კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ვერ მოიკიდა აფხაზეთში ფეხი ვერც ქრისტიანობამ და ვერც ისლამმა და რატომ ცდილობდა სერგეი ბაღაფში წარმართობის აფხაზეთის „ნაციონალურ რელიგიად“ გამოცხადებას

აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული ძეგლების შესახებ აგერ უკვე ორი ათეული წელია, მხოლოდ ყურმოკვრით თუ ვიცით. სულ ბოლო ინფორმაციით, ბედიის ტაძრიდან უკვე წაიშალა ბაგრატ მესამის ერთადერთი ფრესკა, გადმოცემით, არაპროფესიულად ჩატარებული რესტავრაციის შედეგად. საერთო ჯამში, რა ისტორიული ძეგლებია აფხაზეთის ტერიტორიაზე, ვის კუთვნილებად მიაჩნიათ ისინი დღევანდელ აფხაზებს, რას ამბობს ამის შესახებ ქართული  მეცნიერება და რატომ არ აქვთ ოცდამეერთე საუკუნეში ქართველებს მათი წინაპრების მიერ აგებული ძეგლების არათუ ნახვის, მათზე ზრუნვის საშუალება, –  თემას ისტორიის მეცნიერებათა დოქტორთან, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთან, ზურაბ პაპასქირთან ერთად განვიხილავთ.

 

– ჩემი აზრით, ეს ძეგლები თანაბრად გვეკუთვნის ჩვენ და აფხაზებს, თუმცა, უდავოდ, ესენი ქართული კულტურის ძეგლებია, იმიტომაც რომ ამ ქვეყანას მაშინაც საქართველო ერქვა. 

– ერთი რამ სწორად ბრძანეთ: ის, კულტურული მემკვიდრეობა, რაც თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზეა, ნამდვილად ეკუთვნის ორივე ხალხს. ქართველური, კოლხური ტომები ნამდვილად იყვნენ დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიის პირველმოსახლეთა შორის. ამას ერთნიშნად ადასტურებენ არა ქართული, არამედ ძველი ბერძნული წერილობითი წყაროები. სულ ცოტა, ახალი წელთაღრიცხვის პირველი-მეორე საუკუნეებიდან, იქ ცხოვრობდნენ ამჟამინდელ აფხაზთა წინაპრებიც, თუმცა შეიძლება, უფრო ადრიდანაც, რადგან იქ არის არქეოლოგიური მასალა –  განსაკუთრებით, გუმისთის იქითა ტერიტორიაზე, რომელიც ქართველი არქეოლოგების დასკვნებით, ისტორიული კოლხეთის ცენტრალური რაიონებისაგან განსხვავებით, მეტ საერთოს პოულობს ჩრდილოეთ კავკასიურ ძეგლებთან, მაგრამ უკვე მეშვიდე-მერვე საუკუნეებიდან, თანდათანობით დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორია საერთო-ქართული ქრისტიანული ორგანიზმის ნაწილი ხდება.  იქმნება ერთიანი ქართული ქრისტიანული ცივილიზაცია. მართალია, ცალკეულ კუთხეებს ჰქონდათ თავისებურებები, მაგრამ ეს იყო ერთიანი ქართული კულტურული სივრცე მთელი ქვეყნის მასშტაბით –  აფხაზეთის ჩათვლით. ამდენად, მთელი ის კულტურული ძეგლები, რომლებიც იმ ეპოქიდან შეიქმნა, საერთო ქართული ნაციონალური კულტურული მემკვიდრეობაა, რომელსაც თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზე თანაბრად ქმნიდნენ ქართველებიც და აფხაზთა წინაპრებიც. მაგრამ ის აფხაზობა, რომელთა განსახლების ძირითადი არეალი იმ პერიოდში აფხაზეთის საერისთავოს –  ანაკოფია-ახალი ათონის ჩრდილოეთით –  ტერიტორია იყო, თავის ქართველ თანამოძმეებთან ერთად ქმნიდა ამ ქრისტიანულ ცივილიზაციას, იმ დროისთვის კულტურულად, სახელმწიფოებრივად ზოგად ქართული მენტალიტეტის მატარებელი რომ იყო. ისინი კულტურულად, პოლიტიკურად და სახელმწიფოებრივად ერთიანი ქართული სივრცის ორგანულ  ნაწილს წარმოადგენდნენ. ამიტომ, ვიმეორებ, ის, რაც იქ შეიქმნა, არის საერთო-ქართული ნაციონალური კულტურული მემკვიდრეობა.

