კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გააკრეს პეტრე მოციქული ჯვარზე თავდაყირა და როგორ კურნავს ფსალმუნების კითხვა ადამიანს სხვადასხვა სნეულებისგან

 

როგორც ცნობილია, აღდგომის დღესასწაულს ბრწყინვალე შვიდეული მოჰყვება, რომლის დროსაც ლოცვითი წესი შემსუბუქებულია, ადამიანები დილა-საღამოს ლოცვების მაგივრად, „პასექის ჟამს“ კითხულობენ. ამ დღეებში ასევე არ იკითხება ფსალმუნები, თუმცა ერთი კვირის შემდეგ კვლავ ჩვეულ რიტმში აგრძელებენ ლოცვას.

– მამაო, სანამ უშუალოდ ფსალმუნებზე ვისაუბრებთ, მინდა, მოციქულების მოღვაწეობას შევეხო, განსაკუთრებით პეტრე მოციქულის, რომელმაც მაცხოვარი ჯვარცმამდე უარყო.

დეკანოზი მამა გიორგი (თევდორაშვილი, ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი): წმიდა გრიგოლ ნოსელს დაწერილი აქვს შესანიშნავი შრომა: „რა არის ქრისტიანის სახელი და აღქმა“, სადაც ასეთ რამეს გვეუბნება: თუკი ადამიანი ქრისტიანად იწოდება, უკვე სხვა ადამიანია, სხვა პასუხისმგებლობის მქონე, რადგანაც ყველა მისი მოქმედება სხვათა წინაშე, რომლებიც ქრისტიანები არ არიან, წარმოჩინდება როგორც ქრისტიანობა. შენ ქრისტიანი ხარ და რასაც აკეთებ, მათთვის ყველაფერი ქრისტიანის ნამოქმედარია. ამიტომ, თუ უღირსად მოიქცევი, ქრისტიანობა მათთვის უკვე არის მოძღვრება უღირსობის შესახებ, რადგან ისინი ფიქრობენ, რომ ამ უღირსის მოძღვრება ასეთიაო. ამიტომ, ვინც მისიონერობა იტვირთა, ცოტად თუ ბევრად, ამ აღმატებული პასუხისმგებლობით უნდა იყოს, რომ ის თავისი სამოღვაწეო თვისებებით, არა მხოლოდ სიტყვით, არამედ ნებისმიერი სამოღვაწეო ქმედებით, ცხოვრების წესით, მისაბაძი იყოს. წმიდა იოანე ოქროპირი მოციქულების შესახებ წერს: „ლერწმის ანკესის ნაცვლად ისინი ქადაგებას იყენებენ, ძუის ნაცვლად – მეხსიერებას, ნემსკავის ნაცვლად – მადლმოსილ ძალას, სატყუარის ნაცვლად – სასწაულმოქმედებებს, ლოდზე ჯდომის ნაცვლად – ცათა სასუფეველს, საიდანაც ისინი მოინადირებენ კიდეც თავის ნადავლს. ნავის ნაცვლად მოციქულებს წმიდა საკურთხეველი აქვთ მომარჯვებული, მეთევზეთა ხელოვნების ნაცვლად საღმრთო მადლით მოქმედებენ, ზღვაში ნავის ნაცვლად ადამიანთა ცხოვრებას მესაჭეობენ, ხოლო ბადის ნაცვლად პატიოსანი და მძლე ჯვარის გამოყენება სჩვევიათ“. რაც შეეხება წმიდა პეტრე მოციქულს, ანდრია პირველწოდებულის ძმას, ის გამორჩეულია უფლის მოწაფეთა შორის, რადგან პავლესთან ერთად, ის პირველი მოციქულია, ანუ თავი მოციქულთა; სანამ ქრისტეს შეუდგებოდა, სიმონი ერქვა, ხოლო პეტრე, ანუ ებრაულად „კეფა“ (კლდე) მას თავად უფალმა იესო ქრისტემ უწოდა მტკიცე რწმენისა და საღვთო გულმოდგინებისთვის. სიმონი გულმართალი, უბრალო კაცი იყო, ღრმად ღვთისმოშიში და კეთილმსახური, უფლის ყველა მცნების აღმსრულებელი. როდესაც ის მიიყვანეს იესო ქრისტესთან, მაცხოვარმა უთხრა: „შენ ხარ სიმონ, იონას ძე შენ გეწოდოს კეფა, რომელიც ითარგმნების კლდედ (პეტრე)“. ამ წამიდან პეტრე უფლისადმი სიყვარულით აღივსო, ირწმუნა იგი, როგორც ჭეშმარიტი მესია – ქრისტე, რომელიც ღმერთმა კაცობრიობის ხსნისთვის მოავლინა ამქვეყნად. ამის შემდეგ, წმიდა ანდრიასთან ერთად, აღარასდროს განშორებია მას. უფალს გულწრფელობისა და უბრალოებისთვის უყვარდა პეტრე მოციქული. ერთხელ მას ღარიბულ სახლშიც ესტუმრა და ხელის შეხებით განკურნა ციებ-ცხელებით შეპყრობილი მისი სნეული სიდედრი. პეტრე მოციქული არასდროს ტოვებდა უფალს, შესაბამისად, ის უშუალო მონაწილე და თვითმხილველი იყო უფლის მრავალი დიდი სასწაულმოქმედებისა. თუმცა, ღმერთმა თავისი მიუწვდომელი განგებულებით დაუშვა პეტრე მოციქულის სამგზის განდგომა უფლისგან, როცა ქრისტე შეიპყრეს და განსასჯელად მღვდელმთავართან მიიყვანეს. მაგრამ წრფელი სინანულითა და ცხარე ცრემლთა ღვრით, მან გამოისყიდა საკუთარი სისუსტე და შენდობაც ითხოვა. წმიდა პეტრე მოციქულთაგან პირველი ღირს იქნა მკვდრეთით აღმდგარი იესო ქრისტეს ხილვისა. მოგვიანებით, როცა უფალმა მოციქულებს სულიწმიდა მოუვლინა, იმ დღეს პეტრე მოციქულმა მცირე ხანში სამი ათასი მორწმუნე შესძინა ქრისტეს ეკლესიას. ამასთანავე, მან სასწაულმოქმედების ნიჭიც გამოამჟღავნა. ბოლოს ის სხვა მოციქულებთან ერთად შეიპყრეს. პეტრეს, როგორც არარომაელს, ჯვარზე სიკვდილი ჰქონდა მისჯილი. როცა მეომრებმა ჯვარი აღმართეს, მოციქულმა ითხოვა, თავდაყირა დამკიდეთო. ამით ჯეროვან პატივს მიაგებდა უფალს, რომელმაც თავისი ნებით დაითმინა ჯვარზე სიკვდილი. ამასთან, ღირსადაც არ მიაჩნდა თავი, რომ უფლის მსგავსად ჯვარცმულიყო.

