კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი „მეტროთი” ჩავიდა პარიზში თორნიკე შენგელია და აპირებს თუ არა ის წელს მონაწილეობას NBA-ს დრაფტზე

 

ევროპული კალათბურთის მმართველი ორგანიზაციის – „ფიბას” ოფიციალურ ვებ-გვერდზე, საუკეთესო ახალგაზრდა კალათბურთელის გამოსავლენ გამოკითხვაში, საქართველოს ნაკრებისა და ბელგიური „შარლერუას” კალათბურთელმა თორნიკე შენგელიამ ყველაზე მეტი ხმა მიიღო და ინტერნეტ-მომხმარებელთა შორის მოიპოვა გამარჯვება, თუმცა, თავად „ფიბამ” საუკეთესოდ სულ სხვა კალათბურთელი დაასახელა. ამ და სხვა ამბების გასაგებად თორნიკეს ბელგიაში დავუკავშირდით და, უპირველეს ყოვლისა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით დავინტერესდით – მესამე თვეა, თორნიკე ტერფის ტრავმას მკურნალობს და მოედანზე გასვლას ვერ ახერხებს. 

თორნიკე შენგელია: ტერფის ძვალი მქონდა გაბზარული და, სამი თვეა, რაც არ მივარჯიშია კალათბურთში, თორემ, ისე, ტრენაჟორებზე და აუზზე დავდივარ და ხშირად ვვარჯიშობ, ფორმა რომ შევინარჩუნო. ახლა უკეთესი მდგომარეობა მაქვს. ბოლომდე არ არის შეხორცებული, მაგრამ ექიმები მეუბნებიან, რომ ძალიან მალე შემეძლება ვარჯიშის დაწყება დარბაზში. ღმერთის წყალობით, იმედი მაქვს, მალე დავიწყებ თამაშს.

– „ფიბას” მიერ წლის საუკეთესო ახალგაზრდა კალათბურთელის გამოსავლენ გამოკითხვაში გულშემატკივართა რჩეული გახდი – ხმათა უმრავლესობით გაიმარჯვე, თუმცა „ფიბამ” საუკეთესოდ ლიტველი კალათბურთელი დაასახელა. ამაზე რას გვეტყვი?

– ამ გამოკითხვაში დიდ როლს თამაშობდა ექსპერტების აზრი. მათი ვერსიით, ლიტველი იონას ვალანჩიუნასი იყო საუკეთესო. გამოკითხვის შეჯამებისას „ფიბა” ითვალისწინებდა ექსპერტების ვარაუდის 70 პროცენტს და გამოკითხვის 30 პროცენტს, აქედან გამომდინარე, ლიტველი გახდა გამარჯვებული. მის წინააღმდეგ ნათამაშები მაქვს. იონასი ჩემზე ერთი წლით უმცროსია. მაღალი დონის კალათბურთელია, თავის ასაკში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, 20 წლამდე კალათბურთელთა შორისაც საუკეთესოდ დასახელდა, ლიტვაში გამართულ ევრობასკეტზეც კარგად იასპარეზა დიდ ნაკრებში და NBA-შიც აიყვანეს.

– თითქმის 28 ათასი ხმა დააგროვე გამოკითხვაში. როგორ შეხვდნენ ამ ფაქტს შენი ოჯახის წევრები, ახლობლები, თანაგუნდელები?

– მე თვითონაც ძალიან გამიხარდა და, რა თქმა უნდა, ჩემს მეგობრებსაც, ოჯახის წევრებსაც და თანაგუნდელებსაც. ყველამ მომილოცა პირველი ადგილის დაკავება. მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, ვინც ხმა მომცა ამ გამოკითხვაში.

– უკვე კარგა ხანია, ბელგიაში ხარ. ენის ბარიერი თუ გადალახე? მანდ ძირითადად ფრანგულად ლაპარაკობენ და ხომ არ ისწავლე ფრანგული?

– მესმის, რასაც ლაპარაკობენ, მაგრამ, საუბარი მიჭირს. გუნდში ყველა ინგლისურად ლაპარაკობს, მწვრთნელიც ამერიკელია და მათთან, ჩვეულებრივად, ინგლისურად ვსაუბრობ, სახლში კი – ქართულად. მეგობრებთან ერთად როდესაც ვარ, ყველაფერი მესმის, რასაც ლაპარაკობენ.

