კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ხაფანგში

 

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ ¹6-12(586) 

 

 

სულელურ შეცდომებს ყველა უშვებს, მაგრამ, ერთეულებს აქვთ უნარი, გაიცინონ ამაზე. როდის გრძნობს ადამიანი თავს ხაფანგში?! – როცა მას იუმორის განცდა ტოვებს და აღარც სულელურ შეცდომებსა თუ პრობლემებზე სიცილი შეუძლია...

სალომემ დას ავად გადახედა, მერე ისევ დედისკენ შებრუნდა:

– რა გაყვირებს-მეთქი, მოხდა რამე ისეთი, რომ ნერვიულობად ღირდეს? დედა, შენ გეკითხები, რა დაგემართა? რა გითხრა ამან? – ზიზღით გაიშვირა საჩვენებელი თითი ქეთისკენ.

– არაფერი, სალომე, არაფერი... შენ მაინც ნუღარ მომიშლი ნერვებს, ძალიან გთხოვ!

– არც ვაპირებ. უბრალოდ, რადგან ამ სახლში ვცხოვრობ, მინდა ვიცოდე, რატომ დაიწყო ჩხუბი... უფლება ხომ მაქვს?

– უფლებებზე ნუ ვილაპარაკებთ და, საერთოდ, უკვე აღარც ვჩხუბობ და აღარც ვყვირი.

– იმიტომ, რომ შემოვედი ოთახში. ესე იგი, არის რაღაც, რაც მე არ უნდა გავიგო? საინტერესოა...

– საინტერესო არაფერია, ბანალური მიზეზი იყო – უკვე მერამდენედ, ქალბატონს ჭურჭლის დარეცხვა დაავიწყდა.

– კი არ დაავიწყდა, დაივიწყა. ასე აწყობს და იმიტომ! საერთოდაც, რაც მუშაობა დაიწყო, ძალიან შეიცვალა. შეიძლება, ჰგონია, რომ რაღაცას მართლა წარმოადგენს. სასაცილოა...

– დავრეცხავ ჭურჭელს, თუ მარტო ეს არის პრობლემა, – სწრაფად თქვა ქეთიმ. თავადაც აღარ უნდოდა უსიამოვნო საუბრის გაგრძელება, თან, მალე გიოც დაბრუნდებოდა ვარჯიშიდან...

– ჭურჭელსაც დარეცხავ და ბევრ სხვა რამესაც გააკეთებ... და, ასე ნუ მიყურებ, თითქოს მე ბოროტი დედინაცვალი ვიყო, შენ კი – დაჩაგრული, სათნო პრინცესა. ცხოვრება მკაცრია, თავზე ხელს არავინ გადაგისვამს, უნდა იბრძოლო...

– მერე, ასწავლე, როგორ უნდა იბრძოლოს, მაგ საქმეში ნამდვილად ვერავინ შეგედრება, – საუბარში ჩაერთო სამზარეულოს ზღურბლზე მოულოდნელად გამოჩენილი მიხო, რომელმაც რეპლიკას სიცილიც მიაყოლა და უცერემონიოდ მოკალათდა მაგიდასთან.

– რა იყო, რა გაოცებულები მიყურებთ? ისე დააღეთ პირები, თითქოს პირველად მხედავდეთ. აა, მივხვდი, რამაც გაგაოცათ – კარი გიომ გამიღო. კიბეზე შევხვდით ერთმანეთს და ზარი აღარ დავრეკე, აღარ შეგაწუხეთ. ახლა მომიდუღებთ ყავას?

პირველი სალომე მოეგო გონს, უკმაყოფილოდ აიმრიზა და კატეგორიული ტონით განაცხადა:

– მე ამ მასხარას ატანა არ შემიძლია. ამიტომ, წავედი ჩემს ოთახში. მადაც დავკარგე, აღარ მშია.

მიხომ ხმამაღლა გაიცინა და ლელის მიუბრუნდა:

– ასე როგორ დაიმსგავსე? ზედგამოჭრილი შენი ხასიათი აქვს – სიტყვას ვერ ეტყვი, სულ იღრინება.

– მაგის სათქმელად მოხვედი? – ლელის სიხარული არ გამოუხატავს შვილის დანახვის გამო, – რაღაც, ძალიან მოუხშირე ჩვენთან სტუმრობას. თუ ფული გინდა, არაფერი გამოგივა. აჯობებს, არც მთხოვო, ამ თვის ლიმიტი ამოწურულია.

– ოჰ, ოჰ, ამოისუნთქე მაინც... ზოგჯერ მავიწყდება, რომ დედაჩემი ხარ. ისე შემოვიარე, ყავის დასალევად. რა იყო, არ შეიძლება?

– როგორ არ შეიძლება, – ამოიოხრა ლელიმ, – მაგრამ, შენ რომ გიცნობ, მარტო ყავით არ დაკმაყოფილდები.

