კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად ცხოვრობს თაკო ჩხეიძე ორი რადიკალურად განსხვავებული ცხოვრებით და როგორ პოულობს ის ოქროს შუალედს

თაკო ჩხეიძე ტალინში სამთვიანი ყოფნის შემდეგ ცოტა ხნით თბილისში დაბრუნდა. თუმცა, ამჟამად ისევ ტალინში იმყოფება. იმის გამო, რომ ცნობილია, თაკოს მეუღლე საქართველოს ელჩია ესტონეთში, მას ხშირად უწევს ორ ქვეყანაში ყოფნა. თაკოს ესტონური და ქართული ცხოვრება ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება, ეს კი მის ცხოვრებას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.  ჩვენი ინტერვიუ შედგა წიგნების მაღაზია „პროსპეროს წიგნებში“, რომელიც  რუსთაველის გამზირზე ¹34-ში მდებარეობს.

 

თაკო ჩხეიძე: 10 დეკემბერს წავედი ტალინში და ახლახან ჩამოვედი თბილისში (ინტერვიუ ჩაწერილია 21 მარტს, – ავტორი). იქაური ცხოვრების წესი თბილისურისგან ძალიან განსხვავდება. ძირითადად, ბავშვებით ვარ დაკავებული –  მოგეხსენებათ, რომ ორი პატარა მყავს. აქ ხშირად იმართება ოფიციალური მიღებები, ვახშმები და, ამიტომ, რადიკალურად განსხვავებულ ადამიანებთან მიწევს ურთიერთობა. ორი განსხვავებული ცხოვრება მაქვს, რაც ძალიან მომწონს: თბილისში – საქმეებში ჩართული, ძალიან დაკავებული ვარ, იქ კი უფრო წყნარად, მშვიდად ვგრძნობ თავს, ანუ ცხოვრების ეს ორი სტილი ერთმანეთს აბალანსებს. მარტო ერთ მხარეს ვერ ავიტანდი. ორივეს, ოჯახსაც და საქმესაც, ჩემს ცხოვრებაში დიდი ადგილი უკავია.

– თან, უკვე მრავალშვილიანი დედა ხარ.

– მრავალშვილიანი დედა გავხდი და, პასუხისმგებლობაც მომემატა და საქმეც, რაც საკმაოდ რთულია. ორსა და სამ ბავშვს შორის დიდი განსხვავება ყოფილა. რამდენი დამხმარეც არ უნდა გყავდეს, მაინც რთულია, რადგან, შენ ხარ ყველაფერი. თან, მესამე ბავშვი მარტომ წამოვზარდე. როდესაც მესამე მეყოლა, თავიდან ცოტა გამიჭირდა, რადგან, შენ ერთი ხარ და სამივეს ერთნაირად უნდა მიაქციო ყურადღება, დრო უნდა დაუთმო, მაგრამ, მერე ნელ-ნელა ვისწავლე, ასეთ დროს როგორ უნდა მოვიქცე. ახლა ძალიან ამაყი ვარ, რომ სამი შვილი გავაჩინე, ეს მართლაც დიდი ბედნიერება და დიდი სიმდიდრეა.

– ბავშვები ჰგვანან ერთმანეთს?

– მესამე და პირველი ძალიან გვანან. ყველა ერთ ფერშია, მაგრამ, განსხვავებულები და საყვარლები არიან. უფროსი 11 წლის არის, შუათანა – 2 წლის და 4 თვის, მესამე კი – 8 თვის. სამივე განსხვავებულია და სამივეს განსხვავებული რამ სჭირდება. ეს რთულია, მაგრამ, მერე ეჩვევი და სიამოვნებას იღებ. ჩემთვის ყველაზე კარგი დასვენება ბავშვებთან ურთიერთობაა.

– მაინტერესებს, როგორ გაატარე ტალინში ეს სამი თვე.

