კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

 

 

 

ცოლის შერთვის უფლებას შვილები არ მაძლევენ

ვარ 70 წლის მამაკაცი. თხუთმეტი წლის წინ დავქვრივდი. მაშინ ჩემი შვილები სკოლას ამთავრებდნენ და ცოლის შერთვაზე არც მიფიქრია. ახლა ჩემს ქალიშვილსაც და ვაჟსაც ოჯახები აქვთ, შვილებიც წამოზარდეს, არც მატერიალურად უჭირთ, მაგრამ, მუშაობენ, ათასი საქმე აქვთ და ჩემთვის ვეღარ იცლიან. ამიტომ, თითქმის სულ მარტო ვარ. მართალია, მატერიალურად მეხმარებიან და ორ კვირაში ერთხელ ხან ერთი მოდის, ხან – მეორე, ზოგჯერ რძალი და სიძეც მნახულობენ, ხანდახან შვილიშვილებსაც მომიყვანენ ხოლმე, მაგრამ, მაინც მარტო ვარ. ჩემს ადგილას, ბევრი, ალბათ, ერთ-ერთ შვილთან გადავიდოდა საცხოვრებლად, თავის ბინას გააქირავებდა და მარტოობის პრობლემაც ამით მოგვარდებოდა. სხვათა შორის, მთავაზობენ კიდეც ამას, მაგრამ, უარს ვეუბნები. ჯერ კიდევ ჯანზე ვარ, ჯანმრთელობას არ ვუჩივი და საკუთარი თავის მოვლასაც ვახერხებ. თანაც, მიჩვეული ვარ ჩემს ნებაზე ყოფნას. ზოგჯერ ჩემი მეგობრებიც მაკითხავენ, ვსხდებით, თითო ჭიქას ვსვამთ, წარსულს ვიხსენებთ, ხან კი მე მივდივარ მათთან და გვიანაც დავბრუნებულვარ სახლში, რომელიმე შვილთან კი ამ ყველაფერში შეზღუდული ვიქნები, მომერიდება ჩემს გემოზე ყოფნა. ასე, ერთი შეხედვით, თითქოს არაფერი მაკლია, მაგრამ, ძალიან განვიცდი მარტოობას და, გადავწყვიტე, ცოლი შევირთო, ქალიც კი „შევიგულე“, მაგრამ, შვილები არ მაძლევენ უფლებას – სირცხვილიაო, მეუბნებიან. არა მგონია, ჩემი ოროთახიანი „ხრუშჩოვკის“ დაკარგვის ეშინოდეთ. თვითონაც არ უჭირთ და, თან, პირობას ვაძლევ, რომ მთელ ჩემს ქონებას ანდერძით მათ დავუტოვებ, მაგრამ, მაინც უარზე არიან, რა გაკლიაო – მეჩხუბებიან. მე კი ვერ გავაგებინე, რომ, მეგობარი მინდა, თანამოაზრე, ვინც მთელი დღის განმავლობაში ჩემ გვერდით იქნება, ჩემსას მოისმენს და თავისას მომიყვება. ჩემი ცოლი (გაანათლოს მისი სული უფალმა), ისეთი ქალი იყო, ის რომ ახლა გვერდით მყავდეს, ოცი წლით გავახალგაზრდავდებოდი, მაგრამ, ღმერთმა ასე არ ინება და მის გარეშე დამტოვა. თხუთმეტი წლის განმავლობაში არ მიფიქრია საკუთარ თავზე, შვილებისთვის უდედობა რომ შემემსუბუქებინა, ახლა კი ისე ძალიან აღარ ვჭირდები და, მეც ხომ მაქვს უფლება, სიცოცხლის ბოლო წლები მშვიდად და მყუდროდ გავატარო, განა კიდევ რამდენ ხანს უნდა ვიცოცხლო?!

ავთანდილი, 70 წლის.

 

