კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ უნდა შევინარჩუნოთ დიდი მარხვის განმავლობაში მიღებული მადლი და რატომ უჭირთ ადამიანებს მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომის დაჯერება

 

როგორც ცნობილია, აღდგომის დღესასწაული ერთი კვირის განმავლობაში გრძელდება. ამ კვირას კი ბრწყინვალე შვიდეული ეწოდება, რომლის თითოეული დღე განსაკუთრებული მადლით არის სავსე. ტრადიციულად, ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს ვიხსენებთ მიცვალებულებს, გავდივართ საფლავებზე, მაგრამ ამჯერად ჩვენ მათ ვიხსენებთ არა იმიტომ, რომ განშორება ვიგლოვოთ, არამედ იმიტომ, ვახაროთ მათ: ქრისტე აღსდგა! თავისი სიკვდილით დათრგუნა სიკვდილი და საფლავებსა შინა სიცოცხლე მიანიჭა! ბრწყინვალე შვიდეულში ყველა საეკლესიო წესს განსაკუთრებული ელფერი აქვს. წირვა-ლოცვა მხოლოდ ამ კვირისთვის დამახასიათებელი რიგით სრულდება, განსხვავებულია მიცვალებულის წესის აგება, ცვლილებაა ჩვენს ყოველდღიურ ლოცვებშიც. დაწყებით ლოცვებში სულიწმინდის მოწვევის ლოცვა „მეუფეო ზეცითაო...“ სულთმოფენობამდე აღარ ითქმება. მის ნაცვლად სამჯერ ვამბობთ: „ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი“. მთელი კვირის განმავლობაში ლოცვის წესიც შემსუბუქებულია, მისალმების წესიც: აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში  ქრისტიანები შეხვედრისას „გამარჯობის“ ნაცვლად, ერთმანეთს ახარებენ: „ქრისტე აღსდგა“ – „ჭეშმარიტად აღსდგა!“. როგორ უნდა გავატაროთ ბრწყინვალე შვიდეული, როგორ უნდა ვილოცოთ, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მთელი მარხვის განმავლობაში მიღებული მადლი არ დავკარგოთ, ამის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი):

– მამაო, აღდგომის შემდგომ პერიოდს „ბრწყინვალე შვიდეული“ ეწოდება, რომელიც გამოირჩევა თავისი ზეიმურობით, განსხვავებული ლოცვის წესით. ასევე, მთელი კვირის განმავლობაში მსგეფსია და ადამიანები ყოველდღე იხსენებენ მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომას.

– აღდგომის მომდევნო შვიდი დღე არის ბრწყინვალე შვიდეული, ხოლო კვირა ერთადერთი დღეა, რომელსაც ეწოდება აღდგომის თანასწორი დღე, იგივე კვირაცხოვლობა – თომას კვირა, რომელიც იმავე სიხარულითა და თანასწორი ზეიმით უნდა აღნიშნონ მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენთვის, აღდგომის სიხარული მხოლოდ ერთი დღით არ შემოიფარგლება, ამას ერთი დღე კი არა, რამდენიმე წელიწადი არ ეყოფა. ყველა ბრწყინვალე მოვლენას ანგელოზები აუწყებენ ადამიანს, მაგრამ არც ანგელოზებმა და არც ადამიანებმა არ იციან ბოლომდე ამ სიხარულის შესახებ, რომ ეს სიხარული ღვთაებრივი, ზეციური, გონებით მიუწვდომელია.

– ალბათ, ამიტომაც, დღეს ბევრ ადამიანს უჭირს მაცხოვრის აღდგომის დაჯერება.

