კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ექსკლუზივი აქვს „სვაროვსკისთან” გიო გოდეტს და როგორ აპირებს ის საკუთარი ტექნოლოგიით შექმნილი ქსოვილით ვერა ვანგისთვის ახალი მუზების გაღვიძებას

 

პირველად, როცა შევიტყვე, რომ წელს „ევროვიზიაზე” ანრი ჯოხაძესა და მის ბექ-ვოკალისტებს კანადაში მოღვაწე, წარმატებული დიზაინერი, გიო გოდეტი ჩააცმევდა, ძალიან გამიხარდა. ჩემი აზრით, გიო ერთ-ერთი გამორჩეული, საინტერესო დიზაინერია, ის არასდროს უშინდება სიახლეებს, ხშირად რისკავს, ახალ-ახალ ტექნოლოგიებს ეძებს და ამით საკუთარ ქმნილებებს კიდევ უფრო უცხოს, ახალს, საინტერესოსა და შემოქმედებითს ხდის. გიოს კომპანია „გოდეც” ნელ-ნელა კიდევ უფრო წარმატებული ხდება. რაც მთავარია, სიახლეების მოყვარული დიზაინერი არც ფოტოგადაღებებში მონაწილეობაზე ამბობს უარს. ახლახან კი, ჰოლივუდურ ფილმშიც გადაიღეს. 

გიო გოდეტი: საზოგადოებრივი მაუწყებელი ანრის დახმარებით დამიკავშირდა და ამ პროექტზე სამუშაოდ მათი მოწვევით ჩამოვედი. უნდა ჩავაცვა ანრის, ვერიკოს, ნინის, ნინოს, მაგდას და მოცეკვავეს, რომელიც შეასრულებს „ჯეირანს”. ეს პროექტი იმდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, პირადად მე, პატივად მივიჩნევ, რომ ამხელა ღონისძიებაზე ჩვენი ქვეყნის იმიჯის შექმნა მე მერგო წილად. ეს არის საპასუხისმგებლო, ისტორიული მოვლენა, რადგან „ევროვიზიას” თავისი ისტორია აქვს. ეს ყველაფერიც კი ისტორიას დარჩება. რაც შეეხება ანრის, მასთან მუშაობის გამოცდილება ერთხელ უკვე მქონდა. ჩვენი იდეები ხშირად ემთხვევა, ვუგებთ ერთმანეთს, ალბათ იმიტომ, რომ ერთი თაობისანი ვართ, ერთ კულტურაში გავიზარდეთ. მას მოსწონს ჩემი ხედვა, რომელიც უცხოეთში ჩამომიყალიბდა. მე არ ვითვალისწინებ ჩარჩოებს, მოსაზრებებს და ვმუშაობ იმ მიმართულებით, როგორადაც უნდა იყოს წარდგენილი. მიმაჩნია, რომ წელს „ევროვიზიაზე” ძალიან ძლიერი ვოკალური გუნდი მიდის. ჩემი აზრით, ანრი არის საქართველოში ერთადერთი კაცი ვოკალისტი, რომელსაც აქვს მდიდარი ხმა და ეს დიდი პლუსია. ბექ-ვოკალისტები კი ცალკე ვარსკვლავები არიან. აქედან გამომდინარე, დიდი ვოკალური გუნდი მიემგზავრება და იმედი მაქვს, გასულ წელთან შედარებით უფრო მეტ წარმატებას მივაღწევთ.

– რა გაითვალისწინე კოსტიუმებთან დაკავშირებით?

– ეს არის გუნდური მუშაობა და მხოლოდ ჩემზე არ არის დამოკიდებული. ეს არ არის ჩემი „ფეშენ-შოუ”. ფაქტობრივად, ეს არის დაკვეთა. იდეის მონახაზი მომეცა, რომლის გარშემო რამდენიმე ვერსია შემუშავდა. თუმცა, საბოლოო ჯამში, მაინც მე გადავწყვიტე, რა უნდა გამეკეთებინა და სხვებიც დავითანხმე. ეს შოუა და რადგან თავისუფალი აზროვნება მაქვს, ამიტომაც შემარჩიეს ამ პროექტისთვის. შესაბამისად, ითვალისწინებენ კიდეც ჩემს აზრს. იქიდან გამომდინარე, რომ ანრი საქართველოდან „ევროვიზიაზე” პირველი მამაკაცი მონაწილეა და თან მას ოთხი სხვა ვარსკვლავი მიჰყვება, ეს იქნება შთამბეჭდავი შოუ. მე კი მინდა, რომ კიდევ უფრო შთამბეჭდავი გავხადო. შოუზე უკან დახევა არ შეიძლება. ის უნდა იყოს ეფექტური, დასამახსოვრებელი, სალაპარაკო. თუმცა, შეიძლება, ქართული საზოგადოებისთვის იყო სალაპარაკო, მაგრამ უცხოურისთვის – შთამბეჭდავი. იქნება უცხო, რომელიც, ჩემი აზრით, ბევრ უცხოელ ვარსკვლავს მოეწონება შოუზე ჩასაცმელად. რაც მთავარია, ყველანაირად გამოვრიცხე ის ფაქტი, რომ კოსტიუმები ბანალური ყოფილიყო – ჩემი ხედვა არის მარტივი, მისაღები და სანახაობრივად შოკის მომგვრელი. 

