კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

 

ადამიანი რომელმაც კიბოს სძლია…

დავეთანხმე!!! ვიბრძოლე!!! გავიმარჯვე!!!

დედა: „შენ ძალიან კარგად უნდა იყო!“

მზე ისევ აღმოსავლეთიდან ამოვიდა ანტალიაში. ზღვიდან ისევ სასიამოვნოდ უბერავდა ნიავი: ყველაფერი ნორმალურზე უკეთ იყო ჩემთვის. ოჯახი მხარში მედგა. 23 წლის ასაკში შეყვარებულიც მყავდა, სამსახურიც მქონდა და მომავალი სამაგისტრო გამოცდებისთვისაც ვემზადებოდი…

მუხლი ამტკივდა… ვის არ სტკენია მუხლი?! ალბათ, ყველას! მაგრამ მე ძლიერი ტკივილი მქონდა. ფიზიოთერაპევტთან მივედი. ექიმის პატარა შეცდომას ჩვენი დაუდევრობაც დაემატა და, საბოლოოდ, სათანადო ყურადღება არ მივაქციეთ ფეხს, ფიქრებით: „არა უშავს, მალე გამივლის…”

ტკივილმა კი არ გამიარა, პირიქით, გამიძლიერდა. მაგნიტური რეზონანსი გადამიღეს (MR) და აქედან დაიწყო…

დედაჩემს მუდამ ცრემლით სავსე აქვს თვალები. ყველა შემომციცინებს, თითქოს უნდათ, რომ კარგად დამიმახსოვრონ. მე ჯერ კიდევ ვერ ვხვდები, რა ამბავია ჩემს თავს – არ მეუბნებიან, მიმალავენ!

ერთხელ დედამ მითხრა: „შენ ძალიან კარგად უნდა იყო! რამე რომ მოგივიდეს, თავს არ ვაპატიებ!”

იზმირში გადავედით საუკეთესო სპეციალისტებით დაიმედებულნი. ექიმმა თქვა, 23 წლის გოგო ბავშვი აღარ არის და უნდა იცოდეს, რა ხდება მის თავსო.

მე კიბო მაქვს! მე კიბო მაქვს!   მე კიბო მაქვს!..

ისევ დედაჩემის სიტყვები გამახსენდა: „შენ ძალიან კარგად უნდა იყო! რამე რომ მოგივიდეს, თავს არ ვაპატიებ!

კარგად უნდა იყო! შენ კარგად უნდა იყო! კარგად! კარგად!..“

დავეთანხმე! 

დაიწყო ქიმიოთერაპიის ხანგრძლივი პროცესი!.. ვინც არ იცის, ეს რას ნიშნავს, არც ვუსურვებ, გამოსცადოს… მტერსაც არ ვუსურვებ! ხანგრძლივი პროცესი რთული იყო როგორც ჩემთვის, ასევე, ჩემ გარშემო მყოფებისთვისაც. არ მომწონდა არანაირი საჭმელი, მეზიზღებოდა წყალი, მაგრამ, მინიმუმ ორი ლიტრი უნდა დამელია დღეში. ვლაპარაკობდი გაბრაზებული, ყვირილით. არ მომწონდა არაფერი. მაღიზიანებდა სველი ჭიქაც კი…

გავწამდით მთელი ოჯახი, მაგრამ, გამოჯანმრთელების იმედით ვუძლებდით.

ერთ დღესაც, ძალიან ახალგაზრდა პროფესორმა გამოიკითხა ჩემი მდგომარეობა, შემდეგ დამხედა და ზედმეტი მორიდების გარეშე თქვა: „ასეთ ფეხს ჩვენ ვაჭრით”

ვაჭრით!!! ვაჭრით!!! ვაჭრით!!!