– მაგრამ ამას არ აღიარებენ დღევანდელი აფხაზები და ამბობენ, რომ იქ არსებული ძეგლები არის არა ზოგადქართული, არამედ საკუთრივ აფხაზური კულტურის ძეგლები.

– მთელი  პრობლემა ისაა, რომ აფხაზები არასწორად მიიჩნევენ, თითქოს თანამედროვე აფხაზეთის მთელი ტერიტორია იმთავითვე მხოლოდ და მხოლოდ აფხაზთა საცხოვრისი იყო. ყველაზე გამაღიზიანებელი ამ შემთხვევაში არის ბედიის მაგალითი. სინამდვილეში ბედია და მისი შემოგარენი არასდროს ყოფილა აფხაზთა საცხოვრისი. ქართული საისტორიო ტრადიციით, ბედია იყო ეგროსის ქვეყნის, ანუ ეგრისის ისტორიული ცენტრი და ეს ძალიან მყარად იყო გამჯდარი ქართველთა ცნობიერებაში. ამიტომაც ააგო ბაგრატ მესამემ ტაძარი ბედიაში, როგორც ქართული სახელმწიფოებრიობის სიმბოლო. როგორც ჩანს, იმ პერიოდში არსებობდა მყარი ისტორიულ-სახელმწიფოებრივი ტრადიცია, რომლის მიხედვითაც, სწორედ ბედია განიხილებოდა ეგროსის ქვეყნის ცენტრად. ანუ მიუხედავად „აფხაზთა“ მეფეთა გადამწყვეტი როლისა ერთიანი დასავლურ-ქართული  სახელმწიფოს შექმნაში, მაშინდელი საქართველოს ისტორიულ-სახელმწიფოებრივ ცნობიერებაში ეგროს-ქუჯის წვლილი უფრო დიდი მნიშვნელობის იყო და სწორედ ისინი მოიაზრებოდნენ დასავლურ-ქართული პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი სამყაროს ფუძემდებლებად, ხოლო „აფხაზ“ მეფეთა „აფხაზთა“ სამეფო ამ სამყაროს მემკვიდრის როლში განიხილებოდა. აი, სწორედ ამიტომ ააგო ბაგრატ მესამემ  ერთიანი ქართული სახელმწიფოებრიობის სიმბოლოდ მიჩნეული ტაძარი –  თავისი საძვალე –  მაინცდამაინც ისტორიული ეგრისის ცენტრში და არა „აფხაზეთის ერისთავების“, რომელთა სამართალმემკვიდრედაც ის თავს მოიაზრებდა, რეზიდენციაში –  ანაკოფიაში. აი, ეს არ ესმით აფხაზებს. გარდა ამისა, ბედიას ვერავითარ შემთხვევაში ვერ ააშენებდნენ აფხაზები, იმიტომაც რომ ისინი იმჟამად იქ საერთოდ არ ცხოვრობდნენ.  უფრო მეტიც, როდესაც გვიან შუა საუკუნეებში მთიელ აფხაზთა ახალი ტალღა მოაწვა ბარს, მან მთლიანად წალეკა ქარისტიანული აფხაზეთი. აფხაზეთის, ანუ დასავლეთ საქართველოს კათალიკოსი, რომლის რეზიდენციაც ბიჭვინთაში იყო, იძულებული გახდა გელათში გადასულიყო, საეპისკოპოსო კათედრები  კი გაუქმდა. აფხაზები  აცხადებენ, რომ „აფხაზეთის“ კათალიკოსი იყო მათი კათალიკოსი, მაგრამ მაშინ რანაირად მოუსპეს ფუნქციონირების საშუალება აფხაზებმა ამ თავიანთი „აფხაზეთის“ საკათალიკოსოსადმი დაქვემდებარებულ დრანდის, მოქვისა და ბედიის ეპარქიებს?! იმის თქმა მინდა, რომ, რასაც სეპარატისტები ამტკიცებენ, მტკნარი სიცრუეა. დღევანდელ აფხაზებს არანაირი უფლება არ აქვთ, პრეტენზია განაცხადონ ამ ძეგლებზე, როგორც საკუთრივ აფხაზურ ნაციონალურ კულტურულ მემკვიდრეობაზე. ვიმეორებ, აფხაზები შეიძლება, მონაწილეობას იღებდნენ დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ქრისტიანული ტაძრების –  საერთო-ქართული ძეგლების შექმნაში, მაგრამ არა დრანდის, მოქვისა და ბედიის ტაძრის, რადგან იმჟამად იქ ისინი არ ცხოვრობდნენ.  მაგრამ, ვიმეორებ, ის აფხაზები მაშინ სარწმუნოებრივად ისეთივე ქართველები იყვნენ, როგორც  საქართველოს დანარჩენი რეგიონების მცხოვრებლები. საკუთრივ აფხაზურ-აფსუური ეკლესია, თავისი ნაციონალური ქრისტიანული ხუროთმოძღვრებით თუ ფრესკული მხატვრობით, არასოდეს არსებულა.