– ლელი, რა დაგემართა? შვილი ვარ შენი, თანაც – პირველი. რა უბედურებაა, რა გჭირს, ადამიანო? ნუ გეშინია, აქ არ დავრჩები და, თუ გინდა, საერთოდაც წავალ. თუმცა, ეს მარტო შენი სახლი ხომ არ არის?! აი, ჩემი და დამალევინებს ყავას და მიმასპინძლებს კიდეც.

– ქეთი შენი და არ არის და ტყუილად უღიმი. ჯერჯერობით, ამ სახლში მე ვარ უფროსი და ყველაფერი ისე იქნება, როგორც მე ვიტყვი, – ლელიმ მკლავში მოჰკიდა ქეთის ხელი და სამზარეულოდან თითქმის ძალით გააგდო. შემობრუნებული კი, მიხოს დააცხრა:

– პირდაპირ მითხარი, რა გინდა, რა წყალს ამღვრევ ან აქ რისთვის მოეთრიე? გგონია, დავიჯერე, რომ მართლა ყავის დასალევად შემოიარე?

– რატომაც არა, რა არის ამაში განსაკუთრებული?

– არაფერი, მაგრამ, მირჩევნია, აქ ასე ხშირად არ გხედავდე.

– ჰო, მესმის... მე ხომ წარსულს გახსენებ, იმ წარსულს, რომლის დავიწყებასაც ყველა საშუალებით ცდილობ, მთელი ამ წლების განმავლობაში. საშუალება რომ გქონდეს, ჩემზეც უარს იტყოდი. ასეთი გამოთქმაც არსებობს: გაცილებით ადვილია, ყბა მოუნგრიო ადამიანს, რომელსაც პირი ღია აქვს. ამიტომ, კარგად დაფიქრდით და პირი მხოლოდ იმ შემთხვევაში გააღეთ, როცა მართლაც რაღაც მნიშვნელოვანის თქმას აპირებთო.

ლელის წარბი არ გაუხსნია, ისე აიჩეჩა მხრები:

– ვერ გავიგე, არ მესმის, ამით რისი თქმა გინდა. შენი სულელური ხუმრობები არასდროს მესმოდა.

– მე კი, შენი ჩემდამი გრძნობისა და დამოკიდებულების არ მესმოდა არასდროს. ყველაფერი იმის ბრალია, რომ მამაჩემი არ გიყვარდა. საერთოდ თუ შეგიძლია ვინმეს სიყვარული? თუმცა, სალომე, ალბათ, გამონაკლისია.

– ნეტავი შენ როგორ ლაპარაკობ სიყვარულზე და, საერთოდ, რა მნიშვნელობა აქვს ჩემს გრძნობებს?

– შენ წარმოიდგინე, აქვს და ყოველთვის ჰქონდა. ვცდილობდი კიდეც, გამეგო შენთვის მაშინაც კი, როცა საერთოდ არ მესმოდა, როგორ შეგეძლო, იმ ადამიანისთვის გეღალატა, რომელსაც საკუთარ სიცოცხლეზე მეტად უყვარდი.

– ასეც ვიცოდი... მაინც მაგის გარშემო ტრიალებ. არ შეგიძლია, სხვის ცხოვრებაში არ ჩაყო ცხვირი და საკუთარ ცხოვრებას მიხედო?! ძალიან დავიღალე შენთვის იმის ახსნით, რომ ჩემსა და მამაშენს შორის აღარაფერი შეიძლებოდა, მომხდარიყო. ამოვწურეთ ერთმანეთი – ასეთი რაღაც ხდება...

– მართლა? „ამოწურული” ურთიერთობით კიდევ რამდენ ხანს ცხოვრობდი მის გვერდით და ატყუებდი? ისიც კი სცადე, სალომე მის შვილად გაგესაღებინა.

– გაჩუმდი! – იყვირა ლელიმ და ყურები ხელისგულებით დაიფარა, – გაჩუმდი!.. ღმერთო, რა დღეა დღეს? პირი შეკარით თუ რა უბედურებაა? თუმცა, რა უნდა გამიკვირდეს, ერთნაირად გძულვართ ორივეს, იმ განსხვავებით, რომ შენ მაშინ მაინც ხარ მოსიყვარულე შვილი, როცა ჩემგან ფული გჭირდება.

– რა, სალომემაც გაგიფრინა? უცნაურია, ის ხომ მაინც გიყვარს? თუ, უკვე მიხვდა, როგორი დედაც ჰყავს?

– აღარ მინდა შენი მოსმენა, არც ერთი სიტყვის გაგონება არ მინდა! – ლელი  წამოხტა და სამზარეულოდან გავარდა. მიხო არ განძრეულა, არც უფიქრია წასვლა. შუბლზე ხელი მოისვა, მაგიდიდან საფერფლე თავისკენ მიიჩოჩა და სიგარეტს მოუკიდა...

