კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ოდენობის კომპენსაციას იღებენ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტების, პრემიერ-მინისტრებისა და პარლამენტის თავმჯდომარეების ოჯახები

იმ დროს, როდესაც ჩვენს ქვეყანაში პენსია საარსებო მინიმუმის ტოლიც კი არ იყო, ძალოვანი უწყებების პენსიონრები (ამ შემთხვევაში პენსიონერი პირობითი ცნებაა, რადგან ასაკით პენსიონრობი არ იგულისხმება), მათ შორის, შოთა კვირაია, ჯემალ გახოკიძე, თენგიზ კიტოვანი  1 000 ლარამდე პენსიას იღებდნენ, ხოლო 2004 წელს გენშტაბის უფროსი გენერალი იუკურიძე კი –  4 000 ლარამდე. მაგრამ, მათ შორის, თქვენი მონა-მორჩილის ძალისხმევით, ეს რეალობა შეიცვალა და იმ დროიდან მოყოლებული (თუ არ ვცდები, 2005 წელი იყო) სახელმწიფო მოხელეთა პენსიის ზედა ზღვრად 560 ლარი განისაზღვრა (ცნობისთვის, ეს თანხა მაშინაც და ახლაც მოჭრილადაა გათვალისწინებული პარლამენტის წევრის საპენსიო თანხად. თანაც მაშინვე, თუ ერთხელ მაინც ექვსი თვით ნაპარლამენტარი 25 წლის მუშაობის სტაჟს დააგროვებს). დავინტერესდით, გარდა პარლამენტის წევრებისა, კიდევ ვინ იღებს ჩვენს ქვეყანაში საარსებო მინიმუმის თითქმის ოთხმაგი ოდენობის პენსიას და რა კრიტერიუმებით შეარჩია სახელმწიფომ მოხელეთა გამორჩეული კატეგორიები. საკითხს ზაზა სოფრომაძესთან ერთად განვიხილავთ. აქვე მოგახსენებთ, რომ ჩვენს ქვეყანაში უბრალო მოკვდავთა საშუალო პენსია 80 ლარია, მაქსიმალური –  110 ლარი (თითოეული სამუშაო წლისთვის სახელმწიფო ლარ-ლარს იმეტებს, ისიც არა –  სრული პერიოდისთვის), მინიმალური ხელფასის ოდენობად კი ჩვენს ქვეყანაში, კერძო სექტორისთვის 20 ლარია განსაზღვრული, სახელმწიფო სექტორისთვის –  115.

 

– რას ამბობს კანონი, ვის ეკუთვნის გამორჩეული პენსია, შესაბამისად, ვისთვისაა უზრუნველყოფილი სიბერე ჩვენს ქვეყანაში?

– ამ საკითხს განსაზღვრავს „კანონი სახელმწიფო პენსიის შესახებ“ და „კანონი სახელმწიფო კომპენსაციებისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიების შესახებ“. რაზეც თქვენ საუბრობთ, ეს უკვე აღარ ითვლება პენსიებად, არამედ სახელმწიფო კომპენსაციაა, რომელსაც იღებენ გარკვეული კატეგორიის ადამიანები. კერძოდ, ასეთები, კანონით, არიან: საქართველოს პარლამენტის წევრები; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები; საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები; საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეები; საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე და მისი მოადგილეები; სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი პირები; აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან გათავისუფლებული პირები; პროკურატურის სისტემიდან დათხოვნილი მუშაკები; საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირთა ოჯახის წევრები; უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირები; საქართველოს პარლამენტის აპარატის მოხელეები; მეცნიერები; სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეები. ოღონდ ისინი გარკვეულ პირობებს უნდა აკმაყოფილებდნენ.

– პარლამენტარის შემთხვევაში ვიცით, რა პირობებსაც უნდა აკმაყოფილებდნენ, სხვა შემთხვევებში როგორაა საქმე?

– სხვადასხვანაირად რეგულირდება თითოეული შემთხვევა, თუმცა დათქმა, რომ სახელმწიფო კომპენსაცია არ უნდა აღემატებოდეს 560 ლარს, არ ვრცელდება უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე. თუ არ ვცდები, მათთვის სახელმწიფო კომპენსაცია 2 000 ლარის ფარგლებშია.

