კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის უნდა მივმართოთ ექიმს მაღალი წნევის შემთხვევაში და რა გართულებები შეიძლება ახლდეს არტერიულ ჰიპერტენზიას


გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. პრობლემა ერთგვარად გლობალურ ხასიათს იღებს, რადგან მისით გამოწვეული მატერიალური ზარალი შეუფასებელია. ამ ტიპის პრობლემათა შორის აღსანიშნავია, არტერიული ჰიპერტენზია, რაც გართულებებს არა მარტო საკუთარ სისტემაში, არამედ სხვა ორგანოების ფუნქციონირებაშიც იწვევს. პრობლემის აქტუალობიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ გავსაუბრებოდით ექიმ-კარდიოლოგს ლია რიგვავას.



– რა განაპირობებს გულ-სისხლძარღვთა პრობლემების აქტუალობას?

– მოგეხსენებათ, რომ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები მეოცე და ოცდამეერთე საუკუნეების სენია, რომელთა სიხშირე თანდათან მატულობს. მათგან გამოწვეული სიკვდილიანობა მაღალია მთელს მსოფლიოში, განსაკუთრებით კი განვითარებულ ქვეყნებში. ევროპაში გარდაცვლილთა ნახევარი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მსხვერპლია. აქედან, სიკვდილიანობის 40 პროცენტი მოდის შრომისუნარიან მოსახლეობაზე – 25-64 წლამდე. ამასთან, ასაკოვანი ადამიანების 80 პროცენტი იღუპება გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით.

– თუ აღინიშნება ისეთი პერიოდი, როდესაც პათოლოგია მწვავდება?

– როგორც ყველა ქრონიკული დაავადება, გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიებიც მწვავდება შემოდგომასა და გაზაფხულზე, მათ შორის არტერიული ჰიპერტენზიაც. არტერიული ჰიპერტენზია ყველაზე გავრცელებულია გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს შორის. საქართველოში ყოველ მესამე ადამიანს აწუხებს მაღალი წნევა, რომელიც იწვევს ისეთ მრისხანე გართულებებს, როგორიცაა ინფარქტი და ინსულტი. აღსანიშნავია, რომ ჩვენს ქვეყანაში ყოველწლიურად 11 000 ადამიანს ემართება ინსულტი. ამგვარად აუცილებელია არტერიული წნევის დარეგულირება.

– როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი ამ ავადმყოფობის თავიდან ასაცილებლად?

– უპირველეს ყოვლისა, საჭიროა, ვაკონტროლოთ არტერიული წნევა. დღესდღეობით წნევის ნორმალურ სიდიდედ მიჩნეულია 130/85-ზე. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადამიანის წნევა არის 140/90-ზე, ეს უკვე წნევის მომატებაა. მართალია, წნევის მაჩვენებელი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს სისხლის მიმოქცევის სისტემის ფუნქციონირებაზე. დიდი მნიშვნელობა ენიჭება ეგრეთ წოდებულ რისკ-ფაქტორებს, რომელთა არსებობაც ზრდის გულ-სისხლძარღვთა პრობლემებისა და სიკვდილიანობის რიცხვს. ამიტომაც, დღეს მთელ მსოფლიოში კარდიოლოგები თავის პაციენტებს აფასებენ რისკის მიხედვით. არსებობს ეგრეთ წოდებული რისკის კლასიფიკაცია, რის მიხედვითაც პაციენტები იყოფიან დაბალ, საშუალო, მაღალ და ძალიან მაღალ რისკის ჯგუფებად, ანუ ათწლიანი პერიოდის განმავლობაში პაციენტებში ინფარქტის ან ინსულტის განვითარების სიხშირე შესაბამისად არის 15 პროცენტზე ნაკლები, 15-20 პროცენტი, 20-30 პროცენტი და 30 პროცენტზე მეტი.