ქეთი უხმაუროდ შევიდა სამზარეულოში და გაზქურაზე ტაფა დადგა. მიხომ ცოტა ხანს უყურა გოგოს, მერე მასთან საუბრის გაბმა სცადა:

– გიოსთვის ამზადებ რამეს? მეც მშია. შეგიძლია, ჩემთვისაც მოამზადო რამე? არ მელაპარაკები?

– კვერცხს ვწვავ. პრობლემა არ არის, ორი კვერცხით მეტს შევწვავ.

– კარგი გოგო ხარ. შენ უფრო ახლობელი ხარ ჩემთვის, ვიდრე ესენი.

– არ გინდა. არანაირი ახლობლები ჩვენ არა ვართ. საერთო და კი გვყავს, მაგრამ, მისმა დაბადებამ შენი ცხოვრებაც დაანგრია და ჩემიც. ასე რომ...

– აი, თურმე რაზე ფიქრობს პატარა ქეთი, – ენა მოუჩლიქა მიხომ, – პრინციპში, მართალი ხარ.

– ტაფამწვარი მზად არის. შეგიძლია, მიირთვა. წავალ, გიოსაც დავუძახებ. 

ქეთი შებრუნდა. მიხო სწრაფად ადგა, მაჯაში სტაცა ხელი და ოთახიდან გასვლის საშუალება არ მისცა.

– შენ ისე გამირბიხარ, თითქოს უცხო ვიყო. ნუ გეშინია, ნამდვილად არ ვიკბინები.

– ეგ რა შუაშია? არც არსად გავრბივარ, უბრალოდ, გიოს შია და უნდა დავუძახო. რაც შეეხება ჩვენს ახლობლობას, ლელიმ უკვე თქვა, რომ მე შენი და არ ვარ. პირველი შემთხვევაა, როცა ვეთანხმები.

– გინდა, მაწყენინო?

– რატომ? ეს რეალობაა.

– მე კი მინდა, შენთან უფრო ახლოს ვიყო. მეგობრობა ხომ მაინც გამოგვივა.

– ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ. მით უმეტეს, რომ ამაზე ფიქრი უფრო ადრეც შეიძლებოდა.

– ანუ, შანსი ხელიდან გავუშვით?

– არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში, მე თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მეგობრობა აღარ გამოვა. არ გეწყინოს. ჭამე, თორემ შემწვარი კვერცხი ცივი გემრიელი ნამდვილად არ არის...

***

ჭეშმარიტი სიყვარული – ეს არის დისკომფორტის საშინელი განცდა, როცა მარტოობაში იღვიძებ და ხვდები, რომ „ის“ აუცილებლად გჭირდება...

ასათიანმა ბარგი აიღო და მიმოიხედა. ნაცნობი არავინ ჩანდა... ეს კარგიც იყო და ცუდიც. ცუდი იმიტომ, რომ ადამიანებთან ურთიერთობა მოენატრა. მთაში მარტო გატარებულმა ერთმა კვირამ დასვენების საშუალება მისცა, თუმცა, ცოტათი მაინც მოიწყინა... ნატუკასთან მოულოდნელმა შეხვედრამ ცოტათი დააკომპლექსა და ნაცნობობის გაბმაზე აღარც უფიქრია, მიუხედავად იმისა, რომ პატარ-პატარა შანსები ჰქონდა. საერთო ჯამში, კმაყოფილი იყო თავისი ევროპული ვოიაჟით. სასტუმრო ხელსაყრელ ფასად შეიძინა. დარწმუნებული იყო, რომ მამამისი ამ შენაძენს თავდაპირველ ფუნქციას შეუცვლიდა და ოჯახის მეგობრების თავშეყრის ადგილად აქცევდა. სწორედ ეს იქნებოდა მისი ჰობი სიბერეში... მობილური ამოიღო, მაგრამ, ბოლო წუთს გადაიფიქრა დარეკვა. აეროპორტის მოსაცდელ დარბაზში დამონტაჟებული უზარმაზარი ელექტროსაათისკენ გაიხედა. ცხრა სრულდებოდა. თავისუფლად მოასწრებდა ოფისში მისვლას და შხაპსაც იქ მიიღებდა. იქვე, კარადაში, ყოველთვის ჰქონდა ორი-სამი კოსტიუმი... გადაწყვეტილება სწრაფად მიიღო. რამდენიმე წამში უკვე აეროპორტის სადგომზე იყო და მანქანაში ჯდებოდა...

***

მაგდამ სწრაფად შეისწორა შუბლზე უწესრიგოდ ჩამოშლილი თმა და შემოსულს მეგობრულად გაუღიმა:

– უშო, რა კარგი ქენი, რომ შემოგვიარე!  შენ, ალბათ, ნინი მოიყვანე, არა?!

– არა, ნინი დღეს საერთოდ არ მოვა. კბილი ასტკივდა და სტომატოლოგთან გაქანდა.