– აღდგომის შემდეგ მთელი კვირის განმავლობაში ლოცვის წესი შემსუბუქებულია, არ იკითხება ფსალმუნები, დილისა და ძილის წინ საკითხავი ლოცვები, რომლებიც ადამიანებში დიდ სიმშვიდესა და მობილიზებას იწვევს.

– როგორც ბასილი დიდი ბრძანებს: ფსალმუნთა წიგნი კურნავს სულის ძველ წყლულებს და ახლებს მსწრაფლ არჩენს, სნეულს აღადგენს, ჯანმრთელს კი იფარავს. ადამიანში ის წარმოშობს რაღაც სიამესა და ტკბობას, რომელიც გონებას უმანკოს ხდის. ის სიმშვიდეა სულისა და მომნიჭებელი მშვიდობისა. ფსალმუნი თავშესაფარია დემონთაგან და ანგელოზთა მოხმობაა შემწეობისთვის. ის იარაღია ღამეული შიშის წინააღმდეგ, დასვენებაა ყოველდღიური შრომისგან, დამცველი ყრმათა, სამკაული ჭაბუკთა, ნუგეში მოხუცთა, ყველაზე შესაფერისი მორთულობა ქალთათვის. ფსალმუნი ხმაა ეკლესიისა, განაბრწყინებს დღესასწაულებს და ღვთისთვის სასურველ სევდას ბადებს, რადგან ცრემლებს თვით ქვის გულისგანაც გამოწურავს. ფსალმუნნი, ანუ ფსალმუნთა კრებული წინასწარმეტყველმა დავითმა სულიწმიდის შთაგონებითა და კარნახით დაწერა. მასში გადმოცემულია ადამიანის სულის ყველა შესაძლო მდგომარეობა და ამგვარად, საგალობლების კითხვა ყველასთვის სასარგებლოა. ეკლესიის კურთხევით თითოეული ქრისტიანი ყოველდღიურად უნდა კითხულობდეს ფსალმუნებს, რათა სულიერად გაძლიერდეს მოძალებული განსაცდელების ჟამს.

– რა მნიშვნელობა აქვს ფსალმუნების კითხვას?

