კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდნენ ჩინოვნიკები და პოლიტიკოსები და რით განსხვავდება განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების თანამდებობრივი სტანდარტები

ხატოვნად თუ ვიტყვით, ქვა რომ ისროლო ჩვენს სამშობლოში, თუ მთლად თანამდებობის პირსა და პოლიტიკოსს არ მოხვდება, ამის მსურველს ნამდვილად არ ასცდება. მეორე მხრივ, დიდი ეჭვია, რომ მოქმედთა და მსურველთა არცთუ მცირე ნაწილს, წარმოდგენაც არ აქვს პოლიტიკოსისა თუ ჩინოვნიკის სტანდარტებზე. რა ცენზს უნდა აკმაყოფილებდნენ „ძლიერნი ამა ქვეყნისანი“ ცივილიზებულ სამყაროში და, საერთოდაც, არსებობს თუ არა საქართველოში პოლიტიკური ცხოვრების რამენაირი სტანდარტი, – თემას პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე განგვიმარტავს.

 

– არსებობს ცივილიზებულ სამყაროში ჩინოვნიკისა თუ პოლიტიკოსისთვის სტანდარტი და როგორია ის?

–  ჩვენთან ყველაფერი უცნაურია და, ალბათ, მხოლოდ საქართველოში არსებობდა კომუნისტებისდროინდელი ანეკდოტი, რომელიც დღესაც ძალაშია: გურულმა რომ თქვა, როგორ ვერ შევძლებ მინისტრობას, „ბორჯომსაც“ დავლევ და მაყვალა მდივანთანაც დავამყარებ სქესობრივ კავშირსო. საერთოდ, როდესაც სტანდარტებზე ვლაპარაკობთ, უნდა გავითვალისწინოთ, რა ქვეყანაზეა საუბარი. იქ, სადაც მდგრადი დემოკრატიაა, სადაც არსებობს სახელმწიფო აპარატის ტრადიცია, სადაც უკვე ფუნქციონირებს ცივილიზებული ბიუროკრატიული ფენა, ერთი სტანდარტია, ჩვენნაირ, განვითარებად ქვეყანაში –  სხვა სტანდარტი. არის ასეთი ტერმინი: ტექნიკური მთავრობა, რომელშიც მხოლოდ პროფესიონალები არიან. მაგალითად, საფრანგეთში 1948-დან 1958 წლამდე მონაკვეთში 13 თუ 14 მთავრობა შეიცვალა და ამ მთავრობაში სულ ერთი და იგივე მინისტრები იყვნენ. ასევე, ამერიკაშიც.

– დღესაც ასეა?

–  იქ პოლიტიკოსი, მმართველი პარტიის წევრი უნდა იყოს თანამდებობის პირი. მაგრამ ძალიან ცუდია, როდესაც ქვეყანა, რომელსაც სჭირდება პროფესიონალები, ანუ ტექნიკური მთავრობა, ჰბაძავს ქვეყანას, რომელმაც ეს პერიოდი, რაც დღეს არის ჩვენთან, 200-300 წლის წინათ გაიარა. მაშინ ვიღებთ იმას, რაც ჩვენში ხდება. მაგალითად, როდესაც მშენებელი იყო ჯანმრთელობის მინისტრი, ვგულისხმობ კობა ხაბაზს.

– მეტსაც გეტყვით: მის ოფიციალურ ბიოგრაფიაში წერია, რომ მიღებული აქვს არასრული უმაღლესი განათლება საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში.

