კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გახდა აქტუალური ატომური რეაქტორის აშენების თემა და ანდობენ თუ არა საქართველოს გამდიდრებულ ურანს

რამდენიმე კვირის წინათ, როდესაც ჩვენი ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი სამხრეთ კორეას ესტუმრა, მის მიერ სამხრეთკორეული გაზეთისთვის მიცემული ინტერვიუდან შევიტყვეთ (ან კი სხვა რა წყაროდან შევიტყობდით, როდესაც ჩვენი მინისტრები ადგილობრივ ჟურნალისტებს სათოფეზე არ გვიკარებენ?), რომ საქართველო ბირთვული ელექტროენერგიის მიღებას გეგმავს. უფრო მეტიც, ბ-ნმა ხეთაგურმა (რომელიც კორეაში იმ სამხრეთკორეელი ინვესტორების მოხიბვლის მიზნით იყო ჩასული, რომლებმაც ჩვენს ქვეყანაში კასკადური ჰიდროელექტროსადგურები უნდა ააშენონ) ბრძანა, 30 წელიწადში საქართველო ბირთვული ქვეყანა გახდებაო. მეორე მხრივ, ცნობილია, რომ ბირთვული ელექტროენერგია მეტად იაფია, მაგრამ, თუ გავიხსენებთ, რომ ამ ჩვენს 4,5-თეთრიანი თვითღირებულების მქონე ელექტროენერგიაში ქართველ მომხმარებელს 16 თეთრს ახდევინებენ, შესაძლოა, არც ბირთვულმა ელექტროენერგიამ შეამსუბუქოს ჩვენი ჯიბეები. რამდენად რეალურია საქართველოში ბირთვული ენერგეტიკის განვითარება და, საერთოდაც, ღირს თუ არა ბირთვული რისკი ჰიდრორესურსებით მდიდარ ქვეყანაში? ჩვენს ბირთვულ მომავალში ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი და ფიზიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი-თანამშრომელი გიორგი ნაბახტიანი გაგვარკვევს.

 

– ასე მარტივია ბირთვულ ენერგეტიკაზე გადასვლა?

– ბირთვული რეაქტორის აგება საკმაოდ დიდ სირთულებთანაა დაკავშირებული. თუ გახსოვთ, 2008 წლამდე გამოითქვა ეს სურვილი და დაიწყო კიდეც ამაზე მსჯელობა, სპეციალური კომისიაც ჩამოყალიბდა, რომელსაც უნდა შეესწავლა მოსახლეობის დამოკიდებულება ამ ფაქტისადმი. შემდეგ მოხდა რუსეთ-საქართველოს ომი და ეს ყველაფერი დავიწყებას მიეცა. ატომური ენერგეტიკა ფართო თემაა, მაგრამ ჩვენ განვიხილოთ საკითხი, რა უპირატესობა და მინუსები აქვს ატომურ ელექტროსადგურს ჰიდრო ან თბოსადგურთან შედარებით.

– სანამ ამ საკითხს განვიხილავთ, ისიც ვთქვათ, მხოლოდ ქვეყნის სურვილია ამისთვის საკმარისი თუ მეზობლების თანხმობაც აუცილებელია?

– ეს დამოკიდებულია ქვეყნის სურვილზე, მაგრამ სასურველია, რომ ქვეყანამ შესაბამისი კონვენციის ფარგლებში შეათანხმოს ეს საკითხები მეზობლებთან, უპირველესად, იგულისხმება უსაფრთხოების პრობლემა. ერთ მაგალითს მოგიყვანთ: ლიტვას ჰქონდა საბჭოთა დროს აშენებული ატომური ელექტროსადგური, ორი 1 500 მეგავატიანი ბლოკი, მაგრამ ევროკავშირმა წაუყენა გარკვეული მოთხოვნები და ის რეაქტორი დაიხურა. მართალია, ლიტვამ თვითონ მიიღო ეს გადაწყვეტილება, მაგრამ იძულებული გახდა, გაეთვალისწინებინა მეზობლების მოთხოვნები. ის რეაქტორი ზუსტად იმ კონსტრუქციის იყო, როგორიც ჩერნობილში, თან ჩერნობილში 440-მეგავატის სიმძლავრის  ბლოკზე მოხდა ავარია, ლიტვაში კი 1 500-მეგავატიანი იყო.  თუმცა გამართულად მუშაობდა და არანაირი შეფერხება არ ჰქონია. რეაქტორის დახურვამ, ბუნებრივია, ლიტვას შეუქმნა პრობლემები. ახლა ყიდულობს ელექტროენერგიას და ახალი ბირთვული რეაქტორის აშენებას გეგმავს.

