კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)

ინტიმური საუბრები


ვერ გავიგე, ჩემი შეყვარებული ქურდია თუ კლეპტომანი

გავიცანი ბიჭი, რომელმაც მაშინვე მომხიბლა თავისი გარეგნობით, დახვეწილი მანერებით, ინტელექტით, ჯენტლმენობით. ერთი სიტყვით, მისი მამაკაცური ხიბლის ტყვეობაში გაცნობისთანავე აღმოვჩნდი. ზუსტად ასეთ ბიჭზე ვოცნებობდი და ხელიდან როგორ გავუშვებდი! მით უმეტეს, რომ თვითონაც ძალიან დაინტერესდა ჩემით და მეორე დღიდან ყოველდღე ვხვდებოდით ერთმანეთს. თავი რომ არ შეგაწყინოთ, მოკლედ გეტყვით, რომ რამდენიმე პაემნის შემდეგ, ყოველი შეხვედრის მერე, რაღაც მეკარგებოდა: ხან ფული, ხან რამე სამკაული, ხან – სათვალე. თავიდან მეგონა, რომ მეკარგებოდა, მაგრამ, ამ დაკარგვებმა სისტემატური ხასიათი რომ მიიღო, დავფიქრდი. ძალიან ბევრი ვიფიქრე და, დედუქციის მეთოდით მივედი იმ დასკვნამდე, რომ ამ საქმეში გუგას ხელი ერია. ამ აღმოჩენამ ორმაგად შემაშფოთა. არაფრით არ მინდოდა, დამეჯერებინა, მაგრამ...

ძალიან დიდხანს ვებრძოლე საკუთარ თავს, მაგრამ ბოლოს მაინც გადავწყვიტე, გუგასთვის ყველაფერი მეთქვა და გამერკვია, რა ხდებოდა. ამ ახალი „აღმოჩენიდან“ მეორე დღესვე შევხვდი თუ არა, მაშინვე ყველაფერი ვუთხარი. თავიდან ცოტა კი შეკრთა, მაგრამ ბოლოს მითხრა, ყველაფერში უნდა გამოგიტყდეო და, მართლაც, გამომიტყდა, რომ, თურმე, ჩვეულებრივი ქურდი კი არა, კლეპტომანი ყოფილა. ისე გულწრფელად მიყვებოდა, რომ დავუჯერე და ძალიან შემებრალა, რადგან განიცდიდა და ბოდიშებს მიხდიდა, რომ თავიდანვე არ მითხრა ამის შესახებ. მე კარგა ხანს ვაწყნარებდი, დაბოლოს, როგორც იქნა, დავამშვიდე. მაგრამ, მეც მაქვს რაღაც-რაღაცეები წაკითხული კლეპტომანიის შესახებ, და, როგორც მახსოვდა, ჯერ ერთი, კლეპტომანი ამოჩემებულად ერთი სახეობის ნივთს იპარავს, მეორეც, მერე ამ ნივთებს აბრუნებს. ეს ყველაფერი გამახსენდა, მაგრამ თქმას ჯერ არ ვაპირებდი, მეგონა, წაღებულ ნივთებს თავისი აღსარების შემდეგ მაინც დამიბრუნებდა, მაგრამ ამის გაკეთება აზრადაც არ მოსვლია. მეც ვეღარ მოვითმინე და კლეპტომანიის შესახებ ვუთხარი. გუგამ პირველი ინფორმაცია მაშინვე უარყო – კლეპტომანები სხვადასხვა ნივთებს იპარავენო, მეორე ინფორმაციის გაგონებაზე კი ჯერ უსიამოვნოდ შეიშმუშნა, მერე კი შეწუხებული სახით მითხრა, რომ ვერაფერს დამიბრუნებდა, რადგან არ ახსოვდა, სად წაიღო. ამ სიტყვებს რომ მეუბნებოდა, ცდილობდა, თვალი გაესწორებინა, მაგრამ არ გამოსდიოდა და ეჭვი გამიჩნდა, რომ რაღაცას მიმალავდა, თუმცა, ვერაფრით გამოვტეხე. ძალიან გამიჭირდა ამის გაკეთება, მაგრამ ვუთხარი, სანამ ჩემთან გულწრფელი არ იქნებოდა, აღარ შევხვდებოდი. გავაფრთხილე და შევასრულე კიდეც, მაგრამ ერთი კვირა ისე გავიდა, არც კი დაურეკავს. მისმა ასეთმა საქციელმა კიდევ უფრო მეტად დამაფიქრა იმაზე, ღირს თუ არა მასთან ურთიერთობის გაგრძელება. მართალია, ძალიან გამიჭირდება, მაგრამ უნდა შევძლო. ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა ვიცოდე, ქურდია ჩემი საქმრო თუ კლეპტომანი?