– გაცილებით უარესია შედეგი, როდესაც ისეთ ვიწრო პროფესიულ სფეროს, როგორებიც არის: ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა, ეკონომიკა, აბარებ არაპროფესიონალს. თავის დროზე, ერთი ამბავი ავტეხე, როდესაც შევარდნაძის დროს პარლამენტში ენერგეტიკის კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნეს ყოფილი ბავშვთა სათამაშოების ფაბრიკის დირექტორი. მაშინ ეს უცხო იყო, მაგრამ რას წარმოვიდგენდი, რომ ამ გზას დავადგებოდით და დღესაც მივაჭენებთ. არ შეიძლება, ადამიანმა თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ დაიწყოს იმ სფეროს შესწავლა, სადაც დაინიშნა. თუმცა ამერიკაშიც ხდება მსგავსი რამ. სხვათა შორის, ამერიკაში, ტრადიციულად, ყველაზე თავისუფლად ეკიდებიან ელჩებს და ხშირად არაპროფესიონალებს ნიშნავენ. მახსოვს, 10-15 წლის წინათ კონგრესში ერთ-ერთ კანდიდატს დამტკიცებისას ჰკითხეს, რა იყო იმ ქვეყნის დედაქალაქი, რომელშიც ელჩად ნიშნავდნენ და მან უპასუხა, ახლა არ ვიცი, მაგრამ გავალ და წავიკითხავო. ცნობილია, რომ რეიგანის წინასაარჩევნო კამპანიაში დიდი როლი შეასრულა ფრენკ სინატრამ. როდესაც რეიგანი პრეზიდენტი გახდა, სინატრამ იტალიაში სთხოვა ელჩობა. რეიგანი მეგობრობდა სინატრასთან და ძალიან აფასებდა, მაგრამ უარის თქმა მოუწია. სენატში უთხრეს, რომ სინატრას კანდიდატურას ვერ დაამტკიცებდნენ, რადგან ის ახლო კავშირში იყო იტალიელ მაფიოზებთან და თავი მოგვეჭრებაო. სხვათა შორის, მარიო პიუზოს რომანში ჯონი ფონტეინი სწორედ ფრენკ სინატრას პროტოტიპია. გაცოფებული სინატრა ამის გამო მარიო პიუზოს დასდევდა და ერთ-ერთ მიღებაზე საჯაროდ სცემა კიდეც.

– რით აიხსნება ამერიკის სახელმწიფოს ასეთი თავისუფალი დამოკიდებულება ელჩებისადმი?

– თავისუფლად ნიშნავენ ისეთ ქვეყნებში, სადაც არ არის იმ ქვეყნის ცოდნის აუცილებლობა, თუმცა, მაგალითად, რუსეთში მხოლოდ პროფესიონალებსა და მაღალი დონის კადრებს ნიშნავენ. მაგრამ, ვთქვათ, უგანდასა თუ კენიაში უფრო თავისუფლად მოქმედებენ.

– საქართველოში?

– შევარდნაძის დროს, როდესაც დიპლომატიური აკადემია დავაარსეთ, 1995 წელს, მოვიწვიეთ საფრანგეთის იმდროინდელი ელჩი და ვნატრობდი, როდის წავა-მეთქი. ჩვენთან იყო რამდენიმე ელჩი, რომლებიც უკვე ამთავრებდნენ თავიანთ კარიერას. თუმცა, რაც მეტი წონა შეიძინა საქართველომ დასავლეთის თვალში, მით უფრო პროფესიონალი დიპლომატები მოდიან ან ისეთი ხალხი, რომლებსაც რაღაც კონკრეტული ამოცანა და მიზანი აქვთ, ან სამხრეთ რეგიონს იცნობენ კარგად და ასე შემდეგ.

– ესე იგი, ამა თუ იმ ქვეყნის ელჩის ბიოგრაფია ზუსტ წარმოდგენას შეგვიქმნის, რამდენად ღირებულია იმ ქვეყნისთვის ჩვენი ქვეყანა?

– ეს არის ყველაზე ზუსტი ბარომეტრი. თანაც, ყურადღება უნდა მივაქციოთ, ეს დანიშვნა ელჩის კარიერული ზრდისთვის გადადგმული ნაბიჯია თუ ამ ელჩობით ის უკვე ამთავრებს თავის კარიერას. მეორე მხრივ, არც ჩვენ ვარჩევთ დიდი გულისყურით ჩვენს ელჩებს, არადა ელჩის მთავარი დანიშნულებაა, რაც შეიძლება, მეტი მეგობარი გაუმრავლოს ქვეყანას. ელჩი არის ქვეყნის სავიზიტო ბარათი და მას ბევრის გაკეთება შეუძლია. ერთია, რომ დღეს ელჩის ფუნქცია ცოტა კნინდება, რადგან კომუნიკაციის საშუალებები განვითარდა: მაგალითად, მეცხრამეტე საუკუნეში ან უფრო ადრე ელჩებისთვის ინსტრუქციები დიპკურიერებს ჩაჰქონდათ და ამას სჭირდებოდა რამდენიმე თვე. ამდენად, თითქმის ყველაფერი ელჩის პროფესიონალიზმზე იყო დამოკიდებული. დღეს კი ელჩები იქცნენ ქვეყნის კურსის კვალიფიციურ ან არაკვალიფიციურ გამტარებლებად. მაგრამ ეს მაინც მეორეხარისხოვანია, ქვეყნის ფუნქციონირებისთვის მთავარია ჩინოვნიკური აპარატი. სამწუხაროდ, საქართველოში ვერ შეიქმნა ჩინოვნიკური ფენა.