– ბოლო სამი წელია, ორ ქვეყანაში ვცხოვრობ, გამუდმებით თვითმფრინავში ვზივარ და ამიტომ ცოტა ხნით ავიღე ტაიმაუტი. ჯერ ისევ პატარები არიან, მაგრამ, ცოტა წამოვზარდე და, რაც მთავარია, ეს ეტაპი წყნარად, მშვიდად, სტრესების გარეშე გავატარე. ჩემს ძირითად დროს ვუთმობდი ბავშვების აღზრდას, მათ სეირნობას. გარდა ამისა, მეუღლესთან ერთად მიწევდა ოფიციალურ მიღებებზე, ვახშმებზე სიარული, სადაც ჩვენ ყველაზე ახალგაზრდები ვართ. სხვა ქვეყნების ელჩების მეუღლეებთან, რომელთა შორის ყველაზე ახალგაზრდა ვარ, ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. ყველა ძალიან თბილად, კარგად მეპყრობა. იციან, რომ ახალგაზრდა ვარ, ბევრი შვილი მყავს და ამიტომ, მირეკავენ, მეკითხებიან, რამე ხომ არ მჭირდება. მარტო ცოლებიც ხშირად ვიკრიბებით ლანჩზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შორის ასაკობრივი სხვაობა დიდია, მათთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. ბევრს მეკითხებიან მოდაზე – აინტერესებთ ეს სფერო. შემოდგომაზე ტალინში ჩავატარეთ ჩვენება, რომელშიც მონაწილეობდნენ „თბილისი ფეშენ-ვიქის“ საუკეთესო დიზაინერები; ყველა დავპატიჟე და ძალიან ისიამოვნეს. ხშირად ვატარებთ საქველმოქმედო საღამოებსაც. 

– ელჩების მეუღლეებიდან ვისთან გაქვს ყველაზე ახლო ურთიერთობა?

– თითქმის ყველასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. იაპონიის ელჩი და მისი მეუღლე ძალიან კარგი ხალხია. საერთოდ, ვგიჟდები ამ ქვეყანაზე. იაპონელები ძალიან ზრდილობიანი, ტრადიციების მოყვარული ხალხია, დღემდე ინახავენ და იცავენ თავიანთ ტრადიციებს. ჩვენთვის პატივია, რომ მათ დაგვპატიჟონ და მოგვაზომონ კიმონო. იაპონიის ელჩის ცოლი დამიკავშირდა და მითხრა, თუ გინდა, კიმონოს მოგაზომებო. რა თქმა უნდა, დავთანხმდი, ოღონდ ჩემი ზომის კიმონო ძლივს იშოვეს. ძალიან საინტერესოა თვითონ კიმონოს შენახვის ტრადიცია, ძალიან ბევრი აქვთ და საკმაოდ ძვირიც ღირს. გაუთხოვრებს სხვანაირი აქვთ, გათხოვილებს – სხვანაირი. შეიძლება, მემკვიდრეობითაც  გადმოგეცეს; ასევე, არსებობს ზაფხულის, ზამთრის კიმონოები. ცოლმა ელჩის მთელი ისტორია მიამბო, ძალიან საინტერესო იყო. კიმონოს ჩაცმას 40 წუთი სჭირდება, რთული ჩასაცმელია. მისი ტარება ყოველდღიურად არ არის აუცილებელი, მაგრამ, ქორწილში ან დღესასწაულზე აუცილებლად იცვამენ. ესტონეთში დამოუკიდებლობის დღეს პრეზიდენტი აწყობს დიდ მიღებას, სადაც განსაკუთრებული სტუმრები არიან მიწვეულები თავისი დრეს-კოდით: მამაკაცები – სმოკინგებში, ქალები – საღამოს კაბებში. დიდი ფუსფუსია, რადგან ყველა ამ დღისთვის ემზადება. წელს მიღება ქალაქგარეთ გაიმართა, ბევრი ლამაზი ქალბატონი მოვიდა ლამაზ კაბაში გამოწყობილი.

– ასეთ საღამოებზე წასასვლელად, ალბათ, განსაკუთრებულად ემზადები. ტალინში შენი გარდერობიც განსხვავებული იქნება.

– ჩემს გარდერობში ასეთი კაბები ბევრია. თბილისში ვტოვებ სხვა კაბებს და იქ სხვა მიმაქვს; ასევე, ტალინში სხვა გარდერობს ვტოვებ, რადგან, ვიცი, აქ არ გამომადგება. ჩემთვის ძალიან საინტერესოა იქაური ცხოვრება, თან, მე და ჩემი მეუღლე ჩვენს ქვეყანას წარმოვადგენთ და ეს დიდი პასუხისმგებლობაა. ესტონეთში საქართველოს საელჩო ბევრ კარგ რამეს აკეთებს. იქ  ძალიან უყვართ ქართველები და სხვა ქვეყნების ელჩები სულ ელოდებიან ჩვენი საელჩოს მოწყობილ საღამოებს. ყოველთვის ლამაზი კუთხით ვაჩვენებთ ყველაფერს. ქართულ რესტორანში ვპატიჟებთ სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს და ძალიან უხარიათ, რადგან, მოსწონთ ქართული ატმოსფერო, სუფრა, ღვინო.