– რა ფაქტორები უწყობს ხელს ავადმყოფობის აღმოცენებას და მის გამწვავებას?

– უწინ, საყოველთაო დისპანსერიზაციის პერიოდში, დაავადების გამოვლენა ხდებოდა ადრეულ სტადიაზე. ახლა, პაციენტი ექიმს მიმართავს მაშინ, როდესაც გამოუვლინდება ჩივილები, ანუ დაავადება უკვე გამოვლინდება გარკვეული ხარისხით და შესაძლოა, დაავადება საკმაოდ შორს იყოს წასული. ამიტომ ის პაციენტები, რომლებიც მიეკუთვნებიან რისკის ჯგუფს, განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოეკიდონ საკუთარ ჯანმრთელობას. არტერიული ჰიპერტენზიის განვითარების რისკ-ფაქტორებია: მამაკაცებში 45 წელზე მეტი ასაკი, ქალებში – 65 წელზე მეტი, სიმსუქნე, სისხლში ცხიმების მაღალი შემცველობა ანუ ჰიპერლიპიდემია, სიგარეტის მოწევა 1.5-ჯერ ზრდის გულ-სისხლძარღვების დაავადებათა სიხშირეს. აღსანიშნავია, რომ თუ პაციენტს აქვს შაქრიანი დიაბეტი მამაკაცებში რისკი ორმაგდება, ხოლო ქალებში – ოთხმაგდება. ამიტომ პაციენტები, რომელთაც აღენიშნებათ ეს რისკ-ფაქტორები, უნდა იყვნენ ყურადღებით და წნევის უმნიშვნელო მომატებისას ექიმს მიმართონ, რომელიც მას განუსაზღვრავს რისკის ჯგუფს და შეურჩევს სათანადო მკურნალობას. თუ ადამიანს არ აქვს ზემოთ ჩამოთვლილი რისკ-ფაქტორები 140/90 წნევის დროს საკმარისია არამედიკამენტური მიდგომა, მაგრამ თუ პაციენტს აღენიშნება ერთი რისკ-ფაქტორი მაინც, მაშინ მას დაუყოვნებლივ უნდა დაეწყოს მედიკამენტური მკურნალობა.

– როგორია არტერიული ჰიპერტენზიის გართულებები?

– ჰიპერტენზიის ყველაზე ხშირი და „მრისხანე“ გართულებებია ინფარქტი და ინსულტი. ინსულტის შედეგები განსაკუთრებით საშიშია, რადგან ხშირად ის ადამიანის დაინვალიდებას იწვევს. ამასთან, ის ემართება ძირითადად საშუალო ასაკის შრომისუნარიან ადამიანებს. არტერიული ჰიპერტენზიის კიდევ ერთ სახიფათო გართულებაა ჰიპერტონიული კრიზი, რაც გულისხმობს წნევის სწრაფ და ძლიერ მომატებას, რომელსაც ახლავს გართულებები, როგორც გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ასევე ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ. ადამიანი არ უნდა ეცადოს თავისი ძალებით გაუმკლავდეს ჰიპერტონიულ კრიზს და აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს. ჩვენი ამოცანაა, პაციენტი არ მივიყვანოთ კრიზამდე, რადგან როგორც წესი, კრიზი აუცილებლად ტოვებს თუნდაც მცირე ნარჩენ მოვლენას ან გართულებას.

– რა ფაქტორებს ენიჭება გადამწყვეტი როლი დაავადებასთან ბრძოლაში?