– არც საეკლესიო ენით.

– დიახ, ეს ყველაფერი იყო ქართული ბოლო ათასი წლის განმავლობაში მაინც. ეს როგორმე უნდა შევაგნებინოთ ჩვენს აფხაზ ოპონენტებს.

– თქვენ აღნიშნეთ, რომ მთიელი აფხაზების ახალმა ტალღამ წალეკა ქრისტიანი მოსახლეობა აფხაზეთში, ეს შეტევა სარწმუნოებრივმა სხვაობამ გამოიწვია?

– როდესაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება დასუსტდა, ცალკეულ რეგიონებს შორის დაიწყო ბრძოლა სამფლობელოების გასაფართოებლად. შარვაშიძეები წამოვიდნენ ოდიშისკენ. ოდიშისა და აფხაზეთის საერისთაოების საზღვარი მეთოთხმეტე-მეთხუთმეტე საუკუნეებში გადიოდა ანაკოფიაზე. ანაკოფიის აქეთა ტერიტორია იყო სრულიად ოდიში. აი, ეს ტერიტორია: ანაკოფიიდან ჯერ კოდორამდე, ხოლო შემდეგ ენგურამდე მეთექვსმეტე-მეჩვიდმეტე საუკუნეების განმავლობაში წაილეკა მთიელთა ტომების ახლად შემოსული ტალღით. სწორედ მაშინ მოხდა პირველი ეთნოწმენდა აფხაზეთის ტერიტორიაზე და ქრისტიანი მოსახლეობის დიდი ნაწილი ენგურს გამოღმა –   ოდიშის ცენტრალური რაიონებისკენ გამოიქცა. მნიშვნელოვანი ნაწილი გაწყვიტეს და ვინც ჩარჩა, გააფხაზდა. დღეს ამდენი აფხაზი რომ გვყავს მეგრული გვარებით, სწორედ ისინი არიან ის ოდიშელები, რომლებიც აი, ამ პირველ ეთნოწმენდას ემსხვერპლნენ და გახდნენ აფხაზები. ბედია, მოქვი და ასე შემდეგ ნამდვილად შეიძლება მივიჩნიოთ ამ ქართველ-აფხაზთა კულტურულ მემკვიდრეობად. დღეს ისინი ყველაზე მეტად აქტიურობენ. ახლახან ტრაგიკულად დაიღუპა ბორის გურგულია, აფხაზი პოეტი, მეცნიერი-ფილოლოგი. გურგულია ხომ ნამდვილად ქართველია? დღეს აფხაზ მაჰმადიანთა ლიდერია სალეხ კვარაცხელია. დედით კვარაცხელია ვარ და ჩემთვის ეს ტრაგედიაა. მაგალითად, ჩემი გვარის კაცი, ივანე პაპასკირი აფხაზური პროზის პატრიარქად ითვლება. მე ვერ გავარკვევ, როდიდან გახდა მისი წინაპარი აფხაზი, შესაძლოა, ისიც იმ პირველი ეთნოწმენდიდან, როდესაც იქ ჩარჩენილი ქართველობა მთლიანად გააფხაზდა. სამწუხაროდ, ამ პროცესებს ზოგიერთი ისტორიკოსი –  აქ თბილისშიც კი –  ვერ ხედავს და ისე წარმოაჩენს, თითქოს ისტორიულად აფხაზეთი ყოველთვის ენგურამდე იყო, რაც ნონსენსია: ღალიძგას აქეთ ტერიტორიაზე ლაპარაკი ზედმეტია, იქ აფხაზი არასდროს ცხოვრობდა. მოქვის მიდამოებში შესაძლოა, აფხაზ-აფსილთა მცირე ნაწილი ცხოვრობდა მეექვსე-მეშვიდე საუკუნეებში, მაგრამ არა ღალიძგასთან. იმ ტერიტორიის იქით კი ცხოვრობდნენ აფხაზების წინაპრებიც და ქართველებიც. მთიელი აფხაზები წარმართები იყვნენ და აი, ამ „წარმართად მიქცეულმა“ აფხაზობამ იავარქმნა, მოსპო ყოველივე ქრისტიანული.