შვილის გაჩენა არ მინდა

მრავალშვილიან ოჯახში გავიზარდე. დედა ბიბლიოთეკარი იყო, მამა – რიგითი ინჟინერი ქარხანაში. ვცხოვრობდით ერთ-ერთ პროვინციულ ქალაქში. ჩემს მშობლებს პატარა მეურნეობა ჰქონდათ – პატარა ბაღ-ბოსტანი, ფრინველი, ერთი ძროხაც გვყავდა და ეს ყველაფერი რაღაცნაირად გვეხმარებოდა იმაში, რომ ხუთი ბავშვი, დედ-მამა და მოხუცი ბებია მშივრები არ ვყოფილიყავით, მაგრამ, მეც და ჩემს და-ძმასაც ყოველთვის გვაკლდა ის, რაც ჰქონდათ სხვა ბავშვებს: კარგი ტანსაცმელი, დაბადების დღის გადახდა, აგარაკები და, სხვათა შორის, სათამაშოებიც. სტუმრადაც ძალიან იშვიათად დავდიოდით, რადგან, მოგეხსენებათ, ყველაფერს ფული სჭირდება და ჩემი მშობლები ვერ აძლევდნენ თავს იმის უფლებას, რომ ზედმეტი ხარჯები გაეწიათ. სკოლა ისე დავამთავრეთ, რომ მხოლოდ ერთხელ ვიყავი თბილისში (მაშინ მეშვიდე კლასში ვსწავლობდი). იმ დღეს გულში გადავწყვიტე, რადაც არ უნდა დამჯდომოდა, დედაქალაქში უნდა მეცხოვრა. ამ ოცნების განსახორციელებლად კი ერთადერთი გზა არსებობდა – ძალიან კარგად უნდა მესწავლა და უმაღლეს სასწავლებელში ჩამებარებინა. მე ოჯახში ყველაზე უმცროსი ვიყავი, ჩემს და-ძმებს სკოლა უკვე დამთავრებული ჰქონდათ, მაგრამ, უმაღლესში არც ერთს არ ჩაუბარებია, რადგან რეპეტიტორებისთვის ოჯახს ფული არ ჰქონდა, სკოლაში კი ძალიან საშუალოდ სწავლობდნენ. ერთი და სკოლის დამთავრებისთანავე გათხოვდა მეზობელ სოფელში, მიყოლებით გააჩინა სამი შვილი და სწავლის გაგრძელებაზე არც უფიქრია; მომდევნო დამ იმავე ქალაქში დაიწყო მუშაობა საბავშვო ბაღში; ძმები კი მამასთან, ქარხანაში მუშაობდნენ მუშებად, მთელი დღის განმავლობაში სახლში მხოლოდ მე, დედა და ბებია ვიყავით და ოჯახის ყველა საქმეს ჩვენ ვაკეთებდით. ამ და სხვა მიზეზების გამო, შემიძლია ვთქვა, რომ ბავშვობა არ მქონია. საკმარისი იყო, უარი მეთქვა რამე საქმის გაკეთებაზე (რასაც დედა და ბებია დამავალებდნენ), მაშინვე ერთ ხმაში მივიღებდი პასუხს: „ჭამა და ნაირ-ნაირები ხომ გნებავს? პატარა აღარ ხარ, ამიტომ, ხელი გაანძრიე!“ მეც, სხვა რა გზა მქონდა, ვაკეთებდი ყველაფერს, რასაც მავალებდნენ. მაგრამ, თბილისში ჩასვლის დღიდან ჩემში რაღაც შეიცვალა. როგორც გითხარით, გულში ამოვიჭერი უმაღლესში ჩაბარება და ქალაქში დაფუძნება. ცოტა გვიან მივხვდი, რომ, ყველაფერთან ერთად, სახლიდან წამოსვლაც მინდოდა, რადგან, ვეღარ ვუძლებდი ვერც ამდენი ხალხის რია-რიას, ვერც ამდენ გაჭირვებას, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ძალიან მიყვარდა. ერთი სიტყვით, არ მინდოდა, ბოლომდე ასე გაგრძელებულიყო ჩემი ცხოვრება. ახლაც მიკვირს, როგორ შევძელი ეს თითისტოლა ბავშვმა, მაგრამ, როგორც ჩანს, როცა ადამიანს რამე ძალიან უნდა, ასაკის მიუხედავად, აუცილებლად მიაღწევს მიზანს.

თბილისიდან სახლში დაბრუნებისთანავე მოვაწესრიგე ჩემი სამეცადინო კუთხე და მეორე დღიდან თავგადაკლული ვსწავლობდი ყველა საგანს. მეცადინეობაში ღამეებს ვათენებდი; თანაკლასელებთან ერთად სასეირნოდაც კი აღარ მივდიოდი; პრაქტიკულად, დედას და ბებიას ყველაზე მარტივი საქმის გაკეთებაზეც კი უარს ვეუბნებოდი – მენანებოდა ის დრო, რომელიც, მეცადინეობის ნაცვლად, სხვა რამეზე დამეხარჯებოდა. თავიდან დიდი ბრძოლების გადატანა მიხდებოდა ამის გამო, მაგრამ, რამდენიმე თვეში ჯერ კლასში, მომდევნო წელს კი, მთელ სკოლაში საუკეთესო მოსწავლე რომ გავხდი, ყველა ტურში რომ გავიმარჯვე და დირექტორმა მშობელთა კრებაზე მისულ მამაჩემს მადლობა გადაუხადა ასეთი შვილის გაზრდისთვის, მერე ჩემი მშობლების დამოკიდებულებაც შეიცვალა ჩემ მიმართ. ამას ისიც დაემატა, რომ ჩემმა ძმებმაც თავი გამოიდეს – ჩვენ უსწავლელები დავრჩით და ამ ბავშვს მაინც ნუ დაუნგრევთ მომავალსო.