მაგდამ მხრები აიჩეჩა, თითქოს ამბობდა: აბა, ამ დილაუთენია აქ რამ მოგიყვანა? მე, კარგი, ვალდებულება მაქვს, მაგრამ, შენ დაგეძინა კიდევ ცოტა, მით უმეტეს, საქმე თუ არაფერი გქონდაო. ეს ყველაფერი ხმამაღლა არ უთქვამს. მხოლოდ მრავალმნიშვნელოვნად გაუღიმა ბიჭს და დაელოდა, რას ეტყოდა.

– შეიძლება, ლანჩზე დაგპატიჟო?

– მე?! – ყურებს არ დაუჯერა გოგომ, – მე უნდა დამპატიჟო ლანჩზე?! უშო, ამას ნამდვილად მე მეუბნები?

– ჰო, რა იყო? ასე რატომ გაგიკვირდა? ნინის მეგობარი ხომ ხარ? ჰოდა, რატომ არ შემიძლია, ლანჩზე დაგპატიჟო? აქვე მაგარი კაფე ვიცი, გემრიელ ფრანგულ ბლინებს აცხობენ, არაჟნითა და თაფლით. შოკოლადითაც შეიძლება. სალათებიც კარგი აქვთ. აქაური ბუფეტის კერძები ყელში არ ამოგივიდა? ნინი სულ წუწუნებს. ჰოდა, შესვენება რომ გექნება, გარეთ დაგელოდები. თუ გინდა, პირდაპირ იქ მოდი. აბა, რას იტყვი?

მაგდა უხერხულობისგან გაწითლდა:

– მე, რა თქმა უნდა, თანახმა ვარ, მაგრამ... ნინი არაფერს იტყვის?

– ნინიმ რა უნდა თქვას? მაგდა, ლანჩზე გეპატიჟები, პაემანზე კი არა.

 გოგო უარესად წამოჭარხლდა.

– რა ვიცი, აბა?! თვითონაც რომ ყოფილიყო... არ მინდა, მეტიჩრობად ჩამითვალოს.

უშომ ხელები გაშალა:

– არ მეგონა, ამდენი ხვეწნა თუ დამჭირდებოდა. იმდენს ფიქრობ, თითქოს დიპლომატიურ მოლაპარაკებაზე გიწვევდეს ვინმე. შენ როგორი სერიოზული ყოფილხარ! მოკლედ, მოდიხარ, თუ არა?

– მოვდივარ, მოვდივარ! – დაფაცურდა მაგდა, – შენ მარტო მითხარი, სად მოვიდე და პირველი საათისთვის იქ ვიქნები, არ დაგაგვიანებ. მართალია, შესვენება ორიდან სამ საათამდე გვაქვს, მაგრამ, ნათიას ვთხოვ და ერთი საათით ადრე გადმოვწევ.

– ორზე იყოს, რამე პრობლემა რომ არ შეგექმნას.

– არა, არა, რა პრობლემა, პირველზე მოვალ. მართალი იყავი, აქაური სალათები და პიურე ყელში ამომივიდა. დროა, რამე უკეთესი გავსინჯო.

ბიჭმა გაიცინა, ხელი დაუქნია და ოფისიდან გავიდა. ჩასაფრებული მარიკო, შორიდან რომ უთვალთვალებდა ამ სცენას, დაუყოვნებლივ გამოიჭრა მასთან და გამომცდელად მიაშტერდა. მაგდამ ერთხანს არ შეიმჩნია, მერე კი, მარიკომ თვალი რომ აღარ მოაშორა, ნერვებმა უმტყუნა.

– იცი, რას გეტყვი? არ გინდა, რამე სასარგებლო საქმეს მოჰკიდო ხელი? რას დამდგარხარ და მომშტერებიხარ? კარგად ნამდვილად არ გამოიყურები, სულელის შთაბეჭდილებას ტოვებ!

– მართლა? – მარიკომ ირონიულად გაიცინა, – უცნაურია, რომ ასეთი რეაქცია გაქვს. მე ხომ არაფერი მიკითხავს? უბრალოდ გამოვედი.

– შენ უბრალოდ არაფერს აკეთებ, – უკმაყოფილოდ შეეპასუხა მაგდა, – ვიცი, რაც გაინტერესებს, მაგრამ, ის არ არის, რაც იფიქრე. ნინი დღეს სამსახურში არ მოვა, კბილი სტკივა და უშო ამის სათქმელად მოვიდა.

– ჰო, აბა რა! ტელეფონი ხომ არ არსებობს, ნინის რომ დაერეკა და ისე გავეფრთხილებინეთ. თუმცა, შეიძლება, კბილი ისე სტკიოდა, დაავიწყდა ამ მარტივი საშუალების შესახებ.

– შენი ირონია ძალიან გამაღიზიანებელია. რაც გინდა, ის იფიქრე, მაგრამ, უშო მართლაც ამის სათქმელად მოვიდა...

