კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

 

ზეინკლიშვილი

ზეინკლიშვილი ხელობა-საქმიანობის მიხედვით შერქმეული გვარია. ზეინკალი არის ხელოსანი, რომელიც მუშაობს ლითონის სხვადასხვა ნაკეთობის დამზადებაზე, აწყობასა და შეკეთებაზე.

„სავანეთის მცხოვრები ზეინკლიშვილი ზაქარია წილად ხვდა თამაზა ბარათაშვილს“.

ტკოცაში მცხოვრებ პაატა ზეინკლიშვილს, ბატონის სახასო მსახურს, ჰყავდა სამი მოლაშქრე ძმა და იმათი ოთხი ვაჟი. ეს ფაქტი მოხსენიებულია მეჩვიდმეტე საუკუნის მეორე ნახევარში, ზემო ქართლის სადროშოს აღწერის დავთარში.

ტკოცაში მცხოვრები ზეინკლიშვილი პავლე ბატონის სახასო მსახური, კარის დეკანოზი, ასევე მოიხსენიება ქართლის სადროშოს აღწერის დავთარში, მეჩვიდმეტე საუკუნის მეორე ნახევარში.

საქართველოში 305 ზეინკლიშვილი ცხოვრობს: ქარელში – 98, საჩხერეში – 67, თბილისში – 53. არიან სხვაგანაც.

ხიმშიაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ხიმშია.

აჭარაში და, განსაკუთრებით მის ზემო ნაწილში, გავლენიანი იყო და მთელი მხარის ბატონად ითვლებოდა ხიმშიაშვილთა გვარი. როგორც ერთ-ერთი გადმოცემა მოგვითხრობს, ეს გვარი დუშეთის მაზრის, არაგვისპირის,  ხიმშიაშვილების მონათესავეა. მათ წინაპარს მეჩვიდმეტე საუკუნეში კაცი შემოჰკვდომია არაგვის ხეობაში, მეფის რისხვას გაჰქცევია და აჭარაში შეხიზნულა.

ზემოაჭარულ დიალექტოლოგიაში ვკითხულობთ: „ხიმშიაშვილების წინაპრები კახეთიდან მოსულები ყოფილან. გადმოსახლებულან სოფელ ნაგაზეულში. ძალიან ფუხრათ ცხოვრობდნენ. ბოლოს ისე გაღარიბებულან, რომ შვიდი დღის მჭადს ხეზე ჩამოჰკიდებდნენ და ყანაში ისე მიდიოდნენ. მერე, როცა მოშივდებოდათ, ხესთან მიდიოდნენ და ეუბნებოდნენ: ხევ, მშიაო. რასაკვირველია, ხე საჭმელს ვერ მისცემდა. თავად კი ხელს არ ჰკიდებდნენ, არ გამოილიოსო. ეს რომ გაიგეს მეზობლებმა, იმ კაცს „ხემშია“ დაარქვეს, მის შვილებს კი – ხემშიაშვილები“.

„თავად ხიმშიაშვილთა წინაპარნი ძველადვე არიან თავადნი აჭარისანი და, ოდეს დაიპყრეს თურქთა ახალციხე და მიიღეს მუნ მძლევართა მაჰმადის სჯული, ამათნი გვარნი აიყარნენ მუნითგან და მივიდნენ კახეთს დროსა დიდისა ლეონ მეფისა, წელსა 1605 და დაეშენნენ საგურამოს თავს მაგნაკორსა ადგილსა და არიან მუნ ჟამთაგან თავადნი რაოდენივე სახლად განყოფილნი და სხვანი არიან აჭარას და ახალციხეს ბაგებად წოდებულნი ხიმშიაშვილები“.

1721 წელს ლიყურეთში მოიხსენიება ოქროა ხიმშიაშვილი.

საქართველოში 1 714 ხიმშიაშვილი ცხოვრობს: შუახევში – 627, თბილისში – 185, ბათუმში – 176. არიან სხვაგანაც.

ხმალაძე

ხმალაძე ხელობა-საქმიანობის მიხედვით შექმნილი გვარია. ასევე, გვხვდება საკუთარი სახელი ხმალა.

ერტისელი იოსებ ხმალაძე 1818 წელს ნათლავს შვილს, თამარს. მიმრქმელი იყო შარმაზან ირემაშვილი.

გიორგი ხმალაძე მოიხსენიება 1858 წლის აღწერაში.

საქართველოში 2 522 ხმალაძე ცხოვრობს: თბილისში – 814, სიღნაღში – 146, ასპინძაში – 136. არიან სხვაგანაც.

კახიშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი კახა, კახი.

1692 წელს შინდელი კახიშვილი მოიხსენიება ფიფინაშვილების მიერ ბერძენიშვილებისადმი გაცემულ მამულის ნასყიდობის წიგნში.

ბერია კახიშვილი მოიხსენიება ბოგვში 1714-1729 წლებში ზაზა საგინაშვილის მიერ ამილღაბარ გოსტაბაშვილის მიერ გაცემულ ყმის ნასყიდობის წიგნში.