მაგალითად, სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს, სამხედრო მოსამსახურეებს კომპენსაცია ენიშნებათ შემდეგნაირად: იმისდა მიხედვით, თუ რა ასაკში გავიდნენ პენსიაში, მათი კომპენსაცია ინიშნება დათხოვნის მომენტისთვის მათი ხელფასის 0,75 პროცენტიდან 1,5 პროცენტამდე ნამრავლით ზემოხსენებულ ორგანოში მუშაობის სტაჟზე. იგივე წესი ვრცელდება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან გათავისუფლებულ პირზე, თუ მას აქვს ნამსახურობის არანაკლებ 20 წელი. რადგან ამ შემთხვევაში მნიშვნელობა აქვს თვითონ ამ სისტემაში მუშაობის სტაჟს და პენსიის ოდენობა გამოითვლება იმ ანაზღაურებით, რაც მას ჰქონდა, 560 ლარამდე იშვიათად ადის. სანამ ეს ახალი გადაანგარიშებები ძალაში შევიდოდა, თუ არ ვცდები 2005 წელს, მათ, ვისაც 2005 წლამდე დაენიშნათ პენსიები, უფრო მაღალი პენსია აქვთ – თუმცა მათზე ვრცელდება 560-ლარიანი შეზღუდვა, ვიდრე იმავე წოდების ადამიანებს, რომლებიც 2005 წლის შემდეგ გავიდნენ პენსიაზე: მათი პენსია 560 ლარზე გაცილებით ნაკლებია.

– სამხედროების საპენსიო საქმე როგორ არის?

– საერთოდ, კომპენსაციის დანიშვნის საფუძველია: კანონით დადგენილი ნამსახურობის ვადის ამოწურვა; 65 წლის ასაკის მიღწევა; შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენა; მარჩენლის გარდაცვალება. ამას გარდა, შეიარაღებული ძალების ის მოსამსახურეები, რომლებიც სამხედრო სამსახურში შევიდნენ 1991 დან 1995 წლამდე და დათხოვნილ იქნენ ზღვრული ასაკის გამო, მათთვის აუცილებელია შეიარაღებულ ძალებში მუშაობის 10 კალენდარული წელი მაინც, ოღონდ შრომის საერთო სტაჟი უნდა იყოს 20 წელი.

– რატომ 1991-1995 წლები?

– ამ კატეგორიაში ხვდებიან ისინი, ვინც იბრძოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და ეს გამონაკლისი ამათთვისაა დაშვებული. იგივე ნორმა ვრცელდება იმ ადამიანებზე, რომლებიც 1956 წელს დაითხოვეს ქართული დივიზიიდან. იცით, რომ იმ წელს დაშალეს ქართული დივიზია.

– არის ვინმე ცოცხალი?

– ძალიან ცოტა, მაგრამ მაინც არის. იგივე ნორმაა იმ სამხედრო მოსამსახურეებისთვის, რომლებიც განსაკუთრებული სახელმწიფო საჭიროებისთვის იყვნენ გაწვეული, მაგრამ მათაც მოეთხოვებათ სამხედრო ძალებში 10 წელი სამსახური მაინც.

– გვყავს შპიონები, საბჭოურად რომ ვთქვათ, მზვერავები სხვა ქვეყნებში?

– ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია და ხელი არ მიგვიწვდება.

ასევე, საინტერესოა, პროკურატურის თანამშრომლებისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის წესი:  პროკურატურის მუშაკს იმისთვის, რომ დაენიშნოს სახელმწიფო კომპენსაცია, უშუალოდ პროკურატურის ორგანოებში უნდა იყოს ნამსახურები არანაკლებ 4 წელი და უნდა ჰქონდეს პროკურატურის, შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სახელმწიფო უშიშროებისა და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 25 წლის სტაჟი. კომპენსაციის ოდენობა კი შემდეგნაირად გამოითვლება: დათხოვნის მომენტისთვის მისი თანამდებობრივი სარგოს 1,5 პროცენტის ნამრავლი ზემოხსენებულ ორგანოებში მუშაობის სტაჟზე.

– უნდა აღწევდეს, არა, 560 ლარს?

– ხელფასები მაღალი აქვთ და კარგი პენსია გამოსდით. მინიმუმ 2 000 ლარი, ამის 1,5 პროცენტი არის 30 ლარი, 25-წლიან სტაჟზე ნამრავლით ვიღებთ 750 ლარს,  მაგრამ, რადგან ზედა ჭერი 560-ლარია, ენიშნებათ 560 ლარი.

