კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა უცნაურობები მოსწონს გეგა ფალავანდიშვილს და რამ გაიარა თიკა ფაცაციას სულის ვიწრო ძაფებზე

ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული პროექტი „ნიჭიერი” კვლავ მოწოდების სიმაღლეზეა და კვირიდან კვირამდე ამტკიცებს თავის სახალხოობას და ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული ნიჭის მქონე ადამიანებს უთმობს სცენას. გეგა ფალავანდიშვილი და თიკა ფაცაცია ვრცლად საუბრობენ შოუს კულისების შესახებ.

 

ინტერვიუ 1. ჟურნალისტია თიკა ფაცაცია

– გეგა, რატომ არ დამიტოვეთ შოუში არც ერთი ჯეკსონი, ხომ იცით, რომ ეს ჩემი როგორი სისუსტეა?

– იმიტომ, რომ გვეყოფა მიცვალებულის შეურაცხყოფა. 

– ასე მიგაჩნია? ანუ, არც ერთი არ იყო ისეთი, რომ მისი სახელის დიდება გაგვეხანგრძლივებინა საქართველოში?

– არა, არც ერთი არ იყო ასეთი. 

– სიმბოლურად მაინც...

– სიმბოლურად, ნეტავი ერთი ჯეკსონი მართლა გვყოლოდა ქართველებს. იყო რაღაც უცნაურობა, ნაფიქრი, თუმცა, არც ისე საინტერესო. არის ხოლმე რაღაც მიგნებები, როდესაც ქასთინგზე შეიძლება ისეთი კარგი ვერ იყოს მონაწილე, მაგრამ მისგან რაღაცის „გამოცხობა” მერე შეიძლებოდეს. ასე ბევრი რაღაც შეიძლება ჩაითვალოს მიგნებად და მიგნებაა, ერთბორბლიანი მანქანა რომ მოიგონოს ვიღაცამ, მაგრამ არ დადიოდეს. (იცინიან) – მიაგნო, მოიგონა, მაგრამ შედეგიც ხომ უნდა ჰქონდეს! 

– ერთი რაღაც მაინტერესებს: „ფაინაზე” სერიოზული მსვლელობა დაიწყო მისი დაბრუნების მოთხოვნით, რომელსაც, პრინციპში სათავეში შენ ჩაუდექი – შენ აღმოჩნდი მისი დაბრუნების მსურველი...

– არა, მისი დაბრუნების მსურველი კი არა, უბრალოდ, გამხმაურებელი ვარ. იმ სერიის ეთერში გასვლის შემდეგ, რამდენიმე ადგილას – აეროპორტში ვიყავი და ვიღაცას ვაცილებდი თუ ვხვდებოდი, მანქანას ვრეცხავდი თუ რა, სრულიად უცნობი ადამიანები მეკითხებოდნენ, რატომ არ გადაიყვანეთ „ფაინა” მომდევნო ტურშიო. ამიტომაც, „ფეისბუქზე” დავსვი შეკითხვა, უნდოდათ თუ არა „ფაინას” შოუში დაბრუნება...

– მაშინ შენ „კი” თქვი, ხომ?

– ჰო. ეს არის სახალხო ნიჭი და ამას სულ ვაქცევ ყურადღებას, როდესაც შეგიძლია, შენი იუმორით თუ რამე სხვა თვისებით ხალხის დიდი რაოდენობა გაამხიარულო და კარგ ხასიათზე დააყენო. მიმაჩნია, რომ ეს ნიჭია, იმის  მიუხედავად, კარგად ცეკვავს ის თუ ცუდად. სხვათა შორის, ამერიკულ „ნიჭიერში” ჰყავდათ ასეთი მონაწილე ცოტა ხნის წინ – მსუქანი ტიპი იყო, საშინლად ცეკვავდა, საოცრად, მაგრამ ბოლომდე გაიყვანეს და ხალხს მისი დანახვა საოცრად უხაროდა. ერთი სიტყვით, „ფეისბუქზე” დადებულ შეკითხვას დაახლოებით საათ-ნახევრის განმავლობაში დადებითი პასუხი ოთხასმა ადამიანმა გასცა. 

– „ფაინას” ბედი რაზეა დამოკიდებული?

– არ ვიცი, ჯერჯერობით, მისი დაბრუნება არ გადაწყვეტილა. მის შესახებ სიუჟეტი ნანახი არ მქონდა, მერე ისიც რომ ვნახე, უფრო დადებითად განვეწყვე. ძალიან უბრალო, კეთილშობილი ადამიანი ყოფილა, წესიერი, მორიდებული და ყველას წარმატებები უსურვა. ბევრი, რომ ვერ გადადის, ჩხუბობს და რაღაც სისულელეებს აკეთებს, „ფაინა” კი – პირიქით. 