– ოჯახს სად გიყვართ წასვლა?

– ევროპაში ძალიან ადვილია ბავშვების გაზრდა. ყველგან შეგიძლია ბავშვის წაყვანა – კაფეშიც, რესტორანი, ეს არავის უკვირს; თან, იქ არავინ ეწევა. ჩვენთან კი  ყველაფერი გაბუღულია, ბავშვით ვერსად წახვალ. იქ უამრავი პარკია, შედიხარ კაფეში, რესტორანში, ჩემს შვილებს ძალიან უყვართ სეირნობა და გარეთ ჭამა. პატარა ძალიან სასაცილოა, როგორც კი გარეთ გავალთ, დადგება რომელიმე კაფესთან და მეუბნება: „თაკო, მნამნა, მნამნა.” იქ მშვიდად ვზრდი ბავშვებს, აქ კი ცოტა „დავისტრესე“: ხან ერთი იყო ავად, ხან მეორე, ხან მესამე და გავგიჟდი. ჩავალაგე ჩემოდანი, წავედი ტალინში და სამივე წავიყვანე. 

– ანუ, თბილისში უფრო მეტი სტრესია?

– დასამალი არ არის, რომ აქ უფრო მეტად სტრესულ პირობებში მიწევს მუშაობა. ტალინში რომ მივდივარ – „რილექს“. რა თქმა უნდა, იქიდანაც ჩემს სააგენტოსთან სულ კონტაქტში  ვარ; მილანშიც ვიყავი სააგენტოებში შეხვედრაზე და შემდეგ ორი გოგონა გავუშვი: ნინი კაკაბაძე და ანიკა ბიწაძე. ზამთარში წავიდნენ მილანში სამუშაოდ, პირველი ეტაპისთვის კმაყოფილები ვართ და ზაფხულში ისევ ვუშვებთ. ასევე, დალი ჩიტალაძეს ვუშვებთ ნიუ-იორკში, ზაფხულში ორ გოგონას – აზიაში. ასე რომ, ბევრი საქმე გვაქვს. ახალი სახეებიც გვყავს, რომლებსაც თბილისის მოდის კვირეულისთვის ვამზადებთ, რომელიც მაისში გაიმართება. მოკლედ, უამრავი საქმეა.

– დღეს ქალები ხშირად ამბობენ, რომ ვერ ახერხებენ წარმატების მიღწევას საქმეში და პირად ცხოვრებაში. ყოველთვის მხოლოდ ერთ-ერთ სფეროში უმართლებთ. შენ როგორ ახერხებ, იყო კარგი დედა, მეუღლე, წარმატებული სააგენტოს ხელმძღვანელი და თან, „თბილისი ფეშენ-ვიქის“ ორგანიზატორი?

– ძალიან რთულია, ორივე მხარე მოწესრიგებული გქონდეს და იყო წარმატებული. მე, შეიძლება, უფრო წარმატებული კარიერა მქონებოდა, მაგრამ, ყოველთვის ოჯახის მხარეს ვაკეთებდი არჩევანს. სწორად ვანაწილებ ყველაფერს; ვცდილობ, იქაც ვიყო და აქაც, რაც ძალიან რთულია. ამიტომ, ოქროს შუალედი უნდა მოძებნო, რადგან ჩემთვის ორივე მნიშვნელოვანია. „ჯეო მოდელსი“ 6 წლის წინ გავხსენი და არასდროს მიფიქრია, რომ ეს ჩემი ბიზნესი იქნებოდა. უბრალოდ, შვეიცარიიდან ახალი დაბრუნებული ვიყავი და ბევრი ადამიანი ჩამჩიჩინებდა, გააკეთე რამე და შენი კონტაქტები გამოიყენეო. მერე გავფართოვდით და, მიხარია, რომ ოჯახური სააგენტო მაქვს, კარგი გოგონები გვყავს, ქართულ ბაზარზეც ვმუშაობთ და უცხოურზეც.

 

 

скачать dle 11.3