კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ტვირთს უმსუბუქებს რუსუდან ფეტვიაშვილს მეუღლე და სად იპყრობს მას ხშირად სიცარიელის გრძნობა

 

უნიჭიერესი მხატვრის, რუსუდან ფეტვიაშვილის ნახატები პირველად ცოცხლად რამდენიმე წლის წინ, მის გალერეაში ვნახე. დღემდე არ მავიწყდება ის საოცარი ემოცია, რომელიც მხატვრის განუმეორებელი სტილით, საოცარი ფერებითა და ხაზებით შესრულებული ნახატების დანახვისთანავე განვიცადე. მისი ნახატები დღემდე დიდი წარმატებით იფინება და იყიდება ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, ამერიკაში და შესაბამისად, მხატვარს ხშირად უწევს პარიზში, გერმანიაში ყოფნა, მუშაობა, მაგრამ, როგორც თავად ქალბატონი რუსუდანი ამბობს, მას მაინც ყველაზე მეტად საქართველოში უყვარს მუშაობა. 

რუსუდან ფეტვიაშვილი: პრინციპში, სადაც მივდივარ, ყველგან ვმუშაობ; ორი დღითაც რომ გავიდე ქალაქიდან, აკვარელი და ფუნჯები ყოველთვის მიდევს ჩანთაში. პარიზში და გერმანიაში ძალიან ბევრი მასალაა, იქიდან ჩამომაქვს აბრეშუმი, საღებავები. პარიზში, სენის სანაპიროზე, არის ძალიან კარგი სალონი და იქ რომ მივდივარ, მაშინვე ვიწერ ბუნებრივ საღებავებს, რომელიც ძალიან ახალი და ცოცხალია და მხოლოდ ოთხი კვირა აქვს ვადა, მეტს ვერ ძლებს. შესაბამისად, ჩასვლისთანავე ვიწერ ამ მასალებს, ვყიდულობ და სულ ვმუშაობ. საშინლად არ მიყვარს ტყუილად ხეტიალი, სადაც არ უნდა წავიდე, სულ ვმუშაობ. პარიზი ძალიან დატვირთული ქალაქია. ის ადგილი, სადაც ადრე სახელოსნო მქონდა, აბსოლუტურად მოშორებული იყო ცენტრს. დიდი ბაღი გვქონდა, სახლი, აივანზე ტერასა, გამოვდიოდი და საღამოობით ვმუშაობდი. სიმშვიდე იყო, მაგრამ, პრინციპში, მაინც საქართველოში მირჩევნია მუშაობა, რადგან აქ მაინც მშვიდად ვგრძნობ თავს, სახლში ვარ. უცხოეთში, სადაც არ უნდა ვიყო, ორ თვეზე მეტ ხანს ვერ ვძლებ, სიცარიელის გრძნობა მიპყრობს. უცნაურია, სულ მჭირდება გასვლა, სასიამოვნოა გარემოს შეცვლა, მაგრამ, დიდხანს ვერსად ვჩერდები. სამუშაო ბაზა ჩემთვის მაინც საქართველოშია, აქ უფრო მშვიდად ვარ, მცხეთაში გავდივარ, სადაც დადებით ენერგიებს ვიღებ.  შემიძლია, დანამდვილებით ვთქვა, რომ იტალიაში ულამაზესი ადგილები მაქვს დათვალიერებული, მე და ჩემი მეუღლე ყოველთვის მანქანით გავდივართ თავისუფალ დროს, ყველაზე ლამაზ ადგილებს ვნახულობთ, ლამაზს ხედებს, რომ ენერგია, სიმშვიდე მივიღოთ. მაგრამ, ისეთი სიმშვიდე, როგორიც ერთ ადგილასაა მცხეთაში, არსად მინახავს.

– პარიზში, გერმანიასა და საქართველოში შექმნილი ნახატი განსხვავდება ერთმანეთისგან?