– უნდა გვახსოვდეს, რომ დაავადების შემთხვევაში არსებობს პრობლემის სამი მხარე. ეს არის ექიმი, პაციენტი და ავადმყოფობა. მკურნალობის დროს გადამწყვეტი ხდება თუ ვის მხარესაა პაციენტი – ექიმის თუ ავადმყოფობის. მთავარია, შევიგრძნოთ პასუხისმგებლობა ჩვენს ჯანმრთელობაზე. ჯანმრთელობა შეიძლება ადვილად დავკარგოთ, მაგრამ მისი დაბრუნება, მიუხედავად თანამედროვე მედიცინის მიღწევებისა, ძალზედ ძნელია. მნიშვნელოვანია ეგრეთ წოდებული „სამი ნაბიჯის თეორია“. პაციენტებმა უნდა გადადგან სამი ნაბიჯი: პირველი – გავეცნოთ რჩევებს, რომელიც ხშირად გვესმის ტელე-რადიო გადაცემებიდან ან გვხვდება პრესის ფურცლებზე; მეორე – მივიღოთ პრინციპული გადაწყვეტილება და მივდიოთ ამ მარტივად შესასრულებელ, მაგრამ მნიშვნელოვან რჩევებს და მესამე, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი – გადავხედოთ ჩვენს ჩვევებს და ვიცხოვროთ ცხოვრების ჯანსაღი წესით. ამ მხრივ, ძალიან შთამბეჭდავია ფინეთის მაგალითი, სადაც მეოცე საუკუნის 60-იან წლებში გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალი იყო ევროპაში. ამ ქვეყანაში 70-იან წლებში ჩამოყალიბდა სამთავრობო პროგრამა ცხოვრების ჯანსაღი წესის ჩამოყალიბების მიზნით, რომელშიც ფართოდ ჩაება მთელი მოსახლეობა და საზოგადოებრივი ორგანიზაციები. სულ რაღაც 30 წელიწადში, რაც ფაქტობრივად ერთი თაობის ცხოვრებაა, მიიღეს საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგი – ფინეთში აღინიშნება სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი დონე ევროპაში. ეს მოხერხდა ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებით.

– როგორია დაავადების გავრცელების ტენდენცია ჩვენს ქვეყანაში?

– სამწუხაროდ, არ არსებობს ზუსტი სტატისტიკური მონაცემები დაავადების გავრცელების შესახებ საქართველოში, მაგრამ ცნობილია, რომ საქართველოში ყოველ მესამე ზრდასრულ ადამიანს აწუხებს არტერიული ჰიპერტენზია. ამასთან, აღინიშნება ზოგადად გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და მათ შორის არტერიული ჰიპერტენზიის გაახალგაზრდავება, წინა წლებთან შედარებით. ჩვენთან მოდიან 20-22 წლის ახალგაზრდები არტერიული ჰიპერტენზიის დიაგნოზით.

– როგორ ვუმკურნალოთ დაავადებებს?

– მკურნალობა მოიცავს როგორც არამედიკამენტურ, ისე მედიკამენტურ თერაპიას. არამედიკამენტური გულისხმობს რისკ-ფაქტორებთან ბრძოლას, ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვას, სისტემატურ ფიზიკურ ვარჯიშებს, საკვებ რაციონში მარილის რაოდენობის შემცირებას... რაც შეეხება მედიკამენტურ მკურნალობას, არსებობს ჰიპოტენზიური პრეპარატების 6 ჯგუფი, რომლებიც უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად. წამლები უნდა შეარჩიოს აუცილებლად ექიმმა და არ მიიღოთ ერთმანეთის რჩევის გათვალისწინებით. ამასთან, ამ დაავადების მკურნალობა ატარებს სისტემატურ ხასიათს, რაც ხშირად პაციენტების უსიამოვნებას იწვევს. არ არსებობს ჰიპერტენზიის მკურნალობის კურსი, ეს არის მუდმივი პროცესი, რომელიც მიმდინარეობს სამკურნალო საშუალებების დოზების რეგულირებით. არტერიული ჰიპერტენზია ქრონიკული დაავადებაა, მაგრამ ექიმის რჩევების გათვალისწინებითა და თავის მოვლით, შესაძლებელია, ხანგრძლივი რემისიის მიღწევა და გართულებების თავიდან აცილება.


скачать dle 11.3