კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2018 (107)
სექტემბერი 2018 (209)
აგვისტო 2018 (267)
ივლისი 2018 (223)
ივნისი 2018 (244)
მაისი 2018 (211)

რაზე ვერ დაითანხმა კატია კოტრიკაძემ რუსეთის პრეზიდენტი და რა რისკზე წავიდა ის

მაშინ,  როცა ჟურნალისტმა კატია კოტრიკაძემ მოსკოვიდან სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა, თბილისი მისთვის მშობლიური, მაგრამ მაინც უცხო ქალაქი აღმოჩნდა – აქ  ყველაფერი თავიდან უნდა დაეწყო. დაიწყო და გამოუვიდა კიდეც. დღეს ის „პიკის” საინფორმაციო სამსახურს ხელმძღვანელობს და ახალი გადაცემა  „ცივილიზაცია” მიჰყავს. თბილისური ცხოვრების სტილი, ყველაზე ძვირფასი ადამიანები და   მოსკოვთან დაკავშირებული ტკივილი, რომელმაც მისი მომავალი მთლიანად შეცვალა –  ეს კატია კოტრიკაძის ცხოვრებაა  კადრში და კადრს მიღმა.         

 

კატია  კოტრიკაძე: არც ერთხელ არ მქონია იმის განცდა, რომ არასწორი ნაბიჯი გადავდგი, როცა მოსკოვიდან თბილისში გადმოსვლა გადავწყვიტე; პირიქით, ძალიან ხშირად საკუთარ თავს მადლობასაც კი ვეუბნები ამ  გადაწყვეტილების გამო. მოსკოვში ჩემი ჟურნალისტური კარიერა საკმაოდ  კარგად მიდიოდა: კრიმინალურ თემებზე მუშაობის გარდა,  ვმუშაობდი დოკუმენტურ ფილმებზე, რომლებიც  სოციალურ თემებს ეძღვნებოდა, ეს ჩემთვის ძალიან აზარტული საქმე იყო.  ისე  მივატოვე ეს ყველაფერი,  სულ არ დამნანებია, რადგან, ყოველთვის ვიცოდი, რომ აქ უნდა დავბრუნებულიყავი. თბილისში თერთმეტი წლის შემდეგ დაბრუნება ჩემგან გარკვეული რისკი იყო. მახსოვს, როდესაც თბილისში ჩამოვედი, აქ საკმაოდ ცუდი სიტუაცია დამხვდა – ზუსტად იმ პერიოდში  რუსებმა ააფეთქეს ყველაფერი,  გაითიშა შუქი, გაზი, იმ ზამთარს საქართველოში საშინელი  ყინვა და თოვლი იყო,  ისეთი, როგორც ამ წელს. მე აქ ნულიდან უნდა დამეწყო ყველაფერი, არ მქონდა სამსახურის შოვნის შანსი, არ ვიცნობდი ადამიანებს ჟურნალისტური  წრიდან, რომლებიც ჩემს დახმარებას  შეძლებდნენ. ამას ისიც ემატებოდა, რომ მე ვიყავი რუსულენოვანი ჟურნალისტი. ქართულ მედიაში ძალების მოსინჯვა, რა თქმა უნდა, შემეძლო,  მაგრამ, მე მაქვს პრინციპი – არასდროს გავაკეთო ის საქმე, რომელსაც ვერ გავაკეთებ 100 პროცენტით. იმის მიუხედავად, რომ საკმაოდ დიდი პრობლემების წინაშე აღმოვჩნდი, ვიცოდი, რომ ეს რთული ეტაპი გაივლიდა. დღეს შემიძლია, ვთქვა,  რომ  ამ რისკმა  გაამართლა.  

– ახლახან რუსეთის პრეზიდენტის არჩევნებს აშუქებდი. ისევ გაქვს  აქტიური კავშირი რუსულ მედიასივრცესთან?