– მხატვრული ფილმები ნათლად ასახავს ქვეყნის ყოფით ცხოვრებას. ერთ-ერთ ჰოლივუდურ ფილმში არის ასეთი სცენა: საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი ეუბნება პრეზიდენტობის მსურველ გუბერნატორს: შენ შეიძლება, წააგო ომი, გააკოტრო ქვეყანა, ამას გაპატიებენ, მაგრამ, თუ შენ შეაცდენ შენს ასისტენტ გოგონას, ამას არავინ გაპატიებსო. ანუ მორალი პოლიტიკოსის სტანდარტის აუცილებელი პირობაა?

–  ეს ძალიან პირობითია, თუმცა ამერიკაში უფრო პურიტანული კანონებია, მაგალითად, განსხვავებით, საფრანგეთისგან: როდესაც მიტერანი გარდაიცვალა, მგონი, სამი ცოლი ტიროდა ერთდროულად. ერთი კანონიერი, ორი უკანონო. მიტერანი დიდი მექალთანე იყო.

– ბრიტანეთში არ არის პურიტანიზმი?

– ბრიტანეთში უფრო არის, მაგრამ ამერიკისნაირი მაინც არა. თუმცა ბრიტანეთშიც ყოფილა სკანდალები. მაგალითად, როდესაც გაირკვა, რომ თავდაცვის მინისტრის საყვარელი რუსეთის აგენტი იყო, მინისტრი გადადგა, ოღონდ არა მხოლოდ იმიტომ, რომ საყვარელი ჰყავდა, არამედ, ძირითადად, იმის გამო, რომ აგენტი ჰყავდა საყვარლად. გერმანიაშიც ხომ გადადგა სულ ახლახან პრეზიდენტი?!

– მოტივია საოცარი ჩვენთვის: მისმა ცოლმა წლების წინათ, ქმრის გაპრეზიდენტებამდე, ნახევარი პროცენტით იაფად აიღო კრედიტი ერთ-ერთი ბიზნესმენისგან.

– დიახ. საფრანგეთში მორის შუმანს, ცნობილ პოლიტიკოსს, სკანდალი მოუწყვეს იმის გამო, რომ საყვარელმა აჩუქა ძალიან ძვირფასი ფეხსაცმელი. ის ქალი შემდეგ ამხილეს კორუფციაში და მორის შუმანს ბრალი დასდეს, როდესაც იცოდი იმ ქალის ხელფასი, რატომ არ დაინტერესდი, საიდან გაჩუქა ასეთი ძვირფასი ფეხსაცმელიო.

– ანუ ზნეობრივი სტანდარტი მაინც არის?

– რა თქმა უნდა და ასეთი მაგალითი უამრავია. მაგალითად, იგივე რეიგანი ახალი არჩეული იყო პრეზიდენტად და მისი მეუღლის მრჩეველი, რომელსაც ნენსი ძალიან აფასებდა, იძულებული გახდა, გადამდგარიყო. მას უნახეს, რომ საათის ფასი, რომელიც რომელიღაც იაპონელმა ჩინოვნიკმა აჩუქა, 5 დოლარით აღემატებოდა კანონით დადგენილ ნორმას. თან იმ საათს არც იყენებდა, არც განსაკუთრებული საათი ყოფილა და სადღაც ეგდო კაბინეტში, მაგრამ 5 დოლარით მეტი ღირდა დადგენილზე. ამის გამო გადადგა ის ახალგაზრდა კაცი და გაუფუჭდა კარიერა. თუმცა, მიუხედავად ამისა, კორუფციის ფაქტები ჩინოვნიკებში ყველგანაა, მაგრამ იქ უბრალო ეჭვის გამოც კი იწყება ძიება და გამორიცხულია ხელის დაფარება. ჩვენში კი უამრავი ეჭვია და მე არ ვიცი, ეს ეჭვები ჭორია თუ სინამდვილე. თან არც იმის რწმენა მაქვს, რომ ჩვენი ყველა ჩინოვნიკი ხელფასზე ცხოვრობს. იმ ადამიანების ცხოვრების წესი, რომლებსაც ეკრძალებათ ბიზნესი, არანაირად არ ჯდება მათ ოფიციალურ შემოსავალში. მაშინ, როდესაც ამერიკაში, როგორც კი სერჟანტი „კადილაკს“ ყიდულობს, ხუთი კილომეტრიც არ აქვს გავლილი, რომ ეს უკვე იქცევა „ეფბეერის“ კვლევის ობიექტად. ეშინიათ, უცხო ქვეყნის აგენტი ხომ არ არის, თორემ სერჟანტს ქრთამს ვინ მისცემს?!

