კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამ მიიყვანა გერმანიის ნაკრების მეკარე თვითმკვლელობამდე


10 ნოემბერს საფეხბურთო სამყარო რობერტ ენკეს გარდაცვალებამ შეძრა – გერმანიის ნაკრებისა და „ჰანოვერის“ მეკარემ თავი მოიკლა. 32 წლის კიპერი, რომელიც 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ბუნდესნაკრების კარში ჩადგომის უპირველეს კანდიდატად ითვლებოდა, ქალაქ ნოიშტადტში მატარებელს შეუვარდა. როგორ მივიდა ენკე თვითმკვლელობამდე და რა მიზეზებზე საუბრობენ ექიმები და ფსიქოლოგები, ქვემოთ გიამბობთ.

რობერტი 1977 წლის 24 აგვისტოს იენაში დაიბადა და ფეხბურთის თამაშიც ადგილობრივ „კარლ ცაისში“ დაიწყო. მართალია, იმ ერთი წლის განმავლობაში, რომელიც ენკემ იენურ კლუბში გაატარა, მხოლოდ სამ შეხვედრაში ითამაშა, მაგრამ, სპეციალისტთა ყურადღება მაინც მიიპყრო: 1996 წელს იგი მიუნხენგლადბახის „ბორუსიაში“ გადაბარგდა და ბუნდესლიგის ყველაზე ახალგაზრდა მეკარედ იქცა, მეკარედ, რომელიც პროფესიონალ კიპერებს შორისაც გერმანიაში ყველაზე უმცროსი იყო. 1999 წელს იგი ლისაბონის „ბენფიკამ“ იყიდა და იმავე წელს დაუძახეს ეროვნულ ნაკრებშიც, მაგრამ, ბედის ირონიით, პირველი ოფიციალური შეხვედრა ნაკრებში ენკემ 2007 წელს ჩაატარა. „ბენფიკას“ შემდეგ იყო „ბარსელონაში“ გატარებული ერთი წელი და ერთადერთი მატჩი, რომელიც მან კატალონიურ გრანდში გამართა. იგი სათადარიგო მოთამაშის როლს ვერ შეეგუა და თურქულ „ფენერბაჰჩეში“ წავიდა, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში ადგილი არც იქ ანდეს, ამიტომ რობერტი კვლავ ესპანეთში დაბრუნდა და „ტენერიფეს“ მიაშურა. „ტენერიფეში“ გატარებულ ერთ სეზონში ეკემ ცხრა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 2004 წელს სამშობლოში დაბრუნდა. იგი „ჰანოვერმა“ გადაიბირა, გუნდმა, რომელიც დიდი ამბიციებით არ გამოირჩეოდა, მაგრამ ენკეს მისვლის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა: რობერტი საიმედოდ ათამაშდა და, კაპიტნის სამკლავურიც მისცეს. 10 ნოემბრამდე იგი გუნდის კარში შეუცვლელად იდგა და ეროვნული ნაკრების ძირითად შემადგენლობაზეც თამამი განაცხადი ჰქონდა გაკეთებული.

21 წლის რობერტმა მომავალი მეუღლე ტერეზა გაიცნო და მასზე მალევე იქორწინა. მთავარი მიზეზი იმისა, რამაც წყვილი მალე დააახლოვა, ის აღმოჩნდა, რომ ორივე ერთნაირად გულჩვილი იყო და ერთნაირად ზრუნავდა როგორც გარშემო მყოფ ადამიანებზე, ისე ცხოველებზე. ბევრმა არ იცის, რომ რობერტმა და ტერეზამ ერთი კვირის განმავლობაში ესპანეთისა და პორტუგალიის ქუჩებში იარეს და რვა მაწანწალა ძაღლი იპოვეს, რომლებიც მათ სამშობლოში ჩამოიყვანეს და სახლში იდეალური პირობები შეუქმნეს. 2004 წელს წყვილს ქალიშვილი შეეძინა. ახალშობილს ლარა დაარქვეს და ენკე ძალიან ბედნიერი იყო, თუმცა ბედნიერება რამდენიმე საათს გაგრძელდა – ექიმებმა მშობლებს უთხრეს, რომ გოგონა თანდაყოლილი გულის მანკით იყო დაავადებული და ეს დაავადება მძიმე ფორმებში ჰქონდა, რაც მის გადარჩენას პრაქტიკულად გამორიცხავდა.

„მე სასწაულს მოვახდენ, გამორიცხულია, ლარამ არ იცოცხლოს და არ გაიზარდოს“, – განაცხადა ენკემ და, მართლაც, ლარა გერმანიაში ამ დაავადების მქონე ყველაზე ცნობილი ბავშვი გახდა. არ არსებობს მსოფლიოში ექიმი, რომელმაც გოგონა არ გასინჯა, მაგრამ, რადგან ეს დაავადება მძიმე ფორმებში იყო, იმედს ვერავინ აძლევდა. გოგონას მუდმივ რეჟიმში სჭირდებოდა გადასხმების კეთება და ჟანგბადის ბალიშით სიარული. რობერტი და ტერეზა ამას აკეთებდნენ და, მაშინაც კი, როცა მატჩის შემდგომ ენკეს ლარა მოედანზე გაჰყავდა, გოგონას აპარატი ედგა და მას მთელი მსოფლიო უყურებდა. სამწუხაროდ, ორი წლის ასაკში ლარა გარდაიცვალა.