–  რუსეთის პრეზიდენტის არჩევნებზე  ვმუშაობდი მხოლოდ „პიკისთვის”, თუმცა,  მე დღემდე ვთანამშრომლობ „ეხო მასკვისთან”. ჩემი აზრით, ჩვენ აუცილებლად უნდა გვქონდეს კონტაქტი ყველა იმ ლიბერალურ მედიასაშუალებასთან, რაც რუსეთში არსებობს. როცა არის რადიო, რომელსაც უსმენს საკმაოდ დიდი აუდიტორია და  არსებობს ტელევიზია, რომელიც გადის სატელიტზე, რუსულ  სივრცესთან თანამშრომლობა  აუცილებელია, რომ არ შეიქმნას საინფორმაციო ვაკუუმი.  ახლა რუსეთში ჩასვლისას უფრო მეტად დავრწმუნდი, როგორ ეშინიათ ადამიანებს, ილაპარაკონ გარკვეულ თემებზე.  ჩემთვის  დაკეტილი აღმოჩნდა  სამთავრობო  გუნდი, თუმცა, ჩემი ძველი კონტაქტების მეშვეობით მოვახერხე და ჩავწერე კოსაჩოვი, რომელიც  საქართველოსთან დაკავშირებულ თემებზე საუბრისას ძალიან ნერვიულობდა. მოსკოვში შევხვდი და ჩავწერე თიკა კანდელაკიც; ჩვენ შორიდან ვიცნობდით ერთმანეთს, საკმაოდ საინტერესო საუბარი გამოგვივიდა.  ძალიან მინდოდა ინტერვიუს ჩაწერა და რეალური  შეკითხვების დასმა პუტინთან, რომელმაც ერთხელ მომცა  ამისი საშუალება,  მაგრამ, ამჯერად ეს აღარ გამოვიდა –  მისი პრესსამსახურიდან კატეგორიული  უარი  მივიღე – დღეს ამისთვის მზად არ არისო. 

– გარდა იმისა, რომ ხელმძღვანელობ „პირველი კავკასიურის” საინფორმაციო სამსახურს, მიგყავს ახალი გადაცემა მატვეი განაპოლსკისთან ერთად. როგორ შედგა თქვენი ტანდემი?

– ეს ტანდემი საკმაოდ დიდი ხნის წინ შედგა. მატვეი არის ჩემი მეგობარი, ადამიანი, რომელიც ჩემს გვერდით იდგა, როცა ცხოვრების ძალიან  რთული პერიოდი მქონდა. მაშინ მივხვდი, რომ ეს ის ადამიანია, რომელსაც შეიძლება, დაეყრდნო. მასთან ერთად, რა თქმა უნდა, თვალდახუჭული წავიდოდი გადაცემაზე.  როდესაც ჩვენ პირველად დავსხედით ერთად პირდაპირ ეთერში და ეს ძალიან მოულოდნელად მოხდა, მე არ დამჭირვებია მასთან „აწყობა”, „შეთამაშება”, როლების განაწილება; ნახევარი სიტყვით ვხვდებოდით, როდის რა უნდა გვექნა. ასეთ გამოცდილ ადამიანთან ურთიერთობა ძალიან კომფორტულია. ის უფრო კრეატიულია, მე კი – უფრო პრაგმატული და რაციონალური, რაც ბალანსის დაცვისთვის ძალიან კარგია.

– როგორ შეიცვალა შენი ცხოვრების სტილი  თბილისში გადმოსვლის შემდეგ?