თუმცა, სიმართლე რომ გითხრათ, არც ერთი არ მინდა.

ნია, 22 წლის.



ჩემი სასიდედრო ძალიან აქტიურად ერევა ჩვენს ურთიერთობაში

მყავს საცოლე. ჩვენ ძალიან გვიყვარს ერთმანეთი. ოჯახის შექმნაც დავგეგმეთ და ქორწილისთვის ვემზადებით. მე და ეკა ძალიან კარგად ვუგებთ ერთმანეთს და, პრაქტიკულად, არც კი ვკამათობთ, ისეთი მშვიდობიანი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ, საკმარისია, ჩვენს პირად ცხოვრებაში დედამისი ჩაერიოს, რომ ეკა, თითქოს სხვა სიხშირეზე გადართესო, აბსოლუტურად სხვანაირი ხდება: ყველაფერზე მედავება და მეკამათება, თან რომ გადავყვე, არაფერი მოსწონს ჩემი გაკეთებული. ცდილობს, თავისი (უფრო სწორად, დედამისის) პრინციპები მომახვიოს თავს. წინასწარ ედავება დედაჩემს (სულ ორჯერ ჰყავს ნანახი). ერთი სიტყვით, აბსოლუტურად სხვა ადამიანი ხდება. დედამისი, ანუ ჩემი მომავალი სიდედრი, ისეთ სამსახურში მუშაობს, რომ ხშირად უწევს ხანგრძლივი ვადით მივლინებაში წასვლა და სწორედ მაშინ ვარ ყველაზე ბედნიერი, რადგან ეკა ისეთი ხდება, როგორიც არის სინამდვილეში. „ჭკუის დამრიგებელი“ დედიკო შორს არის და იქიდან შვილის მართვას ვერ ახერხებს.

სანამ ეკა შემიყვარდებოდა, სულ მიკვირდა, რატომ არ უყვარს სიძე-სიდედრს ერთმანეთი-მეთქი (თუმცა, კაცმა რომ თქვას, არც რძალ-დედამთილი იფიცებს ერთმანეთის სახებას). ახლა კი ყველაფერი გასაგები გახდა, გარდა ერთისა: მაინც, რას ერჩიან ეს სიდედრები სიძეებს, ვერაფრით ვერ ვხვდები.

ლუკა, 26 წლის.



