კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

 

კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, რა პროცედურაა გათვალისწინებული იმისთვის, რომ არასრულწლოვანი მოხვდეს განრიდების პროგრამაში?

პასუხი: გაცნობებთ, რომ განრიდების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პროკურორი, არასრულწლოვანთან და დაზარალებულთან შეხვედრების შემდეგ. მხარე, ანუ, არასრულწლოვნის ადვოკატი, მიმართავს პროკურორს განრიდებისა და მედიაციის შუამდგომლობით და, შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ხდება განრიდებისა და მედიაციის გამოყენება. აღსანიშნავია, რომ განრიდების გამოყენება შესაძლებელია სისხლის სამართლის საქმის მსვლელობის ნებისმიერ სტადიაზე, წინასასამართლო სხდომამდე.  

კითხვა: მაინტერესებს და, გთხოვთ, მაცნობოთ: პირი, რომელიც თავისუფლების აღკვეთით არის მსჯავრდებული, რა დროის გასვლის შემდეგ შეიძლება გათავისუფლდეს სასჯელის შემდგომი მოხდისგან? 

პასუხი: გაცნობებთ, რომ მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ მან, ფაქტობრივად, მოიხადა: ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ნახევარი; მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ორი მესამედი; განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ სამი მეოთხედი; სამი მეოთხედი სასჯელისა, რომელიც დანიშნული ჰქონდა პირს, რომელიც წინათ პირობით ვადამდე გაათავისუფლეს და პირობით ვადამდე გათავისუფლება გაუუქმდა. იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებული  არასრულწლოვანია,  მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან მისი პირობით ვადამდე გათავისუფლება შეიძლება, თუ მან, ფაქტობრივად, მოიხადა: ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ერთი მესამედი; მძიმე დანაშაულისთვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ნახევარი; განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ორი მესამედი. ამასთან, მსჯავრდებულის მიერ ფაქტობრივად მოხდილი თავისუფლების აღკვეთის ვადა არ უნდა იყოს 6 თვეზე ნაკლები.

კითხვა: გთხოვთ, მიპასუხოთ, აქვს თუ არა თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ პირს უფლება, მიიღოს და გაგზავნოს ახლობლებთან და ნათესავებთან წერილი ისე, რომ მის შინაარსს არ გაეცნოს ადმინისტრაცია? 

პასუხი:  გაცნობებთ, რომ საქართველოს „პატიმრობის კოდექსის” შესაბამისად, ბრალდებულის, მსჯავრდებულის კორესპონდენცია ექვემდებარება შემოწმებას, რაც მოიცავს ვიზუალურ დათვალიერებას, კორესპონდენციის შინაარსის გაცნობის გარეშე; ხოლო, უკიდურეს შემთხვევაში, დასაბუთებული ვარაუდისას, თუ შესაძლებელია ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან სხვა პირთა უფლებებსა და თავისუფლებებს, ადმინისტრაცია უფლებამოსილია, გაეცნოს კორესპონდენციის შინაარსს და საჭიროებისამებრ შეზღუდოს ადრესატისთვის მისი გაგზავნა, რის თაობაზეც დაუყოვნებლივ ეცნობება კორესპონდენციის გამგზავნს. დახურული კონვერტით მიღებული კორესპონდენცია უნდა გაიხსნას ბრალდებულის, მსჯავრდებულის თანდასწრებით. აღნიშნული კორესპონდენცია ექვემდებარება ვიზუალურ დათვალიერებას, შინაარსის გაცნობის გარეშე.

კითხვა: გთხოვთ, გვაცნობოთ, რა შემთხვევებშია შესაძლებელი, ვისარგებლოთ პატიმართან ვიდეოპაემნით?