– ამ სეზონზე მომღერლების სიმცირე მოგწონს თუ არა?

– რა თქმა უნდა, კარგია. მაინც მგონია, რომ  ეს შოუ განსხვავებული ნიჭის მქონე ხალხს აძლევს საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალებას. გვაქვს არაჩვეულებრივი სხვა პროექტი, რომელშიც მომღერალს ბევრად ურჩევნია მონაწილეობის მიღება, რადგან „ჯეოსტარი” მთლიანად სიმღერაზეა კონცენტრირებული. თუ ძალიან გაგიმართლებს, აქ, შეიძლება, სამი გამოსვლა გქონდეს: შესარჩევში, ნახევარფინალში და, თუ გაგიმართლა – ფინალში. იქ კი, გაცილებით მეტჯერ შეგიძლია, გამოხვიდე, პლუს, სწავლება, დახვეწა და სხვა. მაგრამ, ხალხს მაინც უნდა და გვყავს კიდეც რამდენიმე ძალიან საინტერესო ადამიანი. ვერ გავიგე, შენ იქ არ იყავი, რომ იმღერეს (იცინიან)?! 

– ზუსტად აღარ მახსოვს ხოლმე ყველაფერი. 

– შარშან გადაგვდგეს, რა ამბავია ამდენი მომღერლებიო, არადა, ფინალში ხალხის გადაყვანილი იყო ხუთივე მომღერალი; ახლა არ არიან და – რატომ არ არიანო. 

– რაღაც ნიუანსებს სულ იჭერ ხოლმე, რითაც ხვდები, ის ადამიანი საინტერესო სანახავი იქნება თუ არა. ძამუკაშვილზეც კი თქვი და, რა გინდა, ბიჭის ცხოვრებაში ყველაფერი უკეთესობისკენ წავიდა – ჩაწერა სიმღერები და არის თავისთვის. 

– როდესაც ადამიანთან ურთიერთობა გაქვს მისგან მოდის რაღაც იმპულსი და ძალიან იოლად ხვდები, რა შეიძლება მერე გამოვიდეს. დადებითი ენერგია ან მოდის ან არა. დიდი ტვინის ჭყლეტა არ სჭირდება იმას, ხალხი მას აიტაცებს თუ არა.

– შენთვის რა არის პრიორიტეტული? მომავალ თაობას, ვინც „ნიჭიერში” მოვა, მათ რომ ვუთხრათ: რა არის ის დეტალი, რასაც შენ ჩაეჭიდები ხოლმე?

– ბევრი რამეა ერთად, ასე კონკრეტულად არ ვიცი. რაც მომწონს იმას ჩავეჭიდები ხოლმე.  ერთი ძალიან მარტივი, ჩვეულებრივი გრძნობა განსაზღვრავს ყველაფერს: დადებითია ჩემთვის ის, რაც მომწონს: გავერთე, ვიხალისე, კარგი სანახაობა იყო თუ ფანტასტიკური ხმა აქვს – ერთი სიტყვა ხსნის მთელ ამ ამოცანას: მომწონს.

– რატომ ჩამოყალიბდა შენგან ჟიურის ყველაზე მკაცრი და კრიტიკული წევრის სახე?

– ალბათ, იმიტომ რომ პირდაპირ ვამბობ, რა მომწონს და რა – არა. ის, თუ არა შეიძლება, გამოვიდეს ეგ რთული ამბავია. „ხელი გაანძრიე და გეშველებას” პრინციპია – თუ თვითონ არ დაამტკიცა, რა გამოვა მისგან, ჩვენი წინასწარმეტყველებები და შორსჭვრეტები ვერაფერს უშველის. 

– შენ თუ ყოფილხარ იმედგაცრუებული იმ ადამიანების გამო, ვინც ხალხმა ფინალში გადაიყვანა?

– რატომ უნდა ვიყო იმედგაცრუებული?! რა თქმა უნდა, მყავს ადამიანები, ვინც მინდა, რომ პროექტი მოიგოს, მაგრამ... მაგალითად, გასულ სეზონებზე ძალიან მომწონდა და ვგულშემატკივრობდი „აკროსტაილს”, მომწონდა რობაქიძე. განსხვავებული რაღაცეები მომწონს – ადამიანები, ვინც რაღაც ახალს აკეთებენ. იცეკვე, იმღერეს გარდა, სხვა ამბების ნახვაც მინდა. მაგრამ, ისიც მესმის, რომ, რაც ადვილად ესმით იმას ირჩევენ. ცეკვა-სიმღერა ნანახი და მოსმენილი აქვთ და ადვილად შეუძლიათ განსჯა, რა არის კარგი ან ცუდი, ვიდრე, ვთქვათ, „აკროსტაილი”. ამიტომ, არ მიკვირს. 