მოკლედ, სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე და იმავე წელს გავხდი სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტი. თავიდან საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდი, მაგრამ, მერე სანიტრად დავიწყე მუშაობა, თან ორი-სამი მოსწავლეც მიშოვა ჩემმა მეგობარმა (სკოლაში მიცემულ გაკვეთილებს ვასწავლიდი რამდენიმე საგანში) და, მართალია, ბევრი არა, მაგრამ, იმდენი თანხა კი გამომდიოდა თვეში, რომ შიმშილითაც არ მოვმკვდარიყავი და მეგობარ გოგონასთან ერთად ნორმალური ოთახიც დამექირავებინა. გათხოვებაზე საერთოდ არ ვფიქრობდი, ის კი არა, ბიჭებს ახლოს არ ვიკარებდი, მთლიანად სწავლასა და მუშაობაში ვიყავი გადავარდნილი. ტრაბახით არ ვამბობ, მაგრამ, ისე ვსწავლობდი, მთელი ინსტიტუტი მიცნობდა და, შესაბამისად, არც სამსახურის შოვნა გამჭირვებია – დიპლომის აღებისთანავე, ჩემმა ერთ-ერთმა ლექტორმა მიშუამდგომლა თავის ნაცნობთან და იმ პერიოდში ერთ-ერთ ცნობილ სტომატოლოგიურ კლინიკაში დავიწყე მუშაობა. ახლა უკვე გამიჩნდა იმის საშუალება, რომ ცალკე მექირავებინა ნორმალური ბინა, ცოტ-ცოტას მშობლებსაც ვეხმარებოდი და ფულსაც ვაგროვებდი – პატარა ბინის ყიდვა მინდოდა. მერე დისერტაციაც დავიცავი და დამაწინაურეს; მერე ოთახ-ნახევრიანი ბინა ვიყიდე, ორ წელიწადში მანქანაც შევიძინე და ასე გავხდი გარკვეულ დონეზე უზრუნველყოფილი, დამოუკიდებელი ქალი. ახლა უკვე შემეძლო, პირად ცხოვრებაზეც მეფიქრა, მით უმეტეს, რომ პატარა გოგო აღარ ვიყავი – 32 წლის ისე გავხდი, ვერც კი გავიგე. ასე სწავლასა და შრომაში გამიფრინდა ახალგაზრდობის საუკეთესო წლები, მაგრამ, სულაც არ ვნანობდი, რადგან ახლა აბსოლუტურად დამოუკიდებელ, ფეხზე დამდგარ პროფესიონალად ვგრძნობდი თავს და ეს ყველაფერი ჩემს ამბიციებს აკმაყოფილებდა. როცა დავრწმუნდი, რომ ქალის ცხოვრებაში მამაკაციც საჭიროა, მეგობარიც გავიჩინე (რომელიც, სხვათა შორის, დღემდე მეხვეწება, ცოლად გამომყევიო), მაგრამ, როცა ჩვენი ურთიერთობა სერიოზულ ფაზაში გადავიდა და ოჯახის შექმნის საკითხი დადგა დღის წესრიგში, უარი ვუთხარი, რადგან, მივხვდი, რომ აბსოლუტურად არ ვიყავი მზად სანიმუშო ცოლობისა და დედობისთვის. მე ისე ტანჯვით მოვიპოვე ის მდგომარეობა, რაც ამჟამად მაქვს, ისე მწარედ მახსოვს ჩემი გაჭირვებული ბავშვობა, რომ, არანაირი სურვილი არ მიჩნდება, ამ ყველაფერზე უარი ვთქვა, ქმარს თვალებში ვუყურო და შვილები ვზარდო.

ვიცი, მკითხველის უმრავლესობა გამამტყუნებს, მაგრამ, მე სხვისი აზრი ამ შემთხვევაში ნაკლებად მაინტერესებს. ჯერ ერთი, თუ ქალს შინაგანად არ აქვს დედობის მოთხოვნილება, რამდენი შვილიც არ უნდა გააჩინოს, ის ვერასდროს ვერ იქნება კარგი დედა; მეორეც, არანაირი სურვილი არ მაქვს, ჩემს შვილს ყველაფერი ელემენტარული აკლდეს იმის გამო, რომ საამისოდ ფული არ მეყოფა. ერთი სიტყვით, არ მინდა დედობა. მართალია, ჩემი მეგობარი მამაკაცი მეუბნება, ოღონდ ცოლად გამომყევი და არასოდეს მოგთხოვ შვილის გაჩენასო, მაგრამ, ზუსტად ვიცი, რომ ასე არ მოხდება. ჯერ ერთი, აუცილებლად მომთხოვს (რადგან, გიჟდება ბავშვებზე), მაგრამ, თუ არ მომთხოვს, სწორედ ამ მიზეზის გამო აუცილებლად გაიჩენს ქალს, რომელიც მისი შვილის დედობაზე უარს არ იტყვის და ბოლოს, ცხადია, მიმატოვებს. მე კი ნამდვილად არ მინდა, მიტოვებული ქალის სტატუსით დავრჩე. მირჩევნია, ახლა დავშორდეთ ერთმანეთს – ეს ნაკლებად მტკივნეული იქნება.

ელენე, 33 წლის.

 

 

скачать dle 11.3