კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ ემთხვევა ქართულ ბანკში აღებული კრედიტის გაცხადებული პროცენტი რეალურს

საქართველოს მთავრობამ ახლა უკვე 10-წლიანი ფასიანი ქაღალდები გამოუშვა, თანაც ლარში ნომინირებული, რაც, პრემიერ-მინისტრის თქმით, კერძო სექტორისადმი ნდობის ამაღლების დასტურია. მისი შეფასებით, ფასიანი ქაღალდები ქართულ ეკონომიკაში ინვესტიციებს მოიზიდავს და დამატებით სამუშაო ადგილებსაც შექმნის. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ლაპარაკია, სულ რაღაც, 5 მილიონ ლარზე, მაინცდამაინც, დიდი ინვესტიციების ცვენისა და სამუშაო ადგილების იმედიც არ უნდა ვიქონიოთ. ასეა თუ ისე, ლარში ნომინირებული ფასიანი ქაღალდების გამოშვებას ექსპერტები დადებითად აფასებენ (ამ 5 მილიონის ფასიანი ქაღალდები ქართულმა ბანკებმა აითვისეს). ეკონომიკის ექსპერტ ემზარ ჯგერენაიასთან ერთად შევეცდებით, გავარკვიოთ, რას ნიშნავს ფასიანი ქაღალდები და რატომ უნდა იყვნენ ბედნიერნი საქართველოს მოქალაქეები, თუკი ბანკებმა სახელმწიფოს 5 მილიონი წელიწადში 12-პროცენტიანი განაკვეთით ასესხეს. 

 

– თავდაპირველად, განვმარტოთ, რას ნიშნავს ლარში ნომინირებული ფასიანი ქაღალდი ქართული ეკონომიკისთვის?

– ნებისმიერი სახელმწიფო თავისი სხვადასხვა მოთხოვნის დასაფინანსებლად უშვებს სამი სახის ობლიგაციებს: მოკლევადიანს –  სამ წლამდე, საშუალოვადიანს –  10 წლამდე და 10 წელს ზემოთ ობლიგაციებს. ეს უკანასკნელი კრედიტუნარიანი ქვეყნის პრეროგატივაა. ჩვენ, ძირითადად, მოკლევადიან ობლიგაციებს ვუშვებდით: სამი თვიდან ერთ წლამდე, მიმდინარე ხარჯების დასაფინანსებლად.

– როდესაც საგარეო ვალის აღება არ უნდა, სახელმწიფო შიდა ვალს იღებს ამ გზით?

– დიახ, პირველი მიზანი არის მიმდინარე ხარჯების დაფინანსება, მაგალითად, როდესაც ბიუჯეტის ფისკალური შემოსავალი გასავალს არ უტოლდება; მეორე, როდესაც პროგრამული ნაწილის დაფინანსება გსურს, მაგალითად, გზას აგებ და ფული არ გყოფნის და, მესამე, ფულად-საკრედიტო პოლიტიკის რეგულირება. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, დაკავშირებულია ბაზართან, როდესაც საპროცენტო განაკვეთს ზრდი, ფულზე მოთხოვნა იკლებს, ანუ ფული ძვირდება, ეკონომიკა ვერ ვითარდება, უმუშევრობა იზრდება და ასე შემდეგ ან პირიქით, როდესაც ფული იაფია, მასზე მოთხოვნა იზრდება, ამ შემთხვევაში იზრდება წარმოებაც, დასაქმებაც, ჩნდება ფული, რასაც მოჰყვება ინფლაცია. აი, ასეთი წრეებია. საქართველოში ყველაფრის ბაზარი გვაქვს განვითარებული მეტ-ნაკლებ დონეზე. ერთადერთი, რაც დღემდე არ გვაქვს, საფინანსო ბაზარია, არადა საფინანსო ბაზრის განვითარების გარეშე შეუძლებელია ლაპარაკი ნორმალურ საპენსიო რეფორმაზე, ეკონომიკის რეგულაციაზე და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენ გვჭირდება ფინანსური ბაზრის განვითარების პროვოცირება. ამას სჭირდება პროდუქტები და ინსტრუმენტები. ძალიან რთულად მიდის საქართველოში სააქციო საზოგადოებების განვითარება, რატომღაც, „საქართველოს რკინიგზაც“ კი შპს-სავით ორგანიზაციაა. მართალია, ბანკები არიან სააქციო საზოგადოებები, მაგრამ დახურული ტიპის. ერთადერთი ბანკი, რომელიც ბაზარზე ტრიალებს, არის „საქართველოს ბანკი“. ამიტომ ჩვენ გვჭირდება ამ ბაზრის განვითარება, რომ თანხები გარედანაც მოვიზიდოთ და შიგნიდანაც. ჩვენთან თანხის მატების ან ინვესტიციის ერთადერთი ფორმა არის დეპოზიტი, რაც არასწორია, იმიტომ რომ სხვა ალტერნატივა არ არსებობს. არ არსებობს იმიტომ, რომ არ გვაქვს საფინანსო ბაზარი. ამიტომაც გადავდგით ნაბიჯი და შევქმენით ლარში ნომინირებული ხანგრძლივი ობლიგაცია, რომლის კუპონი, ანუ პროცენტი არის 12,3. ის გამოვუშვით 5 მილიონის, რაც ძალიან მცირეა, რადგან მოთხოვნა 4-ჯერ აჭარბებდა მიწოდებას.

