კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თავისი კომისარიატისთვის სტალინმა ტროცკის სამი ათასი მანეთი წაართვა

 

ლენინთან

საბჭოების ყრილობის მეორე სხდომა 26 ოქტომბერს, დღის პირველ საათზე იყო დანიშნული, მაგრამ დრო გადიოდა და დაწყებას პირი არ უჩანდა. ის მხოლოდ საღამოს ცხრა საათისთვის დაიწყო. სამაგიეროდ, სულ რამდენიმე საათში, ისეთი გადაწყვეტილებები მიიღო, ქვეყნის ბედისთვის მართლაც რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო „დეკრეტი ზავის შესახებ“, რომელიც აშკარად საიდუმლო დიპლომატიის შედეგი იყო, კერძოდ, ეს ეხებოდა გერმანიასთან  ბოლშევიკების ფარულ მოლაპარაკებას. ეს დოკუმენტი ქვეყნის ღალატის კლასიკური მაგალითია: არა როგორც რომელიმე პოლიტიკური ორგანიზაციის შეცდომა, არამედ პირდაპირ თანხების აღება, უცხო ქვეყნის ინტერესების გასატარებლად. ამ დეკრეტის მე-4 აბზაცი, ახალი, მუშურ-გლეხური იდეოლოგიით  სიცრუის შენიღბვის ნათელი მაგალითია, სადაც სწორედ ფარული დიპლომატიის დაგმობაზეა საუბარი: „მთავრობა აუქმებს ფარულ დიპლომატიას, თავისი მხრივ, გამოვხატავთ რა ნებას, ღიად ვაწარმოოთ ყველა მოლაპარაკება ხალხის წინაშე, დაუყოვნებლივ ვიწყებთ მემამულეებისა და  კაპიტალისტების ხელისუფლების მიერ დადებული ფარული ხელშეკრულებების გამოქვეყნებას  ამა წლის  თებერვლიდან 1917  წლის  25 ოქტომბრამდე, რომლებსაც ჩვენი მთავრობა გაუქმებულად აცხადებს“. მაშინ რუსეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი, ინტელექტით არ გამოირჩეოდა, ასე რომ, მეორე – „მიწის შესახებ დეკრეტის“ შემდეგ, ასეთ მშვიდობასა და დარიგებულ მიწებზე უარი არ თქვეს.  სხდომის ბოლოს, ახალი მთავრობის შექმნის საკითხი განიხილეს. მას უჩვეულო სახელი ეწოდა – სახალხო კომისართა საბჭო, რომელიც თხუთმეტი კაცისგან შედგებოდა. პირველი სიაში ლენინი იყო, „სახკომსაბჭოს“ თავმჯდომარე, ხოლო ჯუღაშვილი (სტალინი) – ნაციონალური საქმეების თავმჯდომარე. ერთადერთი, მხოლოდ სტალინი არ იყო გარეული ზავის „საქმეში“ – ვერც იქნებოდა, რადგან იმ დროს ციმბირში იხდიდა სასჯელს. 28 ოქტომბერს ლენინი, სტალინისა და ტროცკის თანხლებით, პეტროგრადის სამხედრო ოლქის შტაბისკენ გაემართა, სადაც პოდვოისკის, ანტონოვ-ოვსეენკოსა და მეხონიშინის მოხსენებები მოისმინა იმ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელიც კაზაკების მიერ გატჩინის ხელში ჩაგდების შემდეგ შეიქმნა. ლენინი მოხსენებებმა არ დააკმაყოფილა და სტალინის რჩევით, ოპერატიული ცენტრი სმოლნიში გადაიტანა. როგორც დრომ აჩვენა, ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო. იმ ფეთქებადსაშიშ ვითარებაში ეს ერთადერთი დაცული ადგილი გახლდათ, სადაც ოპერატიულ შტაბს ნორმალური ფუნქციონერება შეეძლო. ამის შემდეგ სტალინი ლენინს გვერდიდან არ მოშორებია.

სმოლნი

სმოლნიში სტალინს საქმეები არ აკლდა. ის, ფაქტობრივად, ადგილიდან გაუსვლელად მუშაობდა. იღებდა და გულმოდგინედ უტარებდა ინსტრუქტაჟს სხვადასხვა რაიონიდან ჩამოსულ პარტიულ ორგანიზატორებს (შემდგომში რაიკომის მდივნებს), ათეულობით კომისარს, რიგით ჯარისკაცებსა და წითელგვარდიელებს. აბსოლუტურად ყველა ინფორმაციას ფანქრით იწერდა, საღამოს კი ლენინთან შედიოდა და გვიანობამდე მსჯელობდნენ და იღებდნენ გადაწყვეტილებებს. ტროცკი იხსენებს, გამორიცხული იყო სტალინს ლენინთან  ხელმოსაწერად რამე დოკუმენტი შეეტანა და უარი მიეღოო. ერთ-ერთი ასეთი იყო „დეკლარაცია ხალხების უფლებების შესახებ“, სადაც ეროვნული პოლიტიკის პრინციპები იყო ფორმულირებული:

„1. რუსეთის ხალხების თანასწორობა და სუვერენობა.