მაგრამ პროკურატურის სისტემაში მუშაობის სავალდებულო ვადები არ ვრცელდება: საქართველოს იუსტიციის მინისტრზე, მთავარ პროკურორსა და მის მოადგილეებზე, თუ მათ აქვთ არანაკლებ 25 წლის შრომის საერთო სტაჟი და პროკურატურაში სამსახურებრივი უფლებამოსილება შეწყვეტილი აქვთ „პროკურატურის შესახებ საქართველოს კანონის“ შესაბამისი მუხლის პუნქტებით დადგენილი წესით.

– ესე იგი, ერთხელ მაინც თუ იყავი მთავარი პროკურორი, მისი მოადგილე ან იუსტიციის მინისტრი, თუ 25-წლიან სტაჟს მოაგროვებ, თუნდაც, მრეცხაობით, 560 ლარს მიიღებ?

– თავისთავად. როგორც გითხარით, სპეციალური კანონები ვრცელდება საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოს წევრებზე და მათზე არ მოქმედებს 560-ლარიანი შეზღუდვა.

– საინტერესოა პარლამენტის აპარატის მუშაკებისთვის არსებული დათქმები.

–  პარლამენტის აპარატის მოხელეს კომპენსაცია ენიშნება 65 წლის ასაკის მიღწევისას,  თუ აქვს არანაკლებ 25 წლის შრომის საერთო სტაჟი, მაგრამ, მათ შორის, პარლამენტის აპარატში მუშაობის არანაკლებ 8 წლის სტაჟი. რაც შეეხება კომპენსაციის ოდენობას: ის შეადგენს იმავე თანამდებობაზე მყოფი მოხელის მიმდინარე საშუალო  ხელფასის მესამედს. მათაც გამოსდით 560 ლარი.

– უმაღლესი დიპლომატიური რანგის პირებს ვინ განეკუთვნება? 

– საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები და დესპანები. მათ 65 წლის ასაკის მიღწევისას ენიშნებათ კომპენსაცია და მისი ოდენობა შეადგენს  კომპენსაციის დანიშვნის მომენტისთვის დიპლომატიურ სამსახურში მის მიერ დაკავებული, უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის თანამდებობრივი სარგოს მესამედს. ეს, როგორც წესი, 450 ლარზე მეტი იქნება, ანუ მათაც 560-ლარიანი კომპენსაცია ენიშნებათ.

– კონტროლის პალატის თავმჯდომარესა და მის მოადგილეებს რა შემთხვევაში ენიშნებათ სახელმწიფო კომპენსაცია?

– მათაც კომპენსაციები ენიშნებათ 65 წლის ასაკის მიღწევისას და უნდა ჰქონდეთ არანაკლებ 25 წლის შრომის საერთო სტაჟი, მაგრამ კონტროლის პალატის თავმჯდომარეს –  უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ, მის მოადგილეებს კი, იმ შემთხვევაში, თუ სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებდნენ არანაკლებ 5 წლის განმავლობაში. თანხა გამოითვლება შემდეგნაირად: კონტროლის პალატის მოქმედი თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების თანამდებობრივი სარგოების მესამედის ოდენობით.

– ანუ მათაც 560 ლარი ერგებათ?

– დიახ. ასევე, კომპენსაცია ენიშნება საერთო სასამართლოების მოსამართლეებს, თუ დაუმთავრდა სამოსამართლო უფლებამოსილების ვადა; უფლებამოსილება შეუწყდა სასამართლოს ლიკვიდაციის შემთხვევაში ან საპენსიო ასაკის მიღწევის გამო. თანხა კი ითვლება შემდეგნაირად: მოქმედი მოსამართლისთვის განსაზღვრული თანამდებობრივი სარგოს 3 პროცენტის ნამრავლი საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის სტაჟზე. აგრეთვე, თუ 1999 წლის 15 მაისიდან სასამართლო უფლებამოსილება შეუწყდა მოსამართლის უფლებამოსილების ვადის გასვლის, სასამართლოს ლიკვიდაციის, მოსამართლის თანამდებობის შემცირების ან საკვალიფიკაციო ატესტაციის გაუვლელობის გამო და აქვთ მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ ათი წლის სტაჟი.

– ანუ, ყველას, ვინც გაუშვეს რეფორმის ეგიდით, პენსიები დაეშინა?