– პარიზში რომ ვმუშაობ, ნამუშევრები თბილისში ჩამომაქვს და, პირიქით, თბილისში რასაც ვაკეთებ, ის მიმაქვს პარიზში. აღმოჩნდა, რომ პარიზში დახატული ნახატები უფრო ფერადი და ხასხასაა. საერთოდ, პარიზის ცა აბსოლუტურად განსხვავებულია: ჯერ ერთი, დაბალია და პასტელის ყველა ფერის. ასეთი ლამაზი ცა ევროპაში არ მინახავს. პარიზი ფერადოვანი ქალაქია, ცოცხალი, იქ შინაურული განწყობაა. გერმანიაც ძალიან გვიყვარს, ტოლერანტული ქვეყანაა, რამდენიმე არტ-დილერთან გვაქვს ურთიერთობა და ყველა ჩვენი მეგობარია. გერმანიაშიც ჩვენი ადგილები გვაქვს, ხშირად ეწყობა გამოფენები, შეხვედრები იმ ადამიანებთან, რომლებსაც ჩემი ნამუშევრები აქვთ. რომ ჩავდივარ, ჩემი არტ-დილერი სპეციალურ შეხვედრებს, კოქტეილ-ფართებს აწყობს, ფილმებს აჩვენებს ჩემზე, საქართველოზე. ამას წინათ, პარიზშიც, გემზე მოაწყვეს მეგობრებმა შეხვედრა, სადაც დაპატიჟეს მწერლები, გამომცემლები, ბიზნესმენები, მხატვრები, როგორც ფრანგები, ასევე, იტალიელები, გერმანელები – ანუ, ისინი, რომლებიც პარიზში მუშაობენ და კულტურის ელიტას მიეკუთვნებიან, ამ სფეროში თავის გარემოს ქმნიან. მე და ჩემს მეუღლეს პარიზში ძალიან გვიყვარს მარნე ლა ვალში წასვლა, სადაც ძალიან საინტერესო რაღაცეებია. როცა დრო გვაქვს, მივდივართ ფონტენებლოში. გერმანიაში ჩემი არტ-დილერი გვპატიჟებს თავის საყვარელ ადგილებში, მაგალითად, ცნობილ რესტორანში, სადაც ის და მისი მეუღლე დადიან; ლაუნჯ ბარში, სადაც ცოცხალი მუსიკაა. ძალიან საინტერესოა, თუმცა, მე არ  მიყვარს ასეთი ადგილები და, ვერ ვიტყვი, რომ ასეთი გასვლებით დიდ სიამოვნებას ვიღებ. 

– ამჟამად რაზე მუშაობთ?

– ძირითადად, აბრეშუმზე. ორ პროექტს ვამზადებ პარიზისთვის და გერმანიისთვის. როდესაც მივდივარ და შემდეგ თბილისში ვბრუნდები, სულ მიჭირს კალაპოტში ჩადგომა, მინიმუმ ორი კვირა მჭირდება, რომ სიტუაციას მოვერგო, ვიმუშაო დღეში 10-12 საათი. საერთოდ, ყოველდღე ვმუშაობ, მაგრამ, ისეთი ინტენსივობით არა, ადაპტაცია მიჭირის და ეს პროცესი 2 კვირამდე ჭიანურდება. დღეში ორ-სამ საათს სულ ვმუშაობ, თუმცა, ეს მინიმალურზე მინიმალური დროა, რომელიც შეიძლება ადამიანმა სამუშაოსთვის გამოყოს. დღეში 12 საათი როცა ვმუშაობ, ეს ძალიან კარგია, მაგრამ, თუ გადავაჭარბებ, ვიფიტები.  

– რა მოსწონთ უცხოელებს ყველაზე მეტად თქვენს ნამუშევრებში?

