კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა საიდუმლო გაუმხილა ნინი ბადურაშვილს მამამ და ვინ დაარქვა ნინის „როლანდი”

 

ჩვენს ახალ რუბრიკაში შვილის, ნინი ბადურაშვილის შეკითხვებს რეჟისორმა ერეკლე ბადურაშვილმა გასცა პასუხები.

დღევანდელი ახალგაზრდები მშობლებთან არამც თუ არ მეგობრობენ, ცივი დამოკიდებულებაც კი აქვთ. ინტერვიუს ჩაწერაზე იმ იმედით წავედი, რომ ნინი მამის პასუხებიდან ბევრ სიახლეს გაიგებდა.

ნინი: პირველად რომ დამინახე, რა გაიფიქრე? აღმიქვი, როგორც შვილი თუ ვერ გააანალიზე?

ერეკლე: სამწუხაროდ, შენი დაბადებისას – ჯარში ვიყავი და, გამომდინარე იქიდან, რომ ვერ ვეგუებოდი საბჭოთა ჯარს და სულ კონფლიქტი მქონდა, ისე მოხდა, რომ, როცა, ჩამოვედი, რამდენიმე დღის დაბადებული იყავი. სხვათა შორის, სამშობიაროდან გიო ხუციშვილმა გამოგიყვანა, რომელმაც მაშინ ჩემს ნაცვლად მოაწერა ხელი.

– ესე იგი, გიომ მნახა შენზე ადრე?

– ჰო, ის იყო პირველი, ვინც სამშობიაროში გნახა და, ჩემი, როგორც მშობლის გასაკეთებელი, მან გააკეთა. შენ რომ გაჩნდი, 24 წლის ვიყავი და ამ ასაკში ცოტა რთულია, შეიგრძნო მამობა. თუმცა, მივხვდი, რომ რაღაც შეიცვალა და ჩემი ნაწილი, ახალი სიცოცხლე იყო ჩემ წინ. გარდა ამისა, ძალიან ამაღელვებელი სურათი იყო ჩვენი შეხვედრა – როცა მე დავბრუნდი სახლში, კარი დედაშენმა გამიღო და შენ ეკავე ხელში – ეს კადრი დღესაც მკაფიოდ მახსოვს.

– ის კურიოზი გაიხსენე, მე რომ გავჩნდი, რა გითხრეს ჯარში?

– მოკლედ, როგორც უკვე ვთქვი, ჯარს ვერაფრით შევეგუე. რასაც მავალებდნენ, არაფერს ვასრულებდი და მუდმივად კონფლიქტში ვიყავი. ამიტომ, საბჭოთა ჯარმა გადაწყვიტა, რომ მე ფსიქიკური პრობლემები მაქვს და ბაქოს ფსიქიატრიულ კლინიკაში გამაგზავნეს. სწორედ იქ მითხრა ერთ-ერთმა ექიმმა –  ახლა რაღაცას გეტყვი, ოღონდ, ემოციები არ შეიმჩნიო: გოგო შეგეძინა და გილოცავო. მეც, არ შევიმჩნიე, ჩვეულებრივ ვკითხე, რა დაარქვეს-მეთქი და, რომ მითხრა, როლანდიო, აი, მაშინ კი ვეღარ შევიკავე თავი და სიცილი დავიწყე. მერე როცა გათხოვდებოდი, ჟურნალებში დაიწერებოდა: „როლანდ ბადურაშვილი გათხოვდა“ ანდა, სახელს შეიმოკლებდი, როგორც იტყვიან, „სვეტსკად“, რონი გერქმეოდა.

– თუ გახსოვს, როდის აღმოაჩინეს ჩემში მუსიკის ნიჭი?

– გეტყვი. დედაშენმა წერილში მომწერა, რომ ჩვენი შვილი მუცელშივე მღერისო; მე რომ ვღიღინებ, ის მუცლიდან ბანს მაძლევსო. სანამ ენას ამოიდგამდი, სულ ღიღინებდი და მერე უკვე მელოდიებს ჰყვებოდი. სადაც მაგნიტოფონს დაინახავდი ჩართულს და ხმას გაიგებდი, იქით გარბოდი. სახლში სტუმრები რომ მოდიოდნენ და ვქეიფობდით, ჩვენთან ერთად ჯდომა გინდოდა, რადგან, იქ ჩვენ ვმღეროდით და შენ ისე აგყვებოდი ხოლმე და ისეთ საოცარ ხმებს გამოსცემდი, არ იცი. სხვათა შორის, პირველი სიტყვა „მამა” თქვი. ბაბუაშენმა, იმედო კახიანმა დამიძახა – მოდი, ნახე, რას ამბობსო. შენ იდექი, ყვავილებიან ბალიშს ყვავილებს აგლეჯდი და „მამა, მამას“ ამბობდი.

– რატომ და ვინ გადაგაწყვეტინა სარეჟისოროზე ჩაბარება?