– ჩემი ცხოვრება თბილისში არის „პიკი”.  ამ ტელევიზიაში ვატარებ მთელ დღეებს – ეს არის ჩემთვის  ოჯახიც, მეგობარიც, სიყვარულიც და პრობლემაც.  ძალიან გამიმართლა, რომ მოვხვდი აქ,  ძალიან კარგ ადამიანებს  შორის და, ვფიქრობ, რომ ეს იყო მოხვედრა საჭირო დროს, საჭირო ადგილას (იცინის). თბილისში მე ვცხოვრობ ბებიასთან და ბაბუასთან ერთად; მშობლები არ მყავს, გარდაიცვალნენ. ბებია და ბაბუა ჩემთვის ყველაზე ძვირფასი და  მნიშვნელოვანი ადამიანები არიან დედამიწის ზურგზე. მათ გამზარდეს იმ ტრაგიკული ისტორიის შემდეგ, რაც თავს გადახდათ. მათი შვილი, დედაჩემი ძალიან ტრაგიკულად დაიღუპა – იმ ტერორისტულ აქტს შეეწირა, რომელიც მოსკოვში მოაწყვეს. მე და დედა იმ სახლში ვცხოვრობდით, რომელიც  1999 წელს  ააფეთქეს მოსკოვში.  მე შემთხვევით გადავურჩი სიკვდილს – სკოლის არდადეგებზე ვიყავი  თბილისში, 3 სექტემბერს მეწყებოდა სწავლა, მაგრამ ბაბუაჩემმა თვითმფრინავის ბილეთი შეცვალა –  უნდოდა რამდენიმე დღე კიდევ დავრჩენილიყავი აქ. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ბაბუა თავისი შვილის წინააღმდეგ წავიდა, რაზეც მახსოვს, დედამ ძალიან იჩხუბა –  გეკითხათ მაინც ჩემთვისო. ჩვენი ბოლო საუბარი იყო კამათი ამ თემასთან დაკავშირებით, ზუსტად მეორე დღეს მოხდა ის ტერორისტული აქტი. ღამის 12 საათზე საცხოვრებელ კორპუსს რომ აფეთქებ, იცი, რომ იქ ადამიანები დაიღუპებიან.  ჩემი სადარბაზო იყო ეპიცენტრი – ვერაფერი ვერ ვიპოვეთ, დედაჩემის ცხედარიც კი, მას შემდეგ ბებიამ  და ბაბუამ გამზარდეს და დღემდე ისე ზრუნავენ ჩემზე, თითქოს პატარა გოგო ვიყო. ბებიაჩემი სულ იმას წუხს, სამსახურში რას შევჭამ და დილაობით ვაშლით მივსებს ხოლმე ჩანთას; ასეა ბაბუაჩემიც. მეც დამჯერი შვილიშვილი ვარ. ერთადერთი, რაზეც ჩემ გამო ნერვიულობენ, ჩემი დაოჯახების თემაა: ხან ვის „გამოჩხრეკენ” და უწევენ რეკლამას, ხან – ვის (იცინის).       

  – შენს პირად ცხოვრებაზე ხშირად ვრცელდება  ხმები,  რაც, ალბათ, სასიამოვნო არ უნდა იყოს შენთვის. 

