კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას აპროტესტებს დათო ტურაშვილი ბავშვობიდან დღემდე და რატომ აეკრძალა მას ფეხბურთის თამაში

„ფეხბურთზე არასოდეს უვლია. ბავშვობაში ცოტა ხანს დადიოდა ჭადრაკზე, მაგრამ ფეხბურთს თამაშობდა ძალიან მაგრად. თამაშობდა ზედმეტების გარეშე, ძალიან რაციონალურად და სუფთად, სწრაფად, სწორად და იყო ძალიან ტექნიკური. ასეთი რამე, რა თქმა უნდა, მხოლოდ ტურიკას დაემართებოდა – დადიოდე ჭადრაკზე და თამაშობდე ფეხბურთს მაგრად“. ეს არის ამონარიდი იმ მინაწერიდან, რომელიც აკა მორჩილაძემ დათო ტურაშვილის წიგნს გაუკეთა. დათო არშემდგარი ფეხბურთელია. ფეხბურთზე ახლაც ისევე ოცნებობს, როგორც ბავშვობაში. ხშირად ესიზმრება კიდეც, რომ ფეხბურთს თამაშობს. იქ, ხან მეკარეა, ხანაც თავდამსხმელი... მის ოცნებად კვლავაც რჩება საქართველოს ნაკრებში თამაში ათ ნომრად... დათო ერთი პირობით დამთანხმდა ინტერვიუზე, მისი წიგნი („მე რომ ფეხბურთელი ვიყო“) უნდა წამეკითხა. წიგნი (როგორც იტყვიან), ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე და აი, მწერლის დაპირებული ინტერვიუც.

 

პირველი დამოუკიდებელი შემოსავალი

ჩემს ბავშვობაში ასფალტზე გვიწევდა ხოლმე ფეხბურთის თამაში და მუხლისთავები სულ გადატყავებული გვქონდა. ზოგჯერ ისე დაგვაღამდებოდა თამაშში, ვერც კი ვამჩნევდით და სიბნელეშიც მანამ ვთამაშობდით, სანამ მოთმინებადაკარგული მშობლები აივნებიდან არ დაგვემუქრებოდნენ. ჩვენს პატარა და გემრიელ რაზმაძის ქუჩაზე ქვებს, აგურებს ან სკოლის ჩანთებს დავდებდით ხოლმე, გავითვლიდით, გავიყოფოდით და ნაყინზე ან ლიმონათებზე ვთამაშოდით. ქუჩის ფეხბურთი ერქვა, თორემ ეს ჩვენთვის ნამდვილი, პროფესიული საქმიანობა იყო. „მაზიანებს“ უკვე ვთამაშობდით და პირველი დამოუკიდებელი შემოსავალიც, სწორედ ფეხბურთში მოგებული ფული იყო ჩემთვის. ბავშვობაში, როცა ჩემ მიერ გატანილ გოლებს ვხედავდი ღამღამობით, ისიც მესიზმრებოდა, რომ ზოგჯერ მეკარე ვიყავი და ჩემს კარში დარტყმულ ბურთს ოსტატურად ვიგერიებდი. ერთ დღეს ბებიაჩემს ხელთათმანები გამოვართვი და კარში ჩავდექი. მართალია, მეორე ტაიმიდან ისევ ჩვეულ თავდასხმას დავუბრუნდი, მაგრამ ის დღე მაინც განსაკუთრებულად მახსოვს. ბებიაჩემსაც იმ დღესვე დავუბრუნე უკან მისი ღიღინით ნაქსოვი ხელთათმანები, ნაღდი მირჩევნია-მეთქი, – ღიმილით ვუსაყვედურე. ბებიაჩემმა საპასუხოდ ძალიან შავი იუმორით დამამშვიდა: ნამდვილ საფეხბურთო ხელთათმანებს ინგლისელი ბებიები ქსოვენო.

 

არგენტინის ნაკრების მაისური და პოსტერი

პირველი ნამდვილი საფეხბურთო წიგნი, რომელიც ჩემმა მეგობარმა ირაკლი თოფურიამ ბავშვობაში მაჩუქა, საოცრება იყო. იქ დაბეჭდილი ფოტოების დათვალიერება არასოდეს მწყინდებოდა. ეს იყო დიდი ალბომი 1966 წელს ინგლისში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ და რომ დავამთავრებდი მის კითხვასა და ფურცვლას, მაშინვე თავიდან ვიწყებდი და მართლა არ მბეზრდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ფოტოს კომენტარი უკვე ზეპირად ვიცოდი. ზოგიერთი მათგანის ტექსტი ახლაც კი მახსოვს. ბავშვობაში კედელზე გაკრული მქონდა არგენტინის, 1979 წლის ახალგაზრდული ნაკრების პოსტერი. იმ წელს ახალგაზრდა არგენტინელები მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ. ამ საოცარი გუნდის კაპიტანი ცხრამეტი წლის დიეგო მარადონა იყო. არგენტინის ნაკრების მაისური მაქვს. შარშან ერთი არგენტინელი გოგო გვესტუმრა შინ და ეს მაისური რომ ვაჩვენე, კინაღამ ატირდა.