ერთი სიტყვით, ატომური ელექტროსადგურის უპირატესობა არის ის, რომ ის გამოიმუშავებს ძალიან იაფ ელექტროენერგიას.

– ჰიდროზე იაფს?

– რა თქმა უნდა, ანუ ენერგეტიკულად ძალიან მომგებიანია და პლუს მისი ნორმალური მუშაობისას გარემოზე მავნე ზეგავლენა გაცილებით დაბალია, ვიდრე ჰიდრო და თბოსადგურის შემთხვევაში. მაგრამ მინუსია ის, რომ, ავარიისას გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება მაქსიმალურია. ფუკუსიმის ტრაგედიამდე აშკარად ლაპარაკობდნენ ბირთვულ რენესანსზე. ბევრმა ქვეყანამ განაცხადა ახალი ატომური რეაქტორების აშენების სურვილი, დაიწყეს კიდეც მუშაობა, მაგრამ მოხდა ფუკუსიმას ტრაგედია და ამან უარყოფითად იმოქმედა ბირთვულ რენესანსზე. ამას გარდა, ატომური რეაქტორის დახურვა, ანუ დეკომისია საკმაოდ ძვირად ღირებული სიამოვნებაა.

მოკლედ, თუ გინდა, ააშენო ატომური ელექტროსადგური, უნდა გყავდეს შესაბამისი კადრები და გქონდეს შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ატომური ელექტროსადგურის მუშაობისას წარმოიქმნება რადიოაქტიური ნარჩენები და მათ შესაბამისად უნდა მოეპყრო, ამიტომ გჭირდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა: ნარჩენების შესანახი სამარხი, რაც, ასევე, ხარჯებთანაა დაკავშირებული. საინტერესოა, რომ ავარია მოხდა ფუკუსიმას პირველ ოთხ ბლოკზე, თუმცა იქვე იყო მეხუთე და მეექვსე ბლოკები, მაგრამ ისინი არ დაზიანებულა. რატომ? იმიტომ რომ ისინი ახალი აშენებული იყო.

– თანამედროვე ტექნოლოგიებით?

– მათ დაცვის თანამედროვე ტექნოლოგიები ჰქონდათ. ყველაზე მეტად დაზიანდა პირველი ბლოკი, რადგან ყველაზე ძველი იყო: გასული საუკუნის 70-იან წლებში აშენდა. საერთოდ, ატომურ ელექტროსადგურს აქვს ექსპლუატაციის ვადა, რის ამოწურვის შემდეგაც, ის უნდა დაიხუროს და დეკომისია ჩაუტარდეს. მაგრამ ხშირად გადაფასება ხდება და ვადას ახანგრძლივებენ. ეს უკავშირდება იმას, რომ კარგად მუშაობს, იაფ ელექტროენერგიას გვაძლევს და ამ დროს უნდა დახურო, რაშიც უამრავი თანხა უნდა დახარჯო. ფუკუსიმას შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ გადაისინჯოს უსაფრთხოების კრიტერიუმები და უფრო მკაცრი მოთხოვნები დაწესდეს.

– საქართველოში გვყავს ატომური რეაქტორის კადრები?

– ჩვენ მცხეთასთან გვქონდა საკვლევი რეაქტორი. ის არ იძლეოდა ელექტროენერგიას, არამედ ნეირონთა ნაკადს, რომელიც გამოიყენება მეცნიერულ კვლევებში. რეაქტორი გაეშვა 1959 წელს, თუმცა რეალურად ამუშავდა 1960 წელს და 1988-ში გაჩერდა. ბირთვული საწვავი უკვე გატანილია და ახლაც გრძელდება რეაქტორის დეკომისია.

– ჩვენი ხარჯით?