– როგორც ვიცი, კანადაშიც ძალიან ბევრი კარგი და საინტერესო საქმე გაქვს, რომლებიც დროებით, „ევროვიზიის” გამო მიატოვე.

– ესეც ჩემთვის მნიშვნელოვანი სამუშაოა. ამიტომაც ავიღე ტაიმაუტი კანადაში. მაგრამ, მალე გავემგზავრები, შემდეგ იქიდან ჩავალ ბაქოში, რომ გოგონებს მივხედო – კულისებში რამე არ მოხდეს. თან, მინდა, გავიზიარო ის სიხარული, რასაც მივიღებთ. ვფიქრობ, კარგ შედეგს მივაღწევთ, რადგან კარგი სიმღერა – მიუზიკლია და უნდა მოვხვდეთ ტოპ-ათეულში. რაც შეეხება ახალ პროექტებს, უნდა დავბრუნდე ტორონტოში, საქორწილო კაბების დიზაინერთან, ვერა ვანგთან მაქვს შეხვედრა. უნდა წარვუდგინო ახალი ტიპის ქსოვილები, რომელიც დარწმუნებული ვარ, მას ახალ მუზაზე მოიყვანს. ასევე, დანიშნული მაქვს შეხვედრა ადგილობრივ კომპანიებთან და დიზაინერებთან, ანუ ჩემს კომპანია „გოდეს” სხვა მიმართულებაც მივეცი. 

– ის ნიმუშები, რომელიც ვერა ვანგს უნდა აჩვენო, ძალიან ლამაზი, ორიგინალური და შთამბეჭდავია, რაც მთავარია ახალი და უცხო... 

– კი, ახალია, თან „სვაროვსკისთან” მაქვს ექსკლუზივი. ფაქტობრივად, ამ პროექტისთვისაც ტორონტოში მათი წარმომადგენლობა მაწვდის ყველა კრისტალს, მასალას, რაც კი მჭირდება. ასევე, კომპანია „გოდე” და „სვაროვსკი” დიზაინერებისთვის დაკვეთებს ერთად შეასრულებენ. ეს ძალიან სერიოზული პროექტია. ისინი მენდობიან, იციან, რა შემიძლია და ამიტომაც მანდობენ, საკუთარ სახელს. ის, რომ ქსოვილებს „სვაროვსკისთან” ერთად „გოდეც” ერქმევა, უკვე ძალიან მნიშვნელოვანია. ისეთი პატარა კომპანიისთვის, როგორიც ჩემია, განვითარებისთვის ეს კარგი ნაბიჯია. 

– თავადაც ხომ არ აპირებ მომავალში საქორწილო კაბებზე მუშაობას?

– მოდი, ყველას თავისი სამუშაო და ასპარეზი დავუთმოთ. საბოლოო ჯამში, ორი კურდღლის მადევარი ვერც ერთს ვერ იჭერს. ვერა ვანგის მერე, მე საქორწილო კაბები არ უნდა ვკერო. მირჩევნია, ფოკუსირება მქონდეს იმაზე, რასაც ვაკეთებ – ავითვისო მარკეტინგი, ბაზარმა გამიცნოს და მერე გავშალო ფრთები. 

– ის, რასაც ვერა ვანგს სთავაზობ, ახალი ტექნოლოგიებით არის შესრულებული. როგორ იგონებ მუდმივად ახალ-ახალ ტექნოლოგიებს?

– ფანტაზია და არქიტექტურული ნიჭი. არ მეშინია, რამე გავაფუჭო – თუ გაამართლა, ხომ კარგი თუ არადა, რა მოხდა, დიდი ამბავი. თუ არ გავაფუჭე, ისე ვერ ვისწავლი, სამაგიეროდ შემდეგ იგივეს ვაკეთებ შესწორებებით და უკეთესი გამოდის. წარმატების მისაღწევად ყველას ვურჩევ, გარისკოს. 