– რა არის ჩვენი პროექტის წარმატების საიდუმლო?

– „რუსთავი 2-ის” ძლიერი ჯგუფი, მაგარი წამყვანები, მთლიანად გუნდი – ესაა მთელი საიდუმლო. 

– რამე ახალი პროექტი ხომ არ კეთდება ჩვენს არხზე? ხომ დაჰყვები ხოლმე გიორგი ხაბურზანიას ბაზრობებზე?

– საერთოდ, მეგაპროექტები არცთუ ისე ბევრია დარჩენილი, რომელიც საქართველოში არ გაკეთებულა, მაგრამ, რაც დარჩა, იმასაც გავაკეთებთ. ქვევით არ წამოვალთ, გპირდები. 

ინტერვიუ 2. ჟურნალისტია გეგა ფალავანდიშვილი

– შენ რა განსხვავებებს გრძნობ ამ სეზონსა და წინა სეზონებს შორის?

– იცი, რას ვგრძნობ? რომ ძალიან ბევრი სახალისო ნომერია და უფრო ბევრი გართობაა, ვიდრე წინა სეზონებზე. სხვათა შორის, მიჭირს შედარებები, რატომღაც, ძველი რაღაცეები მავიწყდება ხოლმე. იყო სეზონები, როდესაც ბევრი ემოცია იყო, ბევრი ცრემლი, ზოგჯერ ბევრი სიურპრიზი და მოულოდნელობაც. წელს ძალიან მრავალფეროვანი და განსხვავებულია. ერთმანეთის მიყოლებით სრულიად სხვადასხვა ნიჭის მქონე ადამიანები გამოდიან სცენაზე და მიხარია. ცრემლიდან ღიმილამდე ისე გადავდივართ, გაცნობიერებას ვერ ვასწრებ, მანამდე რა მოხდა. ხალხსაც ზუსტად ასეთი განწყობა აქვს. ჩემ გარშემო ხომ, აბსოლუტურად ყველა უყურებს და ორშაბათის მერე იმ სერიის ირგვლივ არის დიდი სჯა-ბაასი: ეს რატომ გადაიყვანეს, იმას რას ერჩოდნენ... ვაიმე, ვისხედით და ვტიროდით, აუ, სიცილით დავიხოცეთ... ამით მომწონს ჩვენი პროექტი, რომ ერთი საათის განმავლობაში შეგიძლია, ყველანაირი ემოცია მიიღო. სრული კმაყოფილებით ვამთავრებ ხოლმე სერიის ყურებას.

– შენ განსაკუთრებით გულისხმიერი და გულჩვილი ხარ...

– ისევ?! მეგონა, ამ სეზონზე იმ დოზით აღარ ჩანდა ჩემი გულჩვილობა. მაგრამ იცი რას ვხვდები?! მარტო მე არ ვარ ასე. ერთსა და იმავე გამომსვლელზე კაცებიც და ქალებიც ერთხმად მეუბნებიან, რომ ემოციის გარეშე ვერ უყურეს. მაინც ვაიმედებდი საკუთარ თავს, რომ არ ვარ ისეთი ექსტრაგულჩვილი, ჩვეულებრივი ადამიანური ემოციები მაქვს-მეთქი, მაგრამ, აღმოჩნდა, რომ მთლად ასეც არ ყოფილა და, ამას, საიდან მივხვდი, იცი?! მგონი, ჯერ ის ეპიზოდი არ გასულა, როდესაც ჩვეულებრივი, საყვარელი ბავშვები გამოცვივდნენ ფარებით, ხმლებით, დაიწყეს რაღაც ილეთების გაკეთება, ყვიროდნენ, ემოციური შეძახილები ჰქონდათ და ამაზე დავიწყე ტირილი. ვიდექი, ცრემლები მომდიოდა და თან ვამბობდი, ახლა რაღა მატირებს-მეთქი. მგონი, ბავშვობის დროინდელი პატრიოტული მომენტები ამომიტივტივდა და გამიცოცხლდა – ეს ყიჟინა, სამშობლო... პატრიოტულმა მოტივებმა გაიარა ჩემი სულის ძალიან წვრილ ძაფებზე. ჩემთვისაც უცნაური იყო, რატომ დამემართა ეს ამბავი. 