– საერთაშორისო თანამეგობრობა ძალიან დიდ დახმარებას გვიწევს. ამ საკვლევი რეაქტორის სიმძლავრე იყო 2 მეგავატი.

– შევადაროთ რამეს, რომ ნათელი გახდეს მასშტაბები?

– შემდეგ მან ორი რეკონსტრუქცია გაიარა და მისი საბოლოო თერმული სიმძლავრე იყო 8 მეგავატი, თუმცა 5 მეგავატზე მეტზე არასდროს უმუშავია. მაგალითად, სომხეთის ატომური ელექტროსადგურის ერთი ბლოკის სიმძლავრე, რომელიც დენს იძლევა, არის 440 მეგავატი, ლიტვის რეაქტორის ბლოკის სიმძლავრე, რომელიც დახურეს, 1 500 მეგავატი იყო, თან ეს არის ელექტრონული სიმძლავრე. ხომ ხვდებით, რომ ჩვენ პატარა საკვლევი რეაქტორი გვქონდა, მაგრამ მას ჰყავდა კადრები.

– ეს კადრები გამოდგება ატომური რეაქტორისთვის, რომელმაც დენი უნდა მოგვცეს?

– სწორედ აქეთ მივდივარ. 1961 წელს გაიშვა და 1988 წელს დაიხურა, ესე იგი, ის კადრები საკმაოდ ასაკოვნები არიან. მე ვიცნობ რამდენიმე მათგანს, საკმაოდ კარგი სპეციალისტები არიან. დღესაც ბევრი მუშაობს, მაგრამ ბევრი აღარ არის ცოცხალი. თან გავითვალისწინოთ, რომ ატომურ რეაქტორს ცოტა სხვა სპეციფიკაც აქვს. ამიტომ, რა თქმა უნდა, თუ ჩვენ ავაშენებთ ატომურ რეაქტორს, დაგვჭირდება კადრების მომზადება.

– გვაქვს ფაკულტეტი, რომელიც ამზადებს ასეთ კადრებს?

– რეაქტორზე მომუშავე კადრებს ჩვენ არ ვამზადებთ.

– საკვლევ რეაქტორზე მომუშავეებს?

– არა, იმიტომ რომ მოთხოვნა არ იყო.

– იმიტომაც გკითხეთ?

– ჩვენ ვუშვებთ ბირთულ ფიზიკოსებს, მაგრამ რეაქტორის ფიზიკოსი კიდევ სხვაა. როდესაც საკვლევი რეაქტორი გაიშვა საქართველოში, არც მაშინ ვუშვებდით საამისო კადრებს, მაგრამ საბჭოთა კავშირში არსებობდა ასეთი ფაკულტეტები და ჩვენი სპეციალისტები იქ იღებდნენ განათლებას. დღეს ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ საერთაშორისო დახმარება კადრების აღზრდაში, რადგან, როდესაც დაისმება ასეთი რეაქტორის აშენების საკითხი, დაისმება კითხვაც: ვინ უნდა იმუშაოს?!

– ინფრასტრუქტურა თუ გვაქვს შესაბამისი?

– ერთია ოპერაციული ნარჩენი, რომელიც რეაქტორის მუშაობის დროს წარმოიქმნება და მეორეა ნარჩენები, რომლებიც გაჩერებული რეაქტორის  დაშლის დროს წარმოიქმნება. თვითონ ბირთვული საწვავი, როგორც წესი, მწარმოებელს უბრუნდება. ჩვენს საცდელ რეაქტორში ბირთვული საწვავი აღარ გვაქვს. ამასთან, ჩვენთან არის რადიოაქტიური ნარჩენების შესანახი, სადაც ნარჩენებს დროებით შეინახავ: ეს დროებითი შეიძლება, იყოს 50 წელი ან ამაზე მეტი, მაგრამ საბოლოოდ მაინც გჭირდება სამარხი. საქართველოში არსებობს ერთი დახურული სამარხი, რომელიც 1986 წელს დაიხურა. თუმცა ჩვენამდე  ვერ მოაღწია დეტალურმა ინფორმაციამ, რა არის იქ ჩამარხული. პირველი კვლევა შვედებთან ერთად ჩავატარეთ და დავადგინეთ, რომ სამარხი საკმაოდ კარგ პირობებშია და სრულიად უსაფრთხოა მოსახლეობისთვის.