– ამის დაჯერება მაშინაც უჭირდა ბევრს და ახლაც უჭირთ. ვინმემ რომ იკითხოს – მამაო, ვერ გამიგია, როგორ აღდგა ქრისტეო, შეიძლება, განკითხვაში ჩავვარდეთ და მასზე შთაბეჭდილება შეგვეცვალოს. მაგრამ, ეს არ იქნება სწორი. ადამიანის გონება უნდა იყოს მეცნიერი, გამომძიებელი, უნდა იყოს საღვთო ეჭვებში. არ შეიძლება, ყველაფერი ბრმად ირწმუნო. ამიტომაც ინება ღმერთმა, რომ თომა მიეშვა საკუთარ სხეულთან. შეეხო თუ არა მას თომა, არ ვიცით, მაგრამ უფალი, ჩვენგან ითხოვს რწმენას არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმითაც. ირწმუნო მხოლოდ – არ არის საკმარისი, ამისი მატერიალური დადასტურებაც უნდა შეგეძლოს. თომამ თამამად გამოხატა თავისი შინაგანი ბრძოლა, შინაგანი საღვთო ეჭვი. ადამიანი, რომელიც ლაზარეს აღდგომას დაესწრო, იგებს, რომ მაცხოვარი უნდა ეწამოს, აღდგეს მკვდრეთით. ძალიან საინტერესო და საცნაურია მაცხოვრის სიტყვები, როდესაც ის ეუბნება თომას: „თომა, მოვედი და იხილე, ურწმუნო კი არა, მორწმუნე იყავ“. როდესაც ადამიანი განცხადებულად შეეხები ღვთაებრივს, ადვილია, ირწმუნო, მაგრამ, როცა არ გინახავს და მაინც მტკიცედ გწამს, რომ იესო ძე ღვთისაა და ჭეშმარიტად აღდგა მკვდრეთით – აი, ასეთ რწმენას აქებს უფალი. ადამიანის ხასიათი ისეთია, უჭირს იმის რწმენა, რაც არ უხილავს.

– ჯერ კიდევ პირველი საუკუნიდანვე მრავალი ცრუ, მწვალებლური სექტის წარმომადგენელი ამბობდა, რომ ქრისტე მოვიდა სულიერად, ხილვით, მოჩვენებით და არავითარი ჯვარცმა არ დაუთმენიაო და ეს ბევრმა დაიჯერა კიდეც.

– ამიტომაც არის საჭირო, რომ ხორციელად, მატერიალურად შევეხოთ საღვთო საიდუმლოს. ასე ეუბნება თომას ქრისტე: „შემეხე, ნახე – სულს ხორცი და ძვალი არ აქვს“. მარტო სულის აღდგომა არ ყოფილა. იმიტომ, რომ მაცხოვარს სულიერი აღდგომა არ სჭირდებოდა. ის არის ერთარსება, სამპიროვანი ღვთის მეორე ჰიპოსტასი. ის ადამიანური ბუნებით, ხორციელად ეცვა ჯვარს, აღადგინა დაცემული ბუნება ადამიანისა. კვირის განახლება, თომას კვირა ჩვენთვის არის კიდევ ერთი განმტკიცება, დაჯერება, დარწმუნება იმაში, რომ ქრისტე მართლა აღდგა. თომას ურწმუნო კი არ უნდა ვუწოდოთ, არამედ, ის არის ჩვენი წინამძღვარი რწმენაში, რომელმაც დაიმდაბლა თავი, დაეჭვდა და სიმდაბლით იკითხა ეს. დღესაც ბევრი რამ არ იციან, მაგრამ ერიდებათ, რომ ჰკითხონ სულიერ ძმას, დას, მას, ვინც შედარებით განსწავლულია, ან მოძღვართან თქვან აღსარებაში – მამაო, არ ვიცი, რას ნიშნავს ესა თუ ის საიდუმლო. თუ ადამიანი ამ ყველაფერს არ გაიგებს, არ შეიმეცნებს, ის მართლა ურწმუნო ქრისტიანი იქნება. ჩვენ ადამიანების ცხოვრების გარკვეული ნიუანსები უნდა ვიცოდეთ, რათა, რამე რომ დაგვემართოს, არ ჩავვარდეთ სასოწარკვეთილებაში, არ ვთქვათ, ეს მე რატომ დამემართაო. მოძღვარი ვარ, მაგრამ ბევრ რამეში ნაკლებად ვერკვევი, ამიტომ, ვეკითხები მოძღვარს, ეპისკოპოსს, ვცდილობ, მეტი წავიკითხო, ვისწავლო, ვილოცო. ადამიანი რწმენაში, სიყვარულსა და ცოდნაში მარადიულად განისწავლება. დედამიწაზე თუ ხორციელად განვისწავლებით, როდესაც ადამიანი გარდაიცვლება, მერე ის სულიერად განისწავლება და ეს არის მარადიული პროცესი. ოღონდ, თუ დედამიწაზე არ დაიწყე საღვთო შემეცნება და განსწავლა, ბუნებრივია, იმქვეყნად ვერაფერს მიიღებ. ასე რომ, სწავლა სიბერემდე კი არა, უფლამდე მისასვლელი გზაა. განსწავლა აუცილებელია და ამის ერთ-ერთი მაგალითი თომა მოციქული და მისი თამამი, გულწრფელი აღიარებაა იმისა, რომ ვერ იგებს, მაცხოვარი მართლა აღდგა თუ არა. კვირაცხოვლობის კვირიაკე – ეს არის ადამიანის გონების ამაღლება, ადამიანის მეცნიერული აზროვნება, ეჭვის განქარვება.