2. თავისუფალი თვითგამორკვევის უფლება, გამოყოფისა და დამოუკიდებელი სახელმწიფოების ჩამოყალიბების უფლების ჩათვლით.

3. ყველა ეროვნული და რელიგიური პრივილეგიის და შეზღუდვის გაუქმება“.

იყო საჭირო სახალხო კომისარიატის ორგანიზება და ჩამოყალიბება. მისი პირველი  თანამშრომელი გახდა სტანისლავ  ცვეტკოვსკი, რომელიც მანამდე, ფინანსთა სამინისტროს ჩინოვნიკი იყო. მისი მოგონებების მეშვეობით, ცნობილია ამ პროცესის დეტალები. ერთ-ერთში იხსენებს, რომ სტალინთან მივიდა და ჰკითხა: „ამხანაგო ჯუღაშვილო, თქვენ ნაციონალური საქმეების სახალხო კომისარი ხართ?  – დიახ, ოღონდ კომისარიატის გარეშე”, – უპასუხა სტალინმა. ცვეტკოვსკიმ მაშინვე დაიწყო ზომების მიღება. მან სმოლნიში ერთი დიდი ოთახი შეარჩია, სადაც ერთ მაგიდასთან წითელი გვარდიის მომარაგების კომისია ატარებდა სხდომებს, კუთხეში, მეორესთან კი – იარაღის გაცემის ნებართვებს იძლეოდნენ. აღმოჩნდა, რომ იქ მისი და სტალინის კატორღელი მეგობარი, ფელიქს სენიუტა მუშაობდა. მან სიამოვნებით დაუთმო ადგილი ცვეტოვსკის, სტალინთან მუშაობის სანაცვლოდ. შემდეგ მაგიდაზე ფურცელი მიაკრეს წარწერით: „ნაციონალურ საქმეთა სახალხო კომისარიატი“. სტალინი საკითხის ასეთ სწრაფ გადაწყვეტას არ ელოდა და კმაყოფილი დარჩა. ორ თანამშრომელს ქალაქში შტამპებისა და ბეჭდების ყიდვა დაავალა. უკან მობრუნებულებმა უთხრეს, რომ საკუთარი ფული დახარჯეს, რადგან კომისარიატს ფული საერთოდ აღარ აქვსო. არა უშავს, ტროცკის აქვს ბევრი ფულიო, – უთქვამს სტალინს და პირდაპირ ლენინის კაბინეტისკენ წასულა. მოგონებების ავტორს უკვირს, საიდან უნდა სცოდნოდა სტალინს, რომ ყოფილ საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც ტროცკი მოკალათდა, ყოფილი მთავრობის ფული იპოვეს. ლენინის კაბინეტიდან გამოსულ სტალინს ეღიმებოდა და თავის თანამშრომლებს უთხრა, რომ ათასი მანეთის მაგივრად, რომელიც სთხოვეს, სამი ათასს მიიღებდნენ, თუ ტროცკისთან მივიდოდნენ. ხუმრობით ისიც უთხოვია, არავის უთხრათ, რომ პირველი ფული ტროცკის წავართვითო.