– კარგი, კარგი, მჯერა... პრინციპში, რა არის იმაში გასაოცარი, თუ უშო ცოტას გეფლირტავება. მშვენიერი გოგო ხარ. დროც კი იყო, ვინმეს შენთვის ყურადღება მოექცია.

– გეყოფა, მარიკო...

– რატომ? ხომ იცი, რომ ისე, ჰაერიდან არავის უმართლებს. ყველა იღებს იმას, რისკენაც მიილტვის. თუ იცი, რომ უნდა გაიმარჯვო, აუცილებლად გაიმარჯვებ. მთავარია, საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი არასოდეს შეგეპაროს და არ მიანიჭო სიამოვნება იმ ადამიანებს, რომლებსაც შენი ჩაწიხლვა და განადგურება უნდათ, ასეთები კი, დამიჯერე, ძალიან ბევრია.

– ვაიმე, მარიკო... რომ გისმენ, ასე მგონია, ფსიქოლოგიურ ჟურნალს ვკითხულობ, ეს შენი ცხოვრებისეული გამოცდილების შედეგია თუ გასწავლა ვინმემ?

– რა მნიშვნელობა აქვს? თუ გინდა, დამიჯერე და გაითვალისწინე. მოკლედ, როგორც გინდა. კიდევ, ის მინდა, იცოდე, რომ შენი მტერი არ ვარ და მართლა ვერ ვხედავ პრობლემას იმაში, თუ შენნაირ გოგოს უშოსნაირი ბიჭი კაფეში დაპატიჟებს.

მაგდა შეიჭმუხნა.

– ნინის კბილი სტკივა და დღეს სამსახურში არ მოვა... ამის სათქმელად მოვიდა, – გაიმეორა პირქუშად.

– კარგი, კარგი, ასე იყოს. არ გეკამათები. შესვენებაზე შევხვდებით. დღეს რაღაც სიწყნარეა. ნათიაც არ ჩანს... ეგ მაინც რატომ არ მოვიდა? კბილის ტკივილი ასეთი გადამდებია?

– კბილის ტკივილი არაფერ შუაშია. ნათია დიდი ხანია, მოსულია და ზევით არის, შეფთან.

უკვე თავისი სამუშაო ადგილისკენ წასული მარიკო შემობრუნდა და მაგდას განცვიფრებით შეხედა:

– შეფთან? მოიცა, რომელ შეფთან? ვახოა აქ?

– ვახო კი არა, ბატონი ვახტანგი, – დამცინავად შეუსწორა მაგდამ, – ის ხომ ჩვენი შეფია, რატომ გეშლება? ასათიანმა დაუძახა და ავიდა.

– დიმა დაბრუნდა? კი მაგრამ, როდის შემოვიდა ოფისში, რომ ვერ დავინახე?! – ჩაილაპარაკა მარიკომ და მექანიკურად გადაიხარა სარკისკენ.

– ბატონი დიმიტრი... მარიკო, არ გინდა სარკე, ისედაც ლამაზი ხარ. თუმცა, მეეჭვება, ასათიანისთვის ეს რამეს ნიშნავდეს.

– ზოგჯერ ისეთი შხამიანი ენა გაქვს...

– მე რა შუაში ვარ, თუკი თავად ცხოვრებაა მკაცრი, რეალობა კი – მწარე... – გაეცინა მაგდას, – ისე, მე თუ მკითხავ, ასათიანისნაირი ტიპები სერიოზული ურთიერთობისთვის არც გამოდგებიან. იმიტომაც არ ჰყავს არც ცოლი და არც შეყვარებული.

– ასათიანს იწუნებ?

მაგდამ მხრები აიჩეჩა:

– ჩემი დასაწუნი რა სჭირს, მაგრამ, პირადად მე, უფრო ნორმალურ მამაკაცს ვისურვებდი გვერდით. აი, ისეთს, გასაყოფი რომ არავისთან მექნებოდა. ხვდები, რასაც ვგულისხმობ?

– არა, ვერ ვხვდები, – გამოაჯავრა მარიკომ.

– მაშინ, არც არის საჭირო, რამე აგიხსნა. ქვემოთ კი ვერ ჩამოვალ, დღეს რაღაც არ ვარ ჩვენი ბუფეტის მენიუს გუნებაზე. თან, შესვენებაზე დედაჩემს უნდა გავყვე ბანკში – გუშინ დავპირდი.

– კარგი. როგორც გენებოს...

***

ასათიანმა ყავა მოსვა და მაგიდაზე დაწყობილ დოკუმენტებს გადახედა.

– მოკლედ, შენ იმედად ყოფნა შეიძლება. შეუცვლელად კარგი ხარ.

– გმადლობ, ბატონო დიმიტრი, – სიხარულისგან გაიბადრა ნათია, – მე მხოლოდ ჩემს საქმეს ვაკეთებდი.

– და... კარგად აკეთებდი. ვახო მოდიოდა?

