კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის მიაღებინა საშინელი შოკი და ტრავმა გიგი დედალამაზიშვილის საცოლემ

სატელევიზიო შოუებში და ინტერვიუებში მათ ბევრჯერ მოუყოლიათ თავიანთი სიყვარულის ისტორია, ამიტომ, ვიცით, სად და როგორ გაიცნეს ერთმანეთი, როგორ დაიწყო და გაგრძელდა მათი ურთიერთობა, მაგრამ გიგი დედალამაზიშვილის საცოლეზე, მარინა კარპზე, ძალიან ცოტა რამ ვიცით. არადა, მას ცხოვრების საკმაოდ საინტერესო მეორე მხარეც აქვს.  

 

მარინა კარპი: ულამაზეს მზიან დილას დავიბადე დონეცკში. სკოლის პერიოდში უამრავ წრეზე დავდიოდი, იქნებოდა ეს ცეკვა, ენები თუ სხვა. ვსწავლობდი და მშვენიერ მომავალზე ვფიქრობდი, რომ ვიქნებოდი ჭკვიანი გოგო, მეცოდინებოდა ენები, გავხდებოდი „სუპერ ბიზნესვუმენი” და ძალიან-ძალიან ბევრ ფულს ვიშოვიდი. 12 წლის ვიყავი, როდესაც მამამ საცხოვრებლად კიევში გადმოგვიყვანა, სადაც ბიზნესი ჰქონდა და, ამიტომ, ძირითადად აქ იყო ხოლმე. აქედან დაიწყო ჩემი დამოუკიდებელი ცხოვრება. აქ გადმოსვლის შემდეგ ძმა გამიჩნდა, რის შემდეგაც ჩემთვის უკვე დიდად აღარავის ეცალა და ამის გამო არც ვნერვიულობდი. ვგრძნობდი, რომ უკვე დიდი ვიყავი, მომწონდა დამოუკიდებლობა და დღემდე მადლობას ვეუბნები მას, რომ დაიბადა. 

– როგორ მიგიღო დედაქალაქმა?

– როდესაც კიევში სხვა ქალაქიდან ჩამოდიხარ, ადაპტაცია არც ისე ადვილია. ყველა გიყურებს როგორც სოფლელს, პროვინციიდან ჩამოსულს. მაგრამ, ჩემს შემთხვევაში ეს პრობლემები არ ყოფილა. ერთ-ერთი უძლიერესი შთაბეჭდილება, რომელიც იმ პერიოდიდან მაქვს, ეს არის სკოლაში ფლეერით მისვლა, თან ჩვეულებრივი ფლეერი კი არა, მინიდისკებიანი ფლეერი მქონდა. ერთ დღეში ჩამოყალიბდა ჩემ მიმართ დამოკიდებულება: აი, სკოლაში მაგარი გოგო გადმოვიდა, „კრუტაია”. ეს შეფასება დიდად არ მომწონდა, გული მწყდებოდა, რადგან ყოველთვის ძალიან უბრალო ვიყავი, არასდროს მქონია განსაკუთრებული სწრაფვა ყველაზე ძვირად ღირებულისკენ, ყველაზე საოცარისკენ. საერთოდ, ბედნიერებისთვის ძალიან ცოტა მჭირდება. ვგიჟდები შოკოლადზე და, საკმარისია, ერთი შოკოლადის ფილა შევჭამო, რომ უბედნიერესი გავხდე. მოკლედ, ავიღე ოქროს მედალი და დადგა ჩემი სწავლის გაგრძელების საკითხი. მამას უნდოდა, რომ სერიოზული პროფესია ამერჩია – საერთაშორისო ურთიერთობები, ეკონომიკა და სხვა. 16 წლის ასაკში უკვე ზუსტად ვიცოდი, რომ ფოტოგრაფი უნდა გამოვსულიყავი. გარდა გადაღებისა, ვიცოდი, როგორ მემუშავა, როგორ გამეფიარებინა საკუთარი თავი, როგორ უნდა წარვდგენოდი ადამიანებს. დარწმუნებული ვიყავი, რომ მთებს გადავაბრუნებდი. თუმცა, მამის გავლენა იმდენად ძლიერი იყო, რომ მაინც საერთაშორისო ეკონომიურზე ჩავაბარე, მაგრამ, ერთ კვირაში, ჩემი საბუთებით, ისე რომ სტუდენტური ბილეთის აღებაც ვერ მოვასწარი, სახლში დავბრუნდი. როდესაც ჩემი თანაკურსელები გავიცანი, მათ იმხელა სურვილი და მიზანი ჰქონდათ, მივხვდი, რომ არ ვარ იქ, სადაც უნდა ვიყო. მივხვდი იმასაც, რომ ეკონომიკაში ახალს ვერაფერს ვიტყოდი, მაშინ როდესაც ფოტოგრაფია უკვე თავში მქონდა და ნათლად ვხედავდი უამრავ სახეს, სცენას, თემას. 