– ბევრ ადამიანს მოადგება ამის გამო ცრემლი, დამიჯერე.

– სხვათა შორის, ამბობენ, დღევანდელი, ამ ორშაბათის სერია ყველაზე მაგარიაო. ისე მაინტერესებს რა იქნება, მოუთმენლად ველოდები. 

– ბავშვების გამოჩენა როგორ გახარებს ხოლმე...

– კი, ისე მიხარია ბავშვების დანახვა ვერ წარმოიდგენ. „თიკა, თიკაო” – სცენიდან რომ ჭყიპინებენ ხოლმე, ვგიჟდები, უსაყვარლესები არიან. სულ პატარა ასაკიდან დიდ ასაკამდე, ყველა იღებს ჩვენს შოუში მონაწილეობას და ეს ძალიან მომწონს. 14 მაისს იწყება უკვე „ლაივები” და დაიწყება ჩვენი ნერვიულობა. ძალიან დიდი ადრენალინი და აზარტი აქვს პირდაპირ ეთერში მუშაობას. 

– ისე თავისუფლად ხარ სცენაზე მგონია, რომ საერთოდ აღარ ნერვიულობ.

– კი, როგორ არა, თანაც – ძალიან. „ლაივები” სხვა პასუხისმგებლობაა. კულისებში პირდაპირ, პირველი ემოცია რაც მოდის, იმას ამბობ და ახმაურებ, „ლაივზე” კი უკვე სხვანაირი განწყობაა საჭირო, უფრო მეტი აკადემიურობა, თუნდაც, ჩაცმულობაში. გაპრანჭულები ვართ და ესეც კი გარკვეული დისკომფორტია. რაღაცეებს ვმაიმუნობთ სცენაზეც, მაგრამ, ჩვენი „ბაცნობა” კულისებში უფრო გამოდის, სცენაზე კი უკვე ყველაფერი მათემატიკურადაა გაწერილი: ამდენი წუთი უნდა იყო კადრში და სხვა. შენ რომ გიხსნი ამ ყველაფერს, როგორი სასაცილოა (იცინიან)... მკითხველისთვის გავამხილე ჩვენი „სამზარეულოს” პატარა საიდუმლოებები. არის ფორსმაჟორული სიტუაციები, მაგრამ რაიმე გამოუვალი, ისეთი, მტკივნეული რომ ყოფილიყოს, არ მახსენდება, და, ესე იგი, არ ყოფილა, თორემ მსგავსი მომენტები არ გავიწყდება ადამიანს. ჩვენი მესამე წამყვანი – „ყური” – ისეთი მაგარი ტიპია, ისე ზუსტად და დროულად გვეუბნება ყველაფერს, რომ ვერ წარმოიდგენ. როგორც შენ თქვი, ისეთი მაგარი გუნდი მუშაობს ამ შოუზე, რომ „ჩეპეები” არ ხდება, ყველამ ძალიან მაგრად იცის თავისი საქმე.

– ახლაც ხომ აქტიურად გაქვთ გადაღებები?

– კი. ახლა ძირითადად „ნიჭიერით” და „შუა დღით” ვარ დაკავებული. მართალია, ახლა ჩანაწერები გადის, მაგრამ, ჩვენ „პრომოების”, „ქუდების” გადაღება თითქმის ყოველდღე გვაქვს. ხან სად ვდგავართ და ხან – სად. მუდმივად ვმუშაობთ. 

– არიან ადამიანები ვისაც შენი და ვანიკოს „ბაცნობა”, როგორც შენ ამბობ, არ მოსწონს?

– ალბათ, არიან, აუცილებლად იქნებიან მაგრამ, ჩემამდე ხმა არ მოსულა. ცოტა მეშინია კიდეც ასეთი ადამიანების. ძალიან რთულია ბალანსის დაჭერა – ხუმრობა ლამაზად გამოჩნდება თუ უხეშად. შეიძლება რაღაც ძალიან ბუნებრივად, გულწრფელად, კეთილი განწყობით თქვა, მაგრამ, ის ეკრანიდან სულ სხვანაირად ჩანს. ამიტომ, ძალიან განვიცდი, რომ ზედმეტი არ მოგვივიდეს რამე. 

– რას იღებდი დილიდან?

– რაღაც სარეკლამო ფოტოსესია მქონდა და ამიტომ დავაგვიანე. გეგა, ბოდიში, ნუ მიყურებ ეგრე (იცინიან). გეგა ძალიან ლმობიერი და კეთილი ადამიანია (მე მომმართავს – ავტორი.). 

 

 

скачать dle 11.3