– მამაო, აღდგომიდან მთელი კვირის განმავლობაში ეკლესიაში აღსავლის კარი ღიაა. ადამიანები კი ხშირად კითხულობენ, მართალია თუ არა, რომ ბრწყინვალე შვიდეულში სასუფევლის კარი ღიაა?

– კოტე მარჯანიშვილის დას, რომელიც რუსეთის მონასტერში მოღვაწეობდა, ასეთი ჩანაწერი აქვს: მადლობა ღმერთს, რომ ჩემი ძმა (კოტე მარჯანიშვილი) ამ დღეებში გარდაიცვალა, მას მრავალი შეღავათი ექნებაო. სამოთხის კარი მაშინ გაიღო, როდესაც ქრისტე აღსდგა და ამაღლდა, ის ყოველთვის ღიაა მათთვის, ვინც ეკლესიურად ცხოვრობს, ვისაც უფალმა მისცა უფლება – ცხონდეს, მას ყოველთვის შეუშვებენ. მართლაც აღსავლის კარი მთელი კვირის განმავლობაში ღიაა თომას კვირამდე. ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანს ცხონების მეტი შესაძლებლობა აქვს. მეტი მადლია ამ დროს და მეტად მიეტევება ცოდვები. თუ ადამიანს ცოდვილი ცხოვრება ჰქონდა, არ შეინანა და გარდაიცვალა ბრწყინვალე შვიდეულში, ბუნებრივია, მას არანაირი შეღავათი არ ექნება. მაგრამ, თუ ადამიანი სასოებდა ღმერთს და ღვთის რწმენით გარდაიცვლება, შეიძლება მას დიდი მადლი არ ჰქონდეს, მაგრამ ექნება გარკვეული შემწეობა... რადგან ბრწყინვალე შვიდეულში მსგეფსია, ლოცვის ტიპიკონი კი შემსუბუქებულია, ეს ხშირად ადამიანების გაზარმაცებას იწვევს. ძალიან ბევრი, იმის გამო, რომ მთელი დიდმარხვის განმავლობაში თავგამოდებით მარხულობდა და არ გაეკარა არაფერს სახსნილოს, მიეცემა თავაშვებულობას და ისეთ ცოდვაში ჩავარდება, შეიძლება, თომას კვირას ეკლესიაშიც ვერ მოვიდეს. როგორც ბასილი დიდი ამბობს, ადამიანი დღესასწაულს ბოყინითა და სლოკინით არ უნდა ზეიმობდეს. მე უფრო მეშინია ადამიანის ცხოვრებისა არა ვნების შვიდეულში, არამედ, ბრწყინვალე შვიდეულში. მარხვის მძიმე დღეებში ადამიანი მაინც ორგანიზებას უკეთებს საკუთარ საქციელს – დადის ეკლესიაში, ლოცულობს, მეტანიებს აკეთებს, ბრწყინვალე დღეებში კი – ყველა ერთობა, მოლხენითაა და ამ დროს, ეშმაკი მათთან ახლოს არის. შესაბამისად, ამ დღეებში ადამიანს მეტი გულისხმისყოფა, სიფრთხილის, თავმდაბლობისა და ყურადღების გამოჩენა სჭირდება, რათა არ დაკარგოს ის მადლი, რაც მთელი მარხვის განმავლობაში მიიღო.

 

 

скачать dle 11.3