– დიახ. ერთი-ორჯერ იყო. განსაკუთრებული არც არაფერი ხდებოდა, რომ მისი აქ ყოფნა აუცილებელი ყოფილიყო.

– კარგი. 

– თქვენმა მოგზაურობამ როგორ ჩაიარა, კმაყოფილი ხართ?

– ზოგადად, კი. თანამშრომლები ხომ არ გაბრაზებდნენ? – სიცილით ჰკითხა დიმიტრიმ. 

– როგორც ყოველთვის... ახალი კადრის კმაყოფილი ვარ. გაამართლა, ნამდვილად ჭკვიანი გოგოა. ცოტას კიდევ ვუყურებ და დავტვირთავ. საკმაოდ მიხვედრილია, სწრაფად უღებს საქმეს ალღოს.

– ეგ რომელი? – თვალები მოჭუტა ასათიანმა, – ვერ ვიხსენებ.

– ახალი თანამშრომელი, თქვენ მგონი, შეხვდით კიდეც, – შეყოყმანდა ნათია. ვერ გადაწყვიტა, ეთქვა თუ არა, მანქანით მოიყვანეთ და როგორ არ გახსოვთო.

– აა, ჰო... მომაგონდა. კარგია, კარგი. კადრების საკითხში შენ სპეციალისტი ხარ, იცი თანამშრომლების შერჩევა.

ნათიამ პასუხად გაუღიმა და აწრიალდა:

– მე კიდევ გჭირდებით? ხომ არაფერს დამავალებთ?

– არა. შეგიძლია, წახვიდე... თუმცა, მოიცადე... ახლა გამახსენდა, რომ დილიდან არაფერი მიჭამია. თუ არ შეწუხდები, რამე მსუბუქი სალათა და ყველის ნაჭერი ამომიტანე. თუმცა, იქნებ იმ ახალ თანამშრომელს სთხოვო. არ მინდა, საქმეს მოსცდე.

– როგორც მეტყვით, ბატონო დიმიტრი...

– ჰო, ასე ვქნათ...

ნათიამ მორჩილად დაუქნია თავი...

***

... გტკივა მაშინ, როცა შენგან „გამოდის“ სისუსტე... ძლიერები ტკივილს ყურადღებას არ აქცევენ...

მაგდამ კაფეს მინიანი კარი შეაღო და იქაურობა მოათვალიერა. ბიჭი სულ განაპირა მაგიდასთან იჯდა და ვიტრინიდან ქუჩაში იხედებოდა. გოგო გვიან შენიშნა:.

– გელოდებოდი. არაფერი შემიკვეთავს... ცოტა დააგვიანე.

– ოფისიდან ძლივს გამოვედი, ხან ვინ გამაჩერა, ხან – ვინ... ზოგჯერ ისეთი მომაბეზრებლები არიან... რაზე მეპატიჟები?

– რა ვიცი, რაც გინდა. მენიუ ნახე და ამოარჩიე. ოღონდ გაითვალისწინე, სულ ორმოცდაათი ლარი მაქვს.

– კარგი. მაშინ... – მაგდამ მენიუს ჩახედა, – პიცა ავიღოთ და წვენი... რამე სალათაც შეიძლება და ყავა. საწინააღმდეგო ხომ არაფერი გაქვს?

– არა, – გაეცინა ბიჭს.

– რა გაცინებს? – ცოტა ეწყინა მაგდას, – მაშინ, შენ აირჩიე. არ არის პრობლემა.

– არა, არა... უბრალოდ, შენ და ნინის ზუსტად ერთნაირი გემოვნება გაქვთ. ეტყობა, იმდენ დროს ატარებთ ერთად, რომ ერთმანეთს დაემსგავსეთ. ისიც სულ მაგ პიცას, ხილის წვენსა და ბერძნულ სალათს უკვეთავს.

– დამსგავსება რა შუაშია, უბრალოდ, ეს სალათა მსუბუქიც არის და გემრიელიც – სულ ეს არის.

– იმიტომ არ მითქვამს, რომ გაბრაზდე. რა გჭირს? ასე მოღუშული თუ იქნები, ჭამა სიამოვნებას ვერ მოგანიჭებს.

– როგორ მატყობ, ჭამისგან სიამოვნებას ვიღებ?

– ჰოო... ახლა რომ გითხრა, ნინიც ამას ამბობს-მეთქი, ხომ ისევ გადაირევი? არადა, შენი წყენინება არ მინდა.

– ესე იგი, ნინისთან საკმაოდ დიდ დროს ატარებ.

– ჰო, რა თქმა უნდა და ეს ბუნებრივია –  ყოველთვის არაჩვეულებრივად ვუგებდით ერთმანეთს. როცა არ ვჩხუბობთ, რა თქმა უნდა.

– ანუ, ჩხუბობთ ხოლმე?

– საკმაოდ ხშირად, – გაიცინა უშომ, – თან მაგრად.

– წარმომიდგენია. დამნაშავე, ალბათ, ყოველთვის შენ ხარ.