როგორ გადამიხადა სამაგიერო შეყვარებულმა

სტუდენტობის პერიოდში ერთ ბიჭს მოვწონდი. რაღაც სიმპათიები მეც მქონდა მის მიმართ და ამიტომ ვხვდებოდი ხოლმე. გამოგიტყდებით და, მინდოდა,შემყვარებოდა, მაგრამ ელემენტარული რაღაცეები ეშლებოდა და ჩემი სიმპათია მის მიმართ სიყვარულში ვერ გადაიზარდა. საერთოდ, პრეტენზიული გოგო არ ვიყავი, არც საჩუქრებს ვითხოვდი, არც ბარ-რესტორნებში ტარებას და არც სხვა მსგავს რამეს, მაგრამ, მთელი წლის განმავლობაში გოგოს რომ ხვდები, ხელს რომ სთხოვ და სიყვარულს რომ უხსნი, ერთხელ აზრად ხომ უნდა მოგივიდეს, რომ ერთი კონა ია მიართვა 8 მარტს, ან დაბადების დღე დაიმახსოვრო და ტელეფონით მაინც მიულოცო, ან, პაემნის მერე მარტო არ აუშვა ავტობუსში და მიხვდე, რომ უნდა შეიწუხო თავი და სახლამდე მაინც მიაცილო?! ეს ელემენტარული ანბანი თუ არ იცის 25 წლის ბიჭმა, ამას ვერავინ ასწავლის. ისე მომბეზრდა ასეთი უინტერესო ურთიერთობა, რომ, ერთ დღესაც, მტკიცედ გადავწყვიტე, რომ შევხვდები, ყველაფერს ვეტყვი და ხელსაც დავუქნევ-მეთქი. დამავიწყდა მეთქვა, ამ ყველაფერთან ერთად, მთელი წლის განმავლობაში, ერთხელ არ გადაუხვევია ხელი, არც კი უცდია, ერთხელ მაინც ეკოცნა, თუნდაც ლოყაზე. ერთი სიტყვით, ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა ხოლმე, რომ, კი არ ვუყვარდი, უბრალოდ, ჩემნაირი წყნარი და უპრეტენზიო ცოლი აწყობდა. ერთი სიტყვით, მასთან დაშორება გადავწყვიტე, ტექსტიც მოვამზადე და ასე შემართული წავედი მასთან ბოლო პაემანზე.

გელა ცუდ ხასიათზე დამხვდა. თავიდან არ მეუბნებოდა, რა იყო ამის მიზეზი. მეც მომენტი ვერ მოვძებნე, რომ ჩემი სათქმელი მეთქვა. ბოლოს გელამ მითხრა, სრულიად მოულოდნელად, ძალიან მწვავე ფორმის დიაბეტი აღმომაჩნდა და მაინც გამომყვები ცოლადო? თითქოს მანამდე ფიცი მქონდა მიცემული, შენი ცოლი გავხდები-მეთქი. ჩემთვის არახელსაყრელი სიტუაცია იყო, მაგრამ, ვიფიქრე, გაჟეჟილს გატეხილი ჯობია-მეთქი და ყველაფერი ვუთხარი, მერე კი ბოდიში მოვუხადე გულისტკენის გამო და წამოვედი, წამოვედი სამუდამოდ. მას შემდეგ აღარ მინახავს. არც მე მიცდია მასთან შეხვედრა და არც თვითონ მოუკლავს თავი. პრინციპში, ამ მხრივ ვერც ვამტყუნებ, მაგრამ ძალიან უსამართლოდ და სულმდაბალი კაცივით მომექცა: ჩემმა სიტყვებმა კი არ დააფიქრა, არამედ გაანაწყენა და სხვების (და, ალბათ, პირველ ყოვლისა, საკუთარი თავის) დასარწმუნებლად, რომ თვითონ არასდროს არაფერი შეშლია ჩემთან, ყველას იმას უყვებოდა, როგორ ვუთხარი უარი და როგორ ჩავშალე კარს მომდგარი ქორწილი და როგორ უარვყავი ავადმყოფი ადამიანი, იმის ნაცვლად, რომ გვერდში დავდგომოდი და მისი ჭირი და ლხინი გამეზიარებინა.