– სად არის ეს სამარხი?

– ვერ გეტყვით, ამის თქმა არ შეიძლება.

– მაგრამ ის მიწა, სადაც სამარხია, უვარგისია?

– მიწის საკმაოდ დიდი ფართობი შემოფარგლულია და იმ მიწას ვეღარ გამოვიყენებთ. ჩვენი ინიციატივით, უნდა განხორციელდეს  ევროკავშირის პროექტი, რომ გავიგოთ, რა დევს ამ სამარხში და შეიძლება თუ არა, რომ ის გამოვიყენოთ მომავალში, როგორც სამარხი. ამის შემდეგ გაირკვევა: შევძლებთ თუ არა იმ ადგილის სამარხად გამოყენებას.

– თუ არა ახალი უნდა მოვძებნოთ?

– საერთოდ, რადიოაქტიური სამარხი ნებისმიერ ქვეყანას სჭირდება.

– ყოველი შემთხვევისთვის?

– იმიტომ რომ რადიოაქტიური ნარჩენები ქვეყანაში ყოველთვის არის, რადგან წარმოება და მედიცინა იყენებს რადიოაქტიურ ნივთიერებებს და შესაბამისად, ის ნარჩენები სადღაც უნდა წავიდეს.

– მე არასპეციალისტი ვარ და დილეტანტურად ვიკითხავ, ჩვენმა მინისტრმა სამხრეთკორეელ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ურანის გამდიდრებაზე უნდა დავიწყოთ მუშაობა, ოღონდ მშვიდობიანი მიზნებითო. შეგვიძლია ამის გაკეთება ჩვენი ძალებით? ასე მარტივადაა საქმე –  მოგვინდა და დავიწყებთ?

– ურანის გამდიდრება ტექნოლოგიურად საკმაოდ რთული პროცესია. ჩვენ ხელი მოვაწერეთ სპეციალურ შეთანხმებას, რის მიხედვითაც, ცალსახად ვაღიარებთ, რა ტიპის რადიოაქტიური ნივთიერებები თუ ნარჩენები და ბირთვული მასალები გვაქვს. შესაბამისად, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ ჩამოსვლა და შემოწმება. რაც შეეხება ურანის გამდიდრებას: ამისთვის საჭიროა ორმაგი დანიშნულების დანადგარები და მოწყობილობები, რომელიც შეიძლება გამოიყენო როგორც სამშვიდობო, ისე სამხედრო მიზნით. ასეთ სპეციფიკურ დანადგარს თქვენ ვერ იყიდით მხოლოდ იმიტომ, რომ დიდი ფული გაქვთ. შესაბამისი პროცედურები უნდა გაიაროთ, დაადასტუროთ, რისთვის გამოიყენებთ და ასე შემდეგ. ეს ურთულესი ტექნოლოგიებია. ასე რომ, მათი შოვნა ადვილი არ არის. ჩვენ ამ დანადგარებს ვერ შევქმნით, ისინი უნდა მოგვაწოდონ და ეს უნდა მოხდეს საერთაშორისო შეთანხმებით.

– ძალიან შორეული პერსპექტივა ყოფილა.

– ატომური ელექტროსადგურისთვის ურანის გამდიდრება არ გვჭირდება.

– მე მინისტრის ციტატა მოვიტანე: მან თქვა მშვიდობიანი მიზნებისთვის გამოვიყენებთო, ესე იგი, ლოგიკურად, გამდიდრება იგულისხმა?

– ატომური ელექტროსადგურის ამუშავებისთვის ჩვენ დაგვჭირდება საწვავი, ანუ გამდიდრებული ურანისგან დამზადებული შესაბამისი ნაკრებები. როდესაც აშენებთ ატომურ ელექტროსადგურს, აფორმებთ ხელშეკრულებას საწვავის მწარმოებელთან. ყიდულობთ საწვავს, აწყობთ თქვენს რეაქტორში, ამუშავებთ. ის „დაიწვება“, შემდეგ მას იღებთ, ინახავთ და უბრუნებთ მწარმოებელს. ის მიხედავს შემდეგ მას. როგორც წესი, ამ სისტემით მუშაობენ ქვეყნები და არა იმ პრინციპით, რომ თვითონ უნდა გაამდიდრონ ურანი.