– ფსალმუნთა შინაარსის საერთო განყოფილება რიცხობრივად ათია და მოიცავს ფსალმუნების მთელ შემადგენლობას. მოკლედ რომ ვთქვათ, ფსალმუნები არის ყველასთვის ხელმისაწვდომი საავადმყოფო, სადაც ნებისმიერი ადამიანი იკურნება. მისი სიტყვა ყველას მიესადაგება. არ არსებობს ადამიანში ისეთი ქმედება, განზრახვა, ვნება, აზრი, რომლის წინააღმდეგ ვერ იპოვი ფსალმუნებში განკურნების საშუალებას. როდესაც ფსალმუნებს ვგალობთ, ერთი შეხედვით, მხოლოდ ხმებსა და სიტყვებს გამოვცემთ, სინამდვილეში კი სულებს აღვაშენებთ. ფსალმუნი ღმერთთან საუბარია, ის ანგელოზებს გვაახლოებს და ეშმაკებს განდევნის. ფსალმუნი არის დაუძლეველი ფარი, რომელიც ადამიანებს საკუთარი თავისგან, ვნებებისგან და იმავდროულად, ბოროტი სულებისგანაც იხსნის. მისი კითხვა ძალიან სასარგებლოა სულისთვის. ის ადამიანისთვის იგივეა, რაც ჰაერის მობერვა, სინათლის მოფენვა. როგორც იცით, ფსალმუნები იგალობება კიდეც, რაც, როგორც დედაკაცებზე, ასევე მამაკაცებსა და არასრულწლოვანებზე საოცარ გავლენას ახდენს. უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა ადამიანში არის სულის ორი ნაწილი: ერთი – გონიერი, მეორე – არაგონიერი და პირუტყვული, სიამოვნება კი ერთნაირად მოიცავს ერთსაც და მეორესაც. ეს არის ფსალმუნის გალობის შემოღების პირველი მიზეზი. იმის გამო, რომ ეშმაკი სიამოვნების გზით ცდილობს, რაიმე მზაკვრული ჩანაფიქრი შემოგვაპაროს, ადამიანი დაიღუპოს, თავის მხრივ, ღმერთიც სიამოვნების საშუალებით ცდილობს, გადაარჩინოს ადამიანი ბოროტის მანქანებისგან. მაგრამ, ეს სიამოვნება განსხვავდება ეშმაკის შემოთავაზებული სიამოვნებისგან. მესამე მიზეზი ფსალმუნთა გალობის შემოღებისა არის ის, რომ გალობას შეუძლია მგალობელთან გულებში დათესოს სიყვარული და ერთაზროვნება. მას ასევე, შეუძლია ადამიანების შერიგება, ზემოქმედებს ადამიანის ხასიათზე და იწევს მის გამოსწორებას. მორწმუნეს შეუძლია, თავის ყოველდღიურ ლოცვანში ჩართოს „დავითნი“ – ფსალმუნნი, რომელიც 20 კანონისა და 150 ფსალმუნისგან შედგება. ერთ დღე-ღამეში მთელი „დავითნის“ წაკითხვისას, მკითხველზე ღვთისგან გადმოდის დიდი მადლი. რადგან ძნელია ერთი ადამიანის მიერ ერთ დღეში მთელი „დავითნის“ წაკითხვა, ამიტომაც იქმნება მკითხველთა ჯგუფი, რომლებიც დღეში თითო კანონს კითხულობენ, შესაბამისად, ისინი ერთ დღე-ღამეში ახერხებენ მთელი „დავითნის“ კითხვას და ერთმანეთის ახლობლებს, გარდაცვილებს იხსენიებენ. ამ წესის შესახებ არ არსებობს ეკლესიური სწავლება, თუმცა მისი შესრულება სასურველია ყველა ქრისტიანისთვის, რომლებსაც შეუძლიათ გარკვეული დრო დაუთმონ ფსალმუნის კითხვას და ილოცონ როგორც საკუთარი სულის, ასევე ქვეყნისთვის, ოჯახისთვის, ჯგუფის წევრებისა და გარდაცვალებულთათვის. უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „ითხოვეთ და მოგეცეს თქვენ, ეძიებდეთ და ჰპოვეთ, ირეკდეთ და განგეღოთ თქვენ, რამეთუ ყოველი, რომელი ეძიებდეს, ჰპოვოს და რომელი ირეკდეს, განეღოს“. უპირველეს ყოვლისა, ადამიანმა უნდა ილოცოს მთელი გულით და თუ შეუძლია ცრემლებითაც, მხოლოდ მაშინ ისმენს უფალი ჩვენს თხოვნას.

 

 

скачать dle 11.3