 ბრძოლა კოსმოპოლიტიზმთან

1918 წლამდე, სტალინის ცენტრალურ აპარატში სულ სამი კაცი მუშაობდა, თუმცა მათ რეგიონებში კომიტეტების ჩამოყალიბება და მუშაობის გაშლა მოახერხეს. ეროვნულმა საკითხმა, რომლის აღიარებული თეორეტიკოსი ბოლშევიკებს შორის სტალინი იყო, ცვეტკოვსკის აზრით, ძალიან ცუდი მემკვიდრეობა მიიღო მარქსისა და ენგელსის თეორიებიდან. მათი მიმდევრები არა მხოლოდ ამცირებდნენ ყველაფერს, რაც ნაციონალური იყო, არამედ პირად ცხოვრებაშიც კოსმოპოლიტები იყვნენ და ისტორიის მიმართ მტრულად განწყობილნი. არც ლენინის პატრიოტიზმზე სმენია ვინმეს რამე, მაგრამ სახელმწიფოებრიობასთან დაკავშირებით მტკიცე პოზიციები ჰქონდა, რისი თქმაც არ შეიძლება „ლენინის შტაბზე“, რომლის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო განათლების სახალხო კომისარი, ლუნაჩარსკი. აი, რა თქვა მან 1918 წლის სექტემბერში: „ჩვენ უნდა უკუვაგდოთ ისტორიის სწავლება ეროვნული სიამაყისა და ნაციონალური გრძნობების კუთხით, სამაგალითო მომენტები ისტორიიდან ყოვლად უსარგებლოა“. სხვა მაგალითების მოყვანა არ ღირს, რადგან მაშინ პროლეტარიატის ისეთი „ბელადებიც“ კი, როგორებიც ტროცკი და ბუხარინი იყვნენ, წარსულისა და აწმყოს მიმართ ასეთ შეხედულებებს იზიარებდნენ და შესაბამის აზრებსაც გამოთქვამდნენ. მეტიც, მემარცხენე კომუნისტს, რეისნერს, რომელიც ამავე დროს იუსტიციის კომისარიატის სახელმწიფო სამართლის განყოფილების უფროსი იყო და სპეციალური მოხსენების გაკეთება ჰქონდა დავალებული, სტალინი სხვადასხვა შეკრებებზე 24-ჯერ კატეგორიულად შეეწინააღმდეგა – სრული უაზრობა უწოდა მის გეგმას. რა გეგმა იყო ეს? – უმაგალითო კოსმოპოლიტური პროექტი, რომლის მიხედვით, ფედერაციის სუბიექტები იყოფოდა არა ეროვნული ნიშნით, არამედ საბჭოების, კომუნების, პროფკავშირული, კოოპერატიული, სარკინიგზო და საფოსტო ორგანიზაციების მიხედვითაც კი. სტალინის ძალისხმევით, ეს გეგმა ჩაიშალა, რითაც სერიოზული ზიანი მიადგა კოსმოპოლიტურ დაჯგუფებას.

სტალინი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მან კარგად იცოდა ეროვნული პრობლემატიკა, შემოვლილი ჰქონდა რუსეთის იმპერია, იცნობდა ამა თუ იმ ეროვნების კონკრეტულ ადამიანებს, მათ კულტურას და სხვა „ბელადებივით“ ჟენევის ტბასთან არ ნებივრობდა წლების განმავლობაში. ასე რომ, მარქსისტული დოგმებისადმი უსიტყვო თაყვანისცემასა და დამორჩილებას არ აპირებდა.  პირველი, რაც მან გააკეთა, ეს იყო, რომ 24 ნოემბერს პოლონური კომისარიატი ჩამოაყალიბა. კომისრად, რომელსაც სამხედრო საქმეები და ლტოლვილები ეხებოდა, იულიან მარიანის ძე ლეშჩინსკი დანიშნა, თანაშემწედ – კაზიმირ ჰენრიხის ძე ციხოვსკი. გაწეული სამსახური ჯუღაშვილს დაუფასდა, მისთვის მოვლენები ასეთი თანმიმდევრობით  წარიმართა:

• ნოემბრის ბოლოსთვის სტალინის კომისარიატს ყოფილი შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა გამოეყო ალექსანდრიის მოედნის კუთხეში.

• 16 დეკემბერს, ლენინის განკარგულებით, „ექსტერნული წესით“ ნაციონალურ საქმეთა კომისარიატს ნახევარი მილიონი მანეთი გამოეყო.

• თანდათან დაიწყო ფუნქციონერობა სხვა ეროვნულმა კომისარიატებმაც: 1917 წლის ნოემბრის ბოლოს ლიტვურმა, 1918 წლის იანვარში – ბელორუსულმა, ებრაულმა, სომხურმა და მუსლიმანურმა.

 რევოლუციონერი პესტკოვსკი იხსენებს, რომ სტალინი, პირველ ყოვლისა, საქმის კაცი იყო. ის ყოველთვის ცდილობდა, შეეზღუდა, გარკვეულ ჩარჩოებში მოექცია გაუთავებელი, უნაყოფო დისკუსიები, რომელიც მის თანაგუნდელებს ახასიათებდათ.  ალბათ, თავიდან ეს ყოველთვის არ გამოსდიოდა. ასეთ დროს მოთმინებაც დაუკარგავს, მაგრამ ამას საერთო შეკრებების დროს არ გამოხატავდა. მოხერხებულად მონახავდა ხოლმე მომენტს, იტყოდა, ერთი წუთით გავალო და სმოლნის ან კრემლის დერეფანში ქრებოდა, ისე რომ მისი პოვნა შეუძლებელი იყო. ჯერ ყველა ელოდებოდა, შემდეგ კი იშლებოდნენ. კაბინეტში მხოლოდ პესტკოვსკი რჩებოდა, მაგრამ ხდებოდა ისეც, რომ ლენინს დაურეკავს და მისთვის სტალინის სასწრაფოდ მოძებნა დაუვალებია. თანამშრომელი მას ხშირად წარმოუდგენელ ადგილებში პოულობდა – რამდენჯერმე ვორონცოვის ბინაში ნახა, ტახტზე წამოწოლილი ჩიბუხს ეწეოდა და ღრმა ფიქრებში იყო ჩაფლული.

 

 

скачать dle 11.3