„მეგონა, თბილისის „დინამოში“ მაინც მოვხვდებოდი“

ვისაც ფეხბურთი უყვარს, ალბათ, ბავშვობის პირველი თამაშიც ჩემსავით ახსოვს. პირველად სტადიონზე ბიძაჩემმა, იგორ ბჟალავამ წამიყვანა. თბილისის „დინამო“ „ლოკომოტივზე“ თამაშობდა. ჩვენები „ტოტენჰემ ჰოტსპურს“ ხვდებოდნენ და იმ მატჩის ეპიზოდები დღემდე არ დამვიწყებია. ისიც ზუსტად მახსოვს, რა ეცვათ მაშინ დინამოელებს – ლურჯი ტრუსები თეთრი ზოლებით. ჩემი მთავარი შთაბეჭდილება იმ დღეს, მაინც სტადიონი იყო. სამწუხაროდ, ჩემი საფეხბურთო შესაძლებლობების შემჩნევა საქართველოს ნაკრების ვერც ერთმა მწვრთნელმა ვერ შეძლო. არადა, ბავშვობაში მართლა მეგონა, რომ თბილისის „დინამოში“ მაინც მოვხვდებოდი, რადგან ფეხბურთს ყველაზე ხშირად იმ ეზოში ვთამაშობდით, სადაც კახი ასათიანი ცხოვრობდა. მაგრამ, ბატონ კახის ერთხელაც არ გადმოუხედავს ასფალტის მოედანზე და ჩვენც ამაოდ ვიტყავებდით უკვე დასისხლიანებულ მუხლისთავებს. ერთხელაც დედაჩემმა თქვა, ბავშვს ფეხები დაეღუნება, სხვა სპორტზე უნდა გადავიყვანოთო. იმდენი მატარეს, სანამ პიონერთა სასახლეში არ მიმიყვანეს ჭადრაკზე და ასე მუხანათურად ჩამომაშორეს პროფესიულ ფეხბურთს. რასაკვირველია, ეს მაშინვე გავაპროტესტე და დღემდე ვაპროტესტებ. მაგრამ, სინამდვილეში, ჩემი მუხლის ბრალი უფრო იყო, ვიდრე მშობლების, დიდი ფეხბურთი რომ ვერ ვითამაშე.

„სანტიაგო ბერნაბეუ“

ნამდვილ ფეხბურთს საქართველოში კარგა ხანია, არ თამაშობენ და ამიტომაც საფეხბურთო დღესასწაული მხოლოდ სხვაგან არსებობს – მაგალითად, ესპანეთში, სადაც რომელიმე მატჩზე დასწრება მადრიდის უნივერსიტეტის უცხოელი სტიპენდიანტისთვის სავალდებულოც კია. „სანტიაგო ბერნაბეუს“ სტადიონზე პირველად მიშა ახვლედიანმა წამიყვანა. მან „რეალი“-„ბარსას“ ბილეთი კი არა (როგორც თვითონ ეგონა), არამედ დღესასწაული მაჩუქა. მე არ ვარ მადრიდის „რეალის” ქომაგი, მაგრამ მჯერა, რომ დედამიწაზე არ არსებობს „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მაგარი სტადიონი. ასეთი ლამაზი არაფერი მინახავს და მართლა პირდაღებული ვუყურებდი ამ საოცრებას. სტადიონზე ორი საათით ადრე მივედით, რომ ათასობით მადრიდელთან ერთად, ჩვენც გვენახა, როგორ მიჰყავთ ფეხბურთელები „სანტიაგო ბერნაბეუზე“. ავტობუსს წინ მიუძღვებიან ცხენებზე ამხედრებული პოლიციელები და ქუჩებში გამოფენილი მადრიდელები სტადიონისკენ მიმავალ საყვარელ გუნდს ისე აცილებენ, როგორც ბრძოლის ველზე მიმავალ შუა საუკუნეების რჩეულ რაინდებს. სიმართლე რომ ვთქვა, ტრიბუნების ცქერასა და არქიტექტურულ სასწაულს უფრო დავხარბდი, ვიდრე რობერტო კარლოსის უგზოუკვლოდ დაღუნულ ფეხებს, რომელიც სწორედ ჩვენს ფრთაზე, ჩვენი ტრიბუნის წინ, ძალიან ახლოს თამაშობდა. ის თამაში „ბარსელონამ“ მოიგო, ანგარიშით ორით ერთი.