ღმერთს ვფიცავ, თუ პირობის მსგავსი რამე მქონოდა მიცემული. კაცმა რომ თქვას, ოფიციალურად ხელიც კი არ უთხოვია, მხოლოდ ერთხელ მკითხა, ისიც, სხვათა შორის (თანაც მაშინ, ჯერ კიდევ ახალგაცნობილები რომ ვიყავით), რამე რომ იყოს, ცოლად გამომყვებიო? თან ეს ისე ნახევრად ხუმრობის ტონით იყო ნათქვამი, ყურებამდე შეყვარებულიც რომ ვყოფილიყავი მასზე, სერიოზულად მაინც ვერ მივიღებდი. ამიტომ, მეც ხუმრობით ვუთხარი, გააჩნია, როგორ მოიქცევი-მეთქი. კარგად რომ მოვიქცეო? მაშინ, ამ კვირაში რაღა და, იქით კვირას ვიფიქროთ მაგაზე-მეთქი. ამით დამთავრდა ჩვენი ურთიერთობის ოფიციალური მხარე. მერე, მთელი წლის განმავლობაში, ხუმრობითაც კი აღარ განახლებულა ამ თემაზე საუბარი. გელას ჭორაობის შედეგად კი (მის საქციელს სხვა სახელს ვერ დავარქმევ) ის შედეგი მივიღე, რომ მისი მეგობრებიც და ჩვენი საერთო ნაცნობებიც სალამს აღარ მაძლევდნენ და ჩუმად თუ ხმამაღლა მამტყუნებდნენ: თან იყო ეს ბიჭი გადაყოლილი, მან კი, რომ გაიგო, მისი ავადმყოფობის შესახებ, მაშინვე მიატოვაო. ზოგმა „კეთილმა“ ადამიანმა ისიც კი გამაგონა, თითქოს გელას ნაჩუქარი უამრავი ძვირფასი ნივთი „შევიტყაპუნე“, ცოლად კი არ გავყევი. ძალიან მეტკინა გული, მაგრამ, გადავწყვიტე, ამ უგუნური ხალხისთვის პასუხი არ გამეცა. ვინც მე გელასთან გამამტყუნოს, გელასნაირი არ გამოელიოს-მეთქი, – ვუთხარი ერთ ნაცნობს და ეს წყევლა არ იყო. ეს იყო სურვილი უსამართლო ადამიანების მიმართ.

მას მერე გელაზე არაფერი გამიგია.

ნანა, 30 წლის.



ამქვეყნად მუდმივი არაფერია

ახალგაზრდობაში ძალიან პოპულარული ბიჭი ვიყავი. რომ იტყვიან, გუნდ-გუნდად დამდევდნენ გოგოები, მეც გამატუტუცა მათმა ასეთმა ყურადღებამ და საკუთარ თავზე ძალიან დიდი წარმოდგენა შემექმნა. საკმარისი იყო, ყველაზე პოპულარული გოგოსთვის დამედო ხელი, შეყვარებულიც რომ ჰყოლოდა (გათხოვილებს შეგნებულად არ ვეკარებოდი ახლოს), მიატოვებდა და ჩემთან გამოიქცეოდა. ისე ვიყავი ლამაზი გოგოების ყურადღებას და მათგან სიყვარულის ახსნას მიჩვეული, რომ სასაცილოდაც არ მეყო, როცა ძმაკაცისგან გავიგე, ანას უყვარხარო. ანა ძალიან მშვიდი, წყნარი, გონიერი და სერიოზული გოგო იყო, ამ თვისებების გამო მის მიმართ ჩემდაუნებურად პატივისცემით ვიყავი განწყობილი, მაგრამ, შეუხედავი იყო –გრძელი ცხვირითა და ერთმანეთზე გადამჯდარი კბილებით, თანაც ცოტა მსუქანიც. ამიტომ, როგორც ქალს, ვერასდროს აღვიქვამდი. ერთ დღეს კი ანა უბნიდან გაქრა. სიმართლე გითხრათ, არც მისი გაქრობა შემიმჩნევია, ვიღაცას შემთხვევით რომ არ ეკითხა, ხომ არ იცი, სად წავიდა, რა მოუვიდაო. წარმოდგენა არ მაქვს-მეთქი, ვუპასუხე უინტერესოდ და იქვე დამავიწყდა მისი არსებობა.