– რატომ ვერ აღმოჩნდა ქრისტიანობა ისეთივე ძლიერი აფხაზეთში, როგორც საქართველოს სხვა კუთხეებში?

– საერთოდ, აფხაზების დიდი ნაწილი დღესაც რჩება წარმართად. მათ ვერც ერთი მონოთეისტური რელიგია ვერ გაისიგრძეგანეს, იმიტომ რომ არც ერთი ეს რელიგია არ იყო მათ მშობლიურ ენაზე. სხვათა შორის, ამ გარემოებაზე საგანგებოდ მიუთითებდა  ნიკო ბერძენიშვილი. მათ ბოლომდე ვერ დააღწიეს თავი წარმართობას. თუმცა აფხაზთა ელიტა ძირითადად ქრისტიანული იყო და მენტალურად ისინი იყვნენ ქართველები. იმ დროს აფხაზი თუ მეგრელი თავადები იყვნენ საქართველოს სოციალური და პოლიტიკური ელიტის ნაწილი, მიუხედავად იმისა, რომ მათი „საშინაო“, ნიკო ბერძენიშვილის განმარტებით, „პატუა“, ენები ჰქონდათ –  მეგრული და აფხაზური. კულტურისა და ოფიციალური საქმის წარმოების ენა კი იყო –  ქართული. 

– მეჩეთები არის აფხაზეთში?

– თითქოს არის ცნობები, რომ რაღაც მეჩეთისმაგვარი ნაგებობები იდგა ადრე, მაგრამ არ შემორჩენილა. უფრო მეტიც, ერთ-ერთი უცხოელი მოგზაური, თუ არ ვცდები, მეჩვიდმეტე საუკუნეში, ეუბნება აფხაზებს, კი მაგრამ, თქვენ ხომ მაჰმადიანები ხართ, მაშინ ამ ქრისტიანული ეკლესიების ნანგრევებს რატომ ელოლიავებითო. აფხაზი პასუხობს, ეს ჩვენი წინაპრების მიერაა აგებული და ამიტომ ველოლიავებითო. აქ შესანიშნავად ჩანს, რომ ისინი წარმართად მიიქცნენ და განდრკნენ ქრისტიანობიდან, მაგრამ ერთგვარი რიდი და პატივისცემა მაინც ჰქონდათ. საერთოდ, მთიელ ტომებში როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში წარმართობა ბოლომდე არასოდეს აღმოფხვრილა.

– წარმართული ძეგლები თუ არის?

– წარმართული კულტის მთავარ სალოცავ ადგილიად ითვლება დიდრიფში. პროფესორი შალვა ინალიფა, აფხაზური ეთნოგრაფიის პატრიარქი, ამბობდა, აფხაზები ყველაზე მეტად მაინც წარმართები არიანო. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ჩამორჩენილობის მაჩვენებელია, ისინი ჩარჩნენ ამ წარმართობაში. საინტერესოა, რომ სერგეი ბაღაფში ძალიან ცდილობდა  წარმართობის წინ წამოწევას და მის ოფიციალური –  აფხაზურ-აფსუური „ნაციონალური რელიგიის“ სტატუსში აყვანას.  ერთი სიტყვით, ქრისტიანობამ ვერ შეძლო მთელი აფხაზობის მორჯულება, ამასთან, აფხაზობის გარკვეული ნაწილი ისლამის მიმდევარიც გახდა, მაგრამ ისინი არც ისლამის ფანატიკოსები ყოფილან. საერთოდ, რელიგიური ფანატიზმი აფხაზისთვის უცხოა.

– ანუ განსხვავდებიან ჩრდილოკავკასიელებისგან?