– ბელგიელებზე რას იტყვი, როგორი ქალაქია შარლერუა?

– ძალიან კარგი ხალხია ბელგიელები, ნორმალურები, ჩვეულებრივები, არაფრით გამორჩეული. მანამდე ესპანეთში ვთამაშობდი და ესპანელებისგან, ალბათ, ცხოვრების სტილით განსხვავდებიან. ცუდი და კარგი ყველგან არის, მაგრამ, ვისთანაც ახლა მიწევს ურთიერთობა, ყველა მეგობრულია. შარლერუას რაც შეეხება, დიდი და მყუდრო ქალაქია, მაგრამ,  გართობის მხრივ, დიდად განვითარებული არ არის, მაგალითად, კინოში თუ მინდა წასვლა ბრიუსელში ჩავდივარ – 35 წუთის სავალზეა აქედან. ქალაქიდან ქალაქში მატარებელი მოძრაობს, აქაურები „მეტროს” ეძახიან; შიგნით ქალაქში არ დადის, მხოლოდ სხვა ქალაქებში. ამ ტრანსპორტით ვსარგებლობ ხანდახან, მაგალითად, პარიზში ვიყავი ჩასული „მეტროთი” (იცინის), ისე კი, თუ სადმე მიწევს წასვლა, მანქანით მივდივარ.

– გართობაზე ჩამოვარდა სიტყვა და რას იტყოდი მანდაურ ღამის ცხოვრებაზე, კლუბებში თუ დადიხარ?

– სიმართლე გითხრათ, ღამის კლუბებით და ასეთი გართობით არ ვარ დიდად დაინტერესებული. თავისუფალი დრო როცა მაქვს, მირჩევნია, საღამოს ან კინოში წავიდე, ან ბოულინგი ვითამაშო მეგობრებთან ერთად. შარლერუაში ღამის კლუბები არც არის, ჩემი მეგობრები თუ დადიან სადმე, უფრო ბრიუსელში ან ანტვერპენში, ხანდახან გერმანიაშიც გადადიან. თუ გადაწყდა, რომ გუნდი ერთად მივდივართ, რა თქმა უნდა, მეც მათთან ერთად ვარ, ღამის კლუბი იქნება თუ რესტორანი. თავისუფალი დროც ძალიან ცოტა მაქვს, მით უმეტეს, ახლა ტრავმა მაქვს, დატვირთა არ შეიძლებოდა და ძირითადად სახლში ვიყავი. საერთოდ, დასვენების დროსაც კი ინდივიდუალურად ვვარჯიშობ.

– სახლში როდესაც გიწევს ყოფნა, ალბათ, ფილმებს უყურებ და კომპიუტერულ თამაშებს თამაშობ.

– ძილის წინ ფილმებს ვუყურებ (იცინის). ოჯახის წევრებს, მეგობრებს „სკაიპისა” და „ფეისბუქის” საშუალებით ველაპარაკები. „ფლეისთეიშენი” მაქვს და გუნდელებთან „ონლაინში” ვთამაშობ სხვადასხვა თამაშს: NBA-ს, 2K12-ს, Call of Duty-ის და „ფლეისთეიშენ მუვით” ვერთობი. კიდევ, ძაღლი მყავს, ახლახანს ვიყიდე, სამი თვის ჰასკის ჯიშის ლეკვი და „პელე” დავარქვი, მაგარი ძაღლია. 

– „პელე” საფეხბურთო სახელია, შენ თვითონ თუ გიყვარს ფეხბურთი?

– ფეხბურთი მიყვარს, ვუყურებ ტელევიზორში თამაშებს, განსაკუთრებით, როცა ჩემი გუნდი თამაშობს. „ჩელსის” ქომაგი ვარ და „ბარსელონას” თამაშის ყურება მიყვარს, ლამაზად თამაშობენ.

– შარლერუაში, ფეხბურთის გუნდიც ჰყავთ და მანდ რომელი სპორტია უფრო პოპულარული – კალათბურთი თუ ფეხბურთი?

