხელში იყო. სტალინის ჩანაფიქრის მიხედვით, საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭო სტაბილურად მორჩილ საკანონმდებლო ორგანოდ იქცა. მისი მართვა ახლა უკვე გაცილებით ადვილი იყო. სტალინის მიერ შექმნილმა პოლიტიკურმა სისტემამ რუსეთს მისცა სტაბილურობის აბსოლუტური გარანტია, პოლიტიკური კონფრონტაცია და კონფლიქტები ქვეყანას გაცილებით დიდ ზიანს მიაყენებდა, ვიდრე სტალინის მიერ განხორციელებულმა რეპრესიებმა მიაყენა... სტალინის პერიოდის რეპრესიები ლამის იმ ეპოქის ყველა დიდი წარმატების საფუძვლად გამოაცხადონ. ეს სინამდვილეს არ შეეფერება. სტალინმა ყოველგვარი რეპრესიების გარეშე მოიგო ფარული ბრძოლა ყრილობებზე. სტალინის მიერ შექმნილი პოლიტიკური სისტემა თავიდან ბოლომდე ერთი კაცის მიერ იყო მოფიქრებული და მისი მართვაც ერთ კაცს – სტალინს შეეძლო. რა თქმა უნდა, ძნელი იყო იმ ქვეყნის მართვა, სადაც ყველაფერი ფიქცია იყო – ბოლშევიკური პარტიის ყრილობაც, პარტიის ცენტრალური კომიტეტიც და თვით ბოლშევიკური პარტიაც უზენაესი საბჭოც და მთავრობაც მთლიანად. ფიქცია იყო კონსტიტუციაც. რუსი ხალხისთვის გაუგებარ ამ ორგანოებს ზემოთ იდგა მისთვის კარგად ნაცნობი მეფე-მამა, რომელშიც ხალხი ხედავდა ყველაფერს, რაც ცოდვილ დედამიწასა და ღმერთს შორის არსებობდა, რაც მაღლა დგას ყოველივე ადამიანურზე და თითქმის უახლოვდება ღმერთს. 

სტალინის პოლიტიკური სისტემა, ცხადია, შეიცავდა პროგრესის შემაფერხებელ მომენტსაც. როგორც უნდა ვაიდეალებდეთ მას, ერთი რამ აუცილებლად აღიარების ღირსია: სტალინს ახალი, დიდი ექსპერიმენტისთვის შესაძლებლობა აღარ ეყო. ეს ეხება მხოლოდ ფიზიკურ და სულიერ შესაძლებლობებს. სტალინი ხომ მაინც ადამიანი იყო და სამყაროს კანონებს მისი სხეულიც კი ემორჩილებოდა. სტალინი იმასაც გრძნობდა, რომ მისი გმობის, უარყოფის, მისი ოცდაათ ვერცხლად გაცემის დრო მოდიოდა, ამიტომ გაფაციცებით ეძებდა თორმეტთა შორის ერთს – იუდას. ვერ იპოვიდა, რადგან თორმეტთა შორის თერთმეტი გამცემი, მოღალატე, უნიჭო, უსუსური და უღირსი აღმოჩნდა, მაგრამ ეს არ იყო სტალინის ტრაგედია, ეს რუსეთის ტრაგედია იყო... რუსეთი ნელ-ნელა სახელმწიფო დიდებისა და კეთილდღეობის გზაზე მხოლოდ ისეთ მოღვაწეებს გამოჰყავდათ, როგორებიც იყვნენ ივანე მრისხანე, პეტრე დიდი და სტალინი... სტალინის დიდი ექსპერიმენტი შედგა... იცოდა თუ არა სტალინმა, რომ მის ექსპერიმენტს, მის მიერ შექმნილ ზესახელმწიფოს კრახი ელოდა? უნდა ვივარაუდოთ, რომ იცოდა, თუმცა, რა უნდა გაიგო იმ ადამიანის ნააზრევსა და ნაღვაწში, რომელიც წერდა, რომ ისტორიაში გადამწყვეტ როლს დიდი ადამიანები კი არა, მასები ასრულებდნენ, იმავდროულად კი, მთელი ცხოვრების განმავლობაში პრაქტიკულად, ყველას არწმუნებდა, რომ ისტორიას მხოლოდ დიდი ადამიანები ქმნიანო.

ვახტან გურულის მასალების

 

 

 

скачать dle 11.3