– რა თქმა უნდა, ცნობილია, რომ მეცხრამეტე საუკუნეში ჩრდილოეთ კავკასიაში ფეხი მოიკიდა ისლამის რადიკალურმა მიმდინარეობამ –  მიურიდიზმმა, ახლა კი ვაჰაბიზმი მოედო იქაურობას. 

– ჩამოვთვალოთ, ქრისტიანული ხუროთმოძღვრების რომელი მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლებია დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაზე?  

– ბედია, ბიჭვინთა, ლიხნი, ახალი ათონი, ანაკოფიაში იყო ღვთისმშობლის ტაძარი –  მატიანეებიდან ვიცით, დრანდა, მოქვი –  მეათე საუკუნის ძეგლი.

– მოქვის ოთხთავი ხომ ჩვენთანაა? ისიც საკუთრივ აფხაზური კულტურის ძეგლი ჰგონიათ, ისევე, როგორც ცხინვალელებს ჰგონიათ თამარის ტიპიკონი „სობსტვენნოსტ იუჟნოი ოსეტიი“?

– რასაკვირველია! მოქვის სახარება ჩვენთან ინახება და ის არის ქართული ხელნაწერი, თუმცა აფხაზები თავიანთ ისტორიის  „სახელმძღვანელოებში“ წერენ, რომ ეს სახარება რადგან დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარე მოქვის ტაძარში გადაიწერა, ის  აფხაზური კულტურის ძეგლია. რანაირად შეიძლება, მოქვის სახარება აფხაზური ძეგლი იყოს?! როგორ შეიძლება, აფხაზური ძეგლი ქართულად დაწერილიყო?! მე სრულიადაც არ გამოვრიცხავ, რომ მოქვის სახარება ტომით აფხაზს ან დღეს უკვე გააფხაზებული ქართველის წინაპარს დაეწერა, მაგრამ ვინ იყო ის აფხაზი კულტურულად?!

– როგორც ვიცი, არქიტექტურაშიც გვედავებიან?

– დიახ, არქიტექტურაშიც გვედავებიან. ამბობენ, რომ დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ქრისტიანული ძეგლები  ბიზანტიურ სტილშია აგებული და განსხვავდება ქართულისგანო. რა თქმა უნდა, უმნიშვნელო განსხვავებები არის, მაგრამ, როგორც შალვა ამირანაშვილი წერდა, ეს არის ქართული არქიტექტურის „აფხაზეთის და არა აფხაზური სკოლა“,  რაც სრულიად არ ნიშნავს, რომ ეს არ არის ქართული. ეს არის ერთიანი ქართული არქიტექტურა, რომელსაც აქვს რაღაც თავისებურებები, ისევე, როგორც კახეთში, ტაო-კლარჯეთში... ბიზანტიური გავლენაც მეტია, ანაკოფია მეთერთმეტე საუკუნის ერთ მონაკვეთში ბიზანტიელების ხელში იყო. აფხაზები აცხადებენ, რომ ეს არის ბიზანტიური არქიტექტურის ეგრეთ წოდებული „აფხაზურ-ალანური სკოლა“ და ეს მაშინ, როდესაც მთელი ოსეთი ქართული ეკლესია-მინასტრებითაა მოფენილი და ამას თვითონ ოსები აღიარებენ.

– ჩრდილოეთ ოსეთზე ვლაპარაკობთ?

– რა თქმა უნდა. იქ თითქმის ყველა ეკლესიას თამარის ეკლესიას უწოდებენ, მაგრამ თვითონ ოსებიც აღიარებენ, რომ ამდენი ეკლესია მხოლოდ თამარის ეპოქაში ვერ აიგებოდა. ცნობილია, რომ მეათე-მეთორმეტე საუკუნეებში ჩრდილოეთ კავკასია ქართული ქრისტიანული ცივილიზაციის არეალი იყო და იქ იგებოდა ქართული ეკლესია-მონასტრები.

ასე რომ, არანაირი მონოპოლიური უფლებები აფხაზებს დღევანდელი აფხაზეთის ქრისტიანულ კულტურულ მემკვიდრეობაზე არ შეიძლება, გააჩნდეთ. ეს არის მათი ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიცრუე, რომელიც ჩვენ ყოველნაირად უნდა ვამხილოთ.

 

 

скачать dle 11.3