გავიდა ორი-სამი წელი. ისე გავერთე ქალებში წანწალით, ოჯახის შექმნა ვერა და ვერ მოვახერხე. ერთ დღეს კი ჩემი სახლის წინ რომ „ვბირჟაობდი“, ისეთმა ნაშამ ჩამიარა წინ, სუნთქვა შემეკრა. კინაღამ გავგიჟდი. ეგრევე ავამუშავე ჩემი „ქსელი“ და გაირკვა, რომ ის მაგარი ნაშა სწორედ ის ანა იყო, რომლის სიყვარულსაც თავის დროზე დავცინე. ცოტა კი შემრცხვა გულში, მაგრამ გადავაბიჯე ამ სირცხვილს და თვითონ გამოველაპარაკე ქუჩაში – ვითომ შემთხვევით შევხვდი და ვიცანი. აშკარად მიხვდა ჩემს ტაქტიკას, მაგრამ თამაშში ამყვა. მერე დაიწყო ჩვენი შეხვედრები, რაც, გამოგიტყდებით და, ძალიან ცოტა ხანს გაგრძელდა. ყოველ შეხვედრაზე ანა ისე მექცეოდა, თავი არარაობა მეგონა. ცოდვას ვერ ვიტყვი, ერთი უკადრისი სიტყვაც არ წარმოუთქვამს ჩემი მისამართით, მაგრამ ისე ოსტატურად თრგუნავდა ჩემს ამბიციებს, კუდამოძუებული ლეკვივით ვიდექი ხოლმე და თვალებში შევციცინებდი და იმის მოლოდინში, რომ ერთი საქებარი სიტყვა მაინც დამემსახურებინა, ტყავიდან ვძვრებოდი. გარკვეული ხნის შემდეგ, როცა მეგონა, რომ ურთიერთობა ავაწყვეთ და დადგა დრო, რომ ხელი მეთხოვა, ანამ „დამასწრო“ და მითხრა, კარგი ბიჭი ხარ, მაგრამ არ მიყვარხარ, რადგან ჩემი შესაფერისი არ ხარ. მე ვთხოვდები და ჩემს ქორწილში გპატიჟებო. ეს იყო პენალტი, რომელიც გოლით დამთავრდა.

ანა ამერიკელ ქართველს გაჰყვა ცოლად. ნახევარი წელი თბილისში არიან, ნახევარი წელი – ამერიკაში და ძალიან ბევრ კარგ საქმეს აკეთებენ.

მე კი მთელი წელი თბილისში ვარ, არაფერს არ ვაკეთებ და, რაც მთავარია, ნაშებიც მთლიანად შემომეფანტნენ. თავს კი სეზონური სამუშაოებით ვირჩენ, არაფერს ვთაკილობ, რადგან ჩემი ამბიციებისგან ცარიელი ადგილია დარჩენილი.

ასეა ბატონო, მუდმივი არაფერია ამქვეყნად!

თემური, 36 წლის.