– არც ასეა საქმე. ხან ის აშავებს, ხან – მე...

– მართლა კბილი სტკივა დღეს თუ შენ მოიგონე?

– რა უცნაური შეკითხვაა. მე თვითონ მივიყვანე სტომატოლოგთან. ტყუილს რატომ ვიტყოდი?

– რა ვიცი... – მხრები აიჩეჩა მაგდამ და უცებ პირდაპირ ჰკითხა: – ჩემი კაფეში დაპატიჟების სურვილი რატომ გაგიჩნდა?!

– იმიტომ, რომ ნინის მეგობარი ხარ, თანაც, პირველად ხომ არ გეპატიჟები?

– ნინისთან ერთად კი მპატიჟებდი... თუმცა... – მაგდამ წვენი მოსვა და გადაწყვიტა, გაჩუმებულიყო. რამდენიმე წუთი ჩუმად ისხდნენ და ჭამდნენ. უშომ რამდენჯერმე შეხედა. მაგდა მიხვდა.

– შენ რაღაცის თქმა გინდა...

– განსაკუთრებული არაფერი. ცოტა ხომ არ წავიჭორავოთ?

– აბა, კაცებს ჭორაობა არ უყვართო?

– ეგ ვინ გითხრა? ძალიანაც გვიყვარს. თემას გააჩნია. მაგალითად, მაინტერესებს თქვენი ოფისის ამბები.

– უცნაურია. რატომ? ჩვენთან ხომ არ აპირებ მუშაობის დაწყებას?

– არა, არა, ეგ ის არ არის, რაც მე მაინტერესებს. სულ სხვა სფეროში ვარ და მომწონს ის საქმე, რომელსაც ვაკეთებ.

– აი, მე კი სულაც არ მომწონს ის, რასაც ვაკეთებ. უკეთეს სამსახურს ვისურვებდი და უკეთეს კოლექტივს.

– მართლა? ხელფასი გაქვს დაბალი თუ  პრობლემები – კოლექტივთან?

– არც ერთი და არც მეორე.

– აბა, რა პრობლემა გაქვს? 

– მოწყენილობა და რუტინა მღლის. საშინელი ერთფეროვნებაა.

– მესმის. გოგოები ვერ ერთობით?

– რითი უნდა გავერთოთ... სიგარეტი და ყავაა პრასვეტი?!

– ჰო, რა ვიცი, მე ქალურ ამბებში დიდად ვერ ვერკვევი... შენ ის მითხარი, იმ ახალს როგორ შეეწყვეთ, როგორი ტიპია. ქეთი ჰქვია, ხომ?

– ქეთი ჰქვია, მაგრამ, შენ რატომ გაინტერესებს? – მაგდას უცებ გაახსენდა, ნინიმ რომ უთხრა, უშოც კი დაინტერესდა ამ გოგოთი და რაღაცეები მკითხაო...

– ვაიმე, რა უცნაური ვინმე ხარ... „ჩტო, გძე, კაგდასავით“ დაუსრულებლად მისვამ შეკითხვებს. 

– მე ვარ უცნაური? შეკითხვებს შენ მისვამ. თუმცა, დავაკმაყოფილებ შენს ცნობისმოყვარეობას: ერთი ჩვეულებრივი გოგოა, საკმაოდ ჭკვიანი და განათლებული. თან, ისე მუშაობს, ლამის ჩვენ ყველანი გაგვყაროს ასათიანმა და ყველას საქმე მაგას დაავალოს.

– ამით რისი თქმა გინდა, რომ კარიერაზე ზრუნავს? ეს ცუდი არ არის.

– ვისთვის როგორ... – მრავალმნიშვნელოვნად ჩაილაპარაკა მაგდამ.

– ანუ, შენ საქმიანი და კარიერაზე მზრუნველი ქალები ნაკლებად მოგწონს?

– მე ქალები რატომ უნდა მომწონდეს ან არ მომწონდეს? თუ გინდა, იმას გეტყვი, როგორი კაცები მომწონს.

– მითხარი, – გაეღიმა უშოს.

– მიზანდასახულები, საქმიანები და სერიოზულები. კიდევ, ისეთები, თვალები აქეთ-იქით რომ არ გაურბით და ზუსტად რომ იციან, რა უნდათ.

– ვა, მაგარია, ფული საერთოდ არ გიხსენებია. ანუ, შენთვის სულერთია, ფულიანი იქნება კაცი თუ არა?

– სულერთი ნამდვილად არ არის, მაგრამ, მარტო ფული ჩემთვის გადამწყვეტი ვერ იქნება. ფულიანი კაცები პრობლემებსაც ქმნიან. ასე რომ, მე ნაკლებად ფულიანი და მეტად ერთგული მირჩევნია.

– აჰა, ალბათ, ამ ყველაფერზე ლაპარაკობთ ხოლმე სამსახურში?