ამავე ძირისაა გვარები: კახაძე, კახიძე, კახაშვილი, კახიაშვილი, კახაბრიშვილი და ასე შემდეგ.

საქართველოში 420 კახიშვილი ცხოვრობს.

ზარნაძე

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ზარნა.

ზარნაძეები ძირითადად თერჯოლის რაიონში ცხოვრობენ.

ზარნაძე დათუნა მოწამეა, ბერეკა გოგინაშვილისთვის სულია გოგიჭაშვილის მიერ მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნში.

საქართველოში 1 680 ზარნაძე ცხოვრობს: თერჯოლაში 685, თბილისში – 267, ქუთაისში – 214. არიან სხვაგანაც.

ჯავახიანი

ჯავახიანი მცირერიცხოვანი გვარია. ფუძეებიდან – ჯავახი, ჯავახა, რამდენიმე ქართული გვარ-სახელია ნაწარმოები და ყველას საფუძვლად უდევს ეთნონიმი ჯავახი.

ჯავახიდან ნაწარმოებია ძველ საქართველოში ერთ-ერთი წარჩინებული საგვარეულო – ჯავახიშვილი, ჯავახიშვილ-გამრეკელი. ქართლელი ჯავახიშვილების წინაპრები გამრეკელ-თორელნი ყოფილან, რომლებიც მეთორმეტე საუკუნეში გადმოსახლებულან ჯავახეთიდან ქართლში, სოფელ ხოვლეში, მეჩვიდმეტე საუკუნემდე ეს გვარი უტარებიათ, შემდეგ კი, წინანდელი ადგილსამყოფლის მიხედვით, ჯავახიშვილებად წოდებულან.

ჯავახიანი საჯავახიანოს წაბაძვით შექმნილი გვარია. გვარში შემორჩენილი გადმოცემის მიხედვით, გვარის ერთი ნაწილი იმერეთში გადასულა, კერძოდ, ზესტაფონის რაიონის სოფელ სვირში და გვარად აუღიათ ჯავახიანი, მეორე ნაწილი კი ქუთაისში დასახლებულა და ჯავახაძის გვარად დაწერილა, ნაწილი კი ბაღდათში წასულა და იქ ჯავახიებად დაწერილან.

საქართველოში 22 ჯავახიანი ცხოვრობს: ზესტაფონში – 14, მარნეულში – 4, სამტრედიაში – 4.

კოკაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი კოკა.

ამავე ძირისაა გვარები: კოკაია, კოკაური, კოკელაშვილი, კოკელაძე, კოკიაშვილი, კოკილაური, კოკოლაშვილი.

კოკაშვილები ცხოვრობდნენ წინწყაროში, კერძოდ – სამეხრეოში.

1721 წელს, ისტორიული დოკუმენტის საფუძველზე, ყაზარა კოკაშვილი ჩანს საბარათაშვილოში, ბატონის სახასოში, ქალაქ სამეხრეოში, დღევანდელ წინწყაროში.

საქართველოში 98 კოკაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 40, რუსთავში – 34, მცხეთაში – 6. არიან სხვაგანაც.

დეკანოიძე

გვარის ფუძეა დეკა. ამ ფუძით ნაწარმოები გვარებია: დეკანაძე, დეკანოიძე, დეკანოზიშვილი, დეკანოია, დეკანოსიძე.

დაბა ხულოს გარეუბანს დეკანაშვილები ჰქვია.

ქრისტიანულ რელიგიაში უმცროს მღვდელს დეკანოზი ჰქვია. ზემოთ აღნიშნული გვარები სწორედ იმავე გზითაა ნაწარმოები, როგორც დიაკონიძე – დიაკონიდან, ხუციძე – ხუციდან და ასე შემდეგ. აჭარაში არის სოფლები: დიაკონიძე, ხუცუბანი, ხუციშვილები.

ასევე, სახელწოდებით დეკა გვხვდება მარადმწვანე მცენარეც.

დეკანოიძეები მეთხუთმეტე საუკუნის ბოლო მეოთხედიდან გვხვდებიან ისტორიულ წყაროებში.

შოშია დეკანოიძე მეჩვიდმეტე საუკუნეში იყო გლეხი. მას ჩხარის ციხის მეციხოვნემ, ხოხინაშვილმა, მოსტაცა ერთი ხარი.

მეხარე დეკანოიძეს ჩხარის ციხის მეციხოვნემ, თათვალა მუხურაძემ, წაართვა ოცდაოთხი კოკა ღვინო და ორი ზურგი ფეტვი.

მეჩვიდმეტე საუკუნეში მოიხსენიებიან გიორგი, გოგიჩა და მანასა დეკანოიძეები.

საქართველოში 1 673 დეკანოიძე ცხოვრობს: საჩხერეში – 872, თბილისში – 228, ჭიათურაში – 160. არიან სხვაგანაც.

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

 

скачать dle 11.3