– მაგრამ, ამისთვის დიდი გამბედაობაც არის საჭირო, მით უმეტეს – 16 წლის ასაკში.

– მამასთვის ეს, რა თქმა უნდა, დიდი შოკი და ტრავმა იყო, მაგრამ, სხვანაირად არ შემეძლო. მან მითხრა: თუ საკუთარ თავში ასეთი დარწმუნებული ხარ, ასე ზუსტად იცი, რა გინდა, მაშინ, თავად გახდი პროფესიონალი ფოტოგრაფი, ყველას დახმარების გარეშე. მინიმუმი ცოდნა უკვე გაქვს და, ვნახოთ, რას იზამო. ამან საოცრად გამამხნევა, ძალიან დიდი სტიმული იყო ჩემთვის, მაგრამ, რაღაცნაირად, არ აეწყო და, ვერა და ვერ მოვახერხე უმაღლესი განათლების მიღება (იცინის). კულტურის ინსტიტუტში ფოტოხელოვნების ფაკულტეტზე ჩავაბარე, სადაც ჩემმა ხელმძღვანელმა მითხრა, აქ შენი ადგილი არ არის, შენ უკეთეს განათლებას იმსახურებ, რადგან ამ სფეროში უკვე დიდი გამოცდილება გაქვსო. უმაღლესი განათლება ფოტოგრაფიაში მაინც ხელოვანის შეგრძნებები, შენი სტილი, ხასიათი და ამ ხასიათის საკუთარ ნამუშევრებში გამოხატვაა. შეიძლება, ბევრი შეიძინო, ისწავლო, ხელოვნების, ფოტოგრაფიის ისტორიიდან, მაგრამ, რა აღბეჭდო ფირზე, ამას მხოლოდ საკუთარი შეგრძნებები გკარნახობს. 18 წლის ასაკში ორი პერსონალური გამოფენა მქონდა: პირველი ეძღვნებოდა ძაღლებსა და მათ პატრონებს და ერქვა „ჰოთ დოგი”. ძალიან დიდი წარმატება ხვდა წილად. ეს იყო პირველი ნამუშევრები, რომლებიც გავყიდე. გავგიჟდი, ეს ამბავი ისე გამიკვირდა. ვერ წარმომედგინა, რომ ადამიანებს ესმით როგორ აღვიქვამ მე სამყაროს, და, მეტიც, მზად არიან, ჩემი ფოტოები თავიანთ სახლებში დაკიდონ. პირველად მივხვდი, რომ მართლა შემძლებია რაღაცის გაკეთება, ისეთი შეგრძნებები მქონდა, რომლის სიტყვით გადმოცემაც არ შემიძლია.

– მეორე სერია?

– მეორე იყო, ასევე, პორტრეტების სერია, სადაც ვთქვი, რომ ნებისმიერ ადამიანში შემიძლია დავინახო სილამაზე. სამ დღეში ას სამოცი ადამიანის პორტრეტი გადავიღე ერთ განათებაზე. 

– ამჟამად რას აკეთებ?