– რატომ არ გადააჭარბებდა, როდესაც სახელმწიფომ ბანკებისგან ფული ისესხა 12,3 პროცენტად?

– დიახ, ეს პროცენტი ძალიან მაღალია, იმიტომ რომ ბანკი, რომელსაც მენეჯმენტში მნიშვნელოვანი რისკები აქვს, კრედიტს გასცემს 15-დან 21 პროცენტამდე. ამ შემთხვევაში კი მთავრობის გარანტირებულ ობლიგაციას იღებს 12,3 პროცენტად. ამიტომაც ლამის დახოცეს ბანკებმა ერთმანეთი ამ სესხისთვის.

– მკითხველისთვის დავაზუსტებ: სახელმწიფო 10 წლის განმავლობაში მათ გადაუხდის 5 მილიონის 12,3 პროცენტს ყოველწლიურად?

– დიახ, ბანკებმა თავიანთი ფული მომგებიან პროდუქტში დააბანდეს. ეს ძალიან ლიკვიდური აქტივია, ბანკს შეუძლია, სწრაფად გადაყიდოს და ამაში ფული გააკეთოს. თუმცა შეიძლება, ითქვას, რომ ეს ხუთმილიონიანი ბონდი არის საცდელი იმისთვის, რომ დავიწყოთ ბონდების ლარში გამოშვება.

– რატომ აიღო სახელმწიფომ სესხი მაინცდამაინც ბანკებისგან?

– ბაზრის ძირითადი მონაწილეები არიან: ბანკები, საპენსიო და საინვესტიციო ფონდები.

– სახელმწიფომ მაღალი პროცენტით ისესხა ფული კერძო ბანკებისგან და ამაში ჩემი, ანუ ბიუჯეტის ფულიდან უნდა იხადოს მაღალი პროცენტი, მე, როგორც მოქალაქე, რა ხეირს მივიღებ აქედან?

– თქვენ შეგიძლიათ, მეორად ბაზარზე მიიღოთ მონაწილეობა, თუ ეს ბონდები მეორად ბაზარზე გავიდა.

– თუ არ გავიდა?

– თუ ბონდებიდან მიღებულ ფულს სახელმწიფო დააბანდებს მიმდინარე დეფიციტის დაფინანსებაზე, ვთქვათ, პენსიების, მაშინ ეს ვალად ითვლება და მოქალაქისთვის ზარალია; თუ სახელმწიფო ამ ფულს დააბანდებს ინფრასტრუქტურულ პროექტებში, აიგება გზები, ხიდები, კაშხლები, მიიღებთ მომავალ მოგებას, იმიტომ რომ ეს ეკონომიკის გაძლიერებას უწყობს ხელს.