– ჩემი აზრით, შარლერუაში კალათბურთი უფრო პოპულარულია. ფეხბურთის გუნდი კი ჰყავთ, მაგრამ, კალათბურთის გუნდზე ნაკლებად წარმატებულია. აქაურები ამბობენ, ფეხბურთის ამბავში უკან ვართო (იცინის).

– ბელგიურ სამზარეულოზე რას იტყვი, ქართული კერძები თუ გენატრება?

– ქართული სამზარეულო ძალიან მენატრება ბელგიელებს კი განსაკუთრებული არაფერი აქვთ, უფრო ფრანგულს ჰგავს აქაური კერძები. დედა რომ ჩამოდის, ჩამოაქვს ქართული ყველი და ხაჭაპურებს მიცხობს – ხაჭაპური მენატრება ყველაზე მეტად.

– შენ თვითონ თუ იცი რაიმე კერძის მომზადება?

– (იცინის) ჩაის მოდუღება და კვერცხის შეწვა ვიცი. ისე, მარტოობამ თავისი გაიტანა და ნელ-ნელა ვისწავლე რაღაც-რაღაცეების მომზადება, ხანდახან მე თვითონ ვიგონებ რეცეპტებს.

– ვიცი, რომ 15 წლიდან დამოუკიდებლად, მარტო ცხოვრობ. რას იტყოდი ამ წლებზე, რა ისწავლე, რა სიძნელეები გადალახე?

– 15 წლის რომ ვიყავი, ესპანეთში მარტო წავედი და პირველ წლებში ძალიან გამიჭირდა. ესპანური ენა არ ვიცოდი, ისინი კი ინგლისურს ვერ იგებდნენ. მერე, როცა მეგობრები გავიჩინე, გუნდელებს დავუახლოვდი, კოლეჯშიც ვსწავლობდი, ნელ-ნელა შევეჩვიე უცხო გარემოს. ბელგიაში რომ ჩავედი, იქაც გამიჭირდა პირველი პერიოდი – ისევ ენის ბარიერი, ახალი სიტუაცია... შეჩვევაზეა, რა, ყველაფერი. ახლა უკვე მივეჩვიე და პრობლემა არ მაქვს.

– ვიცით, რომ შენი ოცნებაა NBA-ში თამაში, თუ გყავს ფავორიტი გუნდი და წელს თუ აპირებ დრაფტზე გასვლას?

–  „ოკლაჰომა სიტი” არის ჩემი ფავორიტი გუნდი და, როგორც მოთამაშე, კევინ დიურანტი მომწონს. ახალგაზრდა გუნდია, ენერგიულად თამაშობენ და მათ  და ზაზა ფაჩულიას ვქომაგობ NBA-ში. რაც შემეხება მე, წლევანდელ დრაფტამდე ჯერ კიდევ დიდი დროა, დიდი სურვილი მაქვს, იქ წავიდე და გუნდში ამიყვანონ. თუმცა, მანამდე კიდევ დიდი დროა დარჩენილი და მნიშვნელოვანია, ახლა, ტრავმის შემდეგ როგორ დავიწყებ თამაშს, ვიქნები თუ არა მზად დრაფტისთვის. 

– წელს ახალი შესარჩევი ეტაპი იწყება,  რას იტყვი საქართველოს ნაკრებზე, როგორი განწყობა გაქვს და მეტოქე გუნდებს როგორ შეაფასებ?

– განწყობა, რა თქმა უნდა, სულ საბრძოლო მაქვს.  მეტოქეებს რაც შეეხება, ყველა დასაფასებელია და ყველასთან შეიძლება თამაში მოგებაზე. კარგი გუნდებია, შინ და გარეთ გვიწევს თამაში და, რაც უნდა სუსტი გუნდი იყოს, როდესაც სახლში თამაშობს, შინაურ კედლებში უპირატესობა მაინც აქვს. ჩვენ კი ყველა თამაშზე მოსაგებად გავალთ, რათა გულშემატკივრები გავახაროთ.

P.S. თორნიკე შენგელიამ ტრავმა უკვე მოიშუშა და ჩვეულ ფორმაში განაგრძობს თამაშს.

 

 

скачать dle 11.3