– როგორც შენ, დედაშენის მხრიდან გყავს ბაბუა ამხელა მსახიობი, ჩემი მხრიდანაც, ბებიაშენი, ლალიც, კარგი მსახიობია და სულ მიწევდა მასთან ერთად გადასაღებ მოედანზე ყოფნა. „დიდოსტატის მარჯვენას“ რომ იღებდნენ, არც ერთი დღე არ გამომიტოვებია და აი, იქიდან შემიყვარდა ეს პროფესია. თან მაშინ, ძალიან ბუმი იყო და ჩავაბარე თეატრალურში, რასაც დღემდე არ ვნანობ, უბრალოდ, მერე რაღაცეები იყო, მაგრამ, ახლა ნელ-ნელა ყველაფერი მწყობრში დგება.

– მოგწონს დღევანდელი კინო, ის, რასაც დღეს იღებენ?

– არაკოლეგიალური იქნება ვინმეს გაკრიტიკება, თუმცა, მართალია, რამდენიმე კარგი ფილმიც გამოვიდა, რომლის ნახვაც ღირს. მაგრამ, ძირითადად, იაფფასიანი ტრიუკებით გაკეთებული ფილმებია, რასაც ფილმს ვერ უწოდებ. რეჟისორობა არ ნიშნავს დირექტივების მიცემას, ეს არის სინთეზური პროფესია, რომელშიც ერთიანდება მხატვრობა, დიზაინი, მუსიკალური გემოვნება, მონტაჟი და კიდევ უამრავი რამ, რაც რეჟისორს პროფესიონალს ხდის. უმრავლესობამ კადრის აღება არ იცის და რომელ რეჟისორობაზეა ლაპარაკი?! ფული იშოვე და მოდი, რამე გადავიღოთ, – ასე არ ხდება. მე ჩემს ერთ-ერთ ფილმს ექვსი წელი ვიღებდი უფინანსობის გამო. ამასობაში მსახიობები გათხოვდნენ, ცოლები მოიყვანეს და უკვე შვილებთან ერთად დადიოდნენ გადაღებაზე. ეს არის ფილმი – „კიდევ ერთი ქართული ისტორია“, რომელიც საკმაოდ წარმატებული გამოდგა. მალე ტელეკომპანია „იმედი“ დაიწყებს ჩემი ფილმების ჩვენებას. მეორე მხრივ, რომ შევხედოთ, ისიც არის, რომ მთელი ეს პერიოდი საერთოდ ჩამკვდარი იყო ქართული კინო და არაფერი კეთდებოდა, ამიტომ, ესეც მისასალმებელი ამბავია – ცუდია თუ კარგი, მაინც რაღაც კეთდება. უბრალოდ, გულდასაწყვეტია, რომ ქართული კინოს ტიტანები სახლში სხედან და ვერაფერს იღებენ და გამოუცდელ რეჟისორთა არმია კი წელიწადში 12 სურათს იღებს. მე არ ვიტყვი, რომ გენიოსი ვარ და ვინმეს ვედრები, მაგრამ, სანამ მე ჩემი პირველი დამოუკიდებელი სურათის გადაღება გადავწყვიტე, მანამდე დიდი გზა გავიარე მართლაც უდიდესი რეჟისორების გვერდით. როგორ გავბედავდი რაღაცის გადაღებას?! ახლა მესამე კურსიც არ აქვს ხალხს დამთავრებული და განაცხადს აკეთებენ – მე რეჟისორი ვარო. ასეთ რაღაცას ჩემს დროს ვერავინ გაბედავდა.

– ჰო მართლა, იმ პროექტს რა ბედი ეწია, რეზო ჭეიშვილის სცენარით რომ იყო?

– აი, მე და ბატონმა რეზო ჭეიშვილმა შევიტანეთ განაცხადი კონკურსზე, სადაც ვერ გავედით – თურმე, ქულები დაგვაკლდა. ოღონდ, ვერ გეტყვი, რა კრიტერიუმებით აფასებენ. რატომღაც, რეზო ჭეიშვილის სცენარი რომ დაეწუნებინათ, მაგრამ, აქ სხვა რაღაცაშია საქმე. ალბათ, ევროპულ-ამერიკულ სტილს ანიჭებენ უპირატესობას და მიაჩნიათ, რომ ქართული კინოსკოლის საუკუნოვანი გამოცდილება აღარ არის საჭირო, ან საინტერესო. ჩვენ ისეთი მაღალი დონის კინოსკოლა გვქონდა, რომ ქართველებისგან უნდა ისწავლონ ბევრი რამ, ჩვენ არ გვჭირდება ვინმეს პრიმიტიული გაკვეთილები.

– რამ ან ვინ შეგიშალა ხელი კარიერულ წინსვლაში?

– მოდი, ასე გიპასუხებ: ადამიანი პირველ ყოვლისა, თვითონ უშლის ხელს საკუთარ თავს. ჩვენს ხელშია ჩვენი ბედნიერებაც და უბედურებაც, ჩვენ ვართ ჩვენი ცხოვრების კომპასები და არასდროს ცუდი სხვას არ უნდა დავაბრალოთ.