– ანუ ჩვენ ვერ შევძლებთ ურანის გამდიდრებას?

– შეგვიძლია, მაგრამ უნდა დავადასტუროთ, რომ ეს მშვიდობიანი მიზნებისთვისაა და ამისთვის ძალიან ძვირად ღირებული ტექნიკის შეძენა დაგვჭირდება.

– ჩემი ჭკუით, ეს არასდროს მოხდება, ანუ დიდი-დიდი სხვისი ნარჩენები დაგვამარხვინონ? 

– სხვისი ნარჩენების მიღება ყოვლად დაუშვებელია. ჩვენი კანონმდებლობა კრძალავს რადიოაქტიური ნარჩენების იმპორტს, ექსპორტსა და ტრანზიტს.

– ჩვენ მუდმივად ვიმეორებთ, რომ უსაზღვროდ ბევრი ჰიდროენერგიის პოტენციალი გვაქვს, თან ვაცხადებთ, რომ არათუ თავს ვიკმაყოფილებთ ელექტროენერგიით, ბევრ სხვასაც ვაკმაყოფილებთ, რაში გვჭირდება მაშინ ეს სარისკო ატომური რეაქტორი? ბოლოს და ბოლოს, ქარის ენერგიაც გამოვიყენოთ. 

– ეს უნდა განსაზღვროს ქვეყნის განვითარების კონცეფციამ. დღეს, ალბათ, არ გვჭირდება, იმიტომ რომ საკმარის ელექტროენერგიას ვაწარმოებთ და ვყიდით კიდეც. ასეთი პროექტი მომავალზე უნდა იყოს გათვლილი.

– წარმოება თუ ამუშავდება? რადგან ახლა, ძირითადად, ელექტროენერგიით ვნათდებით და ვთბებით.

– დიახ, მაშინ გაცილებით მეტი ენერგია დაგვჭირდება და ატომური რეაქტორიც აუცილებელი გახდება. ერთი რამაა გასათვალისწინებელი, რატომ იყო ატომური რენესანსი? რადგან ყველას კარგად გვესმის, რომ რესურსები ილევა და საჭიროა ენერგიის ახალი წყარო. წყალი არის, მაგრამ წყალსაც თავისი მინუსები აქვს.

– თან ყველას არ აქვს.

– თან უარყოფითი ეკოლოგიური შედეგი აქვს, ირევა მთელი ეკოსისტემა. რაც შეეხება ქარს: ეს იდეა ევროპაში განსაკუთრებით პოპულარული იყო, მაგრამ, როგორც კვლევებმა აჩვენა, ქარისგან მიღებული ელექტროენერგია, სამწუხაროდ, არ შეიძლება, იყოს ძირითადი. ის უნდა იყოს დამხმარე, ძირითადი სხვა უნდა გქონდეს. 

– ძირითადი იყოს ჰიდრო და დამხმარე –  ქარის?

– თუ განვვითარდებით და ელექტროენერგიაზე მოთხოვნა გაიზრდება, გაჩნდება ამის საჭიროება. გარდა ამისა, მსოფლიო მიდის მეორე მიმართულებით: მუშავდება თერმობირთვული ელექტროსადგურის იდეა, რაშიც ბევრი ქართველი სპეციალისტი იღებს მონაწილეობას.

– თერმობირთვული რას ნიშნავს?

– ატომურ რეაქტორში ენერგიას ვიღებთ ბირვული რეაქციით, იქ კი –  თერმობირთვული რეაქციის შედეგად, გაცილებით მეტ ენერგიას.

– ნაკლებად სახიფათოა, ვიდრე ბირთვული?

– წყარო არ არის რადიოაქტიური, ენერგიის მოგება კი ფანტასტიკურია.

– მე მაქვს ეჭვი, რომ ეს ბირთვული რეაქტორი ელექტროენერგიის ექსპორტისთვის შენდება და არა ჩვენი მოსახლეობისთვის დენის ტარიფის შესამცირებლად. არის ბირთვული ელექტროენერგიის ექსპორტის პრაქტიკა?

– ენერგია ენერგიაა, გინდა ბირთვულიდან მიიღე, გინდა –  ჰიდროდან.

 

 

скачать dle 11.3