„მორფინისტი ეძახე შენ და...“

ერთხელ დიეგო მარადონას ჟურნალისტებმა ჰკითხეს, მსოფლიოს ჩემპიონი რომ გახდით, რა იგრძენითო. მარადონამ ზევით აიხედა, – ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ცას ხელით შევეხეო.

მორფინისტი უძახე და გამარჯვების ასეთი პოეტური ახსნა, სხვა ფეხბურთელისგან არ მსმენია. ამიტომაც, აქვე გამოვტყდები, რომ ჩემთვის დიეგო მარადონა ერთადერთი ნარკომანია კაცობრიობის ისტორიაში, რომელიც არ მეზიზღება. ის მართლაც ერთადერთი და განუმეორებელი მოვლენაა მსოფლიო ფეხბურთში.

თბილისში ყოფნის დროს ორჯერ შევხვდი მარადონას, მაგრამ არც ერთხელ დიდხანს არ გვილაპარაკია. ორივეჯერ, ძირითადად, მე ვლაპარაკობდი, მას კი ეღიმებოდა. უპრობლემოდ მომცა მისი ავტობიოგრაფიული წიგნის („მე ვარ დიეგო“) ქართულად თარგმნის უფლება და ვთარგმნე კიდეც.

ფიქრი მწვრთნელობაზე

მთავარი დღე ქართული ფეხბურთის ისტორიაში, მაინც, 13 მაისია და უკვე მერამდენე მაისი მოვიდა 1981 წლის შემდეგ, მაგრამ ჩვენ მაინც იქ ვართ. უფრო დიდი დღე ვეღარ შევქმენით და ისევ იმ თასის ამარა ვართ, რომელიც მაშინ დიუსელდორფში მოვიპოვეთ.

ადრე, როცა უკვე ვიცოდი, რომ დიდ ფეხბურთს ვეღარ ვითამაშებდი, მწვრთნელობაზეც მიფიქრია და სერიოზულად ვაპირებდი კიდეც ბავშვთა გუნდის შექმნას, მაგრამ ახლა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ამის გაკეთება შეუძლებელია. კომენტატორობის სურვილი არ მაქვს, მაგრამ ესპანური ლიგის რომელიმე მატჩს, ერთხელ მაინც, სიამოვნებით წავიყვანდი. 

„ფეხბურთის თამაშმა სიკვდილისგან მიხსნა“

2007 წლის ოცდაერთ ივლისს, გულის შეტევით, სწორედ ფეხბურთის თამაშის დროს „გარდავიცვალე“. მართალია, გამაცოცხლეს და უკანაც დამაბრუნეს, მაგრამ იმ ოპერაციის შემდეგ (რამდენიმე თვის განმავლობაში), ისეთი შავი დეპრესია და ნერვული შეტევები მქონდა, რომ თანამედროვე მედიცინაც კი უძლური აღმოჩნდა მის წინააღმდეგ. ოპერაციის წინ, სანამ ნარკოზი ამოქმედდებოდა, იმის გაფიქრება მოვასწარი, რომ ოპერაციის შემდეგ ფეხბურთს ვეღარასოდეს ვითამაშებდი და მახსოვს, როგორ დამწყდა გული. 

ერთხელ, რამდენიმე წლის წინ (დიღმის საწვრთნელ ბაზაზე), ჩვენი ნაკრების წევრებთან ერთად, მართლა ვითამაშე ფეხბურთი. ვერ ვიტყვი, რომ ჩემზე უკეთ მხოლოდ გიო ქინქლაძე თამაშობდა, მაგრამ, თუნდაც ერთხელ, თუნდაც ამხანაგურ მატჩში რომ მეთამაშა, ერთ გოლს ხომ მაინც გავიტანდი და საოპერაციოშიც კმაყოფილი, უკვე ოცნებაასრულებული შევყვებოდი ექიმებს. თუ ვეღარ გადავრჩებოდი, დამშვიდებული და ვალმოხდილი მაინც დავუბრუნდებოდი მშობლიურ მიწას... იმ დილასაც, როცა საოპერაციოსკენ გაღიმებული თურქები მიმაგორებდნენ გრძელი დერეფნის გავლით, ვფიქრობდი არა სიკვდილზე, არამედ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებზე, რომელშიც ვეღარასოდეს მოვხვდებოდი. მერე, როგორც ექიმებმა მითხრეს, სწორედ ფეხბურთმა გადამარჩინა. რადგან იმ დღეს, ივლისის თაკარა მზის ქვეშ, ფეხბურთი რომ არ მეთამაშა შეიძლება, ისე მოვმკვდარიყავი, ვერც გამეგო... როცა ყველაფერი დამთავრდა, ექიმებმა გულწრფელად მითხრეს, რომ მართლა არ იციან, როგორ გადავრჩი. არც მე ვიცი...

 

 

скачать dle 11.3