– დიახ. რაც შეეხება სამოქალაქო ავიაციის მუშაკებს, ვინც დაითხოვეს 2005 წლის იანვრამდე, კომპენსაცია ენიშნებათ 50 წლის ასაკის მიღწევისას, თუ მამაკაცს აქვს ავიაციაში მუშაობის 12,5 წლის სტაჟი და ნაფრენი არანაკლებ  6 000 საათისა. ქალს კი  ავიაციაში მუშაობის 10 წლის სტაჟი უნდა ჰქონდეს, ნაფრენი –  არანაკლებ 4 800 საათის. კომპენსაციის ოდენობა კი განისაზღვრება საჯარო მოხელის მინიმალური თანამდებობრივი სარგოს 100, 80 ან 70 პროცენტით.

– გვყავს მფრინავი ქალები?

– სტიუარდესები იგულისხმებიან, ალბათ.

– გადავიდეთ უმაღლესი თანამდებობის პირებზე, ვინ მოიაზრება ასეთი სტატუსის მქონედ?

–  როდესაც შევარდნაძე გადიოდა პენსიაზე, მაშინ ეს კანონი არ არსებობდა. ის შემოვიდა ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ. ძალიან საინტერესოა, რომ შევარდნაძე კარგა ხნის განმავლობაში არ იღებდა პენსიას, იმიტომ რომ განცხადებით არ მიმართა შესაბამის ორგანოს. იმდროინდელი კანონმდებლობით კი, თუ განცხადებით არ მიმართავდი, პენსიის დამნიშნავი ორგანო არ იყო ვალდებული თავისი ინიციატივით მიემართა მოქალაქისთვის.

– როგორც ჩანს, მან იცოდა, რომ 14 ლარი არ ეყოფოდა და ამიტომაც არ მიმართავდა.

– კანონით, საქართველოს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებად ითვლებიან:  საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ასევე, კანონითვეა განსაზღვრული, რომ როგორც მოქმედი, ისე ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი ოჯახის წევრთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა ექვემდებარება სავალდებულო დაზღვევას.

– რას ითვალისწინებს დაზღვევა?

–  ყოველწლიური სამედიცინო გამოკვლევის ხარჯებს; სასწრაფო, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ხარჯებს; სამედიცინო კონსულტაციების ხარჯებს;  ამბულატორიული მკურნალობის, მკურნალი ექიმისა და ოპერაციის ხარჯებს.

– როგორ იანგარიშება კომპენსაცია, აქ  560-ლარიანი შეზღუდვა არ უნდა იყოს, თუ არ ვცდები? 

– მოქმედი ან ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის გარდაცვალების შემდეგ მისი ოჯახის წევრებს, თითოეულს თანაბარი პროპორციით, ენიშნება ყოველთვიური პენსია. მშობლებს, მეუღლეს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილებს ყოველთვიური პენსია მიეცემათ სიცოცხლის ბოლომდე, ხოლო არასრულწლოვან შვილებს –  სრულწლოვნებამდე. პენსია კი განისაზღვრება, შესაბამისად, მოქმედი პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარის, პრემიერ-მინისტრის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს შესაბამისად და იცვლება ამ თანამდებობრივი სარგოების ცვლილების შესაბამისად.

– უბრალოდ მინისტრებმა რა დააშავეს? მთავარ პროკურორსა და მის მოადგილეებს, კონტროლის პალატის თავმჯდომარესა და მის მოადგილეებს, შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა მინისტრებს აქვთ კომპენსაციები, მაგალითად, ვერა ქობალიას კი არ ექნება, არც ანდრია ურუშაძეს. რატომ?

– ისინი არც თავიდან იყვნენ გათვალისწინებული და არც ახლა არიან.

– თუმცა ხელფასების მხრივაც საინტერესო ვითარებაა, მაგალითად, პრეზიდენტის მრჩეველ ყანჩელს, დეკლარაციების მიხედვით, პრეზიდენტზე ნახევარჯერ მეტი ხელფასი აქვს. იუსტიციის მოადგილე ბურჯალიანი კი პრეზიდენტზე ორჯერ მეტ ხელფასს იღებს. რა ხდება?

– ჩვენ დავინტერესდით ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში პენსიების ოდენობით და ბოლოდან მეორე ადგილზე ვართ. მაგალითად, რუსეთში მინიმალური პენსია 230 ამერიკული დოლარია, პატიოსნად დათვლილი 210-დოლარიანი საარსებო მინიმუმის ფონზე. ასევე, რუსეთში პენსიაში ასახულია დაზღვევის ელემენტებიც და სტაჟიც, ისევე, როგორც აზერბაიჯანში. ჩვენ ჯერჯერობით მხოლოდ ტაჯიკეთს ვუსწრებთ.

 

скачать dle 11.3