ღმერთმა ყველა

თავისი სიმართლით ატაროს

დრონი მეფობენო, ნათქვამია და მართალი ყოფილა. საკმაოდ მდიდარ ოჯახში გავიზარდე. მერე ისე მოხდა, რომ განათლებაც კარგი მივიღე, როგორც იტყვიან, ფხაც გამოვიჩინე და საკუთარი ბიზნესი წამოვიწყე, რომელიც ძალიან წარმატებული გამოდგა. ერთი ბავშვობის მეგობარი მყავდა, რომელსაც ძალიან უჭირდა მატერიალურად. სანამ საკუთარი ბიზნესი მექნებოდა, მანამდეც ძალიან ვეხმარებოდით მეც და ჩემი მშობლებიც და, ჩვენი წყალობით, შეიძლება ითქვას, მთელ მის ოჯახს შიმშილი და გაჭირვება არ უნახავს. მერე, ცოლი რომ შეირთო, ჩემს საქმეში შემოვიყვანე, კარგ თანამდებობაზე დავნიშნე და მაშინდელი ნორმებით ასტრონომიული ხელფასი დავუნიშნე. მერე ცოლიც მიმაღებინა სამსახურში, მამაც და ძმაც და აყვავდა ოჯახი. ასე გავიდა რამდენიმე წელი. ერთად მუშაობის მიუხედავად, ჩვენი ურთიერთობა არ შეცვლილა, თუმცა, უნდა ვაღიარო, სადღაც გულის სიღრმეში მწყინდა, რომ არც ერთს სიტყვა „მადლობა“ ან მადლიერების რაიმე ფორმით გამოხატვა არ უცდია, თითქოს ეს ასეც უნდა ყოფილიყო. ძალიან გვიან გავიგე იმის შესახებ, რომ თურმე მთელ ქალაქში ყვებოდნენ, მართალია, ფული ზაურის (ანუ ჩემი) იყო, მაგრამ ჩვენ ავუწყვეთ მთელი ბიზნესი და წილში არ ჩაგვისვაო. ეს რომ გავიგე, მათგან მეორედ მეტკინა გული და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, მეორე სიბრძნის ჭეშმარიტებაში: საქმეში, რომელიც ფულთან არის დაკავშირებული, ახლობელი არ უნდა ჩაიყენო, თორემ, ან საქმეს დაკარგავ ან ახლობელსო. მაგრამ, როგორც უკვე გითხარით, ეს მოგვიანებით იყო. ბევრი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში და ძალიან გვიან მივხვდი რაღაც-რაღაცეებს, მაგრამ რაღა დროს.

სწორედ იმ პერიოდში, როცა ჩემი ბიზნესი ყვაოდა, მე და ჩემი მეუღლე ავარიაში მოვყევით. მე შედარებით მსუბუქად გადავრჩი – მართალია, დავინვალიდდი, მაგრამ ჩემს სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებოდა, ჩემი ცოლი კი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იყო, სასწრაფოდ ავსტრიაში უნდა წაგვეყვანა, რომ გადაგვერჩინა, ამ ყველაფერს კი ძალიან დიდი თანხები სჭირდებოდა. ამიტომ, გადავწყვიტეთ, ბიზნესიდან ჩემი წილი მთლიანად გამეყიდა. აღარაფერს დავეძებდი, ოღონდ ცოლი გადამერჩინა და მეც ფეხზე დავმდგარიყავი. დავურეკე ჩემს მეგობარს და მთლიანად მას მივანდე ეს საქმე. თანხა რამდენიმე დღეში მომიტანა. ისეთ დღეში ვიყავი, წესიერად არც კი მიკითხავს, ვინ შეისყიდა. ჩემმა ძმაკაცმა რაღაც კი მითხრა, მაგრამ, ჯერ კიდევ ცუდად ვიყავი და ნახევარს ვერ ვიგებდი, რას მელაპარაკებოდნენ მე და ჩემი ცოლი, თანმხლებ ექიმთან ერთად, ავსტრიაში გავფრინდით, სადაც რამდენიმე თვე მოგვიწია დარჩენა. ბავშვები კი თბილისში დედაჩემს და ჩემს სიდედრს დავუტოვეთ.