ჩემი თავი ფეხის გარეშე ვერ წარმომედგინა! აჭარულს ვეღარ ვიცეკვებდი, ველოსიპედზე ვეღარ დავჯდებოდი, ვერ ვირბენდი…

 ოპერაციის დრო რომ მოვიდა, ექიმმა მითხრა: ჩვენ შეგვიძლია, გამოვცვალოთ მარტო მუხლის ძვალი და, დიდია შანსი იმისა, რომ მეტასტაზები გაიპაროს დანარჩენ ორგანიზმში… ან, მოვჭრათ ფეხი, ვიყოთ მშვიდად და… პროთეზით – დღესდღეობით ყველაფერია შესაძლებელი…

რთული იყო გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ, ცივი გონებით დავფიქრდი და ვუთხარი: „მე ყველაფრისთვის ვარ მზად. თქვენ რას იზამდით ჩემს ადგილას?” ექიმი გაოცდა ჩემი გაბედულებით და ამ მდგომარეობაში ფეხის მოჭრა მირჩია.

მარტო ერთი რამის მეშინოდა: რომ გავიღვიძებდი და საკუთარ სხეულს ფეხის გარეშე ვნახავდი, შოკში არ ჩავვარდნილიყავი…

მე ვიბრძოლე!!!

გავიღვიძე და – ისევ ცოცხალი ვარ. ვახერხებ იმდენს, რომ ოპერაციიდან ათი დღის შემდეგ ბარში მივდივარ ლუდის დასალევად!

ჩემს ისტორიას იმიტომ გიყვებით, რომ, მინდა, ყველამ შეიგნოს: კიბო არ არის დასასრული! ცხოვრება გრძელდება! მთავარია, ერთმანეთს მხარში ამოვუდგეთ და თავში ხელების ცემის ნაცვლად, გავამხნევოთ, რითაც შეგვიძლია, დავეხმაროთ.

მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო Mustafa Goker-ს, რომელიც 24 საათის განმავლობაში მამასავით მედგა მხარში; დედას ყველა მეგობარს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს ჩემთვის, დამეხმარნენ მორალურად და მატერიალურად; უდიდესი მადლობა თურქეთის სახელმწიფოს – ამ ქვეყანაში მე, უცხოელს, საქართველოს მოქალაქეს, მომცეს საზღვრის გადაუკვეთავად 1 წელი ცხოვრების და დაზღვევის უფლება; ჩემს მეგობრებსა  და ოჯახის წევრებს, რომლებიც შეძლებისდაგვარად არ მშორდებოდნენ გვერდიდან – არც ისე ადვილია საქართველოდან უცხო ქვეყანაში გადაფრენა…

ყველაზე დიდი მადლობა კი დედაჩემს, რომელიც ჩემი ავადმყოფობის პერიოდში უნდა ყოფილიყო საქმიანი ქალი, რომელსაც უნდა ემუშავა და შეენახა ოჯახი; დიასახლისი, რომელსაც უნდა გაეკეთებინა ყველა საოჯახო საქმე; მედდა, რომელსაც უნდა მოევლო კიბოთი დაავადებული შვილისთვის (რომელსაც 24 საათის განმავლობაში ტკივილები ჰქონდა და არანაირი გამაყუჩებელი არ შველიდა); ამ ყველაფერთან ერთად, დედა მუდმივად იღიმებოდა, რომ ჩემთვის უფრო მეტი სტრესი არ მოეყენებინა… დედა მართლაც საამაყო და განსაკუთრებული ადამიანია, რომელმაც იმდენს მიაღწია უცხო ქვეყანაში, რომ ჰყავს ასეთი კარგი მეგობრები, რომლებიც მუდამ გვერდში უდგანან.

ძალიან დიდი მადლობა ყველას! დღეს რომ ცოცხალი და ბედნიერი ვარ, იმ ადამიანებს უნდა ვუმადლოდე, რომლებიც მძიმე წუთებში  და მიდგნენ გვერდში. მინდა, რომ ჩემი შემთხვევა ყველასთვის სამაგალითო გახდეს და არასდროს დაყარონ ადამიანებმა ფარ-ხმალი…

რამდენიმე თვე რომ გავიდა, თმაც ამომივიდა, პროთეზით სიარულიც ვისწავლე და ცხოვრებაც იქიდან გავაგრძელე, სადაც შევწყვიტე, რაც იმას ნიშნავს, რომ მე გავიმარჯვე!..

გავიმარჯვე!

მარი მაროშვილი

 

скачать dle 11.3