– სულ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში დავწერე, რომ 2012, ალბათ, ძალიან მნიშვნელოვანი წელი იქნება როგორც ჩემი პირადი ცხოვრებისთვის, ისე კარიერისთვის. ამბობენ, 2012  ბოლო წელიაო და, გამოდის, რომ ამ წელს ყველაფერს ვასწრებ (იცინის). ამ წელს ძალიან მსხვილი კლიენტები გამომიჩნდნენ. პირველ ყოვლისა, ეს არის „კოკა-კოლა”. ვმუშაობთ ფოტოწიგნზე, რომელიც „ევრო 2012-ის” შემდეგ გამოვა. ეს რაღაც გიჟური რამ იქნება. ყველა საიდუმლოს ვერ გაგიმხელთ, მაგრამ, ემოციების ნამდვილი აფეთქება მოხდება. მსოფლიოში ცნობილ ბრენდზე, „ორიფლეიმზე” ვმუშაობდი, მაგრამ, ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ 21 წლის ასაკში „კოკა-კოლას” მანდობდნენ. ეს გიჟური გამოცდილებაა ჩემთვის და კიდევ ერთხელ მადლობა იმ ადამიანებს, ვინც მენდო. 

– როგორ მოასწარი ეს ყველაფერი?

– ხანდახან ამ კითხვას თავადაც ვერ ვცემ პასუხს. რეალურად, ძალიან ბევრს ვმუშაობ. გასულ წელს უკრაინაში ქორწილების ფოტოგრაფების საუკეთესო ათეულში შევედი.

– ანუ, კარგად იღებ სიყვარულს.

– ალბათ. ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანების შეგრძნება, თვითონ ამ გრძნობის შეგრძნება იმისთვის, რომ ის ფოტოზე გადმოიტანო. თქვენ ყველამ კარგად იცით, რომ ეს გრძნობა არის ჩემში და, თან, რა რაოდენობით! (იცინის).  ალბათ, ამიტომ გამოდის ძლიერი ფოტოები. სულ მეუბნებიან, შენს ფოტოებში პირველ ყოვლისა, ის ჩანს, შენ როგორ გიყვარსო. 

– პირად ცხოვრებაში რა გარდატეხები იქნება ამ წელს?

– ვაიმე, ვაიმე (ქართულად ამბობს, – ავტორი)! არის რაღაც გეგმები, რომლის მოყოლაზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ.

– ამიტომაც, ჯერ გიგის ვკითხე და, მითხრა, რომ წელს ქორწილი გვექნებაო.

– რადგან თქვა, მაშინ ვისაუბროთ (იცინის). არ ვიცი, იმდენი სამუშაო მაქვს, იმდენი რაღაც დავგეგმე, რომ, რას და როგორ მოვასწრებ, წარმოდგენა არ მაქვს. გიგი ამაზე უკვე ხუმრობს – იქნებ, ერთი შაბათი საკუთარი ქორწილისთვისაც დაჯავშნოო. არადა, სექტემბრის ყველა შაბათი უკვე დაგეგმილი მაქვს.

– რომელიმე შაბათს უკვე მოიაზრებთ ქორწილისთვის?

– არა, ჯერჯერობით ასე კონკრეტულად არა. ამ ყველაფერს ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, რადგან, არ მინდა ნაჩქარევი, სპონტანური ქორწილი გამოვიდეს, ყველაფერი კარგად გაცნობიერებული და მოფიქრებული მინდა იყოს. ახლა კი ამაზე ფიქრის დრო ნამდვილად არ მაქვს. 

– გინდა, ის პომპეზური, ზღაპრული იყოს?

– არა, არა! ძალიან დიდ ქორწილზე, სუპერფუშფუშა კაბაზე, რომელიც სტუმრებს მოლოცვასა და გადაკოცნაში ხელს უშლის არასდროს მიოცნებია. ქორწილი ჩემთვის უფრო ოჯახური დღესასწაულია, სადაც მხოლოდ ძალიან ახლობელმა ადამიანებმა უნდა მოიყარონ თავი, რომლებსაც შენი სიხარულის გულწრფელად გაზიარება შეუძლიათ და, ქორწილში იმისთვის არ მოდიან, რომ მეორე დღეს განიხილონ, როგორი კაბა გეცვა და როგორი მაკიაჟი გქონდა. 