მეც და ჩემი ცოლიც ხუთი თვის შემდეგ ცოცხლები დავბრუნდით, მაგრამ ჩვენი მუშაობა გამორიცხული იყო – მე ცალი ფეხი აღარ მქონდა, ჩემს ცოლს კი მთელი შიგნეულობა დაუზიანდა, გულის ოპერაციაც გაუკეთეს და ინტენსიურ და ხანგრძლივ მკურნალობას საჭიროებდა, წელიწადში ერთხელ, ერთი თვით ავსტრიაში წაყვანის ჩათვლით და, წარმოიდგინეთ, ამ ყველაფერს რა თანხები სჭირდებოდა. დანაზოგიც და ბიზნესის წილიდან აღებული ფულიც ნულზე იყო დასული, რაც ღირებული გვქონდა, პრაქტიკულად ყველაფერი გავყიდეთ და გამოუვალ მდგომარეობაში აღმოვჩნდით. მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩემი ძმაკაცი სამჯერ თუ ოთხჯერ იყო მოსული სანახავად და ხილი და ნამცხვრები მოგვართვა.

ამასობაში წლები გავიდა და ჩემი შვილები წამოიზარდნენ. ოჯახს არანაირი შემოსავალი არ ჰქონდა, გარდა მიზერული პენსიებისა, თითო წამალი კი ასობით დოლარი ღირდა, რომ აღარაფერი ვთქვა წელიწადში ერთხელ ავსტრიაში წასვლაზე. ამიტომ გადავწყვიტე, ისევ ჩემი ძმაკაცისთვის მიმემართა. მართალია, რაღაც-რაღაცეებზე გული მქონდა ნატკენი, მაგრამ მაინც ის ჩავთვალე ყველაზე ახლობლად და სამსახურში დავურეკე, რადგან მობილურზე არ მიპასუხა. მდივანთან საუბრიდან გავიგე, რომ ჩემი წილი მაშინ თვითონ ჩემს ძმაკაცს უყიდია, მე კი ვიღაც სხვა დამისახელა. ერთი სიტყვით, როგორც იქნა, დამაკავშირა მდივანმა და ადამიანს, რომელსაც მთელი თავის ოჯახით მე და მამაჩემი ვინახავდით წლების განმავლობაში, რომელიც ჩვენ ვაქციეთ კაცად, რომელმაც, მართალია, ფული გადამიხადა, მაგრამ მაინც არაკაცურად მომექცა, ჩემი ბიზნესი ისე შეისყიდა, რომ დამიმალა, სინამდვილეში ვინ იყო მყიდველი, რომელსაც წლების განმავლობაში ასეთ მდგომარეობაში მყოფს, ერთი წამლის ფული არ დაუდევს მაგიდაზე. აი, ასეთ ადამიანთან დავიმცირე თავი და ვთხოვე, ძალიან რომ არ გავჭედილიყავი, არ შეგაწუხებდი, მაგრამ სხვა გამოსავალი არ მაქვს და იმიტომ მოგმართავ, ჩემი ბიჭი უნდა მომიწყო სამსახურში ნებისმიერ თანამდებობაზე, თუნდაც დაცვაში, რომ რაღაც ხელფასი ჰქონდეს. თუ თავს ვერ გაართმევს, იმ დღესვე გამოუშვი, არ მეწყინება-მეთქი.

რამდენიმე წამით დაფიქრდა და მერე უცებ მომახალა: რა ვქნა, არ გეწყინოს, მაგრამ ძლივს ავაწყვე აქაურობა, ისე იყო აბურდული ყველაფერი და ახლა ჩემს ფირმაში მუქთამჭამელი ხალხი არ მჭირდება. თანაც, ჩემი პრინციპია, ნაცნობები ჩემს საქმეს ახლოს არ გავაკაროო.

როგორც იტყვიან, კომენტარი ზედმეტია. ყველას თავისი სიმართლით გაუმარჯოს ღმერთმა.

გივი, 46 წლის.



რედაქციაში შემოსული უამრავი წერილიდან ამოვარჩიეთ საუკეთესო ამბები და ვთავაზობთ მკითხველს.
„ინტიმური საუბრებისთვის“ SMS-ები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ტელეფონის ნომერზე: 897 33-08-81.
ელექტრონული ფოსტით: tbiliselebi2001@yahoo.com
ან მოიტანოთ რედაქციაში
წერილის სახით.


скачать dle 11.3