– ბევრი ჰობიც გაქვს?

– კი, ჰობის დონეზე ბევრი რამით ვერთობი. კომპანია არ არის ჩემი ერთადერთი ცხოვრება. ერთი ჰობი უცნაურ შემთხვევას მოჰყვა. არასდროს მეგონა, თუ კამერის წინ დავდგებოდი, ანუ ყოველთვის მის უკან ვიყავი და მითითებებს ვიძლეოდი ასე გააკეთე, ისე გადაიღე-მეთქი. შემთხვევით მოვხვდი ფოტოსამოდელო ბიზნესში. უარი არ მითქვამს, ესეც ერთგვარი მარკეტინგია, სადაც საჭიროა, ყველგან უნდა იყო. „უეფას” თასისთვის გადამიღეს, როგორც ესპანელი. ფოტოები ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე ყველგან განთავსდება. ისე, სადაც მივდივარ, იქაური ვხდები. იტალიაში ჩავდივარ-იტალელი ხარო, ირანში ჩავდივარ – ირანელი ხარო. ინტერნაციონალური გარეგნობა მაქვს. ქუჩაში მივდიოდი, ზაფხული იყო, გამაჩერეს: სახეს ვარჩევთ, ჰონორარიც არისო. უარი ვუთხარი. თან, კრისტიანი, პატარა ბიჭი მახლდა. მითხრა: გეხვეწები, იქნებ გაიმარჯვო და რასაც გადაგიხდიან, ჯასტინ ბიბერს რომ აცვია, ასეთი იასამნისფერი სუპრები მიყიდეო. ხათრი ვეღარ გავუტეხე, რა ვიცოდი, თუ გავიმარჯვებდი. რამდენიმე თვეში დამირეკეს, გაიმარჯვეთ, თქვენ გახდით „ტელასის” სახე. მოდით გადაღებებზეო. ბავშვს ვუყიდე „ზამშის“ იასამნისფერი სუპრები, ძალიან უხარია და ლამის ჩემი აგენტობა საკუთარ თავზე აიღოს. ამის შემდეგ კიდევ იყო რამდენიმე შემოთავაზება და უარს არ ვამბობ. ახლაც, რომ ჩავალ, სამი გადაღება მაქვს დანიშნული. ეს შემოთავაზებები, ძირითადად, კერძო  ტელე-კომპანიებისგან მაქვს, რომლებსაც სტაბილური, 80-წლიანი ისტორია აქვთ. ამის შემდეგ „მეტრო გოლდენ მაიერის” ფილმის გადაღებაზე ამოვყავი თავი. ფილმი 2013 წელს  გამოვა, ჩვეულებრივი ჰოლივუდური გადაღებაა. ტორონტოში არის ფოტო-სტუდია, რომელიც უკვე ყველგან მაგზავნის და ამ ფილმის გადაღებაზეც მათ გამაგზავნეს. მსახიობობას არ ვაპირებ, მაგრამ ჩემთვის ეს ძალიან საინტერესო იყო, თან ჰოლივუდის ვარსკვლავები თამაშობდნენ. სახელები არ მკითხო, უბრალოდ, რომ შევხედე ვთქვი: ვაუ! ჩემი სცენა ალასკაზე ხდება. თავს გვესხმიან უცხოპლანეტელები, ამერიკა კი ჩვენი დედა-გადამრჩენელია, მე ვაგროვებ კომპიუტერულ მონაცემებს და ვაგზავნი: გვიშველეთ, დავიღუპეთ! ძალიან მაინტერესებდა, კამერის წინ რა ხდება, თან გამოცდილებაა, საინტერესო ფილმი იყო. ამიტომ, უარი არ მითქვამს. ორდღიანი გადაღება იყო, კარგი გამოცდილება მივიღე. აი, ასე ვერთობი, კინო, ფოტოხელოვნება. თან, მე ვხატავ კიდეც, რამდენიმე გალერეაშია ჩემი ნახატები გამოფენილი, ყველაფერს ვითავსებ. 

– ახლა კინოინდუსტრიაში არ გადაბარგდე.

– თუ გადამიხდიან, რატომაც არა. ახლა ეკონომიკური კრიზისია, სადაც გადაიხდიან, იქ წახვალ. ადამიანს აქვს პროფესია და აქვს ჰობი. არ იცი სად მიგიყვანს ცხოვრება, მას არ უნდა მიუხურო კარი – ყველაფრისთვის მზად უნდა იყო და გაერთო.

 

 

скачать dle 11.3