– ამ კონკრეტული 5 მილიონის შემთხვევაში რას უნდა მოხმარდეს ეს ფული?

– ამისთვის უნდა ვნახოთ მთავრობისა და ეროვნული ბანკის ანგარიშგებები. იქ კი ჩანს, რომ მთავრობას 800 მილიონამდე ზედმეტი ფული აქვს, ანუ მას მიმდინარე ხარჯების დაფარვის პრობლემა არ აქვს, ამიტომ დიდი ალბათობით ის 5 მილიონი არ წავა მიმდინარე ხარჯების დასაფარავად. ასე რომ, ის წავა ინფრასტრუქტურულ პროექტებში, სადაც ადამიანები მიმდინარე მომენტში დასაქმდებიან და ეს არის ბენეფიტი, ანუ ხეირი, იმას გარდა, რომ ეს ინფრასტრუქტურა დარჩება საქართველოს. ჩემი აზრით, ყველაზე დიდი ბენეფიტი არის ის, რომ ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვიწყებთ საფინანსო ბაზრის განვითარებას, რაც აუცილებელი და გადამწყვეტია საიმისოდ, რომ რეალური საბაზრო ეკონომიკა გვქონდეს.

– გარდა დეპოზიტზე თანხის განთავსებისა, ჩვენთან კიდევ რა გზა არსებობს მოქალაქისთვის დანაზოგის ან სარფიანად დასაბანდებლად?

– სამწუხაროდ, დეპოზიტის გარდა დიდი არჩევანი არ აქვს მოქალაქეს. არის 2-3 კომპანიის აქციები, რომლებიც იურიდიულად არსებულ საფინანსო ბაზარზე მიმოიქცევა და შეუძლია, ისინი შეიძინოს, მაგრამ მეტი არჩევანი დღეს ქართველებს არ აქვთ. ეს არის სავალალო სინამდვილე. უფრო მეტიც, მოქალაქეს არ აქვს საშუალება, შეადაროს, არის თუ არა ოპტიმალური ბანკის მიერ შემოთავაზებული პროცენტი, ამიტომ ის მიჯაჭვულია ბანკს, რომელიც ხშირად ძალიან ცუდად იყენებს ამას და ხშირადვე არღვევს მომხმარებლის უფლებებს.

– დაბალ პროცენტად იღებენ ბანკები დეპოზიტებს?

– ხშირად ბანკები დაბალ პროცენტს აძლევენ მოქალაქეს. აიღეთ საქართველოში ინფლაციის მაჩვენებელი, გამოაკელით ის ბანკების მიერ დეპოზიტებზე შემოთავაზებულ პროცენტს და ნახავთ, რომ 2-3 პროცენტს თუ იგებთ. ეს ძალიან ცოტაა.

– ეს ლარში, მაგრამ დოლარში?

– დოლარის სიტუაცია განსხვავაბულია, იმიტომ რომ დოლარში პროცენტი ნაკლებია.

– მაგრამ, საბოლოოდ, მეტი გამოდის?

– დიახ და ამის გამო ჩვენთან ანაბრების უმრავლესობა დოლარშია და დოლარიზაციის მაჩვენებელი მაღალია, რადგან დოლარისადმი ნდობის ხარისხი მაღალია, რისკი დაბალი და ამიტომ რეალური პროცენტი დოლარში გაცილებით მეტია, ვიდრე ლარში.

– როგორ ხდება, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები მოსახლეობისგან დეპოზიტებს იღებენ 16-დან 24 პროცენტიანი წლიური განაკვეთით, ბანკები კი –  მხოლოდ 12 პროცენტად? რას საქმიანობს ასეთს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია?

– ბანკებმა ძალიან გაამკაცრეს კრედიტის გაცემის პირობები, ამიტომაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს შეექმნათ ასპარეზი და ისინი ცდილობენ, ითამაშონ მოქალაქეების ბიუჯეტის მიმდინარე დეფიციტზე და საშინლად დიდი პროცენტებით გასცემენ კრედიტს – წლიურ 36 პროცენტად.

