კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აპრილი 2018 (98)
მარტი 2018 (256)
თებერვალი 2018 (208)
იანვარი 2018 (215)
დეკემბერი 2017 (243)
ნოემბერი 2017 (212)

სად გაჩერდა ალექსანდრე პუშკინი თბილისში ვიზიტის დროს და სად დაიდგა რიგით მეორე ძეგლი თბილისში 1892 წელს

თავისუფლების მოედანზე მდებარე პუშკინის სკვერი თბილისის ერთ-ერთი უძველესი ბაღია. ეს ადგილი ჯერ კიდევ მეთვრამეტე საუკუნის 80-იან წლებში შედგენილ თბილისის გეგმებზე ჩანს და ის ბაღებით იყო გარშემორტყმული. გარდა ამისა, მოედანზე მდებარეობდა მეცხრამეტე საუკუნის დასასრულისა და მეოცე საუკუნის დასაწყისის თბილისის ერთ-ერთი საუკეთესო სასტუმრო „კავკაზი”, რომელიც, სამწუხაროდ, 90-იანი წლების დასაწყისის სამოქალაქო დაპირისპირებას შეეწირა. თბილისის ძველი ფოტოების მიხედვით, პუშკინის სკვერისა და მიმდებარე შენობების ისტორიას ტრადიციულად, მხატვარი გოგა ქართველიშვილი მოგვითხრობს.

 

– ფოტოებიდან ჩანს, რომ ერევნის მოედანზე სასტუმრო „კავკაზი” ფუნქციონირებდა.

– „კავკაზის” შენობა თბილისის სამოქალაქო ომის დროს დაიწვა და დაინგრა. ეს იყო ძალიან მაგარი შენობა, რომლის აღდგენა დაამშვენებდა თბილისს, თუმცა, ახლა ეს შეუძლებელია. მის ადგილზე „ქორთიარდ მარიოტი” ააშენეს. „კავკაზი” ცნობილი სასტუმრო იყო ამიერკავკასიაში, აქ ჩერდებოდნენ ქალაქის მაღალი რანგის სტუმრები (სასტუმროში 90 ნომერი ფუნქციონირებდა და ფასი დღე-ღამეში 1-5 რუბლს შეადგენდა – ავტორი). ერთი ხანობა „კავკაზის” პირველ სართულზე მანთაშევის ბამბეულის მაღაზია იყო გახსნილი. ალექსანდრე მანთაშევი იმ პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი იყო კავკასიაში. „კავკაზის” გარდა, მოედანზე კიდევ ერთი სასტუმრო იყო: 1825 წელს იაკობ ზუბალაშვილის მიერ, ვინმე თურქესტანიშვილისგან გამოსყიდულ მიწის ნაკვეთზე, აშენებულ იქნა სასტუმრო „პალასი” (ამჟამინდელი ხელოვნების მუზეუმის შენობა), რომელიც მოგვიანებით სასულიერო სემინარიად გადაკეთდა, სადაც თავის დროზე სტალინი და გიორგი გურჯიევი სწავლობდნენ. 

– ძველი მერიის შენობის ფოტოებიც არის მრავლად, სადაც ახლა ქალაქის საკრებულოა განთავსებული. ფოტოებზე თბილისში ცნობილი აფთიაქიც ჩანს, რომელიც მერიის შენობის პირველ სართულზე მდებარეობდა.

– როგორც ვიცი, ეს აფთიაქი გასაბჭოების შემდეგ გაიხსნა, მანამდე მის ადგილას კაფე იყო, რომელსაც „ცენტრალი” ერქვა და საპარიკმახერო – ამის ფოტოებიც არსებობს. თვითონ ეს შენობა 1830-იან წლებში ააშენეს და, კიდევ,  თავიდან ეს იყო ქალაქის პოლიციის განყოფილება, პოლიცმეისტერის კანცელარიით. თავიდან ეს შენობა ძალიან უსახური იყო, უბრალოდ გალესილი, კოშკიანი ნაგებობა, რომელსაც არანაირი არქიტექტურული სილამაზე არ გააჩნდა. გერმანელი არქიტექტორის, შტერნის დამსახურებაა, რომ დღეს ეს შენობა ასეთი ლამაზია. შტერნი თბილისის ოპერის მთავარი არქიტექტორი იყო და, მოგეხსენებათ, ოპერა მავრიტანულ სტილშია აშენებული. იგივე ელემენტები შეიტანა მან მერიის ფასადის მოპირკეთებაში და  საკრებულოს შენობა რომ არსებობს, დღევანდელი სახით ეს არის შტერნის დამსახურება. პოლიციის შემდეგ აქ იყო ქალაქის სათათბირო, მუნიციპალიტეტი. მაშინ მერის თანამდებობა არ არსებობდა, ქალაქის თავები იყვნენ.