„ეს გამანადგურებელი დარტყმა იყო. რობერტი ამბობდა, რომ მისთვის ყველაფერი დასრულდა. მას დეპრესია დაეწყო და ფსიქოლოგს მიაკითხა. სამი თვის განმავლობაში იგი ფსიქოლოგთან ყოველდღე დადიოდა, მერე კი ვიზიტებს შეეშვა და განაცხადა, რომ განიკურნა. მისი ტანჯვის ყურება აღარ შემეძლო და ერთობლივი გადაწყვეტილებით გასულ მაისში გოგონა ვიშვილეთ. ჩემი ქმარი ამან თითქოს გამოაფხიზლა, თითქოს ყველაფერი ძველ კალაპოტში ჩადგა, მაგრამ ორი თვის წინ მან ისევ ფსიქოლოგს მიაკითხა,“ – ყვება ტერეზა.

„ენკემ ექვსი კვირის წინ დამირეკა და ვიზიტზე შემითანხმდა. მითხრა, რომ დეპრესია ისევ აწუხებდა. რამდენიმე ვიზიტის შემდეგ მან მადლობა გადამიხადა და მითხრა, რომ განიკურნა, მაგრამ თვითმკვლელობის წინ დაწერილ წერილში ბოდიშს მიხდის და ამბობს, რომ იცრუა. შოკში ვარ, არ ვიცი, რა ვთქვა. თითქოს ჩვენ ყველა პრობლემა გადავჭერით, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ აღმოჩნდა“, – აცხადებს გერმანიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფსიქოლოგი ვალენტინ მარკზერი.

გერმანულმა პრესამ დაწერა, რომ ენკემ თავი არა დეპრესიის, არამედ ვირუსის გამო მოიკლა. მათი ვარაუდით, რობერტს უკურნებელი სენი შეეყარა და მან ეს იცოდა.

„არანაირი ვირუსი და უკურნებელი სენი! როგორც ყველა ფეხბურთელი, ენკეც კვირაში ერთხელ სისხლის ანალიზს იკეთებდა და ზუსტად ვიცოდით, რა სჭირდა. მას ჰქონდა ვირუსი, რომელიც იკურნება და ამის გამო მას მხოლოდ ორი კვირა გაუცდა, მერე კი სრულიად გამოჯანმრთელდა“, – ასეთია „ჰანოვერის“ სამედიცინო შტაბის განაცხადი.

გარდაცვალების დღეს რობერტი კლუბის ბაზაზე მივიდა და ივარჯიშა. მეორე ვარჯიში საღამოსთვის ჰქონდა დანიშნული, მაგრამ არ გამოჩნდა და პირადმა მწვრთნელმა მეკარის აგენტს დაურეკა. აგენტმა ვერ გაიგო, სად იმყოფებოდა რობერტი და ტერეზასთან ერთად გადაწყვიტა, პოლიციისთვის მიემართა. პირველად მოხდა, რომ ენკეს მობილური გამორთული ჰქონდა...

პოლიციის განცხადებით, რობერტმა მანქანა ლიანდაგთან ათ მეტრში გააჩერა, წერილი, რომელშიც ყველას ბოდიშს უხდიდა, მანქანაში დატოვა. მანქანაშივე დატოვა ყველა დოკუმენტი, მობილური ტელეფონი და საათიც კი. იგი ლიანდაგზე გავიდა და ფეხით ასობით მეტრი იარა, იგი მიდიოდა და ელოდა, როდის გამოივლიდა ბრემენიდან ჰანოვერისკენ მიმავალი ექსპრესი. მემანქანეებმა თქვეს, რომ ლიანდაგზე ადამიანის სილუეტი შორიდანვე შენიშნეს და მაქსიმალური მუხრუჭიც ჩართეს, მაგრამ სწრაფმავლის გაჩერება ვერ მოხერხდა და დაჯახების მომენტში ექსპრესის სიჩქარე საათში 160 კილომეტრი იყო. იმავე მემანქანეების განცხადებით, დაჯახებამდე წამებით ადრე რობერტი მატარებლისკენ სახით მიბრუნდა და სიკვდილს თვალებში ჩახედა.

იმავე ღამით „ჰანოვერის“ სტადიონთან ათასობით გულშემატკივარი მივიდა და ენკე ცხარე ცრემლით დაიტირა. მას ათასობით სანთელი დაუნთეს და საჩუქრებიც კი მიუტანეს. გერმანიის საფეხბურთო კავშირმა კი ნაკრების წევრთა ფსიქოლოგიური მდგომარეობა გაითვალისწინა და ჩილესთან გასამართავი ამხანაგური შეხვედრა გადადო.


скачать dle 11.3