– ეს საქართველოში მოხდება?

– ალბათ. ყოველ შემთხვევაში, ასე ვგეგმავთ. თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ რაღაც მეორე დღის მსგავსი კიევშიც გავაკეთოთ. ჩემს მეგობრებს ამბოხი აქვთ დაწყებული და, საქმე რევოლუციამდე რომ არ მივიდეს, პატარა ზეიმს ჩემი აქაური მეგობრებისთვისაც მოვაწყობთ. 

– რამდენი ხანია, რაც ერთად ხართ?

– ორი წელიც არ არის, მაგრამ, მგონია, რომ მთელი ცხოვრებაა, ვიცნობ. გაცნობიდან პირველივე კვირაში უკვე ყველაფერი ვიცოდით ერთმანეთის ცხოვრებაზე. 2010 წლის 5 დეკემბერს გავიცანით ერთმანეთი – ეს ჩვენი თარიღია. ახლახან ჩემი ავიაკომპანიისგან „რასპეჩატკა” მივიღე და, აღმოჩნდა, რომ 2011 წელს ოცდაოთხჯერ ვიყავი თბილისში, ანუ, ეს არის კიევი-თბილისი და უკან, ორმოცდარვა ფრენა. ეს უზარმაზარი რიცხვია. მეგობრები მეხუმრებიან, შეგიძლია, სტიუარდესად დაიწყო მუშაობაო. ჩვენი გაცნობიდან დღემდე, ჩვენი ურთიერთობა სულ ერთ მდგომარეობაშია – რამდენიც არ უნდა ვიფრინო, რამდენჯერაც არ უნდა ჩავიდე მასთან, ბარგის აღების დროს ფეხები მიკანკალებს; როდესაც ვაცნობიერებ, რომ ის უკვე ძალიან ახლოს არის, აქვე მელოდება, გული მივარდება. არადა, რამდენჯერ შეიძლება, წელიწადში ორმოცდარვაჯერ?! (იცინის). 

– მან რამდენჯერ იფრინა?

– ზუსტად არ ვიცი, მაგრამ, ნაკლები იყო ნამდვილად (იცინის). მე ისე არ ვჭირდები უკრაინას, როგორც გიგი – საქართველოს. თბილისი ჩემი სახლია, ამ ქალაქში ძალიან კარგად ვგრძნობ თავს და სულ მენატრება; მაშინაც კი, როცა გიგი აქ ჩამოდის, თბილისში ჩასვლა სულ მინდა. ახალი წლიდან უკვე ჩვენი ბინა გვაქვს. ერთად ავარჩიეთ ავეჯი, მაქვს გარდერობი, სადაც ჩემი ნივთები დავალაგე. ახლა, რა თქმა უნდა, სხვა შეგრძნებით ჩამოვდივარ, უკვე ვგრძნობ, რომ ეს ყველაფერი ჩემი და ძალიან მშობლიურია. ძალიან მინდა თბილისში მუშაობა და, ალბათ, უახლოეს მომავალში დავიწყებ ფიქრს თბილისში საკუთარი სააგენტოს გახსნაზე – მინდა, ძალიან ლამაზი ქართული ქორწილები გავაკეთო. როგორც ვხვდები, ეს სეგმენტი ჯერჯერობით თავისუფალია და ამ სფეროში პირველი ვიქნები. თან, მუდმივად მომიწევს კიევში ფრენაც. აქ არის ჩემი ოჯახი, ჩემთვის ძალიან საყვარელი ადამიანები...

– მათ მოსწონთ სიძე?

– რა თქმა უნდა. ბებიაჩემი ამბობს, ჩვენი ზომააო (იცინის) – ყველაფერში მოვერგეთ ერთმანეთს. პარალელურად, კიევში მაქვს საქმეები და ასე მარტივად აქედან უკვე აღარავინ გამომიშვებს. ასე რომ, ჩამოვალ ხოლმე კიევში, მოვკვდები მუშაობით და დავბრუნდები თბილისში. 

 

 

скачать dle 11.3