– დაახლოებით იგივე, რაც საქართველოში. დამოკიდებულებაში თითქმის არ არის განსხვავება. გერმანელების რაღაც ნაწილი მუდმივად ყიდულობს ჩემს ნამუშევრებს – მათ თავიანთი კოლექცია აქვთ. არიან ადამიანები, რომლებიც მხოლოდ თითოფიგურიან ნახატებს ყიდულობენ, განწყობას რომ გამოხატავს და შინაარსით არ არის დატვირთული. ზოგს, პირიქით, რთული ნამუშევრები უყვარს, ანუ, ეს ყველაფერი პიროვნებაზეა დამოკიდებული. ვინც დაღლილია, მას ურჩევნია, თითოფიგურიანი ნახატი იყიდოს; ვისაც ცოტა უფრო დალხენილი ცხოვრება აქვს და დასვენებას ასწრებს, ის ყიდულობს  რთულ ნამუშევრებს, სადაც ბევრი შინაარსი, დატვირთვაა. მე ძალიან მიყვარს დატვირთული აკვარელი, მაგრამ, ძალიან ცოტა დამრჩა და ახლა ის დატვირთულმა აბრეშუმმა შეცვალა. მაგალითად, აზერბაიჯანის პრეზიდენტის კოლექციაშია ჩემი საყვარელი აკვარელი, ასევე, ინგლისში, კერძო კოლექციებშია რამდენიმე აკვარელი, რომლებიც ძალიან მიყვარს. ტემპი ისე აჩქარდა, რომ იმის დრო აღარ მაქვს, დავჯდე და პატარა აკვარელი ვაკეთო, ვტვირთო და ვტვირთო. ვინც იცის დატვირთული აკვარელის ფასი, ყველას უნდა ყიდვა, ამიტომ, ფაქტობრივად, რამდენიმე აკვარელი მაქვს დარჩენილი, სულ გავყიდე და ახლა ზოგი ამერიკაშია, ზოგი რუსეთში, ევროპაში, საქართველოშიც ბევრს აქვს უძვირფასესი აკვარელები ნაყიდი. კარგად მახოვს, იტალიაში მქონდა გამოფენა და როცა ნახატებს ვკიდებდით, მოვიდა ერთი ხანში შესული კაცი, პატარა ნახატის წინ დადგა და აღარ მოსცილდა. თურმე წლების განმავლობაში პილოტი ყოფილა, ნახატზე კი გამოსახული იყო კაცი, რომელიც მინდვრების ზემოდან მიფრინავდა. ერთფიგურიანი ნამუშევარი იყო, მსუბუქი, ნაკლებად დატვირთული. იმ კაცმა თქვა: ეს ჩემი ნახატია. პენსიონერი ვარ, ჩემი პენსია ამ ნახატს არ ეყოფა, მაგრამ, აქედან არ წავალ, დამპირდით, რომ ის ჩემი გახდებაო. რა თქმა უნდა, ფასი გავუმესამედე, რადგან მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ ნახატის შეძენა, ყოველდღე მოდიოდა და უყურებდა. იმდენად გულწრფელად გამოხატავდა თავის ემოციებს, რომ ამან ჩემშიც დიდი ემოცია გამოიწვია – ასეთი გულწრფელი ემოცია ყოველთვის გამახსოვრდება ადამიანს.

–  20 წელზე მეტია, რაც  თქვენ და თქვენი მეუღლე ერთად ხართ.

– დიახ, სანამ დავქორწინდებოდით, ვიცოდი, რომ მჭირდებოდა ისეთი ადამიანი, რომელიც ყოველთვის ჩემი საყრდენი იქნებოდა, მე თავისუფლად ვიმუშავებდი, არ დამჭირდებოდა თავის დაცვა და ის იქნებოდა ჩემი დამცველიც. როგორც მინდოდა, ზუსტად ისე წარიმართა მეუღლესთან ჩემი ცხოვრება – ყველაფერში ვენდობი, ჩემი საყრდენია. ადამიანს თავისუფლად შეუძლია, ჩემს საქმეზე მას დაელაპარკოს და, ეს იგივეა, რომ მე მელაპარაკოს, რადგან, ერთი ინტერესები გვაქვს. ცოლი და ქმარი ყოველთვის ერთი ღერძის გარშემო ტრიალებენ. არავინ თქვას, ცოლი ჯობია ან ქმარიო, რადგან, მათ ყოველთვის ერთი ღერძი აქვთ, საკუთარი თავის ფასი იციან; ასევე, იციან, ვინ რისი ღირსია და ამიტომაც არიან ერთად, ისე ვერ გაძლებდნენ.

– და დღეში 12 საათს რომ მუშაობთ, ეს მას არ უქმნის დისკომფორტს?

– ჩემს გალერეაში ხომ ხართ ადრე ნამყოფი, იქაც ჩემ გვერდით იყო, ერთად მოვდიოდით, ერთად მივდიოდით. ახლაც, რაც აქეთ გადმოვედი, ჩემი მეუღლის კაბინეტი ჩემი ოთახის  წინ არის. 12 საათი კი ვმუშაობ, მაგრამ, ჩემ გვერდით არის, სულ ერთად ვართ. უცხოეთში მარტო არასდროს მივდივარ, იქაც ჩემთან ერთად არის. ჯერ ერთი, ევროპაში მანქანით სიარული არ შემიძლია, იქ კი სულ ავტომობილით ვმოძრაობთ; თან, გვერდით ყოველთვის მჭირდება ადამიანი, რომელიც დამეხმარება თუნდაც ჟურნალისტებთან ურთიერთობებში, შეხვედრებზე. ყველგან მჭირდება, რომ რაღაც საყრდენს ვგრძნობდე, ჩემთან იყოს ჩემი მეუღლე, რომელიც ურთიერთობებში სულ მეხმარება. განა ამას მარტო ვერ გავაკეთებ, უბრალოდ, ეს ჩემთვის დიდი ტვირთი იქნება, ამ შემთხვევაში ნაკლები ტვირთი მაქვს და, რატომ უნდა ვთქვა უარი?!

 

 

скачать dle 11.3