– სამაგიეროდ, მოქალაქისგან თანხას იღებენ 24 პროცენტად?

– მაინც დიდი მოგება რჩებათ, ანუ მევახშეობის დიდი ინსტიტუტი ჩამოყალიბდა საქართველოში და რა ელოდება ამ მევახშეობის ინსტიტუტს? სხვათა შორის, ბანკების ნაწილმა შეიძინა მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, ზოგიერთმა კი თვითონ შექმნა პირდაპირ თუ ირიბად. მათ ურჩევნიათ, გადაიტანონ კაპიტალი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში, რადგან მეტი მოგება აქვთ, ვიდრე მაშინ, თუ თვითონ გასცემენ კრედიტებს.

– რა დიდი განსხვავებაა მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და ბანკის მიერ გაცემულ კრედიტებს შორის? 

– მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან სესხის გაცემა გამარტივებულია, თან სესხი გირაოთი გაიცემა და ამიტომ პროცენტიც მაღალია.

– ბანკი რატომ არ ამარტივებს სესხის გაცემას, რა დიდი მნიშვნელობა აქვს, ბანკი გასცემს თუ იმ ბანკის მიკროსაფინანსო ორგანიზაცია?

– ბანკი ვერ ამარტივებს, იმიტომ რომ, ჯერ ერთი, მიკროსაფინანსო გასცემს მცირე ოდენობის სამომხმარებლო სესხებს და არის მუდმივი დავები გირაოდ ჩადებული ბინების გაყიდვის გამო. ბანკის პროცედურა უფრო მკაცრად რეგულირდება ეროვნული ბანკის მიერ, ვიდრე მიკროსაფინანსო ორგანიზაციების. ჩემი აზრით, მოხდება ის, რომ ის ბუმი, რომელიც ახლა მიმდინარეობს, უახლოეს ხანში შეწყდება და დიდი კატასტროფა გველის.

– როგორც პირამიდის პრინციპით აგებული სამშენებლო ბიზნესი დაინგრა, ისე მოუვათ მიკროსაფინანსოებსაც?

– არ მგონია, ვინმემ 36-პროცენტიანი კრედიტი რამე თავისი რეალური შემოსავლით დაფაროს; არც ის მგონია, ვინმემ 36-პროცენტიანი სესხით მაცივარი ან გაზქურა იყიდოს. ეს თანხა ადამიანებს მიმდინარე ხარჯების დასაფარავად სჭირდებათ და ამ სესხებით პირამიდას აგებს: მიკროსაფინანსოდან იღებს 36-პროცენტიან კრედიტს, ფარავს წინა კრედიტებს და ამიტომ სადღაც აუცილებლად გაიჭედება. რთული სიტუაციის გამო, რომელიც მთელ მსოფლიოშია და, მათ შორის, ჩვენს ქვეყანაშიც,  თუმცა გავექეცით რეცესიულ სიტუაციას, რეალურად, ჩვენს მოქალაქეებს უფრო ნაკლები და ნაკლები შემოსავალი აქვთ: ჯერ ერთი, უმუშევრობის გამო და, მეორე, გაძვირდა ცხოვრება, კომუნალური გადასახადები, დენის ნაგავთან მიბმა კატასტროფული გადასახდელია და პლუს ამას, შემოსავლები ნაკლებად იზრდება, იგივე პრობლემა აქვთ კომპანიებსაც, მათაც კატასტროფულად ეზრდებათ ხარჯები. ამდენად, მოქალაქე არ არის იმდენად გადახდისუნარიანი, რომ კრედიტზე წლიური 36 პროცენტი გადაიხადოს.

– მაგრამ იღებს ასეთ კრედიტს?

– იღებს, იმიტომ რომ ძალიან უჭირს: გამოსავალი არ აქვს. ეს ნიშნავს, რომ ამ მიმართულებით უახლოეს ხანში ჩიხი გველის და თქვენ ნახავთ ტრაგედიებს უახლოეს 8-9 თვეში.