  – ამ ხმებს უკვე შევეჩვიე. როცა  პოპულარული ხარ, ეს ჩვეულებრივი ამბავია.  ჩემზე იმდენი რამ გამიგია, თან,  აბსოლუტურად სხვადასხვა წრის ადამიანებთან დაკავშირებით და უმოკლეს ინტერვალებში, რომ ეს ჩემთვის სასაცილო ხდება ხოლმე. ხანდახან ისეთ ადამიანთან მაბრალებენ რომანს, ერთხელაც რომ არ შევხვედრივარ. მე არ ვარ გათხოვილი და არც არასდროს ვყოფილვარ, თუმცა, ვფიქრობ, რომ ეს დრო უკვე მოვიდა. ბევრი ჩემი მეგობარი მეუბნება, ძალიან პრეტენზიული ხარ მამაკაცებთან დაკავშირებით და აქამდე იმიტომ არ გათხოვდიო. ვაღიარებ, რომ ძალიან მაღალი სტანდარტები მაქვს. მე საკუთარ თავთან მაქვს ძალიან დიდი მოთხოვნები და, რა გასაკვირია, რომ მამაკაცების მიმართ ვიყო ასეთი? როცა საუბარია ქართველ მამაკაცებზე, მივხვდი, რომ მათ გადაჭარბებულად აქვთ „ჩართული” ქალების კონტროლის მექანიზმი, რომლის „გამორთვა” ძნელია. არ მესმის, რატომ არ უნდა ენდო წარმატებულ ქალს, რა მოხდა, თუ ის დღის განმავლობაში ძალიან დიდ წრეში ტრიალებს და ბევრ მამაკაცს ხვდება?! არასდროს არ ვიტყვი უარს კარიერაზე, მაგრამ, არც არასდროს ვიქნები ეგოისტი ქალი, რომელიც მხოლოდ საქმეზე იფიქრებს. რატომღაც, მამაკაცები ითხოვენ, რომ, თუ გათხოვილი ხარ, ბევრი რამ უნდა დაივიწყო. მე ვერ დამსვამს სახლში ვერც ერთი მამაკაცი, ვერავინ  შემიზღუდავს თავისუფლებას, თუმცა, რომ დამჭირდეს, საჭმლის გაკეთებასაც ვისწავლი როგორმე და იმ საოჯახო საქმესაც, რომელზეც დღეს წარმოდგენა არ მაქვს. მე არაფერი არ უნდა დამაძალო, თვითონ უნდა მომინდეს. როცა მაყენებენ არჩევნის წინაშე: ან – მე, ან – საქმე, ის ურთიერთობა ჩემთვის საინტერესო აღარაა. ამის გამო უყოყმანოდ  დავასრულე ჩემთვის ძვირფასი ურთიერთობა.  წლების განმავლობაში ვხვდებოდი ადამიანს, რომელიც ძალიან მიყვარდა, მაგრამ, ეს ურთიერთობა არ გამოვიდა და ამის გადატანა ჩემთვის ძალიან რთული იყო, თუმცა, ჩვენ  შევძელით მეგობრობის  შენარჩუნება. მე იმასაც ვაღიარებ, რომ რაც უნდა წარმატებული იყოს ქალი, პირადი ცხოვრებისა და ემოციების გარეშე, მარტო ყოფნა ძალიან რთულია, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ არსებობს ბალანსი – აკეთო შენი   საქმე და იყო ბედნიერი  საყვარელ ადამიანთან ერთად.

– ახლა შენს ცხოვრებაში ეს ეტაპია?

– დიახ,  არსებობს ადამიანი, ვის გვერდითაც თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ. ეს სიყვარული ჩემს ცხოვრებაში უცებ მოვიდა, ეს ის ფოიერვერკია, რომელზე საუბრისაც კი მეშინია (იცინის). სულ ასეა: როცა ძალიან ბედნიერი ვარ, სულ არაფრიდან ისეთი პრობლემა  და გადაუჭრელი საკითხი ამოყოფს ხოლმე თავს, ყველაფერი ფუჭდება და ინგრევა.  როცა მიყვარს, ვხდები პატარა ბავშვი; არც ვგეგმავ არაფერს  და არც  ვემორჩილები. ძალიან  ემოციური  და რომანტიკული ვარ; დღემდე მჯერა ზღაპრის: „ცხოვრობდნენ ერთად დიდხანს ბედნიერად და ერთად დაიხოცნენ”... შეყვარებული  ყველაფერს ვარდისფერი სათვალით ვუყურებ და  ასე მივყვები ბედს. საკმაოდ რთული ცხოვრება მაქვს გავლილი, მაგრამ, შევძელი და შევინარჩუნე ის, რომ ხანდახან შემიძლია 15 წლის გიჟი ბავშვი გავხდე. არ შეიძლება, ნეგატივს და პრობლემებს აჰყვე; ერთ წამში შემიძლია, გადავერთო სხვაგან, მოვიხსნა ტვირთი, რომელიც ზოგჯერ ძალიან მძიმეა.

– ამას როგორ ახერხებ?

– იმის მიუხედავად, რომ მქონია  დიდი იმედგაცრუებები,   მიყვარს და ვენდობი ადამიანებს, ცხოვრებამ არ გამაფუჭა; შემიძლია, შევიგრძნო  მეგობრების სიყვარული, სახლი, სითბო. ეს ისაა, რაც მაძლევს ძალას. როცა 15 წლის ვხდები, ყველა საზღვარს ვარღვევ: ვიცინი,  ვცეკვავ, ვმღერი თითქმის ყველა ენაზე,  მიხარია ცხოვრება. თბილისში ვსუნთქავ, ვსუნთქავ ისე  ღრმად, როგორც არსად სხვაგან  (იცინის).  

 

 

скачать dle 11.3