– მსმენია, რომ მოედანზე ბაზარიც იყო გახსნილი.

– მეცხრამეტე საუკუნის 30-იან წლებში მოედნის ტერიტორია გასაყიდი შეშით დატვირთული ურმების გასაჩერებელი ადგილი იყო და არაოფიციალურად ხალხი მოედანს „შეშის მოედანსაც” კი უწოდებდა. კვირაობით მოედანზე დიდი ბაზრობა იმართებოდა, სადაც, პრაქტიკულად, ყველაფერი იყიდებოდა: შეშა, მწვანილი, ავეჯი, ოთხფეხა საქონელი, თივა და ბუკინისტური წიგნებიც კი. ბაზარი საკმაოდ ბინძური იყო, ტალახიანი, სუნი იდგა, ქარვასლის აშენების შემდეგ კი ის ცოტა ქვემოთ, დღევანდელ პუშკინის სკვერამდე დაწიეს, სადაც 1885 წლამდე იარსება, ხოლო შემდეგ ის ვერაზე გადაიტანეს და ასე შეიქმნა „ვერის ბაზარი”, ბაზრის ადგილას კი ბაღი გაშენდა, რომელსაც ჩვენ ,,პუშკინის სკვერის” სახელით ვიცნობთ.

– პუშკინის ბაღისა და „პუშკინის ბიუსტის” ძველი ფოტოებიც არსებობს?

–  ბაღში პუშკინის ბიუსტი 1892 წლის 25 მაისს დაიდგა. სხვათა შორის, წელს ბიუსტის გახსნის 120 წლისთავია. მანამდე ამ ადგილს  „ახალი ბაღი” ერქვა, ხოლო ბიუსტის გახსნის შემდეგ – პუშკინის ბაღი. პუშკინის ბიუსტი იყო მეორე ქანდაკება თბილისში, ვორონცოვის ძეგლის შემდეგ. პუშკინის მსგავსი ბიუსტი ბევრი გაიხსნა რუსეთის იმპერიაში, ზუსტად ასეთივე დგას, მაგალითად, სანკტ-პეტერბურგში. ერთი მოქანდაკე ჰყავს ამ ბიუსტებს, ვინმე ხუდოროვიჩი. ეს ბრინჯაოში ჩამოსხმული ბიუსტი დღემდეა შემორჩენილი პირვანდელი სახით, უბრალოდ, როგორც ჩემთვის ცნობილია, პუშკინის მონუმენტი, თავისი კვარცხლბეკით, ოდნავ არის შემოტრიალებული, ანუ, ადრე ქუჩას უფრო უყურებდა, ახლა კი მუზეუმს უყურებს. 

– ფოტო მაქვს ნანახი, სადაც პუშკინის ბაღში მდგარი კამოს ძეგლი ჩანს.

– პუშკინის ბაღში საინტერესო ამბები ხდებოდა. აქ დაკრძალულია კამო, მის საფლავთან იდგა ქანდაკება, რომლის ავტორი იყო იაკობ ნიკოლაძე. კამოს საფლავის ქვა გამსახურდიას მთავრობამ ააფეთქა, ხოლო საფლავი დღესაც იქ დარჩა. ზუსტად არის ცნობილი ის ადგილი და, დღესვე რომ დავიწყოთ გათხრა, კამოს საფლავს ვიპოვით. არსებობს ვერსია, რომ კამოს ძეგლის აღების ბრძანება პირადად იოსებ სტალინმა გასცა. აღსანიშნავია, რომ ძეგლი და საფლავი სხვადასხვა ადგილას იყო, თვითონ ძეგლი კი 1925 წელს დაიდგა. 

P.S. მოედნის მოპირდაპირე მხარეს, გალავნის გასწვრივ, ერთ და ორსართულიანი სახლები იყო აგებული, იმდროინდელი თბილისისთვის დამახასიათებელი აივნებით, რომლებსაც აჟურული ორნამენტებით შემკობილი მოაჯირები და ტიმპანები ჰქონდა. ერთ-ერთ ასეთ სახლში, რომელიც იქ იდგა 1829 წელს ალექსანდრე პუშკინი გაჩერებულა. სამწუხაროდ, მაშინ ფოტოგრაფია არ არსებობდა და ეს მეტად მნიშვნელოვანი მოვლენა მხოლოდ გადმოცემის დონეზეა შემონახული. მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში ეს სახლები სხვა ნაგებობებმა შეცვალა, რომელთა დიდი ნაწილი დღემდეა შემორჩენილი.

 

 

скачать dle 11.3