– ტრაგედიებს იმიტომ, რომ მიკროსაფინანსოები გაკოტრდებიან და ადამიანები დაკარგავენ დეპოზიტებს თუ იმიტომ, რომ ადამიანები დაკარგავენ კრედიტის გირაოში ჩადებულ უძრავ ქონებას?

– ტრაგედიებს იმის გამო, რომ ადამიანები დარჩებიან სახლების, ყველაფრის გარეშე. მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში მოხდება უზარმაზარი ქონების კონცენტრაცია, რომელიც შემდეგ გამოვა ბაზარზე უძრავი ქონების სახით, ამიტომ მისი ფასი დაეცემა და მშენებლობას აზრი დაეკარგება. რატომ უნდა ავაშენო 100 000-ად ახალი ბინა, თუ შემიძლია, რომ 40 000-ად ვიყიდო?!

– ეროვნულმა ბანკმა, რომელიც ასე მკაცრად აკონტროლებს ბანკებს, რატომ მიუშვა მიკროსაფინანსოები, ხომ იცის, რომ ეს კრახით დასრულდება? თუ უბრალოდ მოსახლეობას აძლევენ მიმდინარე ხარჯების დაფარვის საშუალებას ნებისმიერ ფასად?

– სამწუხაროდ, მსგავსი პრაქტიკა მსოფლიოში გავრცელებულია. არის ორგანიზაციები, რომლებიც მაღალი პროცენტით გასცემენ კრედიტებს, მაგრამ, ჩვენგან განსხვავებით, იქ ასეთ მაღალპროცენტიან სესხებს იღებენ ის ორგანიზაციები, რომლებსაც დიდი მოგების მიღების მაღალი ალბათობა აქვთ. ჩვენს შემთხვევაში კი, ასეთი მაღალპროცენტიანი სესხები გაიცემა უბრალო მოქალაქეების ათასლარიანი და, თუნდაც, 20 000-დოლარიანი ხარჯების დასაფარავად, ანუ მასშტაბები განსხვავებულია, მაგრამ ბუნებით იგივეა.

– ანუ რისკი თანხის 24-პროცენტად განთავსებისას დიდია?

– გარკვეულწილად, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ, თუ დიდი თანხის განთავსებაზეა ლაპარაკი, უნდა გააანალიზოს ადამიანმა, რა კაპიტალი აქვს ამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას და ასე შემდეგ. რისკია, როგორც თანხის დაბანდებისას, ისე სესხის აღებისას.

– თუ გაკოტრდა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია?

– თუ გაკოტრდება, ის ვერ გაისტუმრებს ვალებს. ბუნებრივია, მიკროსაფინანსოების რაღაც რეგულაციას ახორციელებს ეროვნული ბანკი, მაგრამ არა ისეთს, როგორც ბანკების შემთხვევაში.

– სახელმწიფოს არ აქვს რამე ვალდებულება, მიკროსაფინანსოს გაკოტრების შემთხვევაში, დაეხმაროს მოქალაქეებს, რომლებმაც თანხა დაკარგეს?

– არა, არანაირი ასეთი ვალდებულება არ არსებობს. ჩვენთან ანაბრების დაზღვევაც კი არ ხდება. 

– თუმცა კრედიტებს აზღვევენ, თან ისე, რომ კრედიტის ამღებს აზრსაც არ ეკითხებიან?

– თვითონ გამცემი ბანკი აზღვევს კრედიტებს და, როდესაც თითქოსდა 17 პროცენტად იღებთ სესხს, ეს არ არის 17 პროცენტი, რადგან ამას ემატება დაზღვევის თანხა, რომელსაც ადრე წელიწადში ერთხელ იხდიდნენ, ახლა კი ყოველთვიურად, პლუს ერთჯერადი მომსახურების, საკასო მომსახურების და თქვენი თითქოსდა 17-პროცენტიანი სესხი, 21 პროცენტამდე ადის.

 

 

скачать dle 11.3