პასუხი: გაცნობებთ, რომ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულს აქვს უფლება, ისარგებლოს ვიდეოპაემნით, ანუ, პირდაპირი ხმოვანი და ვიზუალური ტელეხიდით ნებისმიერ პირთან. ვიდეოპაემნით სარგებლობის უფლება შეზღუდული აქვთ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულებს; ასევე, განსაკუთრებით საშიშ პირებს, რომელთა პიროვნული თვისებები, კრიმინალური ავტორიტეტი, დანაშაულის ჩადენის მოტივი, დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგი ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გამოვლენილი ქცევა მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებისა და მათ გარშემო მყოფთა უსაფრთხოებას. ვიდეოპაემნით სარგებლობის უფლება მსჯავრდებულს ეზღუდება  დისციპლინური სახდელის მოქმედების, ადმინისტრაციული პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განსაკუთრებული პირობების შემოღების პერიოდში. ვიდეოპაემნით სარგებლობისთვის დაწესებულია საფასური, რომელსაც იხდის მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნის მსურველი პირი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი.

კითხვა: გთხოვთ მაცნობოთ ვისთან აქვს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ პირს ხანგრძლივი პაემნის უფლება და ზოგადად, რას გულისხმობს პატიმართან ხანგრძლივი პაემანი?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ მსჯავრდებულს, მისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე, შეიძლება, მიეცეს მხოლოდ შვილთან, ნაშვილებთან, მეუღლესთან, მშობლებთან (მშვილებელთან), დასთან და ძმასთან ხანგრძლივი პაემნის უფლება. ხანგრძლივი პაემანი არის მსჯავრდებულისა და მითითებული პირების ერთად ცხოვრება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე, ამისთვის სპეციალურად გამოყოფილ ოთახში, მსჯავრდებულის ან ზემოაღნიშნული პირების ხარჯით, ადმინისტრაციის წარმომადგენლის დაუსწრებლად. ხანგრძლივი პაემნის საფასური ძირითადად ხმარდება მისი მიზნების განხორციელებას და ფუნქციების შესრულებას. ხანგრძლივი პაემანი გრძელდება არაუმეტეს 24 საათისა. ხანგრძლივი პაემანი არ ეძლევა დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულს, გარდა უვადო თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულისა, აგრეთვე, იმ მსჯავრდებულს, რომელიც არის საკარანტინო რეჟიმში, დაკისრებული აქვს დისციპლინური სახდელი ან შეფარდებული აქვს ადმინისტრაციული პატიმრობა. ხანგრძლივი პაემნის უფლების მიცემის საკითხს წყვეტს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორი.

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, რა პროცედურების დაცვით ხდება  პატიმართან ხანგრძლივი პაემნის ორგანიზება?

პასუხი: გაცნობებთ, რომ ხანგრძლივი პაემნის მოთხოვნის შესახებ, ადმინისტრაცია წერილობით უნდა იქნეს ინფორმირებული 2 კვირით ადრე და ხანგრძლივი პაემნის მსურველმა (უფლებამოსილმა პირმა) ადმინისტრაციას უნდა წარუდგინოს  ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ადმინისტრაცია ხანგრძლივი პაემნის მოთხოვნის შესახებ განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 2 კვირისა, უზრუნველყოფს ხანგრძლივი პაემნის ორგანიზებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს უარის თქმის მოტივირებული საფუძველი, რის შესახებაც განმცხადებელი 10 დღის ვადაში უნდა იქნეს ინფორმირებული. ხანგრძლივი პაემნის უფლების მიცემაზე თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის თანხმობა ან მოტივირებული უარი  მსჯავრდებულს  უნდა ეცნობოს წერილობით. აღსანიშნავია, რომ ხანგრძლივი პაემნისათვის სპეციალურად გამოყოფილი ოთახის პირობები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს და არ უნდა ლახავდეს ადამიანის ღირსებას. 

კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, რას ნიშნავს სასამართლო პროცესში რეპლიკა და ვის აქვს რეპლიკის უფლება? 

პასუხი: რეპლიკის უფლება აქვთ სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეზე მხარეებს. დასკვნითი სიტყვის წარდგენის შემდეგ მხარეები კიდევ ერთხელ, სხდომის თავმჯდომარის მიერ დადგენილ გონივრულ ვადაში, მოკლედ გამოთქვამენ საწინააღმდეგო აზრს ან შენიშვნას, რასაც „რეპლიკა” ეწოდება. საბოლოო რეპლიკის უფლება, ნებისმიერ შემთხვევაში აქვს დაცვის მხარეს.

კითხვა: მაინტერესებს, რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი არის სამართლიანი?

პასუხი: სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

скачать dle 11.3