მაგდამ ამოიოხრა:

– დღეს შენ ძალიან უცნაური ხარ ან აქამდე არ შემინიშნავს, ასეთი აბეზარი თუ იყავი. ლანჩისთვის კი, მადლობელი ვარ. დიდი სიამოვნება მივიღე ამ ერთი საათით.

– მგონი, რაღაც ისე ვერ გავაკეთე, – შეწუხდა უშო.

– არა, არა... ყველაფერი წესრიგშია. ნუ ინერვიულებ. ახლა უკვე ზუსტად ვიცი, რაზე შეიძლება ჩხუბობდეთ შენ და ნინი.

– მაგდა, შენი წყენინება არც მიფიქრია.

– არ არის პრობლემა. არაფერი მწყენია. დაივიწყე. ისე, თუ გინდა, ვეტყვი ქეთის, რომ მისით დაინტერესდი.

– არა, რა უნდა უთხრა, ისე გკითხე... მართლა... – უშო უხერხულობისგან გაწითლდა, –  ალბათ, შეყვარებულიც ეყოლება და არ მინდა, რამე ისე იფიქროს.

– კარგი, გასაგებია, – მრავალმნიშვნელოვნად თქვა მაგდამ და ჩანთა აიღო, – დამშვიდდი, ქეთის არაფერს ვეტყვი. ისე კი, რომ იცოდე, ქეთის შეყვარებული არ ჰყავს. ყოველ შემთხვევაში, საამისო არაფერი ეტყობა. თუმცა, არის ერთი კაცი, რომელიც, შენსავით, დროის მოკვლისა და ცნობისმოყვარეობის მიზნით, მისით ძალიან არის დაინტერესებული.

– მართლა? ვინ არის? – წამოსცდა უშოს.

– დიმიტრი ასათიანი, ჩვენი შეფი, – მიახალა გოგომ და კაფედან დაუმშვიდობებლად გავიდა...

***

ქეთის ძალიან გაუკვირდა, ნათიამ თავისთან რომ დაუძახა და შესულს კარის მჭიდროდ დახურვა სთხოვა.

– რაღაც უნდა დაგავალო და, არ მინდა, იმ ჭორიკნებმა გაიგონ.

– გისმენთ.

– ქვემოთ, კაფეში ჩადი, ყველი და რამე მსუბუქი სალათა შეარჩიე. ყველაფერი ლანგარზე ლამაზად დააწყობინე და ასათიანს მიუტანე კაბინეტში. მინერალური წყალი და ხელსახოცებიც არ დაგავიწყდეს.

– ეს მე უნდა გავაკეთო? – დაიბნა ქეთი და უმწეოდ მიმოიხედა.

– ჰო. რა, ძნელია? ბატონმა დიმიტრიმ თავად მთხოვა, შენთვის მეთქვა, თორემ, მე ვაპირებდი ამის გაკეთებას.

– თვითონ თქვა, ქეთიმ ამოიტანოსო?

– შენ წარმოიდგინე... რა მოხდა, რატომ გაფითრდი, რისი გეშინია?

– მოულოდნელია ძალიან. დიდი ხანი არ არის, რაც აქ ვმუშაობ და ბატონი დიმიტრი კარგად არც კი მიცნობს...

– ჰოდა, შეიძლება, მაგიტომაც, – კარგად უნდა, რომ გაგიცნოს.

ქეთიმ ამოიოხრა:

– იქნებ, რამე ისე არ გავაკეთე და უნდა მითხრას, რომ მათავისუფლებს სამსახურიდან?

– რა სისულელეა. შენი გაშვება რომ უნდოდეს, პირველად მე მეტყოდა. დროს ნუღარ კარგავ, შია იმ ადამიანს.

– ახლავე მივდივარ.

– ჰო, შეეცადე, ბევრი არ ილაპარაკო და, თუ ეგენი, – ნათიამ თავი მაგდასა და მარიკოს მხარეს გადააქნია, – მიხვდი ხომ, ვისზეც გეუბნები? რამეს გკითხავენ, არ თქვა, სად მიდიხარ და რატომ. აბა, შენ იცი....

ქეთიმ უსიტყვოდ დაუქნია თავი. გული ისე  გამალებით აუძგერდა ლამის მკერდიდან ამოუხტა. თავდახრილმა ჩაუარა გვერდით მარიკოს და სწრაფად გავიდა ჰოლში. გაუხარდა, როცა მაგდა თავის მაგიდასთან მჯდარი ვერ ნახა. ასე უფრო აარიდებდა თავს ზედმეტ შეკითხვებს. მაგრამ, ამ ყველაფერზე მაინც ნაკლებად ფიქრობდა. ასათიანთან მოსალოდნელი შეხვედრა მისთვის ისეთი სტრესი იყო, ახლა აკანკალებული სხეულის დამორჩილება იყო მისთვის მთავარი...

გაგრძელება შემდეგ ნომერში

 

 

скачать dle 11.3