– მაგრამ, იმასაც ხომ აღიარებ, რომ იღბალიც აუცილებელია? შეიძლება, შენ ცხოვრებაში ბევრი იწვალო, ისწავლო, იშრომო და არაფერი გამოგივიდეს, მაგრამ, ვიღაცას ერთი ხელის მოსმით გამოუვიდეს ყველაფერი. შეიძლება, ვიღაცაზე გაცილებით ნიჭიერი იყო, მაგრამ, ვიღაც უნიჭო შენზე წინ იყოს ცხოვრებაში. ამაში არ მეთანხმები?

– გეთანხმები. ნათქვამია, იღბალი მომეცი და სანაგვეზე გადამაგდეო. მარტივი ისიც არ არის, რომ საჭირო დროს აღმოჩნდე საჭირო ადგილზე და რაღაც სიტუაციას მოერგო.  უბრალოდ, რაღაცეებში უნდა გაგიმართლოს.

– პირად ცხოვრებაში რამე ახალი ხომ არ გაქვს, რაც მე არ ვიცი?

– არაფერი ისეთი. შენ იცი, რომ რაღაც იყო, თანაც, თითქოს ყველაფერი სერიოზულად... გამოჩნდა რაღაც გამონათებასავით, მაგრამ, არ შედგა და, არ შედგა ისევ ჩემი ხასიათებიდან გამომდინარე. მე და შენ ხომ ძალიან ვგავართ ერთმანეთს ხასიათებით? ზოგადად, მცირე არჩევანი გვაქვს, თან, ასეთ საკითხებში ორივე ჭირვეულები ვართ. დეტალებში ჩავეძიებით და უნაკლოს ვეძებთ, რაც, პრაქტიკულად, გამორიცხულია. ჩვენც არ ვართ უნაკლოები, მაგრამ, მაინც ასეთი ხასიათი გვაქვს მამა-შვილს. ახლა რომ ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანისთვის პირადი ცხოვრება, თუმცა, შენი არ იყოს, ტვინით ვერ ვიმოქმედებ, თუ ეს გულიდან არ მოდის. შენ ეს ამბავი არც იცი, მაგრამ, ერთი საკმაოდ კარგი ოჯახიშვილი და ზრდილი ყმაწვილი იყო შენზე შეყვარებული, რომელიც მოდიოდა და სიყვარულს მე  მეფიცებოდა. დახმარებას მთხოვდა და მეუბნებოდა, ამას ვიზამ ნინისთვის, იმას ვიზამო, მაგრამ შენ ზედაც არ უყურებდი.

– მართლა? ვინ იყო? მგონი, ვხვდები, ვინ შეიძლებოდა, ყოფილიყო, მაგრამ, მართლა ასეა – მე თუ არ მიყვარს, გამორიცხულია, კარგი ოჯახიშვილობისა და ფინანსური კეთილდღეობის გამო, არათუ ცოლად გავყვე, მეგობრობაზეც კი ზედმეტია ლაპარაკი.

– ეს რომ ვიცი, ამიტომაც გენდობი ბოლომდე და, ღრმად ვარ დარწმუნებული, ვისაც შენ შეიყვარებ, ის იქნება ღირსეული მამაკაცი. მე და შენ რომანტიკოსები ვართ და პრაგმატულად არასდრო ვუდგებით გრძნობებს. იმ დღეს შენ ხუმრობდი – ამბობენ, თბილისში ისეთი კრიზისია, გოგოები უკვე სიყვარულით თხოვდებიანო. ძალიან ვგავართ ხასიათის დეტალებშიც. მე ხომ ვარ გულმავიწყი? სახლიდან რომ გავდივარ, არ არსებობს, რამე არ დამრჩეს და შენც ასეთი ხარ. ერთი თვეა, ბინის გასაღებს ეძებ და არ გახსოვს, რომ ჩემთან დატოვე.

– ვაიმე, ნეტა იცოდე, როგორი გამწარებული ვეძებდი! მამ, გქონია, ისეთი შემთხვევა, როცა რაღაც გიჭირს და გიფიქრია, ნეტა, ნინი აქ მყავდესო?

– არ არსებობს წუთი და წამი, შენზე არ ვფიქრობდე და შენ გვერდით ყოფნა არ მინდოდეს. უფლება რომ მომცე, ზედ აგეკიდებოდი ბარგივით და სულ შენთან ერთად ვივლიდი. მაგრამ, ეს ხომ გამორიცხულია? თუმცა, ვხვდები, რასაც მეკითხები. კი, ყოფილა ის მომენტი, როცა განსაკუთრებულად მინატრიხარ.

– როგორი ბიჭი გინდა ჩემთვის? როგორ სიძეს შემოუშვებდი სახლში?

– მე მინდა შენთვის აგული ერისთავი, აი, როგორიც აგული იყო. წეღან გითხარი, რომ ბოლომდე გენდობი-მეთქი და ასეც არის. ასე რომ, ზუსტად ვიცი, შენი არჩევანი ჩემთვისაც და დედაშენისთვისაც მისაღები იქნება. უბრალოდ, მინდა, რომ გიხდებოდეს, ერთმანეთს უხდებოდეთ, მინდა ვაჟკაცი იყოს და არა კიკინიანი თხა (იცინის).

 

 

скачать dle 11.3