– ო, როგორ მშურს. როგორ მიაღწიეს ამას:  ქვემოდან –  ზემოთ თუ ზემოდან –  ქვემოთ?

– ეს არის მთელი ჯაჭვი და დაბლიდან უნდა დაიწყოს. უნდა შეიქმნას ჩინოვნიკთა ფენა. ჩინოვნიკს რწმენა უნდა ჰქონდეს, რომ უფროსის შეცვლით მას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ევროპაშიც, შტატებშიც უამრავი ჩინოვნიკია, რომლებსაც ათი მინისტრი ჰყავთ გამოცვლილი. ისინი თავიანთი საქმის პროფესიონალები არიან და უფრთხილდებიან თავიანთ თანამდებობას, როგორც წესი,  ქრთამს არ იღებენ. ჩვენთან კი რა ხდება? მოდის ახალი მინისტრი და, უპირველესად, ყველა თანამშრომელს აწერინებს გათავისუფლების შესახებ განცხადებას. შემდეგ თავიდან აჰყავს თანამშრომლები, მაგრამ ვინმემ დაითვალა, რამდენი პროცენტი რჩება ძველი თანამშრომლებიდან?! გარდა ამისა, სანამ ჩვენთან არსებობს ბენდუქიძის შრომის კანონმდებლობა, პროფესიონალი ჩინოვნიკი არ გაიზრდება. ჩინოვნიკმა უნდა იცოდეს, რომ თითს ვერავინ დააკარებს, თუ რამე არ გააფუჭა. ჩემს მაგალითს გეტყვით: ვარსკვლავებს თუ არა ვწყვეტ, არ ვითვლები არაპროფესიონალ სპეციალისტად, მაგრამ ჩემი შრომითი კონტრაქტი ასეთია: მე (40 წელია, პროფესორი ვარ) გამოსაცდელი ვადით 3 თვით ვარ აყვანილი და ამ სამ თვეში დამქირავებელს ნებისმიერ წუთში, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, შეუძლია, დაარღვიოს კონტრაქტი. ვთქვათ, ჩემს დამქირავებელს არ მოეწონა ჩემი რომელიღაც გამოსვლა ტელევიზიით. თვითონ არაფერს მეტყვის, მეორე დღეს დამირეკავს მისი მეექვსე თანაშემწე და მეტყვის, თქვენ უკვე აღარ ხართ ჩვენი თანამშრომელიო. მე ვერსად წავალ და ვერ გავასაჩივრებ ამ უსამართლობას. ჩემთვის გაუგებარია, რატომ ვერ ელევიან, როგორც დედისერთა შვილს, შრომის ამ კანონს. სწორედ ეს კანონი არ იძლევა საშუალებას, შეიქმნას საკუთარ თავში, საკუთარ მომავალში დარწმუნებული ბიუროკრატიული აპარატი. ბიუროკრატია კარგი სიტყვაა და მის გარეშე ვერც ერთი სახელმწიფო ვერ ფუნქციონირებს.

– ბიუროკრატია იდეალური სქემაა, ამაზე ეფექტიანი არავის არაფერი მოუგონია.

– არადა ჩვენ უარყოფით შინაარსს ვდებთ, რეალურად კი ბიუროკრატიული აპარატის გარეშე სახელმწიფო ვერ მუშაობს. ამდენად, როდესაც ასეთი მერყევი სიტუაციაა, მაშინ უკვე საშიში ხდება მინისტრი, რომელსაც ძროხა მამალი ჰგონია. თორემ, თუ აპარატი თავის ადგილზეა, არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს, თუ მინისტრი დედალ-მამალ ძროხას ვერ არჩევს. მაგრამ, რაკი ყველას ეშინია, სამსახური არ დავკარგოო, ყველაფერში ეთანხმებიან.

ჩვენთან ამბობენ, მთავარია, მინისტრი კარგი მენეჯერი იყოსო. არავინ დაფიქრებულა იმაზე, თუ რატომ მიდის ასე მძიმედ ორი სფეროს, განათლებისა და ჯანდაცვის, რეფორმა? კულტურაზე აღარაფერს ვლაპარაკობ, იმიტომ რომ ჩვენთან ყველა უკულტურობა კულტურად იქცა. ქრება კულტურული ადამიანის ცნება. გაზეთებში დედის გინებაა, კინოდან, თეატრიდან, ტელევიზიიდან დედის გინება ისმის.

– ჩვენთან საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელები, როგორც წესი, არ პასუხობენ სატელეფონო ზარებს, დიდი შტურმია საჭირო, რომ მათი ხმის გაგონების ბედნიერება გეწვიოს. გადმორეკვის კულტურა ხომ საერთოდ, არ აქვთ.  ეს აჩენს ეჭვს, რომ მათი სტატუსი არ არის დამოკიდებული საზოგადოებრივ აზრზე, თორემ რომ იყოს, საზოგადოებას ადამიანად ჩააგდებდნენ? 

– ამერიკის ყველა პრეზიდენტი ცდილობდა, მეგობრული ურთიერთობა ჰქონოდა გავლენიან ჟურნალისტებთან, რადგან მათ იციან ამ ურთიერთობის ფასი, თუმცა არც ერთი მხარე ამას არ გამოიყენებს პირადი მიზნებისთვის. ჩვენთან, როგორც ეს მესამე სამყაროშია მიღებული, პირადი ურთიერთობა წყვეტს ყველაფერს. მაგალითად, მთელმა პარიზმა იცოდა, რომ მიტერანს ინსტიტუტისდროინდელი  ორი მეგობარი ჰყავდა, ორივე მასწავლებელი და ისინი ტრადიციულად ერთმანეთს ხვდებოდნენ თვეში ერთხელ. სადილობდნენ პარიზის ერთ-ერთ ჩვეულებრივ რესტორანში და იხდიდნენ რიგ-რიგობით. იმ ორს ხომ აზრადაც არ მოუვიდოდა, ესარგებლათ და რაღაც ეთხოვათ, მიტერანი მათ აღარასდროს შეხვდებოდა. მეორე საკითხია, რომ თვითონაც არ გააკეთებდნენ ამას. აბა, ჩვენთან წარმოიდგინეთ იგივე სიტუაცია?! 

– მივდივართ იქამდე, რომ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ვინ რას იკადრებს?

– როდესაც ღირებულებებზე იზრდება თაობები, მაშინ არ კადრულობენ უკადრისს. ცხონებულ ნოდარ დუმბაძეს „როსიას“ დარბაზში ჰკითხეს, როგორი უნდა იყოს, თქვენი აზრით, ინტელიგენტიო. ნოდარმა უპასუხა: ინტელიგენტი იყო ბაბუაჩემი, რომელმაც ამ სიტყვის მნიშვნელობა არ იცოდა, მაგრამ ოთახში რომ ბავშვი შემოდიოდა, ფეხზე დგებოდაო. მას სისხლში ჰქონდა ეს. მაგრამ, როდესაც ჩვენ შემოვიღეთ სკოლაში უნარ-ჩვევები და ამით ვიწყებთ აღზრდას, ამიტომაც მიდის განათლების რეფორმა ასე ჭრაჭუნით. ყველაფერი იწყება განათლებით. ჩერჩილი წერდა თავის მემუარებში, ყოველთვის ვოცნებობდი, მქონოდა ისეთი გავლენა, როგორიც სოფლის მასწავლებელს აქვსო. ჩვენთან კი, ერთ-ერთმა ეკონომიკის მინისტრმა თქვა, 40 წლის ხე არ მინდა ეზოში, არათუ თანამშრომელიო. არაპროფესიონალ ხელმძღვანელს ყოველთვის ეშინია პროფესიონალი ქვეშევრდომის. მაგალითად, ნაპოლეონს არ ეშინოდა და წლობით აგროვებდა მეთაურებს, თუმცა სტალინს ეშინოდა, ამიტომ ჭკვიანები დახოცა და იდიოტები დაიტოვა. აი, ლენინს არ ეშინოდა. ყველაზე სულელსაც კი ჰყოფნის ჭკუა საიმისოდ, რომ სხვისი ჭკუა შეამჩნიოს. ერთი სიტყვით, მდგრადი დემოკრატიის ქვეყნებში პირველი პირები უნდა იყვნენ პოლიტიკოსები, ჩვენნაირ ქვეყანაში კი ჯერ ადრეა პოლიტიკური პრინციპით კადრების დანიშვნა. ჩვენთან უნდა იყვნენ პროფესიონალები: ყველა სფეროს პროფესიონალი უნდა მართავდეს.

 

скачать dle 11.3